დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 237 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.025784 |
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 12 ნოემბრის №1056-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
ა) ამ დადგენილების დანართით განისაზღვროს საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით; ბ) სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს (შემდგომში – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) თანხმობის შემთხვევაში განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის განხორციელების ვალდებულება იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვებთან მიმართებით, რომელთა სავარაუდო ღირებულება, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, შეადგენს ან აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს. |
| მუხლი 2 |
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესასყიდად კონსოლიდირებული ტენდერების განხორციელების კონკრეტული თარიღები, შესყიდვის ობიექტები და სხვა სათანადო საკითხები განისაზღვრება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ.
2. ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უზრუნველყოფს იმ საქონლისა და მომსახურების სტანდარტიზებას, რომელთა შესყიდვის საჭიროება გააჩნია ერთზე მეტ შემსყიდველ ორგანიზაციას და კონსოლიდირებული ტენდერის წინამოსამზადებელი ეტაპის სათანადოდ წარმართვის მიზნით, შესაბამის ორგანიზაციებს წინასწარ აცნობებს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მონაცემთა აგრეგირების მიზნითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით, აცნობოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მისი საჭიროებები. 3. იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვებთან მიმართებით, რომელთა სავარაუდო ღირებულება ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შეადგენს ან აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან, კონკრეტული შესყიდვის საჭიროების დადგომისთანავე, დაუყოვნებლივ, მიმართონ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს და აცნობონ თავიანთი საჭიროებები. 4. ეთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტში, იმავე პუნქტით დადგენილი წესით აცნობონ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს თავიანთი საჭიროებები, იმავე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, მონაცემთა აგრეგირების საფუძველზე, გონივრულ ვადაში, ადგენს, აღემატება თუ არა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობას და შესაძლებელია თუ არა შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში. ამასთან, კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესაბამისი შესყიდვის განხორციელების შესაძლებლობის შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ატარებს კონსოლიდირებულ ტენდერს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელებისათვის შეუსაბამო პირობების არსებობის ან/და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესაბამისი შესყიდვის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, გადაავადოს შესყიდვის განხორციელება გონივრული ვადით ან უარი განაცხადოს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილებაზე და არ გამოაცხადოს კონსოლიდირებული ტენდერი. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ საჭიროების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 3 |
1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში ან დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, შეისყიდონ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან შეთანხმებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შესყიდვის შეთანხმების პირობები განისაზღვრება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ეთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში ან დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, შეისყიდონ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან შეთანხმებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შესყიდვის შეთანხმების პირობები განისაზღვრება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს შესყიდვა, რომელიც ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით, აგრეთვე საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საფუძვლით, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვა ხორციელდება უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ. 4. ამ მუხლის შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვა უნდა შეათანხმოს მის განხორციელებამდე, მანამ, სანამ იგი, დადგენილი წესით, გააფორმებს ხელშეკრულებას შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. |
| მუხლი 4 |
შემსყიდველმა ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ამ დადგენილების აღსრულებისთვის.
|
| მუხლი 5 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილება „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. |
|
დანართი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები