ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025785
238
29/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
040170020.10.003.025785
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 238

2026 წლის 29 მაისი 

   ქ. თბილისი

 

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 12 ნოემბრის №1056-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და ადგენს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკვლევის (შემდგომში – ბაზრის კვლევა), მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის წესს.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას.

3. ბაზრის კვლევის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის მიზნები, როგორიცაა: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომის, თანასწორი მოპყრობისა და სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის მიზნით, ბაზრის კვლევაში მონაწილე პოტენციური მიმწოდებლებისთვის წარსადგენი მოთხოვნა იდენტურად უნდა იქნეს ფორმულირებული.

5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, ბაზრის კვლევა განახორციელოს დაქირავებული სპეციალიზებული ექსპერტის/ კონსულტანტის მეშვეობით, თუ მას არ გააჩნია შიდა ორგანიზაციული რესურსი, ცოდნა ან უნარ-ჩვევები ბაზრის კვლევის დამოუკიდებლად განსახორციელებლად. დაქირავებული სპეციალიზებული ექსპერტი/ კონსულტანტი უფლებამოსილია, ბაზრის კვლევა განახორციელოს ამ წესით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მის მიერ შერჩეული მეთოდ(ებ)ით.

6. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე მიღებულ/გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

მუხლი 2. ბაზრის კვლევის მიზანი

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია განახორციელოს ბაზრის კვლევა კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველსაყოფად.

2. ბაზრის კვლევის მიზანია უზრუნველყოს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ეფექტიანად განხორციელება, ბაზარზე არსებული შემოთავაზებების, მათ შორის, პოტენციურ მიმწოდებელთა ვინაობის, საქმიანობის არეალის, მათი შესაძლებლობებისა და ოპერირების თავისებურებების, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, სპეციფიკაციების, მიწოდების პირობებისა და ვადების, შესაბამისი შესყიდვის ობიექტის ალტერნატივების, ასევე სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ან/და შესყიდვის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო სხვა ფაქტორების შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მოძიების გზით.

3. დაუშვებელია ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის იმგვარად გამოყენება, რომლითაც შეიზღუდება ჯანსაღი კონკურენცია ან/და დაირღვევა სახელმწიფო შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციულობის, არადისკრიმინაციული მიდგომის ან/და თანასწორი მოპყრობის პრინციპები.

მუხლი 3. ბაზრის კვლევის საგანი

1. ბაზრის კვლევის განხორციელებამდე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ბაზრის კვლევის საგანი.

2. ბაზრის კვლევის საგანს შესაძლოა, წარმოადგენდეს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:

ა) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების, მათ შორის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ხარისხობრივი პარამეტრების, აგრეთვე შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ან/და სოციალური ასპექტების განსაზღვრა/დაზუსტება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენა;

გ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებისა და პირობების, დანიშნულების ადგილის, აგრეთვე, სხვა ლოგისტიკური ასპექტების განსაზღვრა/დაზუსტება;

დ) შესყიდვის ობიექტის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ნიშან-თვისებებისა და სპეციფიკის, მათ შორის, შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის, პოტენციურ მიმწოდებელთა რაოდენობის, ოპერირების არეალის ან/და კონკურენციის დონის, პირობების ან/და ფორმების დადგენა;

ე) პოტენციური მიმწოდებლებისა და მათი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო სხვა ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

3. სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდების საშუალებით მოკვლეული ფასების საშუალო არითმეტიკულს. ამ წესის მიზნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შესაძლებელია განისაზღვროს მოკვლეული ფასებიდან მინიმალური ან მინიმალურზე დაბალი ფასითაც.

მუხლი 4. ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდები

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, ბაზრის კვლევა განახორციელოს ბაზრის კვლევის განხორციელების შესახებ განცხადების (შემდგომში – ბაზრის კვლევის განცხადება) სისტემის ბაზრის კვლევის მოდულში (შემდგომში – MRS მოდული) გამოქვეყნებით.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, ბაზრის კვლევის განცხადების MRS მოდულში გამოქვეყნებასთან ერთად, აგრეთვე, გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზრის კვლევის სხვა რომელიმე მეთოდი.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ბაზრის კვლევის მეთოდ(ებ)ს განსაზღვრავს ინდივიდუალურად, შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და მისი საჭიროების გათვალისწინებით, ბაზრის კვლევის ჩატარების კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე.

4. ბაზრის კვლევის განცხადების MRS მოდულში გამოქვეყნებასთან ერთად, ბაზრის კვლევა შესაძლებელია, განხორციელდეს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე მეთოდით:

ა) არანაკლებ ორ პოტენციურ მიმწოდებელთან კომუნიკაციით (მათ შორის, პირისპირ, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით) ან/და მათგან საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვით (წერილობითი შეთავაზების, ინვოისის, ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაციის ან სხვა);

ბ) არანაკლებ ორი პოტენციური მიმწოდებლის მიერ ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაციის ანალიზით;

გ) სისტემის სხვა მოდულებში (გარდა სისტემის სატესტო ვერსიისა) განთავსებული ინფორმაციის ანალიზით;

დ) მსგავსი ან იდენტური მახასიათებლების მქონე შესყიდვის ობიექტის შესყიდვის მიზნით, წარსულში სისტემის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვების ანალიზით;

ე) მიზანშეწონილობიდან გამომდინარე – მწარმოებელთან მიმართვით;

ვ) პოტენციურ მიმწოდებლებთან შეხვედრის გამართვით (შემდგომში – ღია კარის დღე). ამასთან, ასეთ შემთხვევაში, დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ვ.ა) ცენტრალური შემსყიდველი ორგანო პოტენციურ მიმწოდებლებთან ურთიერთობას წარმართავს ბაზრის კვლევის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან/და ამ პუნქტით განსაზღვრული სხვა რომელიმე მეთოდით განხორციელებასთან ერთად;

ვ.ბ) ღია კარის დღე იმართება გამჭვირვალე გარემოში;

ვ.გ) ღია კარის დღის გამართვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ;

ვ.დ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ღია კარის დღეზე მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ეფუძნება შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბაზრისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს და არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული პოტენციური მიმწოდებლის ან მიმწოდებელთა ერთი ჯგუფის სურვილს/ინტერესს;

ვ.ე) ღია კარის დღის გამართვის შესახებ დგება წერილობითი დოკუმენტი (ოქმი, მოხსენებითი ბარათი ან სხვ.).

5. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსა და პოტენციურ მიმწოდებელს შორის მიმოწერა (გარდა MRS მოდულის საშუალებით წარმოებული მიმოწერისა) მიმდინარეობს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართის/მისამართების საშუალებით. სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში) არ გაითვალისწინება. 

მუხლი 5. ბაზრის კვლევის განცხადების MRS მოდულში გამოქვეყნება

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო MRS მოდულში აქვეყნებს ბაზრის კვლევის განცხადებას.

2. ბაზრის კვლევის განცხადება ივსება ელექტრონულად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ და უნდა შეიცავდეს:

ა) ბაზრის კვლევის განცხადების ნომერს;

ბ) ბაზრის კვლევის განცხადების სტატუსს;

გ) მითითებას შესყიდვის პროცედურაზე;

დ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დასახელებას;

ე) ბაზრის კვლევის განცხადების რეგისტრაციის თარიღს, ზუსტი დროის მითითებით;

ვ) წინადადებების მიღების დაწყების თარიღს, ზუსტი დროის მითითებით;

ზ) წინადადებების მიღების დასრულების თარიღს, ზუსტი დროის მითითებით;

თ) ბაზრის კვლევის ობიექტის CPV კოდებს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

ი) შესყიდვის ობიექტის აღწერას;

კ) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაზე;

ლ) შესყიდვის დაფინანსების პირველ წელს;

მ) მითითებას ბაზრის კვლევის ფასისა და პირობების ან მხოლოდ პირობების დადგენის მიზნით განხორციელების თაობაზე;

ნ) სხვა დამატებით ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში).

3. ბაზრის კვლევის განცხადებასთან ერთად, MRS მოდულში იტვირთება ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ბაზრის კვლევის განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

5. ბაზრის კვლევის განცხადება გამოქვეყნებულად ითვლება მისი MRS მოდულში რეგისტრაციისთანავე.

6. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის − „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან სტატუსის −  „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ ატვირთული დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში წინადადების მიღების დაწყების თარიღი გადაიწევს გონივრული ვადით.

7. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის − „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, დაუშვებელია ბაზრის კვლევის განცხადების შეცვლა.

8. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის − „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია შეწყვიტოს ბაზრის კვლევა. ასეთ შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია შეადგინოს წერილობითი დოკუმენტი (ოქმი, მოხსენებითი ბარათი ან სხვ.) ბაზრის კვლევის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული წერილობითი დოკუმენტი იტვირთება MRS მოდულის შესაბამის ველში.

9. ბაზრის კვლევის განცხადების რეგისტრაციისთანავე, ბაზრის კვლევაში მონაწილეობის ნებისმიერ მსურველს უფლება აქვს, გაეცნოს მას.

მუხლი 6. განმარტების მიღების უფლება

1. ბაზრის კვლევის განცხადებისათვის სტატუსის − „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან, სტატუსის − „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში ამ წესის მე-7 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, MRS მოდულში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მოსთხოვოს ბაზრის კვლევის განცხადების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის − „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე, გააკეთოს შესაბამისი განმარტება.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.

4. სისტემა უზრუნველყოფს MRS მოდულში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის, მათ შორის, პოტენციურ მიმწოდებელთა ანონიმურობას.

მუხლი 7. წინადადების წარდგენა MRS მოდულში

1. MRS მოდულში წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით.

2. ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მსურველს წინადადების წარდგენა შეუძლია ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის − „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე.

3. წინადადების წარსადგენად სავალდებულოა, სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით, „მიმწოდებლის“ სტატუსით რეგისტრაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. სისტემაში არარეგისტრირებულ არარეზიდენტ პირს წინადადების წარდგენა შეუძლია „მიმწოდებლის“ სტატუსით რეგისტრაციის გარეშე, მარტივი რეგისტრაციის გავლით.

5. წინადადების წარდგენის მიზნით, ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მსურველი MRS მოდულის შესაბამის ველში ტვირთავს მის შეთავაზებას ტექსტურად ან/და თანხობრივად, აგრეთვე, ბაზრის კვლევისათვის გათვალისწინებულ დოკუმენტაციას (არსებობის შემთხვევაში).

6. თუ გამოქვეყნებულ ბაზრის კვლევაში წინადადების მიღების ვადის დასრულება შაბათ-კვირას ან უქმე დღეს ემთხვევა, წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.

7. პოტენციური მიმწოდებელი სრულად აგებს პასუხს მის მიერ წარდგენილი წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის სისწორეზე.

8. სისტემა უზრუნველყოფს ბაზრის კვლევაში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და წინადადებების ანონიმურობას, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ, ბაზრის კვლევის განცხადებას ავტომატურად, სისტემის მეშვეობით, ენიჭება სტატუსი – „წინადადების მიღება დასრულებულია“.

მუხლი 8. ბაზრის კვლევის დასრულება MRS მოდულში

1. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის − „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, MRS მოდულის შესაბამის ველში ატვირთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სხვა რომელიმე მეთოდით განხორციელებული ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც მიღებულია/ მოძიებულია MRS მოდულში წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგების MRS მოდულში ატვირთვის შემდგომ, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ბაზრის კვლევის განცხადებას ან/და განახლებულ თანდართულ განცხადებას ენიჭება სტატუსი – „ბაზრის კვლევა დასრულებულია“.

3. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის ან/და განახლებული თანდართული განცხადებისთვის სტატუსის − „ბაზრის კვლევა დასრულებულია“ მინიჭების შემდგომ, დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგების ან/და სხვა ინფორმაციის/ დოკუმენტაციის ატვირთვა, წაშლა ან/და ცვლილება, გარდა ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის ან/და განახლებული თანდართული განცხადებისთვის სტატუსის − „ბაზრის კვლევა დასრულებულია“ მინიჭების შემდგომ, ბაზრის კვლევაში მონაწილე პირთა რაოდენობა, მათი ვინაობა და წინადადებები ცნობილი ხდება მხოლოდ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის.

5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, ბაზრის კვლევის განცხადებისთვის ან/და განახლებული თანდართული განცხადებისთვის სტატუსის − „ბაზრის კვლევა დასრულებულია“ მინიჭების შემდგომ, ბაზრის კვლევაში MRS მოდულის ან/და სხვა მეთოდების საშუალებით მონაწილე თითოეულ პოტენციურ მიმწოდებელს, ინდივიდუალურად, მიმართოს წინადადების დაზუსტების მოთხოვნით, იმავე მეთოდის გამოყენებით, რომელი მეთოდითაც წარედგინა პოტენციური მიმწოდებლის მიერ წინადადება. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, ყველა პოტენციურ მიმწოდებელს ზუსტად მიუთითოს დასაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესახებ, თუ წინადადება საჭიროებს დაზუსტებას.

6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, წინადადების დაზუსტების მიზნით, პოტენციურ მიმწოდებელს წარუდგინოს სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

7. დასაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი ცნობილი ხდება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლისათვის, რომლის წინადადებაც ექვემდებარება დაზუსტებას.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო პოტენციურ მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

9. დაზუსტებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს წარედგინება ბაზრის კვლევის იმავე მეთოდის საშუალებით.

10. ბაზრის კვლევის MRS მოდულის საშუალებით განხორციელებისას:

ა) წინადადების დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობის ან არასრულყოფილად დაზუსტების შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, იმსჯელოს ბაზრის კვლევის შედეგებში თავდაპირველად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებაზე;

ბ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, განიხილოს პოტენციური მიმწოდებლის მიერ MRS მოდულის შესაბამის ველში დაზუსტებული წინადადება, გონივრულ ვადაში.

11. MRS მოდულის გარდა, ბაზრის კვლევის სხვა მეთოდ(ებ)ით განხორციელებისას დაზუსტებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში), ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ იტვირთება MRS მოდულის შესაბამის ველში.

12. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური შემსყიდველი ორგანო იყენებს შესაძლებლობას, უკვე გამოქვეყნებულ ბაზრის კვლევის ფარგლებში რეგისტრირებულ განცხადებაში დამატებით გამოაქვეყნოს განმეორებითი ბაზრის კვლევის განხორციელების შესახებ განახლებული თანდართული განცხადება და დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, განმეორებითი ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის − „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ატვირთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სხვა რომელიმე მეთოდით განხორციელებული ბაზრის კვლევის შედეგები.

მუხლი 9. ბაზრის კვლევის შედეგიანად განხორციელება

1. ბაზრის კვლევა შედეგიანად დასრულებულად ითვლება, თუ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მოთხოვნა კმაყოფილდება მინიმუმ 2 (ორი) პოტენციური მიმწოდებლის მიერ.

2. თუ ბაზრის კვლევის შედეგად ვერ კმაყოფილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ სათანადო დასაბუთების არსებობისას ბაზრის კვლევა აგრეთვე ჩაითვლება შედეგიანად დასრულებულად.

3. ბაზრის კვლევის შედეგები იურიდიული ძალის მქონეა ბაზრის კვლევის დასრულების თარიღიდან (ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის − „ბაზრის კვლევა დასრულებულია“ მინიჭებიდან) 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ამ ვადაში სახელმწიფო შესყიდვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ბაზრის კვლევას ახორციელებს თავიდან, კანონითა და ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით.

4. ბაზრის კვლევის შედეგიანად განხორციელების შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, შეადგინოს და სისტემის MRS მოდულის შესაბამის ველში ატვირთოს ბაზრის კვლევის შედეგების ამსახველი დოკუმენტი და ამავე დოკუმენტში ბაზრის კვლევაში მონაწილე პოტენციურ მიმწოდებელთა იდენტიფიცირების გარეშე:

ა) ასახოს ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ხორციელდება კონკრეტული შესყიდვა;

ბ) გაითვალისწინოს სათანადო დასაბუთება იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით, რამაც გამოიწვია ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მოთხოვნის მხოლოდ 1 (ერთი) პოტენციური მიმწოდებლის მიერ დაკმაყოფილება – ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 10. ბაზრის კვლევის უშედეგოდ განხორციელება

თუ ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია ბაზრის კვლევისთვის დასახული მიზნის მიღწევა, მათ შორის, პოტენციური მიმწოდებლ(ებ)ის იდენტიფიცირება ან/და შესყიდვის ობიექტის მოძიება/შესყიდვა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ახორციელებს პოტენციურ მიმწოდებელთა და შესყიდვის ობიექტის მიმართ წაყენებული მოთხოვნების, აგრეთვე მისი საჭიროებ(ებ)ის დამატებით კვლევასა და ანალიზს, მათი შემდგომი მოდიფიკაციის მიზნით, რის შემდეგაც იგი, საჭიროების შემთხვევაში, ხელმეორედ ახორციელებს ბაზრის კვლევას, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.