საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017725
68
19/05/2026
ვებგვერდი, 20/05/2026
140030000.22.034.017725
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №68

2026 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 86 მუხლის მე-4 პუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები (შემდგომ − წესი) არეგულირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში (შემდგომ − პოლიციის აკადემია), საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე (შემდგომ − საბაკალავრო პროგრამა) სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, სტუდენტის მიერ სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის, მობილობისა და პროფესიული პრაქტიკის გავლის, სასწავლო პროცესის (მათ შორის, გამოცდების) მიმდინარეობის, შეფასების სისტემისა და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესებს, პოლიციის აკადემიის ვალდებულებებსა და სტუდენტის უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 2. პოლიციის აკადემიის უფლება-მოვალეობები

1. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სასწავლო პროცესის ეფექტიანი ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები შესაბამის სამართლებრივ აქტ(ებ)ში;

ბ) ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტს შეუჩეროს, აღუდგინოს ან შეუწყვიტოს სტუდენტის სტატუსი;

გ) დაამუშაოს სტუდენტის პერსონალური მონაცემები, სასწავლო პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სტუდენტის პერსონალური მონაცემების სხვა მიზნ(ებ)ისთვის დამუშავება განახორციელოს მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) განახორციელოს ვიდეომონიტორინგი პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) მოსთხოვოს სტუდენტს მისთვის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტებით ან მასთან გაფორმებული საგანმანათლებლო მომსახურებისა და სამინისტროში დასაქმების შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომ − ხელშეკრულება) გათვალისწინებული პირობების შესრულება, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში, შეუწყვიტოს სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე და დადგენილი წესით;

ვ) შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეცვალოს ან გააუქმოს საბაკალავრო პროგრამა, სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის პირობით;

ზ) სტუდენტის/კურსდამთავრებულის წერილობითი განცხადებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება ჯარიმის სრულად ან ნაწილობრივ პატიების შესახებ;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

2. პოლიციის აკადემია ვალდებულია:

ა) შეუქმნას სტუდენტს სათანადო პირობები საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისათვის და გაუწიოს შესაბამისი საგანმანათლებლო მომსახურება;

ბ) შეუქმნას სტუდენტს ჯანსაღ გარემოში მაღალი ხარისხის განათლების მიღების ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების პირობები;

გ) მისცეს სტუდენტს საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების შესაძლებლობა;

დ) მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში, ისარგებლოს პოლიციის აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა რესურსებით.

მუხლი 3. სტუდენტის უფლება-მოვალეობები

1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში;

გ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგ(ებ)ი;

დ) ისარგებლოს პოლიციის აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

ე) საყოველთაო, ფარული, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე აირჩიოს წარმომადგენელი ან/და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი;

ზ) ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვოს სტუდენტის სტატუსის შეჩერება, აღდგენა ან შეწყვეტა;

თ) მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება ან/და სხვა სახის შეღავათ(ებ)ი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) შეაფასოს აკადემიური პერსონალის საქმიანობა პოლიციის აკადემიაში დადგენილი წესით;

კ) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოითხოვოს და მიიღოს მიღებული განათლების შესაბამისი, აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და მისი დანართი;

ლ) საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, პირველი სემესტრის დასრულებამდე, უარი განაცხადოს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე და შეწყვიტოს ხელშეკრულება პირადი მიზეზით;

მ) ისარგებლოს პოლიციის აკადემიის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. სტუდენტი ვალდებულია:

ა) სისტემატურად ეცნობოდეს და ასრულებდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტების (მათ შორის, პოლიციის აკადემიის წესდების, სტუდენტის ქცევის წესების, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის) მოთხოვნებსა და ხელშეკრულების პირობებს;

ბ) დადგენილ ვადებში და წესით გაიაროს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია;

გ) გონივრულ ვადაში აცნობოს პოლიციის აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციის აკადემიას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა შესაძლო, მოსალოდნელი და დამდგარი უარყოფითი შედეგების გამო;

დ) გაუფრთხილდეს პოლიციის აკადემიის რეპუტაციას, ქონებრივ და არაქონებრივ სიკეთეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) დაესწროს ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკულ მეცადინეობებსა და გამოცდებს დადგენილი წესების შესაბამისად, ისწავლოს საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული სავალდებულო და საკუთარი სურვილით არჩეული ყველა საგანი, გაიაროს პროფესიული პრაქტიკა;

ვ) შეასრულოს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, აგრეთვე, პოლიციის აკადემიის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობები.

მუხლი 4. სტუდენტის სტატუსის მოპოვება

1. პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იყოს საქართველოს მოქალაქე;

ბ) წარმატებით გაიაროს პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) აბიტურიენტთა რანჟირების შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე პოლიციის აკადემიაში მოიპოვოს სწავლის უფლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესარჩევ პროცესს პირი გაივლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესი მოიცავს:

ა) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას;

ბ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას;

გ) ფსიქოლოგიურ შემოწმებას;

დ) გასაუბრებას;

ე) სპეციალურ შემოწმებას.

3. პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესის ვადები და პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება პოლიციის აკადემიის რექტორის ბრძანებით.

4. დაუშვებელია პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხოს:

ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) პირი, რომელმაც ვერ გაიარა პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესი;

ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.

5. სასწავლო წლის დაწყებამდე, პოლიციის აკადემიის რექტორის ბრძანებით, განისაზღვრება ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადები.

6. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აბიტურიენტი ვალდებულია სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პოლიციის აკადემიაში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

7. ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას და გულისხმობს პოლიციის აკადემიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენასა და ხელშეკრულების გაფორმებას. ადმინისტრაციული რეგისტრაცია გამოხატავს სტუდენტის მზაობას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, შესაბამის სემესტრულ შუალედურ და დასკვნით გამოცდებში.

8. ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა პოლიციის აკადემიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება რექტორის სახელზე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ცნობა);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, დედნის წარმოდგენით;

დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD დისკი);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის შემთხვევაში);

ვ) შევსებული სპეციალური აპლიკაცია, რომელიც აბიტურიენტს შეუძლია მიიღოს პოლიციის აკადემიაში ან/და ჩამოტვირთოს პოლიციის აკადემიის ოფიციალური ვებგვერდიდან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, აბიტურიენტი აფორმებს ხელშეკრულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პოლიციის აკადემიასთან. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

10. ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სტუდენტი გადის აკადემიურ რეგისტრაციას, რომელიც გულისხმობს საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსებზე სტუდენტის დარეგისტრირებას, სასწავლო პროცესის მართვის სისტემის საშუალებით.

11. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პოლიციის აკადემიაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება პოლიციის აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.

12. პოლიციის აკადემია ახორციელებს სტუდენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 5. სწავლების ენა და სასწავლო ჯგუფები

1. პოლიციის აკადემიაში სწავლების ენაა ქართული. სასწავლო პროგრამა შეიძლება მოიცავდეს სასწავლო კურს(ებ)ს, რომელთა სწავლება ხორციელდება უცხო ენაზე (ინგლისურად).

2. სასწავლო ჯგუფი კომპლექტდება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 25 სტუდენტისაგან. სასწავლო ჯგუფში სტუდენტთა განსხვავებული ოდენობის განსაზღვრა დასაშვებია პოლიციის აკადემიის რექტორის გადაწყვეტილებით.

მუხლი 6. სასწავლო განრიგი და დატვირთვა

1. პოლიციის აკადემიაში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 3 აკადემიურ წელს და მოიცავს 180 კრედიტს.

2. ერთი აკადემიური წელი მოიცავს 2 სემესტრს (შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრები). თითოეული სემესტრი მოიცავს 19 კვირას, მათ შორის, 14 სასწავლო/სალექციო კვირას, 2 კვირას შუალედური გამოცდებისთვის და 3 კვირას დასკვნითი და დამატებითი გამოცდებისთვის.

3. საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს კრედიტების შესაბამისი რაოდენობის შესასრულებლად უფლება ეძლევა დამატებით აიღოს არაუმეტეს 2 სემესტრისა.

4. პოლიციის აკადემიის რექტორის გადაწყვეტილებით, დასვენების ან/და უქმე დღე/დღეები, შესაძლოა გამოცხადდეს სამუშაო დღედ/დღეებად სასწავლო მიზნებისათვის. ასეთ შემთხვევაში სასწავლო პროცესში ჩართული თანამშრომლები დაისვენებენ შესაბამის სამუშაო დღეებში ან მათი სამუშაო დრო სამუშაო დღეებში შემცირდება ერთი საათით (არასამუშაო დროს მუშაობის საათების გათვალისწინებით).

5. საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო დრო მოიცავს:

ა) სალექციო/სასემინარო საათებს;

ბ) პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებელ საათებს;

გ) საგამოცდო საათებს.

6. სასწავლო დრო ერთი დღის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 6 აკადემიურ საათს.

7. ერთი აკადემიური საათი შედგება 50 წუთისგან. აკადემიურ საათებს შორის შესვენება განისაზღვრება 10 წუთით. სასწავლო ცხრილით ასევე შეიძლება განისაზღვროს ერთი 30-წუთიანი შესვენება.

8. სასწავლო დრო ნაწილდება სასწავლო კურსის პროგრამისა (სილაბუსის) და სასწავლო კალენდრის მიხედვით.

9. საბაკალავრო პროგრამა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 (ECTS) კრედიტს.

10. საბაკალავრო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით, დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო დატვირთვა 1 აკადემიური წლის განმავლობაში აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს.

11. ერთი კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას 25 საათის განმავლობაში, რომელიც აერთიანებს როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ საათებს.

მუხლი 7. სტუდენტის შეფასება

1. სტუდენტის ცოდნა ფასდება 100-ქულიანი სისტემით.

2. სტუდენტის ცოდნის შეფასება საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კომპონენტში მოიცავს შუალედურ შეფასებასა და დასკვნით შეფასებას, რომელთა ხვედრითი წილი მოცემულია შესაბამის სილაბუსში.

3. შეფასების თითოეულ კომპონენტს საბოლოო შეფასებაში, შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) განესაზღვრება ხვედრითი წილი.

4. კრედიტის მინიჭება ხდება შეფასების ორივე კომპონენტის (შუალედური და დასკვნითი შეფასება) გამოყენებით.

5. შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი − შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი − მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი − მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი − მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი − მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა − მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით, დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა − მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

6. შეფასების ორივე კომპონენტში განსაზღვრულია შეფასების დეტალური რუბრიკები და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც აისახება შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამაში (სილაბუსში). დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

7. საბაკალავრო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ლექტორი/ინსტრუქტორი უფლებამოსილია შეფასების მეთოდში/მეთოდებში განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც უნდა აისახოს შესაბამის სასწავლო კურსის პროგრამაში (სილაბუსში).

8. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა შუალედურ შეფასებებში განსაზღვრული მინიმალური ზღვრის მიღწევა.

9. სტუდენტს კრედიტი ენიჭება შუალედური და დასკვნითი შეფასებებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრების მიღწევით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

10. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა აკადემიური კალენდრით დადგენილ ვადაში, დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში, საბოლოო შეფასებაში 41-50 ქულის მიღების ან დასკვნითი გამოცდისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრის ვერმიღწევის შემთხვევაში.

11. სტუდენტს შესაბამის სასწავლო კურსში უფორმდება F(0) შეფასება, თუ:

ა) ვერ გადალახა სასწავლო კურსით განსაზღვრული შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარი;

ბ) საბოლოო შეფასებაში ვერ მოაგროვა მინიმუმ 41 ქულა და ვერ გავიდა დამატებით გამოცდაზე;

გ) ვერ ჩააბარა დამატებითი გამოცდა.

12. საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კომპონენტების (გარდა კონცენტრაციისა და მოდულისა) სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება უნდა დასრულდეს იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.

მუხლი 8. სტუდენტის ცოდნის შეფასების კომპონენტები

1. ცოდნის შეფასების კომპონენტებია: შუალედური და დასკვნითი შეფასება.

2. შუალედური შეფასება მოიცავს პერიოდულ გამოკითხვასა და შუალედურ გამოცდას.

3. პერიოდული გამოკითხვა წარმოადგენს წინა სალექციო დღეებში განვლილი მასალის, ცოდნის დონის პერიოდული შემოწმების საშუალებას. სტუდენტის მიერ გაცდენილი პერიოდული გამოკითხვა აღდგენას არ ექვემდებარება, მიუხედავად გაცდენის მიზეზისა.

4. შუალედური და დასკვნითი გამოცდა წარმოადგენს სტუდენტის ცოდნის შეფასების ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა შესაბამისი სასწავლო კურსის ნაწილი/კურსი.

5. ცალკეული სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად, სტუდენტის ცოდნის შეფასების ფორმასა და შინაარსს განსაზღვრავს სასწავლო კურსის ხელმძღვანელი. შეფასების ფორმებია:

ა) წერითი;

ბ) ზეპირი;

გ) შერეული − ზეპირი და წერითი ერთდროულად;

დ) პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულება;

ე) ელექტრონული.

6. საგამოცდო საკითხებს ამზადებს სასწავლო კურსის ხელმძღვანელი/ლექტორი/ინსტრუქტორი და გამოცდებამდე 10 დღით ადრე წარუდგენს პოლიციის სკოლის უფროსს, რომელიც ამოწმებს სასწავლო კურსის პროგრამასთან (სილაბუსთან) მათ შესაბამისობას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

7. პოლიციის სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს საგამოცდო საკითხების შესაბამისობის შემოწმება სასწავლო კურსის პროგრამასთან (სილაბუსთან).

8. გამოცდების განრიგის შედგენაზე, ჩატარებასა და საგამოცდო პროცესის მონიტორინგზე პასუხისმგებელია პოლიციის სკოლის უფროსის მოადგილე და პოლიციის სკოლის ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი. სასწავლო კურსის სპეციფიკის შესაბამისად, გამოცდას ესწრება ლექტორი/ინსტრუქტორი.

9. პოლიციის სკოლა უფლებამოსილია გამოცდაზე განახორციელოს ვიდეომონიტორინგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ელექტრონული ფორმატის გამოცდებზე, მეთვალყურეობა განახორციელოს მონიტორინგის პროგრამით და ისარგებლოს პოლიციის სკოლის საგამოცდო პროგრამით, რაც წინასწარ ცნობილი უნდა იყოს სტუდენტებისათვის.

10. თითოეული გამოცდის კონკრეტული თარიღი, ჩატარების დრო და ჩატარების ადგილი, არაუგვიანეს 7 კალენდარული დღით ადრე, აისახება გამოცდების ელექტრონულ ბაზაში სტუდენტის პირად გვერდზე.

11. შუალედურ გამოცდას ეთმობა 2 საათი. დასკვნით გამოცდას ეთმობა 3 საათი. რიგ შემთხვევაში სასწავლო კურსის მოცულობის, შინაარსის სირთულისა და საგამოცდო კომპონენტების სირთულის გათვალისწინებით, სასწავლო კურსის ხელმძღვანელის მოთხოვნით, საგამოცდო დრო შეიძლება გაიზარდოს. გამოცდის დრო თითოეულ სასწავლო კურსზე აღინიშნება შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამაში (სილაბუსში).

12. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი არ დაიშვება, თუ მას დასკვნით გამოცდამდე შუალედურ შეფასებაში 31 ქულაზე ნაკლები აქვს დაგროვებული.

13. გამოცდის ზეპირ ნაწილს (ზეპირ გამოცდას) იბარებს ლექტორი/ინსტრუქტორი.

14. გამოცდის დასრულებიდან მეორე სამუშაო დღეს, პოლიციის სკოლის ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი დაშიფრულ ნაშრომებს გასასწორებლად გადასცემს სასწავლო კურსის ხელმძღვანელს.

15. კურსის ხელმძღვანელი საგამოცდო ნაშრომს ასწორებს პოლიციის აკადემიაში. სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ვალდებულია, ნაშრომების მისთვის გადაცემიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, პოლიციის სკოლის ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფს მიაწოდოს სტუდენტთა შეფასების შედეგები და გადასცეს გასწორებული ნაშრომები.

მუხლი 9. გამოცდის/პერიოდული გამოკითხვის ჩატარებისას სტუდენტის ქცევის წესი

1. გამოცდის დაწყებამდე სტუდენტი გადის რეგისტრაციას. სტუდენტი ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის სკოლის ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი უფლებამოსილია არ დაუშვას სტუდენტი გამოცდაზე.

2. გამოცდაზე 15 წუთზე მეტი დროით დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. გამოცდის/პერიოდული გამოკითხვის მიმდინარეობისას აკრძალულია:

ა) საგამოცდო ნაშრომზე, თავფურცლის გარდა, სახელის, გვარის ან სხვა რაიმე სახის მინიშნება სტუდენტის ვინაობის ამოსაცნობად;

ბ) საუბარი, გადალაპარაკება;

გ) ხმამაღლა შეკითხვის დასმა. შეკითხვის არსებობის შემთხვევაში სტუდენტმა ხელის აწევით უნდა ანიშნოს და დაელოდოს პოლიციის აკადემიის მოსამსახურეს/დამკვირვებელს;

დ) კონსპექტიდან ან წინასწარმომზადებული სხვა მასალიდან გადაწერა (გარდა წინასწარდაშვებული საშუალებების გამოყენებისა);

ე) სხვისთვის დახმარების გაწევა ან/და ასეთის მიღება სასურველი შედეგის მიღების მიზნით;

ვ) მობილური ტელეფონის ქონა;

ზ) საგამოცდო საკითხებზე მუშაობის დასრულებამდე, დამკვირვებლის წინასწარი თანხმობის გარეშე საგამოცდო აუდიტორიის ადგილის დატოვება.

4. სტუდენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ან ამავე პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის პირველივე შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან, გამოცდის აღდგენის უფლების გარეშე. მისი ნამუშევარი შეფასდება ნული ქულით.

5. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დარღვევის აღმომჩენი პირი და სტუდენტი. სტუდენტის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. გამოცდის მსვლელობიდან გამომდინარე, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, დამკვირვებელს უფლება აქვს, ოქმი გააფორმოს გამოცდის დასრულების შემდეგ.

6. გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია დამკვირვებლის მითითებისთანავე დატოვოს აუდიტორია. დამკვირვებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს პოლიციის აკადემიაში სტუდენტისათვის დადგენილი ქცევის წეს(ებ)ის დარღვევას და იწვევს ქცევის წესების განმსაზღვრელი აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ შედეგ(ებ)ს.

7. საგამოცდო საკითხებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, სტუდენტი ვალდებულია ნაშრომი ჩააბაროს დამკვირვებელს და დატოვოს საგამოცდო სივრცე. ნაშრომი, რომელზეც არ იქნება მითითებული სტუდენტის სახელი და გვარი, არ შეფასდება.

მუხლი 10. გამოცდაზე არგამოცხადება/გამოტოვებული გამოცდის აღდგენა

1. საპატიო მიზეზის არსებობის (მათ შორის, დაოჯახება, ავადმყოფობა, შვილის შეძენა, უბედური შემთხვევა, ოჯახის წევრის (დედა, მამა, და, ძმა, შვილი, მეუღლე, ბებია, ბაბუა) გარდაცვალება, კურატორ პრორექტორთან წინასწარი შეთანხმებით კულტურულ-სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა) შემთხვევაში, გამოცდის აღდგენის უფლების მოსაპოვებლად, სტუდენტმა გამოცდის დაწყებამდე უნდა აცნობოს (სატელეფონო კომუნიკაციის ან სხვა საშუალებით) პოლიციის სკოლას გამოუცხადებლობის შესახებ, დაასაბუთოს გაცდენის მიზეზი, ხოლო შემდგომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. სტუდენტის გამოუცხადებლობისას, გამოუცხადებლობის მიზეზის მოგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში, მან წერილობითი ფორმით (პატაკი/ახსნა-განმარტება) უნდა დაასაბუთოს გამოუცხადებლობის მიზეზი (გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაერთოს შესაბამისი მტკიცებულება). განსაკუთრებული შემთხვევა განიხილება კურატორი პრორექტორის მიერ.

2. გამოცდის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში გამოცდის აღდგენა უნდა მოხდეს გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში, აღნიშნულ ვადაში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტუდენტისათვის ინდივიდუალური წესით, გამოცდის აღდგენა დასაშვებია რექტორის გადაწყვეტილებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ გამოუცხადებლობის მიზეზი (ავადმყოფობა და სხვა) არ აფერხებს სტუდენტს ჩააბაროს გამოცდა, რექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოცდა ჩატარდეს განსხვავებულ ფორმატში.

4. სტუდენტი, რომელსაც აღუდგა გამოცდაზე გასვლის უფლება, დამატებით გამოცდაზე გადის საერთო წესით.

მუხლი 11. დამატებითი გამოცდა

1. დასკვნით გამოცდაზე 20 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ გადალახავს სასწავლო კურსისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, სტუდენტს ერთჯერადად ეძლევა უფლება გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე (გადააბაროს გამოცდა), თუ მას ჯამურად დაგროვებული აქვს 41 ქულა და მეტი.

2. საპატიო მიზეზით დამატებით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს აღადგინოს იგი მხოლოდ ერთხელ.

3. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის აკადემიის მოსამსახურეს აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სტუდენტის ნაშრომი (შუალედური/დასკვნითი გამოცდა და სხვა) შესრულებული შეიძლება ყოფილიყო არაკეთილსინდისიერი გზით (გადაწერა, საგამოცდო მასალის წინასწარ ცოდნა და სხვა), იგი ვალდებულია, მომდევნო სემესტრის დაწყებამდე, მიმართოს პოლიციის აკადემიის რექტორს, რომელიც განსაზღვრავს ნაშრომის განმხილველი კომისიის შემადგენლობას.

4. კომისია მოპოვებული მასალების შესწავლისა და სტუდენტის გამოკითხვის შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მიღებული შეფასების უცვლელად დატოვების შესახებ;

ბ) შეფასების გაუქმების შესახებ.

5. კომისიის მიერ სტუდენტისათვის შეფასების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტუდენტს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგენილი წესის შესაბამისად. სტუდენტი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში ხელახლა გაიაროს სასწავლო კურსის პროგრამით (სილაბუსი) გათვალისწინებული შესაბამისი შეფასება (შუალედური/დასკვნითი გამოცდა და სხვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ შეეფარდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

მუხლი 12. პერიოდული გამოკითხვის/გამოცდის შედეგების გასაჩივრება

1. პერიოდული გამოკითხვის/გამოცდის შედეგებით (შეფასებით) უკმაყოფილების არსებობის შემთხვევაში, პერიოდული გამოკითხვის/გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სტუდენტს უფლება აქვს, დასაბუთებული საჩივრით მიმართოს პოლიციის აკადემიის რექტორს და გაასაჩივროს მიღებული შედეგი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი განიხილება პრეტენზიის/საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ, საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.

3. გამოცდაზე სტუდენტისთვის შესაძლო ხელშემშლელი გარემოების არსებობისას, რამაც გავლენა იქონია გამოცდის საბოლოო შედეგზე, სტუდენტს უფლება აქვს, გამოცდის დასრულებისთანავე წარადგინოს წერილობითი პრეტენზია კურატორი პრორექტორის სახელზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრეტენზია განიხილება პრეტენზიის/საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ მისი წარდგენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში განმეორებითი გამოცდა ინიშნება შესაბამისი ოქმის გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 13. პრეტენზიის/საჩივრის განმხილველი კომისია

1. პრეტენზიის/საჩივრის განმხილველი კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) კურატორი პრორექტორი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) პოლიციის სკოლის უფროსი ან მისი მოადგილე;

გ) შესაბამისი დარგის სპეციალისტი (რომელიც არ არის გასაჩივრებული ნაშრომის შემფასებელი) ან პოლიციის აკადემიის მოსამსახურე, რომელსაც აქვს განსახილველი საკითხისათვის საჭირო ინფორმაცია.

2. პრეტენზიის/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს საჩივრის ავტორს.

3. პრეტენზიის/საჩივრის განხილვა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

4. პრეტენზიის/საჩივრის განმხილველი კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) შეფასების შეცვლის შესახებ;

ბ) შეფასების უცვლელად დატოვების შესახებ.

მუხლი 14. სტუდენტის სტატუსის შეჩერება

1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) პოლიციის აკადემიის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კანცელარიაში დარეგისტრირებული სტუდენტის წერილობითი განცხადება სწავლის შეჩერების შესახებ (მიზეზის მითითების გარეშე);

ბ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;

გ) აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;

დ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

ე) საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის აკადემიის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევები;

ზ) სხვა საფუძველი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელებას პოლიციის სკოლის საბჭოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიციის აკადემიის რექტორის გადაწყვეტილებით.

2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება დასაშვებია 5 წლამდე ვადით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წესრიგდება პოლიციის აკადემიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობითა დადგენილი წესით.

მუხლი 15. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) პოლიციის აკადემიის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კანცელარიაში რეგისტრირებული, სტუდენტის წერილობითი განცხადება სწავლის შეწყვეტის შესახებ (მიზეზის მითითების გარეშე);

ბ) ჯამში 5 წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა;

დ) სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი (მათ შორის, ეთიკის ნორმებისა და პოლიციელისთვის დადგენილი ეთიკური ქცევის ნორმების, სტუდენტის ქცევის წეს(ებ)ისა და სხვა დარღვევა) ქმედების განხორციელება;

ე) საბაკალავრო პროგრამის დასრულება;

ვ) გარდაცვალება;

ზ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და პოლიციის აკადემიის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა პოლიციის აკადემიის რექტორის ბრძანება.

3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 16. სტუდენტის სტატუსის აღდგენა

1. სტატუსშეჩერებულ სტუდენტს სტატუსის აღდგენა შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირადი განცხადების (წერილობითი) საფუძველზე.

2. სტუდენტის სტატუსის აღდგენის დროს დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც დგინდება აღიარებული და ასათვისებლად დარჩენილი კრედიტების ოდენობა და განისაზღვრება სამიზნე ჯგუფი, რომელთან ერთადაც სტუდენტი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 17. პოლიციის აკადემიაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა (მობილობა)

პოლიციის აკადემიაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა (მობილობა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 18. სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებელი (Grade Point Average  GPA)

1. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის შემადგენელი ნაწილია სტუდენტის შეფასების საშუალო მაჩვენებლის (GPA) გამოანგარიშება.

2. სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებელი (GPA) გამოიანგარიშება სტუდენტის მიერ, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ საგანში მიღებული შეფასების ნამრავლით, ამავე საგნის კრედიტზე. საგნებისა და კრედიტების ნამრავლი ჯამდება და იყოფა გავლილი საგნების კრედიტების ჯამურ რაოდენობაზე.

3. შეფასების 100-ქულიანი სისტემის GPA-სთან შესაბამისობა:

 

შეფასების 100-ქულიანი სისტემის GPA-სთან შესაბამისობა:

 

შეფასება

ქულობრივი მაჩვენებელი

GPA

A

91-100

4.0

B

81-90

3.0

C

71-80

2.0

D

61-70

1.0

E

51-60

0.5

FX / F

0-50

0

 

4. იმ შემთხვევაში, თუ კურსდამთავრებულის GPA (შემაჯამებელი) არის არანაკლებ 3.5, გაიცემა წარჩინების დიპლომი.

მუხლი 19. მიღებული განათლებისა და კრედიტების აღიარება

სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების (გავლილი სასწავლო კურსების) აღიარების წესი მტკიცდება პოლიციის აკადემიის წესდების შესაბამისად.

მუხლი 20. საბაკალავრო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება

1. საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულ რეგულირებად სფეროში, ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების, მისი დახვეწის, საზოგადოებისათვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების მიზნით, პოლიციის აკადემიამ შესაძლოა შეცვალოს საბაკალავრო პროგრამა.

2. საბაკალავრო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების დროულ ინფორმირებას და იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

3. საბაკალავრო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, პოლიციის აკადემია შესაბამისი პროგრამის სტუდენტებს უზრუნველყოფს შემდგომი განათლებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუდენტების მობილობით გადასვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

მუხლი 21. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) გაცემა

1. უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლა დამთავრებულად ითვლება და მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა დაძლია შესაბამისი უმაღლესი საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული ყველა სასწავლო კურსი და დააგროვა კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო კრედიტების რაოდენობა.

2. პოლიციის სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტს ენიჭება საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია.

3. სტუდენტზე გაიცემა პოლიციის აკადემიის რექტორისა და პოლიციის სკოლის უფროსის მიერ ხელმოწერილი და პოლიციის აკადემიის ბეჭდით დამოწმებული, მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) და შესაბამისი დანართი.

მუხლი 22. დასკვნითი დებულებები

სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ის საკითხები, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე წესით, დარეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.