დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 23 აგვისტოს №80/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018845 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 23 აგვისტოს №80/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 24/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.018335) პირველი მუხლით დამტკიცებულ „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილება 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავებას, ასევე, მასში ცვლილების შეტანას და გაუქმებას უზრუნველყოფს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის) თანამშრომლობით ამ წესისა და ცენტრის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 2. ცენტრი მიმართავს შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებას ან/და შესაბამისი დარგის წარმომადგენლებს და წარუდგენს ინფორმაციას პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/სტანდარტების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ. 3. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრის მიმართვიდან 14 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით გამოხატოს მზაობა შესაბამის დარგში დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელშიც უნდა შედიოდნენ შესაბამის დარგში არსებული საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგობრივი ექსპერტები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება 30 კალენდარული დღის ვადაში ცენტრს წარუდგენს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 5. გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დარგობრივ სამუშაო ჯგუფს ქმნის და მის მუშაობის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ჯგუფში უნდა შედიოდნენ შესაბამის დარგში არსებული საჯარო დაწესებულებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგობრივი ექსპერტები. 6. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების პროცესში ცენტრის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა მოიცავს: ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ჩანაწერების სტანდარტიზაციას, რაც გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის ჩანაწერების თანაბარი სიღრმისა და დეტალიზაციის უზრუნველყოფას; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ჩანაწერების ვალიდაციას, რაც გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტზე დაინტერესებული მხარეების (მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ცალკეული დამსაქმებლების, საჯარო დაწესებულებების და სხვა) უკუკავშირის მიღებასა და ანალიზს. 7. ცენტრის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა არ გულისხმობს დარგობრივ ექსპერტიზას. მუხლი 5. დამოუკიდებელი მოდულის შემუშავების უფლებამოსილება 1. დამოუკიდებელი ზოგადი მოდულების შემუშავებას, ასევე მათში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას უზრუნველყოფს ცენტრი. 2. დამოუკიდებელი პროფესიული მოდულების შემუშავებას, ასევე მათში ცვლილების შეტანასა და მათ გაუქმებას უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება ან/და ცენტრი შესაბამისი დარგის ჩართულობით.“. 3. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის ჩანაწერების ვალიდაციის საფუძველზე, ცენტრი ადგენს ვალიდაციის ანგარიშს, რომელიც შემდგომი განხილვის მიზნით წარედგინება ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დარგობრივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ვალიდაციის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტში ასახვაზე/ასახვაზე უარის თქმაზე და უზრუნველყოფს აღნიშნულის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტის გადამუშავებას. 4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტი, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევაში, დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმების შემდგომ, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარედგინება ცენტრის დირექტორს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ.“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის მიერ შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან უნდა შეთანხმდეს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტი, რომელიც: ა) შემუშავებულია რეგულირებად პროფესიასთან დაკავშირებით; ბ) შემუშავებულია კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო საქმიანობის, თეატრის, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება მიმართვიდან 14 სამუშაო დღეში განიხილავს და წერილობითი ფორმით აძლევს დასაბუთებულ უკუკავშირს ცენტრს. აღნიშნულ ვადაში ცენტრის მიერ დასაბუთებული უკუკავშირის მიუღებლობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტი ითვლება შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმებულად. 4. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების უკუკავშირს განიხილავს და მის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გადამუშავებას უზრუნველყოფს ცენტრის მიერ შექმნილი დარგობრივი ჯგუფი. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ებ)ის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, დარგობრივი ჯგუფი ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ცენტრი აცნობებს შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებას“. 5. მე-8-მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. დამოუკიდებელი მოდულის შემუშავების პროცესი 1. დამოუკიდებელ მოდულს შეიმუშავებს ცენტრი ამ წესისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება დამოუკიდებელ პროფესიულ მოდულს შეიმუშავებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურით და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებულ დამოუკიდებელ პროფესიულ მოდულს, დაწესებულება ცენტრს წარუდგენს რეგისტრაციის მიზნით. მოდულის გამოქვეყნებაზე დაწესებულების მხრიდან გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითია. მუხლი 9. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის დამტკიცების წესი 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და დამოუკიდებელი მოდული დამტკიცებულად ითვლება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. 2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/საჯარო დაწესებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, ცენტრის დირექტორისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის პროექტს; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის პროექტთან დაკავშირებით ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველ დოკუმენტაციას; გ) ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმების დამადასტურებელ დოკუმენტს ან იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. 4. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის სხდომების ოქმები. 5. ცენტრი განიხილავს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეგისტრაციაზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემუშავებულია ამ წესისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 6. თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და დამოუკიდებელი მოდული არ არის შემუშავებული ამ წესისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, ცენტრი უფლებამოსილია დასაბუთებული შენიშვნებით დაუბრუნოს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის პროექტი ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მის წარმდგენს. 7. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და დამოუკიდებელი მოდული ძალაში შედის მათში მითითებული ამოქმედების თარიღიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. 8. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებული დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. 9. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და დამოუკიდებელი მოდული აისახება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში. 10. თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ძალაში შესვლა იწვევს „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების საჭიროებას, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი ძალაში შედის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების ძალაში შესვლისთანავე, თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით მისი ძალაში შესვლისათვის უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის განსაზღვრული. მუხლი 10. დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის გადახედვა 1. პროფესიის სტანდარტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების შეტანა იწვევს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში შესაბამისი ცვლილების შეტანას. პროფესიის სტანდარტში ცვლილების შეტანიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი უნდა იქნეს შესაბამისობაში მოყვანილი პროფესიის სტანდარტთან. 2. პროფესიის სტანდარტის გაუქმების შემთხვევაში, პროფესიის სტანდარტის გაუქმების დღიდან სამართლებრივ ძალას კარგავს მის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი. 3. ცენტრის დირექტორი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილების შეტანაზე ან მის გაუქმებაზე, ასევე დამოუკიდებელ მოდულში ცვლილების შეტანაზე ან მის გაუქმებაზე. 4. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ დასაბუთებული ინიციატივით მიმართოს ცენტრს, რომელიც განიხილება ამ წესის მე-4-მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 5. პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში ცვლილების შეტანა/გაუქმება ხორციელდება ამ წესის მე-4-მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისა და ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 6. ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განსაზღვრავს მისი გაუქმების თარიღს. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცენტრის მიერ რეგისტრირდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში. 7. თუ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილება იწვევს „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების საჭიროებას, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილება ძალაში შედის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების ძალაში შესვლისთანავე, თუ თავად პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილებით მისი ძალაში შესვლისთვის უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის განსაზღვრული.“. 6. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი უფლებამოსილია პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში ცვლილების შეტანის გზით გაასწოროს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტსა და დამოუკიდებელ მოდულში არსებული ტექნიკური უზუსტობა (პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და დამოუკიდებელი მოდულის დასახელების ცვლილება, რომელიც არ იწვევს მათ შინაარსობრივ ცვლილებას, ენობრივი სისწორე, ტექსტური წყობა, გამოთვლასთან დაკავშირებული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში და დამოუკიდებელ მოდულში ტექნიკური უზუსტობის გასწორება ცენტრის მიერ რეგისტრირდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და დამოუკიდებელი მოდულის რეესტრში.“. 7. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-14 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები სამართლებრივ ძალას ინარჩუნებს ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ძალაში შესვლამდე. 4. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებულ და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებში ცვლილების შეტანაზე და მათ ძალადაკარგულად გამოცხადებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს ცენტრი.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ცენტრმა უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის დამტკიცება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები