დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.10.003.025724 |
|
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესი“.
|
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებასთან დაკავშირებული ნორმებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებასთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან (შემდგომში – ცენტრი) არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის (შემდგომში – ჯგუფი) შემადგენლობას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ჯგუფი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის (შემდგომში – არასრულწლოვანი) კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად რელევანტური სახელმწიფო უწყებების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში (შემდგომში – სახლი) გადამისამართების თაობაზე და ახორციელებს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ჯგუფის მიზანია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა, მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე, შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრა და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების განხილვა, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა. 4. ჯგუფი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ბავშვის უფლებათა კონვენციით“, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით“, ბავშვის უფლებათა კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ცენტრის დებულებით, ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 5. ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრი. 6. ჯგუფის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ. №24ა. 7. ჯგუფს აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება ჯგუფის თავმჯდომარესთან. მუხლი 2. ჯგუფის საქმიანობის პრინციპები 1. ჯგუფი საქმიანობისას უზრუნველყოფს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, მისი ღირსების პატივისცემასა და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობას. 2. ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს თანაზომიერების, ყველაზე მსუბუქი ღონისძიების გამოყენების პრიორიტეტულობის, კანონიერებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპების საფუძველზე. 3. გადაწყვეტილების მიღებისას ჯგუფი ხელმძღვანელობს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობისა და არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპებით. აფასებს მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მათ შორის, ასაკს, გონებრივი/კოგნიტური უნარების განვითარების დონეს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, განათლებას, აღზრდის პირობებს, ოჯახურ და სოციალურ გარემოს, უსაფრთხოებას, რეაბილიტაციის საჭიროებებსა და სხვა გარემოებებს, რომლებიც არასრულწლოვანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 4. არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში ჯგუფი ისმენს და ითვალისწინებს არასრულწლოვანის მოსაზრებებს, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 5. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება მულტიუწყებრივ თანამშრომლობას, პროფესიულ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და მიმართულია პროცესის უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილებისკენ. 6. ჯგუფის საქმიანობისას უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობისა და არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 3. ჯგუფის შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი 1. ჯგუფი შედგება 5 წევრისგან. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს წარმომადგენელი (ექიმი) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის 1 თანამშრომელი; ბ) განათლების სფეროს წარმომადგენელი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემის 1 თანამშრომელი; გ) ცენტრის 3 თანამშრომელი: სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი, ფსიქოლოგი/ფსიქოლოგის პროფესიული ზედამხედველი და იურისტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამინისტროები ცენტრის თავმჯდომარეს ჯგუფის წევრის კანდიდატურასთან ერთად წარუდგენენ მის არანაკლებ ერთი შემცვლელის კანდიდატურას, მათი რიგითობის მითითებით. ცენტრის თანამშრომელთაგან ჯგუფის წევრებსა და მათ შემცვლელს განსაზღვრავს ცენტრის თავმჯდომარე. 3. ჯგუფის შემადგენლობის გადასინჯვის მიზნით: ა) ცენტრის თავმჯდომარე ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა, მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის სამინისტროს, ჯგუფში მისი წარმომადგენლის (ჯგუფის წევრი და მის შემცვლელი პირი) უფლებამოსილების დადასტურების ან ახალი კანდიდატურის წარდგენის შესახებ. შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია, ცენტრის თავმჯდომარის მიმართვიდან 1 თვის ვადაში დაადასტუროს ჯგუფში მათი წარმომადგენლის უფლებამოსილება ან წარადგინოს ახალი კანდიდატურა. თუ შესაბამისი სამინისტრო დადგენილ ვადაში არ დაადასტურებს ჯგუფში მისი წარმომადგენლის უფლებამოსილებას ან წარადგენს ახალ კანდიდატურას, ჯგუფის შესაბამისი წევრისა და მისი შემცვლელი პირის უფლებამოსილება დადასტურებულად ჩაითვლება; ბ) ცენტრის თავმჯდომარე უფლებამოსილია, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ივნისისა, განაახლოს ჯგუფის შემადგენლობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წევრებითა და მათი შემცვლელი პირებით. 4. ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, აგრეთვე ჯგუფის წევრთა შემცვლელები, მათი რიგითობის მითითებით, განისაზღვრება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, შეიქმნას ორი ან მეტი ჯგუფი. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემის წარმომადგენლის (ჯგუფის წევრი და მისი შემცვლელი) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი სამინისტრო ცენტრის თავმჯდომარეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ახალ კანდიდატურას; ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის თავმჯდომარე ცენტრის თანამშრომელთაგან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვრავს ჯგუფის წევრსა და მის შემცვლელ პირს. 7. შესაბამისი სამინისტრო/ცენტრი უზრუნველყოფს ჯგუფის საქმიანობაში მის მიერ წარდგენილი წევრის/შემცვლელი წევრის შეუფერხებელ მონაწილეობასა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებას. მუხლი 4. ჯგუფის წევრი 1. ჯგუფის წევრს უფლება აქვს: ა) დააყენოს საკითხი სხდომაზე განსახილველად; ბ) გამოთქვას მოსაზრება/შენიშვნა და წარადგინოს წინადადება ჯგუფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; გ) გამოთქვას განსხვავებული აზრი. 2. ჯგუფის წევრი ვალდებულია: ა) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის შესაბამისად; ბ) კეთილსინდისიერად და ობიექტურად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას პერსონალური მონაცემები და არ გაამჟღავნოს არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ჯგუფს და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი საკითხის განხილვაში; ე) მონაწილეობა მიიღოს ჯგუფის სხდომებში და არ დაუშვას პროცესის გაუმართლებელი გაჭიანურება; ვ) თუ იგი და მისი შემცვლელი პირი ვერ ახერხებენ სხდომაში მონაწილეობას, აღნიშნულის შესახებ დროულად შეატყობინონ ჯგუფის თავმჯდომარეს. 3. ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სამინისტროს მიერ ჯგუფში სხვა წარმომადგენლით ჩანაცვლება; გ) შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა; დ) ჯგუფის სხდომის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამჯერ გაცდენა; ე) ინტერესთა კონფლიქტის გაუცხადებლობა ან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების უხეში ან სისტემატური დარღვევა; ვ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ზ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; თ) გარდაცვალება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების თაობაზე ჯგუფი ატყობინებს ცენტრის თავმჯდომარეს. 5. ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 5. ჯგუფის წევრის შემცვლელი 1. ჯგუფის წევრს ჰყავს შემცვლელი, რომელიც ჯგუფის წევრის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას. 2. თუ ჯგუფის წევრი ჯგუფის სხდომაში სამსახურებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზით ვერ მონაწილეობს, ჯგუფის სხდომაში მონაწილეობს რიგითობით პირველი ხელმისაწვდომი ჯგუფის შემცვლელი წევრი. 3. ჯგუფის წევრის შემცვლელს ჯგუფის სხდომაში მონაწილეობის შემთხვევაში აქვს ჯგუფის წევრის უფლებები და ვალდებულებები. 4. დაუშვებელია ჯგუფის სხდომაში ჯგუფის წევრისა და მისი შემცვლელი წევრის ერთდროულად მონაწილეობა. 5. ჯგუფის წევრის მისი შემცვლელით ჩანაცვლება აისახება სხდომის ოქმში. მუხლი 6. ჯგუფის წევრის თვითაცილება და აცილება 1. ჯგუფის წევრი ვალდებულია ჯგუფის წინაშე დააყენოს თვითაცილების საკითხი, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობის გამო, ხელს შეუშლის, მიუკერძოებლად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. 2. ჯგუფის წევრის აცილების მოთხოვნა შეიძლება, დააყენოს: ა) ჯგუფის სხვა წევრმა; ბ) არასრულწლოვანმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა/ წარმომადგენელმა. 3. ჯგუფის წევრის აცილების საფუძვლებია: ა) პირადი, ქონებრივი ან სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი საქმეში; ბ) არასრულწლოვანთან, მის ოჯახთან ან კანონიერ წარმომადგენელთან/წარმომადგენელთან ნათესაური, სამსახურებრივი ან სხვა ახლო კავშირი; გ) საქმესთან დაკავშირებული წინასწარი პოზიციის საჯაროდ ან ოფიციალურად დაფიქსირება; დ) სხვა გარემოება, რომელიც ობიექტურად შეიძლება, იწვევდეს ეჭვს მის მიუკერძოებლობაზე. 4. აცილების საკითხს წყვეტს ჯგუფი დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილებაც განიხილება. ხმათა გაყოფის შემთხვევაში ჯგუფის შესაბამისი წევრი აცილებულად ჩაითვლება. 5. აცილებული ან თვითაცილებული ჯგუფის წევრის ნაცვლად სხდომაში მონაწილეობს მისი შემცვლელი წევრი. მუხლი 7. ჯგუფის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და სხდომის მდივანი 1. ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. 2. ჯგუფის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ჯგუფის წევრების შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობისა, ირჩევს ჯგუფი. 3. ჯგუფის თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩევიან 1 წლის ვადით. დასაშვებია მათი ხელახლა არჩევა. 4. ჯგუფის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს ჯგუფის საქმიანობას; ბ) იწვევს ჯგუფის სხდომას და განსაზღვრავს მისი ჩატარების ადგილს, დროსა და ფორმატს; გ) ადგენს სხდომის დღის წესრიგს; დ) უძღვება სხდომას და უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ განხილვას; ე) უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცედურის დაცვას; ვ) ხელს აწერს სხდომის ოქმს; ზ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის, აცილების/თვითაცილების, უფლებამოსილების შეწყვეტის ან სხვა მიზეზით მის მიერ ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე. 6. ჯგუფის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ერთდროული არყოფნის შემთხვევაში სხდომას წარმართავს ჯგუფის წევრთაგან ერთ-ერთი, რომელსაც დამსწრე წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ სხდომის დასაწყისში. არჩეულ პირს აქვს ჯგუფის თავმჯდომარის უფლებამოსილებები. 7. სხდომის მდივნის ფუნქციას ახორციელებს ცენტრის იურისტი. 8. სხდომის მდივანი: ა) უზრუნველყოფს სხდომის ორგანიზებას; ბ) უზრუნველყოფს წევრებისთვის მასალების დროულ მიწოდებას; გ) აწარმოებს სხდომის ოქმს; დ) ახორციელებს სხდომის აუდიო- ან/და ვიდეოჩაწერასა და მისი შესაბამისი წესით დაარქივებას; ე) ამზადებს მიღებული გადაწყვეტილებების პროექტს; ვ) ასრულებს ჯგუფის თავმჯდომარის დავალებებს; ზ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8. ჯგუფის უფლებამოსილება 1. ჯგუფი უფლებამოსილია: ა) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ; ბ) დაამტკიცოს არასრულწლოვანის ინდივიდუალური გეგმა; გ) განიხილოს მონიტორინგის ანგარიშები და მიიღოს გადაწყვეტილება სერვისის/პროგრამის შეცვლის, გაგრძელების ან რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შესახებ; დ) გადაწყვიტოს სასამართლოსთვის არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შუამდგომლობით მიმართვის საკითხი; ე) განიხილოს არასრულწლოვანის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობა; ვ) გააუქმოს არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილება, სახლის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე; ზ) მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის სახლში დასრულებისა და არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ; თ) არასრულწლოვანს მისცეს სახლის დროებით დატოვების უფლება კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით; ი) ცენტრს მისცეს რეკომენდაცია სახლში განთავსებული არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომლის საფუძველზე კანონიერ წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ არასრულწლოვანის მონახულების დამატებითი დრო; კ) საქმის სრულყოფილად განხილვის მიზნით: კ.ა) გაეცნოს საქმის მასალებს, არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, მონიტორინგის ანგარიშსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუმენტებს; კ.ბ) ცენტრს მოსთხოვოს არასრულწლოვანის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა; კ.გ) ჯგუფის სხდომაში მონაწილე არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს დაუსვას კითხვები; კ.დ) მოიწვიოს პირი/უწყება/დაწესებულება, რომელმაც ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანის თაობაზე, აგრეთვე სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი; კ.ე) მოითხოვოს არასრულწლოვანის დამატებითი შეფასება; ლ) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. პირი/უწყება/დაწესებულება, რომელმაც ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანის ცხოვრების, მართლსაწინააღმდეგო ქცევის ისტორიის, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარების თაობაზე, აგრეთვე სხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, აგრეთვე სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, გამოცხადდეს ჯგუფის სხდომაზე და ითანამშრომლოს ჯგუფთან. მუხლი 9. ჯგუფის სხდომა 1. ჯგუფის სხდომა იმართება: ა) არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში − არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხის გადასაწყვეტად; ბ) არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების საფუძვლის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში − შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრისა და სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენის მიზნით; გ) ჯგუფისთვის შესაბამისი მიმართვიდან 3 სამუშაო დღეში − არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვისა (მათ შორის, არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების) და გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად; დ) გადაუდებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში − პირველივე შესაძლებლობის დადგომისას; ე) ჯგუფისთვის შესაბამისი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხდომა შეიძლება, მოწვეულ იქნეს ჯგუფის თავმჯდომარის ან ჯგუფის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის დასაბუთებული ინიციატივით. 3. ჯგუფის სხდომა შეიძლება, გაიმართოს: ა) ფიზიკური დასწრებით; ბ) დისტანციურად – ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ონლაინფორმატში); გ) შერეული ფორმით – საქმის განხილვაში ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრის დისტანციურად მონაწილეობით. 4. დისტანციურად ან შერეული ფორმით სხდომა ტარდება, თუ უზრუნველყოფილია მონაწილეთა იდენტიფიკაცია, მათი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურის დაცვა. 5. ჯგუფის სხდომა შეიძლება, ჩაიწეროს აუდიო- ან/და ვიდეოფორმატში. ჯგუფის სხდომის აუდიო- ან/და ვიდეოჩაწერას ახორციელებს სხდომის მდივანი. 6. ჯგუფის სხდომის ფორმატს განსაზღვრავს ჯგუფის თავმჯდომარე, საქმის გარემოებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 7. ჯგუფის სხდომა შეიძლება, გაიმართოს ჯგუფის ადგილსამყოფლისგან განსხვავებულ მისამართზე. სხდომის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს ჯგუფის თავმჯდომარე, საქმის გარემოებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მუხლი 10. არასრულწლოვანის/კანონიერი წარმომადგენლის/ წარმომადგენლის მონაწილეობა 1. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) წინასწარ, გონივრული დროით ადრე, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ატყობინებს არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს ჯგუფის სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს. შეტყობინების, აგრეთვე მისი განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) შესაბამის ინფორმაციას ასახავს ოქმში. 2. საქმის სრულყოფილად განხილვის მიზნით, ჯგუფის სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს არასრულწლოვანს უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის მეშვეობით. მას აგრეთვე უფლება აქვს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. თუ არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს. 3. არასრულწლოვანმა და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა/ წარმომადგენელმა შესაძლებელია, ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად – ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მუხლი 11. ცენტრის თანამშრომლის მონაწილეობა ჯგუფის სხდომაში 1. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე ცენტრის სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) ჯგუფს წარუდგენს არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, საქმის მასალებსა და მონიტორინგის ანგარიშს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ჯგუფს აწვდის მის მიერ მოპოვებულ სხვა ინფორმაციას. 2. საკითხის სრულყოფილი განხილვის მიზნით, ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მიიღოს ცენტრის იმ თანამშრომელმა, რომელიც კონკრეტული არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობს, ხოლო სახლში განთავსებული არასრულწლოვანის საქმის განხილვაში – აგრეთვე ცენტრის იმ თანამშრომელმა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სახლში და ფლობს არასრულწლოვანის მდგომარეობასა და მის საჭიროებებზე მორგებული სერვისის/პროგრამის შესრულების ინდივიდუალური გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. მუხლი 12. ჯგუფის სხდომის ჩატარების წესი 1. ჯგუფის სხდომას წარმართავს ჯგუფის თავმჯდომარე. 2. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. ჯგუფის სხდომა არის დახურული. 4. გადაწყვეტილება მიიღება ჯგუფის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის თავმჯდომარის ხმა, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. ჯგუფის წევრს უფლება აქვს, დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში. 7. ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. 8. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. მუხლი 13. ჯგუფის გადაწყვეტილების სახეები 1. ჯგუფი უფლებამოსილია, მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის დამტკიცების შესახებ; ბ) სერვისის/პროგრამის შეცვლის შესახებ; გ) სერვისის/პროგრამის გაგრძელების შესახებ; დ) კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დასრულების შესახებ; ე) სასამართლოსთვის არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შუამდგომლობით მიმართვის შესახებ; ვ) არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე; ზ) არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის სახლში დასრულების შესახებ; თ) არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის სახლში დასრულებისა და არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ; ი) არასრულწლოვანის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე; კ) არასრულწლოვანის მიერ სახლის კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით დატოვების შესახებ; ლ) ცენტრისთვის სახლში განთავსებული არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე კანონიერ წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრება/ განესაზღვრებათ არასრულწლოვანის მონახულების დამატებითი დრო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ჯგუფი იღებს სახლის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების გათვალისწინებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეების, არასრულწლოვანის საჭიროებების, არასრულწლოვანის სახლში ყოფნის აუცილებლობის შეფასების საფუძველზე. მუხლი 14. საქმის განხილვის ვადები 1. ჯგუფი ვალდებულია საკითხები განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ამ წესის მე-9 მუხლითა და „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში, უწყვეტად და არ დაუშვას განხილვის პროცესის გაუმართლებელი დაყოვნება. 2. დამატებითი ინფორმაციის ან დასკვნის საჭიროების შემთხვევაში საკითხის განხილვა შეიძლება, გადაიდოს, თუ ეს არ გამოიწვევს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბოლოო ვადის დარღვევას. მუხლი 15. ჯგუფის გადაწყვეტილება 1. ჯგუფის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს: არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს; საქმის მასალებს; არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს; მონიტორინგის ანგარიშებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ჯგუფი ეცნობა არასრულწლოვანისა (ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით) და მისი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის მოსაზრებებს, მათი სურვილის შემთხვევაში. 2. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) არასრულწლოვანის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) საქმის მოკლე აღწერა; გ) შეფასებული გარემოებები; დ) გამოყენებული სამართლებრივი საფუძვლები; ე) არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებული სერვისი/პროგრამა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმა; ვ) სერვისის/პროგრამის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი პირი/დაწესებულება/უწყება; ზ) დასაბუთება გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; თ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი; ი) გადაწყვეტილებისგან განსხვავებული აზრის შესახებ. 3. ჯგუფის გადაწყვეტილებათა შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელსა და პირს/დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს ეს არასრულწლოვანი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, თუ იგი ჩართულია არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში. მუხლი 16. ჯგუფის გადაწყვეტილების შესრულება და მონიტორინგი 1. ჯგუფის გადაწყვეტილება არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად. 2. ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სერვისის/პროგრამის შესრულებას ზედამხედველობს და მის მიერ მიღწეულ შედეგებს აფასებს ცენტრი. 3. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ჯგუფი უფლებამოსილია, მიიღოს ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 17. არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების შეჩერება და განახლება. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის შეწყვეტა 1. ჯგუფისთვის განსახილველად წარსადგენი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების ვადის დინება შეჩერდება, თუ არასრულწლოვანის მიმართვის ფორმა არ არის წარდგენილი ცენტრში ან ისეთი ხარვეზით არის შევსებული, რომელიც შეუძლებელს ხდის არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყებას. აღნიშნულის თაობაზე ცენტრის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პროკურორს. არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრის – პროკურორის მიერ ცენტრში სათანადოდ შედგენილი არასრულწლოვანის მიმართვის ფორმის წარდგენის – შემთხვევაში. 2. არასრულწლოვანის მიმართ შეწყდება არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი, თუ ამ პროცესის რომელიმე ეტაპზე გამოვლინდება მისი ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც მას არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 18. დოკუმენტების შენახვა და განადგურება 1. ცენტრი ვალდებულია, უზრუნველყოს მის არქივსა და სპეციალურ საცავში დაცული ჯგუფის მიერ განხილული/დამტკიცებული დოკუმენტების, აგრეთვე ჯგუფის სხდომის მიმდინარეობის ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერების უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და დაცვა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ჯგუფის მიერ განხილული/დამტკიცებული დოკუმენტები, აგრეთვე ჯგუფის სხდომის მიმდინარეობის ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით, რის შემდეგაც ისინი ექვემდებარება განადგურებას. 3. დოკუმენტების განადგურება ხორციელდება შესაბამისი კომისიის მიერ, რის თაობაზეც დგება განადგურების აქტი. 4. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა განისაზღვრება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 19. გარდამავალი დებულება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია, არაუგვიანეს 2026 წლის 15 მაისისა, ცენტრის თავმჯდომარეს წარუდგინოს ჯგუფის წევრისა და მისი არანაკლებ ერთი შემცვლელი პირის კანდიდატურა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები