დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.55.067.016229 |
|
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, 2026 წლის 29 აპრილის №1543-Vმს-XIმპ
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 25 მარტის №79 ბრძანება „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ.“. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
|
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის აღიარების და მონიტორინგის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის (შემდეგში – აღიარებული ორგანიზაცია) აღიარების პროცედურას და პირობებს, აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს, მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების პირობებს და აღიარების გაუქმების წესსა და პირობებს. 2. აღიარებას, აღიარებაზე უარის თქმას, აღიარების გაუქმებას, აღრიცხვას, აგრეთვე ხელშეკრულების დადებას/მოშლას და აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აღიარებული ორგანიზაცია – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული/რეგისტრირებული მცურავი საშუალებების ტექნიკურ ზედამხედველობას; ბ) ტექნიკური ზედამხედველობა – შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის აუცილებელი შემოწმება საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოსთან შეთანხმებული აღიარებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წესების მოთხოვნებთან დადგენის მიზნით; გ) წესები და პროცედურები – აღიარებული ორგანიზაციის მიერ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც შეთანხმებულია სააგენტოსთან; დ) მოწმობა – აღიარებული ორგანიზაციის მიერ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მცურავი საშუალების ტექნიკურ გამართულობას. მუხლი 3. აღიარების პროცედურა 1. აღიარების მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას (შემდგომში – განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას ხელს აწერს მაძიებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ორგანიზაციის პარტნიორების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ხარისხის მართვის სისტემის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სასერტიფიკაციო აუდიტის ანგარიში; ე) დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციას გააჩნია შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა საქმიანობის განსახორციელებლად; ვ) მცურავი საშუალებების შემმოწმებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; ზ) მცურავი საშუალებების შემმოწმებელთა დასაქმების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ასლები; თ) ინფორმაცია შემოწმებისთვის აუცილებელ ტექნიკურ საშუალებებთან დაკავშირებით (შემოწმების დანადგარები და მატერიალური აღჭურვილობა); ი) მცურავი საშუალების ტექნიკური მოწმობების ჩამონათვალი და შესაბამისი ფორმები; კ) აღიარებული ორგანიზაციის წესები ან/და პროცედურები; ლ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა სააგენტოში ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და იმ მიზნით, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, მასზე თანდართული დოკუმენტები და შემცველი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებს. 4. თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ სააგენტო მაძიებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზ(ებ)ზე, და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზ(ებ)ი და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. 5. აღიარების პროცესში სააგენტო, მაძიებლის ადამიანური რესურსების (პერსონალის კვალიფიკაცია, რაოდენობა), ტექნიკური საშუალებების (მოწყობილობები, დანადგარები), არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ადგენს მაძიებლის შესაძლებლობას, განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ზედამხედველობა. 6. სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს მაძიებლის საქმიანობის ფაქტობრივი მდგომარეობა და აღნიშნული შესაძლებლობა. 7. განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების განხილვის შემდეგ, თუ სააგენტო დაადგენს მაძიებლის წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის აღიარების შესახებ. 8. აღიარებულ ორგანიზაციასთან სააგენტო დებს ხელშეკრულებას. 9. აღიარებულ ორგანიზაციას ეკრძალება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების გარეშე განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემებზე. მუხლი 4. აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები სააგენტო ორგანიზაციის აღიარებაზე უარს აცხადებს, თუ: ა) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და მასზე თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ამ წესის მოთხოვნებს და ეს ხარვეზ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული მაძიებლის მიერ; ბ) მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია; დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი. მუხლი 5. აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობაზე კონტროლი 1. აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად. 2. აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობის შემოწმება ხორციელდება, სულ ცოტა, ორ წელიწადში ერთხელ, იმ მიზნით, რათა დადგინდეს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობა მის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობასთან. 3. აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია შეუქმნას სააგენტოს ხელსაყრელი პირობები შემოწმების ჩასატარებლად. მუხლი 6. აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 1. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციები, ან თუ ორგანიზაცია არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ სააგენტო მას წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც აღიარებულმა ორგანიზაციამ უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. თუ აღნიშნულ ვადაში ორგანიზაცია არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს, მაშინ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. 2. თუ აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შემდეგ დადგინდება, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი აღიარება, ყალბია, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. 3. თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას, ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება მცურავი საშუალებების შემოწმებისა და მოწმობების გაცემის უფლებამოსილება. 4. აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ. მუხლი 7. აღიარებული ორგანიზაციის აღრიცხვა სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ აღიარებული ორგანიზაციის აღრიცხვა და შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა. მუხლი 8. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9. გარდამავალი დებულებები 1. ძალაში დარჩეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე სააგენტოს მიერ შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარება. 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ წესთან 2026 წლის 1 აგვისტომდე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები