საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025783
236
29/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
040030000.10.003.025783
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  236

2026 წლის 29 მაისი 

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 12 ნოემბრის №1056-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდი­ული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი) გათვალისწინებულ, ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო“.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონს­ტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარ­გ­ლებში და წესით.

5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქარ­თველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნე­ბისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამო­დის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

6. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ამასთანავე, ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

7. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი გამოსცეს, მიიღოს ან/და გასცეს მექანიკური ან/და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ დოკუმენტების ამონაბეჭდებს ან მათ ელექტრონულ ასლებს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტებს.

8. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8.

თავი II

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

მუხლი 2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიზნები

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ძირითადი მიზნებია:

ა) კანონით განსაზღვრული, ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულებისა და ანგარიშგების, სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის უზრუნველყოფა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში;

გ) გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა და გამჭვირვალობა;

დ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლისა და ანალიზის გზით არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა;

ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სარეკომენდაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ფუნქციებია:

ა) კანონით განსაზღვრულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო, თუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

გ) მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

ე) თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში ინტეგრირების ხელშეწყობა;

ვ) ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში, ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია:

ა) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;

ბ) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისგან და მიმწოდებლისგან ცენტრალიზებული შესყიდვების ფარგლებში განსახორციელებელ შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ხელშეკრულებების დადების პროცესის უზრუნველყოფის, დადებული ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაციისა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირების, მათ შორის, ინსპექტირებისა და კონტროლის მიზნით;

გ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიზნების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ფასიანი მომსახურება, რომლის გაწევაც არ წარმოადგენს მის უშუალო ვალდებულებას;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

თავი III

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მართვა და სტრუქტურა

მუხლი 4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი

1. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი:

ა) წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს და მოქმედებს მისი სახელით;

ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) უზრუნველყოფს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული ერთეულების კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ე) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს;

თ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, სახელფასო ფონდს;

ი) ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

კ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახსრებსა და ქონებას;

მ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის შესახებ;

ნ) ახორციელებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ადმი­ნის­­ტრაციულ ფუნქციებს;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოვალეობას, მისი განკარგულების საფუძველზე, ასრულებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურა

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ქვედანაყოფებია:

ა) საქონლის ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტი;

ა.ა) ავეჯის, ტექნიკის, საოფისე აღჭურვილობის, ინფორმაციული ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული საქონლის შესყიდვების სამმართველო;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალებების, საწვავის, ენერგორესურსებისა და სხვა ნედლეულის შესყიდვების სამმართველო;

ა.გ) ეკიპირების, ფორმების, აქსესუარებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის შესყიდვის სამმართველო;

ა.დ) სამედიცინო აპარატურის, სამედიცინო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვების სამმართველო;

ა.ე) საკვები პროდუქტების შესყიდვების სამმართველო;

ბ) მომსახურების ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტი;

ბ.ა) ჯანმრთელობის დაცვის, სადაზღვევო და სხვა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვების სამმართველო;

ბ.ბ) ტრანსპორტირების, სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვების სამმართველო;

ბ.გ) კვების, დასუფთავებისა და შენობასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვების სამმართველო;

ბ.დ) საინფორმაციო, სატელეკომუნიკაციო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურების შესყიდვების სამმართველო;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

გ.ბ) სამართალწარმოების სამმართველო;

დ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

დ.ა) ფინანსური მართვისა და შესყიდვების სამმართველო;

დ.ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

დ.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;

დ.დ) საქმისწარმოებისა და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტი;

ე.ა) ინსპექტირებისა და კონტროლის სამმართველო;

ე.ბ) საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველო;

ე.გ) ანალიტიკური სამმართველო.

მუხლი 6. ხელმძღვანელის მოადგილე

1. ხელმძღვანელის მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს ამ ერთეულების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს ამ სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ კორესპონდენციას.

2. ხელმძღვანელის მოადგილეებს შორის საზედამხედველო და საკოორდინაციო სფეროები ნაწილდება მათი დანიშვნისთანავე, ხელმძღვანელის შესაბამისი განკარგულებით.

3. ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, ხელმძღვანელის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

4. ხელმძღვანელის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით, ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობას ასრულებს მისი სხვა მოადგილე. 

მუხლი 7. საქონლის ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტი

საქონლის ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესასყიდი საქონლის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების შეგროვება, ანალიზი და კონსოლიდაცია ცენტრალიზებული შესყიდვების მიზნებისათვის;

გ) ცენტრალიზებული შესყიდვების პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების მიზნით ბაზრის კვლევის ორგანიზება და კოორდინაცია;

ე) ბაზრის კვლევის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვა შესაბამისი სფეროს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან;

ვ) კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების, მათ შორის, ხელშეკრულების პროექტების შემუშავება;

ზ) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;

თ) საქონლის ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშების, ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შესული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლებისთვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელთან ან/და კურატორ ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

ნ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ან/და კურატორი ხელმძღვანელის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

მუხლი 8. მომსახურების ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტი

მომსახურების ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესასყიდი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების შეგროვება, ანალიზი და კონსოლიდაცია ცენტრალიზებული შესყიდვების მიზნებისათვის;

გ) ცენტრალიზებული შესყიდვების პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების მიზნით ბაზრის კვლევის ორგანიზება და კოორდინაცია;

ე) ბაზრის კვლევის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვა შესაბამისი სფეროს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან;

ვ) კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების, მათ შორის, ხელშეკრულების პროექტების შემუშავება;

ზ) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;

თ) მომსახურების ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშების, ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შესული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლებისთვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელთან ან/და კურატორ ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

ნ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ან/და კურატორი ხელმძღვანელის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მიწოდება ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის;

გ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის;

დ) ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებისას სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი მხარდაჭერა;

ე) ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული პროცედურების სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა და, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) შიდა სამართლებრივი აქტების, წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება;

ზ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

თ) სასამართლოში ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს წარმომადგენლობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შესული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლებისთვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან ან/და კურატორ ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

მ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ან/და კურატორი ხელმძღვანელის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ფუნქციების შესრულება.

მუხლი 10. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;

ბ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვა და მართვა;

გ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება;

დ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

ვ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ზ) ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის ორგანიზება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან ან/და კურატორ ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს წარმომადგენლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თუ სამუშაო ჯგუფებთან;

ი) ხელმძღვანელთან ან/და კურატორ ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელით, საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში მონაწილეობა;

კ) საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმების შემუშავება, ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესრულების ანგარიშების მომზადება;

ლ) ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებების და ინიციატივების შემუშავება, დონორი ორგანიზაციების წინაშე წარდგენის მიზნით;

მ) ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული პროექტებისა და ცალკეული ინიციატივების განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციებისაგან დაფინანსების მოძიების საკითხზე მუშაობა;

ნ) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

ო) სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაახლოება და თანამშრომლობა;

პ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან გასაგზავნი დოკუმენტებისა და საქმიანი კორესპონდენციის შემუშავება, თარგმნა;

ჟ) ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა, ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის ახალი სერვისების შექმნა, მათი გამოყენების წესებისა და ნორმების შემუშავება;

რ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობისა და მიმდინარე ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის მიზნით, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;

ს) ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში სხვადასხვა სახის ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა, ადმინისტრირება და დაცვა;

ტ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს კომპიუტერული, სატელეკომუნიკაციო და დაშვების კონტროლის ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ასევე ურთიერთკავშირის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

უ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებისა და ელექტრონული მონაცემთა ბაზების არსებული მდგომარეობის ანალიზი, მათ განვითარებაზე ზრუნვა;

ფ) კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება, კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება, უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება;

ქ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ღ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის საჭირო სტატისტიკური და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა, ასევე მათი მომზადების მიზნით, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

ყ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ვებგვერდის მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ვებგვერდის სერვისებისა და შინაარსის განვითარება;

შ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომელთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა;

ჩ) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ც) ხელმძღვანელის საქმიანობის ხელშეწყობა;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შესული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

წ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან ან/და კურატორ ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ხ) ხელმძღვანელის ან/და კურატორი ხელმძღვანელის მოადგილის მიერ ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

მუხლი 11. ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტი

ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში ინსპექტირების, კონტროლის, ანალიტიკური და საკონსულტაციო საქმიანობის ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა;

ბ) კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შემდგომი პროცესების ზედამხედველობა, მათ შორის, ხელშეკრულებების დადებისა და შესრულების კონტროლის სისტემური უზრუნველყოფა;

გ) ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და შედეგიანობის შეფასების პროცესის კოორდინაცია;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის საერთო მართვა და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება;

ე) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული პრობლემების, ტენდენციებისა და რისკფაქტორების სისტემური ანალიზის ორგანიზება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;

ვ) ბიზნესანალიტიკის სისტემისა და სხვა მონაცემთა წყაროებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესის კოორდინაცია;

ზ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საკონსულტაციო მომსახურების სტანდარტების განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და მათი საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

თ) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის სფეროში მეთოდური დოკუმენტების, რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების ორგანიზება;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;

ლ) ცენტრალიზებული შესყიდვების პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

მ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შესული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ო) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლებისთვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელთან ან/და კურატორ ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

რ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ან/და კურატორი ხელმძღვანელის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

თავი IV

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ქონება და ფინანსები

მუხლი 12. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ქონება და ფინანსები

1. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს აქვს ქონება, რომელზეც გააჩნია საკუთრების, სარგებლობის ან/და სხვა სახის უფლებები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თან­ხები ეკუთვნის ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად.

თავი V

სახელმწიფო კონტროლი და ანგარიშვალდებულება

მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი­ნანს­თა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 14. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს წლიური ანგარიში

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე, ამზადებს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც წარმოედგინება საქართველოს მთავრობას. ანგარიში აგრეთვე ქვეყნდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი VI

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაციალიკვიდაცია და დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

მუხლი 15. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 16. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებაში ცვლილების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.