აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016548
21
30/06/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
010250050.35.110.016548
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2026 წლის 30 ივნისი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 აგვისტოდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია



დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება

მუხლი 1. შესყიდვების სამსახური
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას.

2. სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და მერიის გამგებლობაში არსებული სხვა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფისგან – განყოფილებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

შესყიდვების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი .

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში  განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს, დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;

დ) წარუდგენს მერს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს;

ვ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;

ზ) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;

გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, ფულადი ჯილდო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;

ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;

დ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები.


მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შესყიდვების გეგმის მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში, მის შემდგომ კორექტირებას და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შერჩეული საშუალების პროცედურების დაგეგმვას;

გ) მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზების პროცედურების და დოკუმენტების ფორმების, შესყიდვებთან დაკავშირებული კორესპონდენციების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადებას;

დ) სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ე) შესყიდვის პროცედურების განხორციელებას, რაც გულისხმობს შესყიდვის დაგეგმვას არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბაზრის კვლევას, ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გამაფრთხილებელი წერილობითი შეტყობინების გაგზავნას მიმწოდებელთან;

ვ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებას;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების, ხელშეკრულების ვადების კონტროლს, ზედამხედველობის მიერ გეგმა-გრაფიკის დაცვაზე კონტროლის განხორციელების საფუძველზე შესყიდვების სამსახურისათვის შეტყობინების/წერილობითი დოკუმენტაციის გაგზავნის შემდგომ შესაბამის რეაგირებას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებისა და მიმწოდებელთან გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადებას;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადებას, დადებული ხელშეკრულების განთავსებას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტონულ სისტემაში;

ი) მუნიციპალიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაციას, აღრიცხვას და შენახვას;

კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე მერიის ინტერესების დაცვას;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;

მ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის, სატენდერო კომისიის წევრებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას;

ნ) სამსახურში შემოსული წერილის საპასუხოდ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაზუსტებას და პასუხის გაგზავნას შესაბამის ადრესატთან;

ო) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას;

გ) კანონმდებლობის შესაბამისად, ხარჯების მონეტარული ზღვრიდან გამომდინარე, შესყიდვების განხორციელების საშუალებების განსაზღვრას და შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის შედგენას;

დ) მუნიციპალური შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადებასა და წარდგენას კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში კანონით დადგენილ ვადებში;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში  ცვლილებების შეტანა და რეორგანიზაცია
1. სამსახურის დებულებას  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია /ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.