დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017694 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016983) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის XII თავი:
„თავი XII. ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდების, აგრეთვე ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები მუხლი 71. ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდების წესი 1. სააგენტო ახორციელებს შემდეგ ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით, კარტოგრაფიულ და ფოტოგრამმეტრიულ და გეოინფორმაციულ სამუშაოებს: ა) უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვით/აზომვით, სამუშაოებს; ბ) მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრების ადგილზე დადგენას/მარკირებას; გ) აეროგადაღებას უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) გამოყენებით; დ) წერტილების კოორდინატების გამოთვლასა და ტრანსფორმაციას; ე) პასიური გეოდეზიური ქსელის წერტილების შესახებ ინფორმაციის გაცემას; ვ) ციფრული სიმაღლური მოდელისა (რასტრულ ფორმატში) და რელიეფის ციფრული ვერსიის (იზოჰიფსების) ელექტრონული ვერსიის გაცემას; ზ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარებას; თ) გეოინფორმაციული ანალიზს, გეომონაცემთა ბაზების სისტემატიზაციასა და ინტეგრაციას; ი) აერო- და კოსმოსური სურათების რეფერენცირებას (ტრიანგულაცია), ორთოფოტოგეგმების მომზადებას, დეშიფრირებასა და ანალიზს; კ) დისტანციური ზონდირების სხვადასხვა მეთოდებით განსხვავებული თემატიკის საბაზისო და თემატური სივრცითი მონაცემების შექმნას; ლ) კარტოგრაფირებასა და მონაცემთა ვიზუალიზაციას; მ) სხვა სახის სამუშაოებს, რომელიც განეკუთვნება ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით, კარტოგრაფიულ, ფოტოგრამმეტრიულ და გეოინფორმაციულ საქმიანობას. 2. სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებისა და კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული, გეოინფორმაციული სერვისების გაცემისათვის სამუშაოების დაწყების საფუძველია სააგენტოში განცხადების წარდგენა. განცხადებაში ასევე უნდა მიეთითოს გასაწევი მომსახურების საორიენტაციო მოცულობა (მაგალითად: უძრავი ნივთის საორიენტაციო ფართობი, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრების წერტილების რაოდენობა). 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად საჭიროა ან კანონმდებლობით სავალდებულოა ადგილზე გასვლა, მომსახურების გაწევის შესაბამისი თარიღი და დრო განისაზღვრება განმცხადებელთან/დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით. ადგილზე გასვლა უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა დახვდეს სააგენტოს ამზომველს ადგილზე მისვლის დროს. 4. სააგენტოს ამზომველი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვარს საკადასტრო აგეგმვით/აზომვით, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვით ნახაზზე ასახავს განმცხადებლის/დაინტერესებული პირის მითითებით. 5. თუ პირი, რომელიც რეგისტრირებული უძრავი ნივთის აზომვას ითხოვს, არ არის ამ ნივთის მესაკუთრე, სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების, ჩასატარებლად მოითხოვოს მესაკუთრის სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა, რაზეც განმცხადებელს ეცნობება ადგილზე (თუ სააგენტოს ამზომველი ადგილზე არის გასული) ან/და წერილობით. მესაკუთრის წერილობითი თანხმობის სააგენტოში წარდგენის ვალდებულება განმცხადებელს ეკისრება. 6. რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა მოითხოვება, თუ უნდა აიზომოს ისეთი რეგისტრირებული უძრავი ნივთი, რომელიც არის საცხოვრებელი ან/და აქვს მყარი სასაზღვრო მიჯნა. დაინტერესებული პირი ვალდებულია მიუთითოს აღნიშნული გარემოებების თაობაზე განცხადებაში. თუ უძრავი ნივთი არის ერთზე მეტი პირის საკუთრებაში, საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები შესაძლებელია შესრულდეს ერთ-ერთი მესაკუთრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 7. თუ დაინტერესებულმა პირმა განცხადებაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ არ მიუთითა, ამასთანავე, რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე ადგილზე არ დაეთანხმება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს, შესრულებას, სააგენტოს ამზომველი უფლებამოსილია ადგილზე მისვლისას არ აზომოს ნივთი. თანხმობა შემდგომ გამოხატული უნდა იქნეს წერილობითი სახით, რაც საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ან შიდა აზომვითი ნახაზის მომზადების წინაპირობას წარმოადგენს. 8. თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებისას სააგენტოს ამზომველი არ იკვლევს დაინტერესებული პირის უფლებრივ მდგომარეობას. 9. ამ მუხლით დადგენილი წესით უძრავი ნივთის საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულება და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე უფლების, უფლებაში/ვალდებულებაში ცვლილების რეგისტრაციის ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მომსახურებით დაინტერესებულ პირს წინასწარ ეცნობება. 10. საკადასტრო მონაცემების ზედდების შემთხვევაში სააგენტოს ამზომველი ამზადებს საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით. თუ საკადასტრო მონაცემების ზედდება ვლინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების პროცესში, აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს ამზომველი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს განმცხადებელს. 11. სააგენტოს ამზომველი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაო პროცესი, თუ ის შეუძლებელია ადგილზე დამსწრე პირების წინააღმდეგობის, სხვა ქმედების ან სხვა ობიექტური გარემოების გამო. ადგილზე სამუშაოების ჩატარების/გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს ამზომველმა უნდა მიუთითოს მის მიერ შედგენილ დოკუმენტში, დამაბრკოლებელი გარემოების აღნიშვნით, რომელსაც თავად აწერს ხელს. 12. წინასწარი განფასებისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება: ა) უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვა/აზომვა სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში; ბ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარება; გ) გეოინფორმაციული ანალიზი, გეომონაცემთა ბაზების სისტემატიზაცია და ინტეგრაცია; დ) აერო- და კოსმოსური სურათების რეფერენცირება (ტრიანგულაცია), ორთოფოტოგეგმების მომზადება, დეშიფრირება და ანალიზი; ე) დისტანციური ზონდირების სხვადასხვა მეთოდებით განსხვავებული თემატიკის საბაზისო და თემატური სივრცითი მონაცემების შექმნა; ვ) კარტოგრაფირება და მონაცემთა ვიზუალიზაცია. 13. თუ ამ მუხლის შესაბამისად ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოებისათვის, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გასაწევად საჭიროა წინასწარი განფასება და ხელშეკრულების დადება, განცხადება გახდება სააგენტოსა და განმცხადებელს შორის მოლაპარაკებების დაწყებისა და შეთანხმების შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების საფუძველი. წინასწარი განფასება ტარდება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების მიერ, რა დროსაც გაითვალისწინება მოთხოვნილი სამუშაოს მოცულობა და სააგენტოს ადამიანური რესურსი (მაგალითად: უძრავი ნივთის ფართობი, საზღვრების წერტილების რაოდენობა, მასშტაბი, რელიეფის სირთულე, მომსახურების გასაწევად საჭირო დრო და სხვა ტექნიკური პარამეტრები). 14. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებით დადგენილი მინიმალური საფასური, მომსახურების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტის (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, შიდა აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია და სხვ.) მომზადებისა და გაცემის საფუძველია ამავე დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის სრულად გადახდა. მომსახურების საფასურების შესახებ ინფორმაციას სააგენტო დაინტერესებულ პირს აცნობებს წინასწარ. სამუშაოების ადგილზე ჩატარების შემდეგ, განმცხადებელს საფასურის გადასახდელად განესაზღვრება 30 კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, შიდა აზომვითი ნახაზი ან/და ინფორმაცია/დოკუმენტი არ მზადდება. მუხლი 72. გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები 1. სააგენტო უფლებამოსილია გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა განახორციელოს საკუთარი ინიციატივით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. 2. საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოზე, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვით სამუშაოზე ზედამხედველობის ფარგლებში, სააგენტო შეუსაბამობას ადგენს, თუ გამოვლინდა, რომ: ა) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი ნახაზი მომზადებულია ადგილზე გაუსვლელად; ბ) საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილმა პირმა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედგენის დროს სრულად და ზუსტად არ ასახა უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა; გ) საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილმა პირმა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის/შიდა აზომვითი ნახაზის შედგენის დროს დაარღვია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის/შიდა აზომვითი ნახაზის შესრულებისათვის დადგენილი მოთხოვნები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების საფუძველზე, სააგენტო გასცემს წერილობით რეკომენდაციას მონაცემების გასწორების თაობაზე, კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით. 4. სააგენტოს მიერ ზედამხედველობის განხორციელებისას, შესაბამისი პირობების დადგენის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით დამტკიცებული „საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებაზე უფლებამოსილმა პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი“. 5. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. 6. ზედამხედველობის განხორციელებისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები