ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025786
239
29/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
040170020.10.003.025786
ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 239

2026 წლის 29 მაისი 

   ქ. თბილისი

 

ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 12 ნოემბრის №1056-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:

1. „ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესი და პირობები“.

2. აფიდავიტის ფორმა და პირობები (დანართი).

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესი და პირობები

 


მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. „ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე და მისი მიზანია ცენტრალიზებული შესყიდვის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, ინსპექტირება და კონტროლი.

2. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო (შემდგომში – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო)  კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ან/და იმ შესყიდვის განხორციელების მიზნით, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით ან/და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ისაგან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელებისა, ასევე სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადების მიზნით, სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება, ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელებასთან, მათ შორის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელება – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება და ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე;

გ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება – სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების მიზნით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების, აგრეთვე სატენდერო კომისიისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სატენდერო პროცედურების ჩატარებას, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებების დადების პროცესის უზრუნველყოფას, დადებული ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაციასა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირებას, მათ შორის ინსპექტირებასა და კონტროლს;

დ) სატენდერო პროცედურები – პროცედურების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამის ეტაპებს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან ამ ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების პროცესის დაწყებამდე;

ე) სატენდერო კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი (შემდგომში – უფლებამოსილი წარმომადგენელი) – სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს სატენდერო კომისიის სახელით;

ვ) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;

ზ) სატენდერო განცხადება – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;

თ) სატენდერო დოკუმენტაცია – სატენდერო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;

ი) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სატენდერო წინადადების ფასი, შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტექნიკური დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის შესაბამის ველში;

ლ) სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში – წინადადების ფასი) – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;

მ) დასადები ხელშეკრულების ღირებულება – თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, დასადები ხელშეკრულების ღირებულებას წარმოადგენს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასი, თუ სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით – სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ფასი;

ნ) ექსპერტიზის დასკვნა – ექსპერტის ან საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის შესახებ მითითებული ინფორმაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან;

ო) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.);

პ) შესყიდვის ობიექტის ნიმუში (შემდგომში – ნიმუში) – ნიმუში, რომელიც სატენდერო კომისიას, ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, წარედგინება მატერიალური სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის აღწერის, ასევე მისაწოდებელი საქონლის ან მისი კომპონენტის (მათ შორის, მომსახურების შემადგენელი საქონლის) სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ჟ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა;

რ) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ტენდერის სტატუსი) – უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონსოლიდირებული ტენდერისთვის მინიჭებული, სისტემაში არსებული სტატუსი, რომელიც ასახავს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;

ს) ელექტრონული ვაჭრობა – კონსოლიდირებული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში კონსოლიდირებული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონულ ვაჭრობას ან ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;

ტ) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო (შემდგომში – ძირითადი დრო) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებიდან სატენდერო განცხადებაში მითითებული სატენდერო წინადადებების მიღებისთვის განკუთვნილი ვადის დასრულებამდე;

უ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები (შემდგომში – დამატებითი რაუნდები) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი – სამი დამატებითი რაუნდი, რომელიც იწყება ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე. დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორ წუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;

ფ) გამარჯვებულის წინადადების მოქმედების ვადა – სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია შემსყიდველ ორგანიზაციებსა და გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის ხელშეკრულების დადება;

ქ) კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომელიც იწყება კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან და რომლის დასრულების თარიღი არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით აღემატება შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას;

ღ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;

ყ) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა;

შ) კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემა – კონსოლიდირებული ტენდერებისთვის შექმნილი პორტალი https://ctd.spa.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გაცვლას, დამუშავებას, ანგარიშგებას, გარკვეული შესყიდვისთვის ნებართვის აღებასა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნული პორტალის მეშვეობით წარდგენილ რაოდენობაზე გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, თუ ინფორმაციის გამოთხოვისას ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ მითითებული არ იყო, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისათითებელი რაოდენობა საორიენტაციოა;

ჩ) ანგარიშგება – ანგარიშგების მიზნით ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა;

ც) ხელშეკრულება – ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში მიმწოდებელთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;

ძ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, კანონისა და ამ წესის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია;

წ) ხელშეკრულების სტატუსი – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული სისტემაში არსებული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;

ჭ) ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.);

ხ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე მიღებულ/გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

მუხლი 3. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მეთოდები

1. კონსოლიდირებული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს:

ა) მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;

ბ) მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;

გ) მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის გამართვას.

2. კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისი მეთოდით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია.

მუხლი 4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პრინციპები

კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები:

ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა;

ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია;

გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა;

დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა;

ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.

მუხლი 5. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას დაცული უნდა იყოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები.

2. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.

3. ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილს ხელს აწერენ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირები, აგრეთვე სატენდერო კომისიის აპარატის წევრები, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პროცესში.

 4. კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად. ამასთან, თუ კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას პრეტენდენტების ვინაობა საჯარო ხდება ეტაპობრივად, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს ინდივიდუალურად, ყოველ პრეტენდენტთან მიმართებით, ამ პრეტენდენტის ვინაობის განსაჯაროების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად.

5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირების, მათ შორის, ინსპექტირებისა და კონტროლის განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, აღნიშნულ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც სატენდერო კომისიის ან სატენდერო კომისიის აპარატის წევრს, იმავე მიმწოდებლის (პრეტენდენტის) მიმართ უკვე დადასტურებული აქვს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას.

6. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

მუხლი 6. სატენდერო კომისია

1. კონსოლიდირებულ ტენდერს ატარებს კანონის 206 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატენდერო კომისია.

2. სატენდერო კომისია მოქმედებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელით.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომას იწვევს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) სატენდერო კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სატენდერო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა (მათ შორის, დათქმა იმ წევრზე, რომელიც არ ესწრება სხდომას);

დ) განხილვის საგანი;

ე) სატენდერო კომისიის მსჯელობა;

ვ) სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომელსაც ეყრდნობა სატენდერო კომისია;

თ) კენჭისყრის შედეგები;

ი) მიღებული გადაწყვეტილება.

6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.

7. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმის ხელმოწერის შემდეგ.

8. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აგრეთვე აწერს სატენდერო კომისიის აპარატის წევრი, რომელიც ჩართულია კონკრეტული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პროცესში.

9. სატენდერო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე.

10. სატენდერო კომისიასთან ნებისმიერი მიმოწერა შესაძლებელია წარიმართოს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება, შესაბამისად, მისი სისტემაში ატვირთვის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან.

მუხლი 7. განმარტების მიღების უფლება

1. კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სატენდერო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან გონივრულ ვადაში, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

2. წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს:

ა) ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს – თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით;

ბ) ყველა პრეტენდენტს – თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

მუხლი 8. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტა

სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების პროცესის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კონსოლიდირებული ტენდერი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ან/და ამ წესის მე-18 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 9. სისტემის გაუმართაობა

1. თუ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო პრეტენდენტი ვერ ახერხებს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის სათანადო პერიოდით გაგრძელების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს შეუძლია მხოლოდ იმ კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)თან დაკავშირებით, რომელშიც/რომლებშიც სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა სისტემაში ტექნიკური ხარვეზის არსებობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართულ დამატებით რაუნდებთან ან/და კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ისთვის მინიჭებულ სტატუსებთან დაკავშირებული საკითხები.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, შეწყვიტოს კონსოლიდირებული ტენდერი, თუ ასეთ მითითებას შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის სააგენტოს ვებგვერდზე www.procurement.gov.ge გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 10. სატენდერო პირობები

1. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და სატენდერო პირობებს ამტკიცებს სატენდერო კომისია.

2. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი უნდა განთავსდეს სისტემაში სატენდერო პირობებთან ერთად.

3. სატენდერო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ტიპს (რომელი მეთოდით ტარდება კონსოლიდირებული ტენდერი);

ბ) სატენდერო განცხადების ნომერს;

გ) ტენდერის სტატუსს;

დ) შესყიდვის გამომცხადებელს;

ე) კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

ვ) სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

ზ) სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

თ) შესყიდვის დაფინანსებას (შესყიდვის პირველი წელი);

ი) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას;

კ) მითითებას, სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დღგ-ის გარეშე თუ მისი ჩათვლით;

ლ) კლასიფიკატორის დანაყოფსა და მის შესაბამის CPV კოდებს;

მ) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალურ ობიექტსა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიეთითება მისი მომდევნო ზედა იერარქიული დონე);

ნ) შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობას/მოცულობას;

ო) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას;

პ) ბიჯის ოდენობას (არსებობის შემთხვევაში);

ჟ) იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და გვარს, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სატენდერო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

5. სატენდერო განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს სატენდერო პირობების დამატებითი აღწერის მიზნით.

6. სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა შესაძლებელია მითითებულ იქნეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

7. სატენდერო განცხადებასთან ერთად აუცილებელია სისტემაში განთავსდეს სატენდერო დოკუმენტაცია.

8. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრეს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება;

ბ) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;

გ) მეთოდ(ებ)ს ან/და პირობას/პირობებს, რომლ(ებ)ითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება;

დ) შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობას ან მომსახურების საორიენტაციო მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას;

ვ) ელექტრონული გარანტიის ოდენობას;

ზ) დასადები ხელშეკრულების ღირებულების გადახდის ვადას, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი ცხადდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, აგრეთვე დასადები ხელშეკრულების ღირებულებას, დასადები ხელშეკრულების ღირებულების გადახდის წესსა და პირობებს;

თ) ნიმუშის, აგრეთვე ნიმუშზე თანდასართავი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში);

ი) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში);

კ) ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში);

ლ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში);

მ) შერჩევა-შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენის წესს;

ნ) ხელშეკრულების პროექტს;

ო) ხელშეკრულების დადების წესს;

პ) მითითებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე;

ჟ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებასა და პროცედურას;

რ) ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

9. სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია, აგრეთვე ითვალისწინებდეს ოდენობას, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ოდენობის გაზრდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში.

10. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, წინადადებების მიღების დაწყებამდე შეცვალოს სატენდერო პირობები. დაუშვებელია კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

11. სატენდერო პირობებში ცვლილება შეიტანება სატენდერო პირობების დამტკიცებისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 11. სატენდერო წინადადების წარდგენა

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენა შეუძლია წინადადებების წარდგენის ეტაპზე. სატენდერო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს.

3. სატენდერო წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა, უპირველეს ყოვლისა, სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია (გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, რაც შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მატერიალური სახით, თუ ეს გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით). ამის შემდეგ, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები.

4. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, დღგ-ის გადამხდელი პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე ან მისი ჩათვლით, იმისდა მიხედვით, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. პრეტენდენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. თუ სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადების დღგ-ის გარეშე წარმოდგენა, პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი. ასეთ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

5. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს ტექნიკური დოკუმენტაცია.

6. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, სატენდერო წინადადების წარდგენისთანავე, პრეტენდენტს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში.

7. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

8. გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე. ძირითად დროში ან დამატებით რაუნდებში პრეტენდენტი სატენდერო წინადადებაზე უარს ამბობს სისტემის მეშვეობით. ძირითადი დროის ან დამატებითი რაუნდების დასრულების შემდეგ სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

მუხლი 12. კონსოლიდირებულ ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა

1. კონსოლიდირებულ ტენდერში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით, ორ ან რამდენიმე მიმწოდებელს უფლება აქვს, გაერთიანდეს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით. მხარეთა შეთანხმებით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ერთ ან რამდენიმე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიზნით.

2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას მიმწოდებლები დებენ წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ყველა მონაწილე. მონაწილეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება ან მათი ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, მიმწოდებლები ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას ვალდებული არიან, გაითვალისწინონ, რომ:

ა) ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადაზე ნაკლები;

ბ) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, დაუშვებელია ამხანაგობის მონაწილის შეცვლა ან დამატება;

გ) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, ამხანაგობიდან მისი ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას;

დ) ამხანაგობა ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე წარმოდგენილი უნდა იყოს მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირით, რომელიც შეირჩევა ამხანაგობის მონაწილეთაგან.

3. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილი წესით, დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე და დარეგისტრირდეს სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამხანაგობის მონაწილე ყველა მიმწოდებელი იყოს რეგისტრირებული სისტემაში. ამხანაგობის პროფილში მიეთითება მისი მონაწილე მიმწოდებლების რეკვიზიტები და იტვირთება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში ატვირთვას ექვემდებარება ამ ხელშეკრულებაში შემდგომი ცვლილებებიც).

4. კონსოლიდირებულ ტენდერში ამხანაგობა მონაწილეობას იღებს და სატენდერო წინადადებას წარადგენს, როგორც დამოუკიდებელი პრეტენდენტი. ამხანაგობასა და მის მონაწილეებს ეკრძალებათ ერთსა და იმავე კონსოლიდირებულ ტენდერში ინდივიდუალურად მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში ამხანაგობა და მისი მონაწილე/მონაწილეები ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე.

5. ამხანაგობის მონაწილეები უფლებამოსილი არიან, შეასრულონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სხვადასხვა ნაწილი, თუ შესაძლებელია მათი გამოცალკევება მთლიანი ვალდებულებიდან და დამოუკიდებლად შესრულება, იმგვარად, რომ აღნიშნულმა, ალბათობის მაღალი ხარისხით, არ უნდა გამოიწვიოს საბოლოო შედეგის განადგურება, დაზიანება ან/და შედეგით სარგებლობის შეუძლებლობა. ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

6. ამხანაგობის მიერ სატენდერო პირობების დაკმაყოფილების საკითხი განიხილება შემდეგნაირად:

ა) ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება;

ბ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისიას წარედგინება როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.

7. თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

8. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა ეკრძალება იმ ამხანაგობას, რომლის მონაწილეც რეგისტრირებულია შავ სიაში.

9. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეები ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.

10. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტა იწვევს კონსოლიდირებული ტენდერის მთლიანად, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით – ნაწილობრივ, კონკრეტულ მიმწოდებელთან მიმართებით შეწყვეტას. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეები პასუხს აგებენ კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტით დამდგარი შედეგისთვის.

11. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართალ ურთიერთობები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

მუხლი 13. საფასური

1. სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

2. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის წარდგენის შემდეგ და ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.

3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და განსაზღვრულ განაკვეთს შორის.

4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლის მითითებითა და თანდართული დოკუმენტაციით, სააგენტოს წარედგინება თანხის შეცდომით გადახდიდან სამი თვის ვადაში. სააგენტო მოთხოვნას იხილავს ერთი თვის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს თანხა უბრუნდება 10 სამუშაო დღის ვადაში. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

მუხლი 14. ელექტრონული გარანტია

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი გარანტიას წარადგენს სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების შემდეგ, საფასურის გადახდამდე.

2. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო.

3. ელექტრონული გარანტია უნდა მოქმედებდეს სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულის წინადადების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით ელექტრონული გარანტიის მოქმედების უფრო ნაკლები ვადა არ არის გათვალისწინებული.

4. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული გარანტია ბრუნდება:

ა) გამარჯვებული პრეტენდენტის შემთხვევაში – ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან მას შემდეგ, რაც იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება;

ბ) სხვა პრეტენდენტის შემთხვევაში – ამ წესის მე-18 მუხლის მე-4, მე-7 ან მე-8 პუნქტის საფუძველზე დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ ან, თუ მას დისკვალიფიკაცია არ მიუღია, გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)თან ხელშეკრულების დადების პროცესის დაწყების შემდეგ.

5. პრეტენდენტი კარგავს ელექტრონულ გარანტიას ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში:

ა) იგი ელექტრონულ ვაჭრობაში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე ან მიიღებს დისკვალიფიკაციას სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის გამო;

ბ) იგი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;

გ) იგი მიიღებს დისკვალიფიკაციას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ან/და სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო;

დ) იგი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო;

ე) იგი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, იგი ვალდებულია დაუბრუნოს სააგენტოს ელექტრონული გარანტიის თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.

7. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.

მუხლი 15. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს

1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ძირითადი დროის განმავლობაში პრეტენდენტი უფლებამოსილია, რამდენჯერმე შეამციროს წინადადების ფასი, წინა შეთავაზებულ ფასთან შედარებით არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.

2. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელმაც ძირითად დროში, დადგენილი წესით, წარადგინა სატენდერო წინადადება. პირველ დამატებით რაუნდში შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება პრეტენდენტთა მიერ ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. კერძოდ, პირველ დამატებით რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის.

3. სისტემა ძირითად დროში უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. პრეტენდენტების რაოდენობა და წინადადების ფასები საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დაწყების მომენტიდან. პრეტენდენტთა ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დასრულებისთანავე.

4. დამატებითი რაუნდების დასრულებისთანავე სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს პრეტენდენტთა (არსებობის შემთხვევაში) რიგითობას ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტი სისტემაში მიუთითებს წინადადების ყველაზე დაბალ თანაბარ ფასს, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.

5. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის მე-18 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 16. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს

1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად დროში. წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ პრეტენდენტს უფლება აქვს, ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წარდგენილი წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.

2. ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. ძირითადი დროის დასრულებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების პროცესის დაწყებისთანავე.

3. ძირითადი დროის დასრულებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში).

4. ძირითადი დროის დასრულებისთანავე სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს პრეტენდენტთა (არსებობის შემთხვევაში) რიგითობას ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტი სისტემაში მიუთითებს წინადადების ყველაზე დაბალ თანაბარ ფასს, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.

5. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში), რომლის ვინაობა და სატენდერო წინადადება საჯარო ხდება კონსოლიდირებული ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის მე-18 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 17. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის გამართვას

1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარდგენით ეთანხმება სატენდერო განცხადებაში ან/და დოკუმენტაციაში მითითებულ ფიქსირებულ ფასს.

2. წინადადებების წარდგენის ეტაპზე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. პრეტენდენტთა რაოდენობა, მათი ვინაობა და სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულებისთანავე.

3. წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც წინადადებების წარდგენის ეტაპზე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში).

4. წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია აფასებს კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 18. პრეტენდენტთა შეფასება

1. სატენდერო კომისია პრეტენდენტებს აფასებს მათ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების მიხედვით, ამ წესისა და სატენდერო პირობების შესაბამისად.

2. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

3. დაუშვებელია პრეტენდენტს ხარვეზად ჩაეთვალოს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ხსენებული გარემოების ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

4. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია (გარდა ექსპერტიზის დასკვნისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ისა) არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ექსპერტიზის დასკვნა ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ ექვემდებარება დაზუსტებას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც განუსაზღვრავს მას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას წარედგინება სისტემის მეშვეობით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

8. თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს ნიმუშის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას, სატენდერო კომისია პრეტენდენტს მიმართავს ნიმუშის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნით სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც მას განუსაზღვრავს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ნიმუშს ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტს დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ნიმუში ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

9. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე ნიმუში ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექვემდებარება დაზუსტებას.

10. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, გამარჯვებულად ვლინდება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს.

11. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, გამარჯვებულად ვლინდება ყველა პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს.

12. პრეტენდენტი, რომელიც ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, რაც იწვევს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

13. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, რაც იწვევს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

14. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

მუხლი 19. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხა

1. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გადაიხადოს დასადები ხელშეკრულების ღირებულების 1%. ამ თანხის კონკრეტული ოდენობა ეთითება სისტემაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადაიხდება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სისტემის შესაბამის ველში იტვირთება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, აღნიშნული ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 3 (სამი) სამუშაო დღეს, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ამ თანხის გადახდის წესი და პირობები, მათ შორის ვადა, განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.

3. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სატენდერო კომისიის მიერ განიხილება მისი წარდგენისთანავე, გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით.

4. თანხის გადახდასთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი სისტემაში იტვირთება დაუყოვნებლივ, ხელმოწერისთანავე, შესაბამისი სტატუსის მინიჭებით.

5. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება ამ მუხლით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდა.

6. ამ მუხლით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობით პრეტენდენტი უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე და ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, რაც იწვევს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

8. კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხა განისაზღვრება, განვლილი პერიოდის მონაცემების საფუძველზე, პროპორციულად.

9. იმ ტენდერებში, სადაც შესყიდვის ობიექტის რაოდენობა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია მინუსის ან/და პლიუსის გათვალისწინებით, თუ ხელშეკრულებები გაფორმდა 100%-ზე ნაკლებ ან 100%-ზე მეტ რაოდენობაზე,  შესაძლებელია გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხის კორექტირება, თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში. პრეტენდენტი ვალდებულია ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. ამასთან, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია წარმოდგენილი მონაცემების დაზუსტების მიზნით.

11. გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადის გასვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადახდილი თანხის საკითხი და, დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ამავე ვადაში მიმართოს გამარჯვებულ პრეტენდენტს შესაბამისი თანხის გადახდის მოთხოვნით.

12. კორექტირებული ფასიდან გამომდინარე ზედმეტად გადახდილი ან დასამატებელი თანხის დაბრუნება/დაფარვა ხორციელდება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში და წესით.

მუხლი 20. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო პირობებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად.

2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება.

3. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეთა ზუსტ სახელწოდებასა და რეკვიზიტებს;

ბ) სატენდერო განცხადების ნომერს;

გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

დ) ხელშეკრულების ღირებულებას;

ე) ხელშეკრულების შესრულების ვადას;

ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს;

თ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას;

ი) ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელების პირობებს.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების დადების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით.

6. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.

7. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

8. ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმოქმედოს ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

9. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 21. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

1. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ოდენობით.

2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით;

ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

3. დაუშვებელია გამარჯვებულ პრეტენდენტს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დასაბუთებული შემთხვევისა.

4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას, წარედგინება ხელშეკრულების დადებამდე.

5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 22. არაგამარჯვებულ პირთან ხელშეკრულების დადება

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, არაგამარჯვებულ პირთან სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 23. ანგარიშსწორების პირობები

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წესი და ანგარიშსწორების ვადები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.

მუხლი 24. საწვავის ფასის განსაზღვრა და ანგარიშსწორების პირობები

1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასიდან გამოითვლება Z აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოგისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები და საწარმოს მოგება) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

სადაც ცვლადების აღნიშვნა შემოღებულია შემდეგნაირად:

Cbid – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრ შესაბამისი მარკის საწვავზე (ლარში);

Rnov – აშშ დოლართან მიმართებით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული;

D – მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი შესაბამისი მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ​3);

P​nov – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) შესაბამისი მარკის საწვავის ერთი მეტრული ტონის კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში (შემდგომში – პლაცის ნიშნული);

Anov – კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვეში ერთ მეტრულ ტონა შესაბამისი მარკის საწვავზე აქციზის ოდენობა ლარებში.

Z და D სიდიდეები უცვლელია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადით.

2. მიმწოდებელი ყოველი მიმდინარე კალენდარული თვისათვის განსაზღვრავს 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ნომინალურ ღირებულებას (შემდგომში – ნომინალური ღირებულება – Cnom) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

სადაც: P და R წარმოადგენს ყოველი მიმდინარე თვის წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეებს, A – მიმდინარე თვისთვის მოქმედ ერთ მეტრულ ტონა შესაბამისი მარკის საწვავზე აქციზის ოდენობას ლარებში, 18% – დღგ, ხოლო Z და D – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ უცვლელ სიდიდეებს.

3. ნავთობპროდუქციის (საწვავის) ფასის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისი ღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე (P), აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე (R) ან/და ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობაზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას ყოველთვიურად წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მიმდინარე თვის განმავლობაში მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი (მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი – C1).

4. კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადის პირველი თვის სახელშეკრულებო ფასი განისაზღვრება ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის საბოლოო ფასის (Cbid) ტოლი სიდიდით. ყოველი მომდევნო თვის სახელშეკრულებო ფასი კი განისაზღვრება 1 ლიტრი საწვავის ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით. მიმწოდებელი, ითვალისწინებს პლაცის ნიშნულისა და სავალუტო კურსის ცვალებადობას და ყოველი კალენდარული თვის პირველ რიცხვში, განსაზღვრავს 1 ლიტრი საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასს შემდეგი პრინციპის მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამზე ნაკლები პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უდრის წინა თვის სახელშეკრულებო ფასს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უტოლდება ფორმულით გაანგარიშებული მიმდინარე თვის ნომინალურ ფასს.

5. მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასის საფუძველზე დადგენილი საანგარიშსწორებო ფასის (C2) მიხედვით, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

6. საანგარიშსწორებო ფასის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:

ა) საბარათე სისტემის ან/და ისეთი სისტემის მეშვეობით საწვავის შესყიდვის შემთხვევაში, რომელიც ფიზიკურად უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ჩასხმას მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში (შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა, რომელიც აღჭურვილია ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის – აგაის კომპონენტებით), მიმწოდებელი ყოველთვიურად წარუდგენს შემსყიდველ ორგანიზაციას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მიმდინარე თვის განმავლობაში მიწოდებულ საწვავზე, თვის ბოლოს. ასეთი შესყიდვის შემთხვევაში, საანგარიშსწორებო ფასის განსაზღვრისას, მხარეები ითვალისწინებენ შემდეგ გარემოებას: საანგარიშსწორებო ფასი უნდა იყოს მიმდინარე თვის განმავლობაში მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასების საშუალო არითმეტიკულ ოდენობაზე (CAV) სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები;

ბ) არასაბარათე სისტემით საწვავის შესყიდვისას, საწვავის გატანის დღეს, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს ერთჯერადად გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურას. საანგარიშსწორებო ფასი გამოითვლება ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით განსაზღვრული საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით, რომელიც უნდა იყოს საწვავის მოთხოვნის დღისათვის მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები.

7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. არასაბარათე, საბარათე ან აგაი სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდებისას ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

8. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული P და R და მათ საფუძველზე გამოთვლილი 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი (C1), რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

9. მიმწოდებელმა ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. მიმწოდებელმა ასევე ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

10. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საწვავის ფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი, ასევე მის ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე.

11. ნავთობპროდუქციის (საწვავის) საბარათე სისტემით სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ყოველი წლის დეკემბრის თვის საჭირო მოცულობის საწვავის მიწოდების უწყვეტ მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება ხორციელდება უწყვეტი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას ანგარიშსწორების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 25. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა

1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება უნდა შეთანხმდეს სატენდერო კომისიასთან, გაფორმდეს წერილობითი ფორმით და დადგენილი წესით აიტვირთოს სისტემაში ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს ამ წესით, აგრეთვე პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. სატენდერო დოკუმენტაციით შესაძლოა განისაზღვროს საკითხები, რაც არ საჭიროებს სატენდერო კომისიასთან შეთანხმებას.

3. დაუშვებელია ხელშეკრულების შეცვლა, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დასაშვებია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ოდენობის გაზრდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, თუ სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას, ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.).

მუხლი 26. ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება

1. მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.

2. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის მთლიანად, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით – ნაწილობრივ, კონკრეტულ მიმწოდებელთან მიმართებით შეწყვეტის თაობაზე, აგრეთვე ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.

4. კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დაუშვებელია ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება.

მუხლი 27. ხელშეკრულების სტატუსი

1. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ასახავს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას და ანიჭებს ამ ხელშეკრულებას ხელშეკრულების შესაბამის სტატუსს („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).

2. ხელშეკრულების ეტაპობრივი შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების კონკრეტული ეტაპის შესრულებიდან/შეუსრულებლობიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.).

მუხლი 28. ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს შესაბამის შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად.

2. შესყიდვის დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევისთვის ან/და შესყიდვის შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვისა და განხორციელებისთვის განსაზღვრული საფასურის ოდენობა არ შეიძლება იყოს 1 000 (ათასი) ლარზე ნაკლები. საფასურის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება შესაბამის შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით.

3. შესყიდვის შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვისა და განხორციელებისას ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მოქმედებს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით და იგი შეზღუდულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით შემსყიდველი ორგანიზაციისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

4. ამ მუხლის შესაბამისად დასადები თითოეული კონკრეტული ხელშეკრულების არსებითი და სხვა დამატებითი პირობები, მათ შორის მხარეთა უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე მისი დადებისა და შესრულების პროცედურული საკითხები, განისაზღვრება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 29. კოორდინაცია და ზედამხედველობა

1. კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციას, მიმწოდებელს ან/და პრეტენდენტს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.

2. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსა და შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების მიზნით, სისტემის მეშვეობით სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით .

3. სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსა და შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოსათვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისტემაში შენახვას წარდგენიდან არანაკლებ 3 წლის ვადით.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

დანართი

აფიდავიტის ფორმა და პირობები

 

აფიდავიტი

სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე

გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვადასტურებ, რომ:

  • ჩემ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისგან დამოუკიდებლად;
  • მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ჩემსა და კონკურენტს შორის არ წარმოებულა კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
    • სატენდერო წინადადების ფასი, მისი გამოთვლის მეთოდი, კოეფიციენტი ან ფორმულა;
    • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური/ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაოდენობა/მოცულობა ან/და მიწოდების დეტალები, რომელთაც ეხება სატენდერო წინადადება;
    • სატენდერო წინადადების წარდგენა/დაზუსტება ან წარდგენისგან/დაზუსტებისგან თავის შეკავება;
    • ისეთი სატენდერო წინადადების/დაზუსტებული წინადადების წარდგენა, რომელიც არ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს.
  • სატენდერო წინადადება ან მისი კომპონენტი პრეტენდენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გაუმჟღავნებია ან/და არ გაუმჟღავნებს კონკურენტს სატენდერო წინადადების (მისი შესაბამისი კომპონენტის) განსაჯაროების მომენტამდე;
  • ჩემთვის ცნობილია აფიდავიტის მიზნებისთვის ტერმინის „კონკურენტი“ მნიშვნელობა (ნებისმიერი პირი, რომელიც არის ან შესაძლებელია იყოს პრეტენდენტი ამ ტენდერში);
  • სატენდერო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს;
  • სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი ინფორმაცია შექმნილია/მოპოვებულია კეთილსინდისიერად;
  • სათანადოდ უფლებამოსილი ვარ პრეტენდენტის მიერ, ხელი მოვაწერო აფიდავიტს და წარვადგინო ეს სატენდერო წინადადება;
  • ნებისმიერი პირი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია სატენდერო წინადადებაზე, სათანადოდ უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ;
  • აფიდავიტის პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

გავეცანი აფიდავიტის პირობებს, ვეთანხმები მას და ვადასტურებ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობას.

თანხმობა

 

სახელმწიფო შესყიდვების მიზნებისთვის, აფიდავიტი წარმოადგენს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი, პრეტენდენტის სახელით, ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობაზე. აფიდავიტით განსაზღვრული პირობების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლის შესაბამისად.