დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010010000.10.003.025723 |
|
| მუხლი 1 |
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის სპეციალიზაციის სტანდარტი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
|
|
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის სპეციალიზაციის სტანდარტი
მუხლი 1. ზოგადი დებულება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირს, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სტრუქტურული ერთეულის – არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ყველა თანამშრომელს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. 2. პირი, რომელსაც გავლილი აქვს ბავშვის უფლებათა კოდექსით ან/და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სპეციალიზაცია, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ითვლება სპეციალიზებულ პირად. მუხლი 2. სპეციალური სწავლების სფეროები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ყველა თანამშრომლის სპეციალიზაციის სტანდარტი მოიცავს სპეციალურ სწავლებას შემდეგ სფეროებში:
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში ტრენერად მონაწილე ყველა პირს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება შემდეგ სფეროებში:
მუხლი 3. სპეციალური სწავლების მოდულების აღწერა 1. მოდულის – „კანონმდებლობა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ − მიზანია, მსმენელს გააცნოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესი, ამ პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებებისა და მათი კოორდინირებული მუშაობისთვის საჭირო პროცედურები. 2. მოდულის – „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ − მიზანია, მსმენელს გააცნოს ბავშვის უფლებების ზოგადი პრინციპები, მიდგომები და სტანდარტები. 3. მოდულის − „არასრულწლოვანთა რეფერირება“ − მიზანია, მსმენელს გააცნოს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემაში მონაწილე უწყებების/ დაწესებულების კოორდინირებულად მუშაობის პრინციპები, პროცედურები და უფლებამოსილებები. 4. მოდულის – „არასრულწლოვანთა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები“ − მიზანია, მსმენელს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები, ბავშვის განვითარების, ასაკობრივი თავისებურებებისა და ტრავმული გამოცდილების გავლენა ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის ჩამოყალიბებაზე. 5. მოდულის – „ძალადობა ბავშვზე, მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე, ბავშვის მიმართ ძალადობის ამოცნობისა და ბავშვთან ურთიერთობის მეთოდები“ − მიზანია, მსმენელს გააცნოს ძალადობის ძირითადი ფორმები და ძალადობაგანცდილი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი ინდიკატორები, აგრეთვე, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე; მსმენელებმა ამოიცნონ ძალადობის ინდიკატორები და, შესაბამისად, დაამყარონ კომუნიკაცია არასრულწლოვანთან; მსმენელები გაეცნონ ეფექტიანი და სენსიტიური კომუნიკაციის ფორმებს ძალადობაგანცდილ ბავშვთან უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების მეთოდებს, ვერბალურ და არავერბალურ ფორმებს, ხელის შემშლელი გარემოებების მართვასა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვადასხვა ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე შესაბამისი რეაგირებისა და უსაფრთხო ინტერაქციის პრაქტიკულ ტექნიკებს. 6. მოდულის – „რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ინტერვენცია და მულტიდისციპლინური მართვა“ − მიზანია, კომპლექსური შემთხვევების განხილვის, ანალიზისა და როლური გათამაშების შედეგად მსმენელმა პრაქტიკაში დაამუშაოს კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის ქცევის მართვის სტრატეგიები, ქცევის ფუნქციური ანალიზი, ჯგუფური დინამიკის რეგულირება, „ლიდერობის ტრანსფორმაცია“ და ვერბალური დეესკალაციის მოწინავე ტექნიკები. მოდული ორიენტირებულია ნეიროფსიქოლოგიური და სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, აგრესიული გამოვლინებების უსაფრთხო ნეიტრალიზებასა და მულტიდისციპლინურ გუნდში კოორდინირებულ მუშაობაზე. 7. მოდულის – „არასრულწლოვანთა რთული ქცევის მართვა“ − მიზანია, მსმენელს გააცნოს რთული ქცევის ამოცნობის, პრევენციისა და მართვის საკითხები. 8. მოდულის – „ტრენერთა ტრენინგი“ – მიზანია, მსმენელს გააცნოს ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები, ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი და სტანდარტები. ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ, გამოიყენონ სწავლების პროცესის დაგეგმვისთვის, აუდიტორიის მართვისა და მოდერაციისთვის საჭირო თანამედროვე მიდგომები. 9. მოდულის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ – მიზანია, მსმენელს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არსებული მიდგომები და ზოგადი სტანდარტები. 10. მოდულის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები“ – მიზანია, მსმენელს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები. მუხლი 4. სპეციალურ სწავლებაზე პასუხისმგებელი უწყება 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოფს ცენტრის, ხოლო, მოთხოვნის შემთხვევაში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში ჩართული სხვა დაწესებულების/უწყების ან არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემაში მონაწილე დაწესებულებათა თანამშრომლების სპეციალიზაციას. 2. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს ცენტრის თანამშრომლების პერიოდულ გადამზადებას, საჭიროების შესაბამისად (არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ), სხვადასხვა თემატური მიმართულებით, არსებული გამოწვევების, უახლოესი მიღწევების, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით. 3. ტრენინგების გავლის შემდეგ მასში მონაწილე პირები გაივლიან შესაბამის გამოცდას/ტესტირებას და, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გადაეცემათ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 4. სპეციალური სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სასწავლო ცენტრსა და დაინტერესებულ დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულებით. მუხლი 5. სპეციალური სწავლების შესახებ ანგარიში 1. სპეციალურ სწავლებაში მონაწილე პირთა მომზადების თითოეულ ეტაპზე, სასწავლო ცენტრი ამზადებს პერიოდულ ანგარიშს ამ პირთა მომზადების შესახებ, რომელშიც აისახება გადამზადებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი, მონაწილეთა დასწრებისა და გამოცდაზე მიღებული შედეგები და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. 2. ანგარიში წარედგინება ცენტრს, ხოლო სპეციალურ სწავლებაში სხვა დაწესებულების/უწყების თანამშრომლების მონაწილეობის შემთხვევაში, მათი მონაწილეობის შესახებ ანგარიში – შესაბამის დაწესებულებას.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები