საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1626-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.103108
1626-Vმს-XIმპ
28/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
330090000.05.001.103108
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) დაემატოს შემდეგი შინაარსის 14111 მუხლი:

„მუხლი 14111. საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების − სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები

1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების − სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებების სახით შეიძლება განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება ან/და გამწვანების კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შემცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, განაშენიანების რეგულირების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესი და სხვა მოთხოვნები) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში შეტანილ იქნეს ცვლილებები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ჯანსაღი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების გაუარესებას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისას განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, ძირითადი დებულებებით დამტკიცებულისგან განსხვავებული წესით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

6. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სრულად არეგულირებს ისეთ საკითხს, რომელიც სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას საჭიროებს, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მისაღებად ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღარ გამოიცემა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულად ჩაითვლება.

7. საჯარო დაწესებულებებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნა შეუძლიათ 2035 წლის 31 დეკემბრამდე.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო დაწესებულება არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2026 წ.

N1626-Vმს-XIმპ