საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 06
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 01/07/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 280060000.85.099.016006
06
01/07/2026
ვებგვერდი, 01/07/2026
280060000.85.099.016006
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის

დადგენილება №06

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
1. დამტკიცდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ამ დადგენილებაზე თანდართული ფორმით.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 30 დეკემბრის №017 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი 30/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.73.085.016030).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საპენსიო ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მმართველობითი საბჭოს მიერ საპენსიო აქტივების მართვის მიზნებისთვის დადგენილ საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა, პენსიის მიმღებთა და გარდაცვლილი მონაწილეების მემკვიდრეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

2. მმართველობით საბჭოს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით, აქვს აქტივების განთავსების სტრატეგიისა და მის შედეგად მიღებული ბენჩმარკ პორტფელების განსაზღვრის სრული დისკრეცია, თუ ის შეესაბამება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომში – კანონი) და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელ წესს“ (შემდგომში – მარეგულირებელი წესი).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბენჩმარკ პორტფელი – აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის შედეგად შექმნილი პორტფელი, რომელიც:

ა.ა) წარმოადგენს მმართველობითი საბჭოს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას, რისკის აპეტიტის, საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო ჰორიზონტის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს აღნიშნულ პარამეტრებთან ერთად;

ა.ბ) გამოიყენება ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელისა და საინვესტიციო სამსახურის მიერ განხორციელებული შესაბამისი ნამატი ღირებულების მომტანი საქმიანობის ეფექტიანობისა და რისკების შეფასებისათვის;

ბ) საინვესტიციო პორტფელი – დროის ნებისმიერ მომენტში არსებული ფაქტობრივი საპენსიო აქტივების ერთობლიობა;

გ) აქტიური რისკი (tracking error) – საინვესტიციო პორტფელის გადახრა ბენჩმარკ პორტფელიდან, რომელიც იზომება ბენჩმარკ პორტფელისა და საინვესტიციო პორტფელის ამონაგების სხვაობის წლიური სტანდარტული გადახრით;

დ) სასესხო ფასიანი ქაღალდები და სხვა საპროცენტო ინსტრუმენტები - ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები და კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

ე) პოლიტიკა ან საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, როგორც განსაზღვრულია კანონით;

ვ) რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და არსებითი რისკების კატეგორიები, რომელთა აღებაც სურს ფონდს დასახული სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად;

ზ) რისკის ლიმიტები – მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი რაოდენობრივი ზომები საინვესტიციო პორტფელებში რისკების გასაკონტროლებლად. აღნიშნული მოიცავს ბენჩმარკიდან გადახრის და კონცენტრაციის ლიმიტებს, რაც უზრუნველყოფს ფონდის საერთო რისკის მისი რისკის აპეტიტთან შესაბამისობას;

თ) აქტივების რეალოკაცია – ფულადი სახსრების გადატანის გარეშე პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილების პროცესი;

ი) დებულება - ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულება“.

2. თუ კონტექსტიდან სხვაგვარად არ გამომდინარეობს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ კანონით, მარეგულირებელი წესით, დებულებითა და რისკის მართვის ჩარჩოთი განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. საინვესტიციო პრინციპები

ფონდი, საპენსიო აქტივების მართვისას ხელმძღვანელობს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მარეგულირებელი წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. ეს მოიაზრებს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტის შესაბამისად, მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა, მათ მემკვიდრეთა და პენსიის მიმღებთა ინტერესების შესაბამისად. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას ფონდი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგია საინვესტიციო მიზნების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქტივების სტრატეგიულ განაწილებას, გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტისა და მიზნების გათვალისწინებით, უფრო დიდი ზეგავლენა აქვს ამონაგებზე, ვიდრე ეს ცალკეული ფასიანი ქაღალდისა თუ ინვესტირების სწორი დროის შერჩევას შეიძლება ჰქონდეს;

ბ) რისკის აღება ინვესტირებისთვის აუცილებელი პირობაა. გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნების მისაღწევად, შესაბამისი რისკის აღება აუცილებელია და ის საინვესტიციო პროცესის განუყოფელი ნაწილია;

გ) გამომდინარე იქიდან, რომ ფონდს აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი და მინიმალური მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროება, გრძელვადიან აქტივებში ინვესტირების მიზანია ფინანსურ ინსტრუმენტებში არსებული არალიკვიდობისა და ვადიანობის პრემიუმების მიღება, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანი მიზნების მიღწევას;

დ) ინდივიდუალური საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს, თუმცა ისინი უნდა იმართებოდეს გონივრულად და დადგენილი ლიმიტების გათვალისწინებით. ფონდი იყენებს აქტივების აქტიური მართვის პრინციპებს და ყურადღებით აკვირდება მსოფლიო ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებს, რათა შეძლოს მომგებიანი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. დროდადრო ბაზარი შეიძლება იყოს არაეფექტური, თუმცა მსგავსი შესაძლებლობები შეზღუდულია. ფონდი აქტიური ამონაგების სტრატეგიებს იყენებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ფონდი კონკურენტული უპირატესობით სარგებლობს;

ე) რისკის ეფექტურად მართვის მიზნით აქტივების დივერსიფიკაცია, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. დივერსიფიკაციის მნიშვნელობა აქტივის კლასების, გეოგრაფიული, სექტორული თუ საინვესტიციო სტრატეგიების მიხედვით საყოველთაოდ აღიარებულია. სათანადოდ დივერსიფიცირებული პორტფელი ინდივიდუალური ფასიანი ქაღალდების რისკის გავლენას ამცირებს და ეკონომიკური კრიზისებისა და ბაზრის მერყეობასთან მიმართებით პორტფელის მდგრადობას აუმჯობესებს;

ვ) საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციული ხარჯების ეფექტიანი მართვა უმნიშვნელოვანესია წმინდა მომგებიანობის მაქსიმიზაციისათვის, ვინაიდან აღნიშნულ ხარჯებს პირდაპირი გავლენა აქვს პორტფელის წმინდა ამონაგებზე. ხარჯები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, თუმცა ეს არ უნდა იწვევდეს საინვესტიციო შესაძლებლობების ხარისხის გაუარესებას. საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებით ყველა სტრატეგია, რომელსაც ფონდი ახორციელებს, მიმართული უნდა იყოს რისკით კორექტირებული შემოსავლიანობის ზრდისაკენ.

მუხლი 4. საინვესტიციო მანდატი და დასაშვები აქტივები

1. საინვესტიციო მანდატი განისაზღვრება კანონით, მარეგულირებელი წესით და წინამდებარე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით, რომლის შესაბამისადაც მმართველობითი საბჭო წარმართავს საინვესტიციო საქმიანობას.

2. კანონი და მარეგულირებელი წესი განსაზღვრავს ინვესტიციებისთვის დასაშვები და დაუშვებელი აქტივების ჩამონათვალს.

მუხლი 5. სტრატეგიული მიზნები

საინვესტიციო საქმიანობის მთავარი მიზანია მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია, ფინანსურად უსაფრთხო და კარგად დივერსიფიცირებული ინვესტიციების მეშვეობით, გამჭვირვალე და კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით, საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულის მისაღწევად და კანონის შესაბამისად, დადგენილია შემდეგი სტრატეგიული მიზნები:

ა) საინვესტიციო მიზანი – ინვესტიციები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს, 95%-იანი სანდოობის დონით, მოსალოდნელი იყოს ინვესტიციებიდან დადებითი რეალური ამონაგების მიღება. მმართველობითი საბჭო ინვესტიციებს გეგმავს იმ გათვლით, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის, მაღალი სანდოობით მოსალოდნელი იყოს ინვესტირებიდან 2% წლიური რეალური ამონაგების მიღება კონსერვატიული პორტფელისთვის, 2.5% – დაბალანსებული პორტფელისთვის და 3.0% – დინამიკური პორტფელისთვის. საინვესტიციო პორტფელის მართვის პროცესზე ვრცელდება „კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპი“ იმგვარად, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდეს ყურადღებით, ექსპერტული უნარების გამოყენებით, გონივრულად და სათანადო გულისხმიერებით;

ბ) ლიკვიდურობის მიზანი – საინვესტიციო პროცესი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ბაზარზე თუნდაც სავარაუდო, მაგრამ ძლიერი რყევების დროსაც კი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ლიკვიდურობის მობილიზება და ფულადი ნაკადების ვალდებულებების შესრულება.

მუხლი 6. აქტივების განთავსების სტრატეგია

1. აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგია არის საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი საყრდენი, რომელიც მაქსიმუმამდე ზრდის იმის ალბათობას, რომ თითოეული საინვესტიციო პორტფელი საინვესტიციო ჰორიზონტის განმავლობაში გამოიმუშავებს მაქსიმალურ რისკით კორექტირებულ ამონაგებს, შესაბამისი რისკის აპეტიტისა და სამართლებრივი და მარეგულირებელი შეზღუდვების გათვალისწინებით.

2. ბენჩმარკ პორტფელი იქმნება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

ა) ის მოიცავს მხოლოდ აქტივების კლასებს და არა ცალკეულ ფასიან ქაღალდებს;

ბ) მისი რისკისა და ამონაგების მახასიათებლები შეესაბამება პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს;

გ) ბაზარზე ხელმისაწვდომია მყისიერად, დაბალი ხარჯებით;

დ) ის ასახავს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების არსებულ დონეს.

3. ბენჩმარკ პორტფელის შემადგენლობა და აქტივების განთავსების სტრატეგია გადაისინჯება პერიოდულად და შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა:

ა) საინვესტიციო მიზნები, საინვესტიციო ჰორიზონტი ან რისკის აპეტიტი;

ბ) კანონითა და მარეგულირებელი წესით განსაზღვრული საინვესტიციო შეზღუდვები;

გ) დაშვებები რისკისა და ამონაგების ბალანსის გრძელვადიანი თანაფარდობის შესახებ;

დ) საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე ხელმისაწვდომი საინვესტიციო აქტივების კლასები.

4. აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩო, რომელიც დანართ №1-ის სახით თან ერთვის ამ პოლიტიკას და წარმოადგენს მის ნაწილს, მოიცავს აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის უფრო დეტალურ აღწერას.

5. მთავარ საინვესტიციო ოფიცერს არ მოეთხოვება ბენჩმარკ პორტფელების ყოველთვის ზუსტად რეპლიკაცია. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია გადაიხაროს ბენჩმარკ პორტფელში განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლიდან ამ პოლიტიკის დანართ №3-ის ცხრილ №1-ით განსაზღვრული გადახრის დასაშვები ზღვრების ფარგლებში.

6. ამ პოლიტიკის დანართ №3-ის ცხრილ №1-ში განსაზღვრული ბენჩმარკ პორტფელები გამოყენებულ იქნება შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის და რისკების შეფასებისთვის.

მუხლი 7. საინვესტიციო პორტფელის ფორმირება

1. აქტივების კლასებში ინვესტირება უნდა განხორციელდეს ამ პოლიტიკის დანართ №3-ის ცხრილ №1-ის და ცხრილ №2-ის მიხედვით განსაზღვრული დასაშვები გადახრებისა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის დაცვით. საინვესტიციო პორტფელის მიზანია დინამიურად ასახოს საბაზრო ცვლილებები და არ მოხდეს მათი დაშორება ბენჩმარკ პორტფელებთან.

2. ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი მიზნად ისახავს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით გამოიმუშაოს ნამატი ღირებულება სტრატეგიული გადახრისა და აქტიური ამონაგების სტრატეგიების საშუალებით, როგორც ეს საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩოშია განსაზღვრული, რომელიც დანართ №2-ის სახით თან ერთვის ამ პოლიტიკას.

3. საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო წარმოადგენს ამ პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს და მოიცავს პორტფელის ფორმირებისა და რებალანსირების პროცესის დეტალურ აღწერას.

მუხლი 8. რისკის მართვა და მონიტორინგი

1. რისკის აღება, საინვესტიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს მონაწილეთათვის მაქსიმალური ღირებულების შექმნას რისკის ადეკვატური მართვით. ამასთან, მმართველობითი საბჭო აცნობიერებს, რომ შეუძლებელია რისკის სრულად აღმოფხვრა, თუმცა აუცილებელია მისი მკაფიო იდენტიფიცირება და გააზრება, რათა მიღწეულ იქნეს მიზნობრივი ბალანსი მოსალოდნელ ამონაგებსა და რისკს შორის.

2. რისკი იმგვარად უნდა იმართოს, რომ:

ა) უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი საინვესტიციო რისკების მართვის ერთიანი პროცესი, საინვესტიციო საქმიანობაზე მოქმედი ყველა ოპერაციული რისკების გათვალისწინებით;

ბ) მოხდეს საინვესტიციო პორტფელთან და აქტივების თითოეულ კლასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკების იდენტიფიცირება, გაზომვა და კომუნიკაცია;

გ) უზრუნველყოს ინვესტიციაზე ამონაგებისა და აღებული რისკების მონიტორინგი იმისათვის, რომ შეფასდეს, რამდენად ადეკვატურად არის კომპენსირებული გაწეული რისკები; და

დ) უზრუნველყოფილი იყოს საინვესტიციო რისკის გამოთვლის სისტემებისა და ფუნქციების სათანადო ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების ფუნქციებისგან.

3. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გენერალურ დირექტორთან და საინვესტიციო კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებს და მმართველობითი საბჭო ამტკიცებს საინვესტიციო სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას და ინტერესთა კონფლიქტის შემცველი საქმიანობების ფუნქციურ და იერარქიულ გამიჯვნას.

4. საინვესტიციო პოლიტიკისა და აქტივების განთავსების სტრატეგიის განსაზღვრისას, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევისას, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრისას და საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, მმართველობითი საბჭო გაითვალისწინებს რისკების როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ მახასიათებლებს.

5. ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, როგორც ეს განმარტებულია რისკის მართვის ჩარჩოში, რომელიც დამტკიცებულია მმართველობითი საბჭოს მიერ და უზრუნველყოფს სიცხადეს და გამჭვირვალობას რისკების მართვასთან და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. ფონდის დებულება განსაზღვრავს იმ ორგანიზაციულ წყობას, რომლის მიხედვითაც მმართველობითი საბჭო ადგენს და იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის რისკების სტრატეგიასთან და რისკების მართვის მიდგომასთან დაკავშირებით. კერძოდ:

ა) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური, როგორც დაცვის პირველი ხაზი, პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი რისკების, მათ შორის, საბაზრო, საკრედიტო, კონცენტრაციის, ლიკვიდობის და სხვა საინვესტიციო რისკების მართვაზე და ანგარიშგებაზე მმართველობით საბჭოსთან და საინვესტიციო კომიტეტთან. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური უზრუნველყოფენ საინვესტიციო გადაწყვეტილებისა და ტრანზაქციების შესაბამისობას ამ პოლიტიკით დადგენილ ლიმიტებთან. საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისას მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური იხელმძღვანელებენ მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული რისკის მართვის ჩარჩოთი;

ბ) მთავარი რისკის ოფიცერი, როგორც დაცვის მეორე ხაზი, პასუხისმგებელია რისკების ზედამხედველობაზე, მათ შორის მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ რისკის აპეტიტსა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის მონიტორინგზე, ასევე რისკების დამოუკიდებელ ანგარიშგებაზე, რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად და ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს და რისკის კომიტეტის წინაშე;

გ) შიდა აუდიტი, როგორც დაცვის მესამე ხაზი, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ და ობიექტურ შეფასებას შიდა კონტროლის, მმართველობისა და რისკის მართვის სისტემების დიზაინისა და ეფექტიანობის შესახებ და ანგარიშვალდებულია აუდიტის კომიტეტთან და მმართველობით საბჭოსთან.

6. საინვესტიციო კომიტეტი შეიმუშავებს და მმართველობითი საბჭო ამტკიცებს რისკის აპეტიტს და რისკის ლიმიტებს, როგორც ეს ამ პოლიტიკაშია განსაზღვრული. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ აღნიშნული ლიმიტებით. ბაზრის მოძრაობების, შეფასების ცვლილებების ან სხვა გარე ფაქტორების შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი ლიმიტის დარღვევა ექვემდებარება ესკალაციას, დაფიქსირებას და გამოსწორებას კანონის და რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად.

მუხლი 9. აქტივების ღირებულების შეფასება

1. საპენსიო აქტივების მართვა და შეფასება უნდა განხორციელდეს გონივრულად, მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით.

2. საპენსიო აქტივების შეფასება უნდა განხორციელდეს მარეგულირებელი წესისა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 10. სპეციალიზებული დეპოზიტარი

1. ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ავტორიზაციას ანიჭებს საქართველოს ეროვნული ბანკი. სპეციალიზებული დეპოზიტარი ახორციელებს საპენსიო აქტივების შენახვას, აღრიცხვას, ვერიფიკაციასა და კასტოდიანურ მომსახურებას. ასევე, სპეციალიზებული დეპოზიტარი ამოწმებს საპენსიო აქტივების კანონთან, ამ პოლიტიკასთან და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობას, რაც დამატებითი დაცვის ხაზია და აძლიერებს საპენსიო აქტივების უსაფრთხოებას.

2. საინვესტიციო კომიტეტი კონკურსის წესით, შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, ასევე, ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. წელიწადში ერთხელ, საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია მმართველობით საბჭოს წარუდგინოს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის ანგარიში, რის მიხედვითაც მმართველობითი საბჭო აფასებს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას.

3. თუ სხვაგვარად შეუძლებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება ან ეს მოითხოვს არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

4. საინვესტიციო კომიტეტი უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევას მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცების მიზნით. ყოველი კონკრეტული შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი პირობებითა და კრიტერიუმების გათვალისწინებით.

მუხლი 11. პასუხისმგებლიანი ინვესტირების ჩარჩო

1. ფონდის სურვილია მხარი დაუჭიროს კომპანიებსა და ორგანიზაციებს ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დამკვიდრებაში, რომელიც აძლიერებს მათ გრძელვადიანი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებით, მათ შორის პასუხისმგებლიანი კორპორატიული და ორგანიზაციული ქცევის წახალისებით, რაც გულისხმობს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (“ESG”) ფაქტორებს. ფონდს მიაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ეფექტიანად მართავენ “ESG” ფაქტორებს, უფრო მეტი ალბათობით ქმნიან ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში. აღსანიშნავია, რომ “ESG” ფაქტორების მნიშვნელობა განსხვავებულია ინდუსტრიისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.

2. ფონდი მხარს უჭერს პასუხისმგებლიან საქმიანობას იმ კომპანიებში, რომლებშიც ახორციელებს ინვესტიციებს. ფონდი კომპანიებთან ურთიერთობისას პირდაპირ ან სხვა მსგავსი საინვესტიციო მიზნების მქონე ინვესტორებთან ერთად თანამშრომლობით, მიზნად ისახავს კომპანიებში დადებით ცვლილებებს შეუწყოს ხელი.

3. მმართველობითი საბჭო და საინვესტიციო სამსახური ცდილობენ „ESG“ ფაქტორების ინტეგრირებას საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

4. „ESG“ პოლიტიკას შეიმუშავებს საინვესტიციო კომიტეტი და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. არსებული „ESG" პოლიტიკა ექვემდებარება მმართველობითი საბჭოს მიერ ყოველწლიურ გადახედვას და ცვლილებების შემთხვევაში განახლებული დოკუმენტის დამტკიცებას.

5. საინვესტიციო საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებს.

მუხლი 12. ანგარიშგება

1. სრულყოფილი ანგარიშგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მმართველობითი საბჭოს, საინვესტიციო კომიტეტს და საქართველოს ეროვნულ ბანკს აძლევს შემოსავლიანობის, აქტივების განაწილების, სტრატეგიებისა და მთლიანად ფონდთან დაკავშირებული საკითხების შეფასების შესაძლებლობას.

2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი პერიოდულად აწარმოებენ და წარუდგენენ შესაბამის შიდა ანგარიშებს ფონდის შესაბამის კომიტეტებს, გენერალურ დირექტორს და მმართველობით საბჭოს.

3. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს საინვესტიციო პორტფელების შედეგების ყოველთვიური და ყოველწლიური საჯარო ანგარიშების მომზადებას, რომელიც მოიცავს რისკებისა და შემოსავლიანობის ანალიზს.

4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს ანგარიშგებას მარეგულირებელი წესისა და შიდა პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 13. პოლიტიკის დამტკიცება და ცვლილება

1. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, კანონით განსაზღვრული საინვესტიციო მანდატის შესაბამისად, შეიმუშავებს ფონდის საინვესტიციო კომიტეტი და საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემდგომ ამტკიცებს ფონდის მმართველობითი საბჭო. ამგვარად, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს მოქმედ კანონმდებლობასთან ერთობლიობაში.

2. საინვესტიციო კომიტეტი საჭიროებისამებრ, პერიოდულად, თუმცა არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადასინჯავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც ასევე მოიცავს აქტივების განთავსების სტრატეგიას და ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში განახლებულ პოლიტიკას საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.

3. საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი ვალდებულია შეაფასოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება და ასეთის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემდგომ წარუდგინოს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად.

 

დანართი №1. აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩო

მუხლი 1. შესავალი

1. აქტივების განთავსების სტრატეგია არის ხარისხობრივი და რაოდენობრივი სამუშაო, რაც განსაზღვრავს ისეთ ოპტიმალურ გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც კანონმდებლობით ან მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი საინვესტიციო შეზღუდვების დაცვით აღწევს სასურველ სტრატეგიულ მიზნებს.

2. ხარისხობრივი მსჯელობა შედგება, მაგრამ არ შემოიფარგლება, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ბენჩმარკის დონის აქტივების კლასების განსაზღვრა, ოპტიმიზაციის ტექნიკის შერჩევა და სტრესტესტებისთვის სცენარების შემუშავება. რაოდენობრივი მსჯელობის ზოგიერთი მაგალითია: აქტივების კლასების მოსალოდნელი ამონაგებისა და რისკის განსაზღვრა, საჭირო ლიკვიდობის პროგნოზირება, პორტფელის ოპტიმიზაცია და მონტე-კარლოს სიმულაციები.

3. ამ პოლიტიკის დამტკიცებით მმართველობითი საბჭო ადგენს აქტივების განთავსების სტრატეგიას თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის, რომელიც არანაკლებ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადასინჯვას საინვესტიციო კომიტეტის მიერ და ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში საინვესტიციო კომიტეტი რეკომენდაციებს წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად. ამ პროცესში საინვესტიციო სამსახური და ფონდის სხვა სტრუქტურული ერთეულები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საინვესტიციო კომიტეტს საჭირო მხარდაჭერით.

4. ეს ჩარჩო აღწერს აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესს, წარმოადგენს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს და განხილულ უნდა იქნეს მასთან ერთად.

მუხლი 2. აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესი

1. აქტივების განთავსების სტრატეგია არის მრავალსაფეხურიანი პროცესი, რაც მოიცავს რაოდენობრივ და ხარისხობრივ მსჯელობას შემდეგ საკითხებზე:

ა) სტრატეგიული მიზნები;

ბ) რისკის აპეტიტი და საინვესტიციო ჰორიზონტი;

გ) დასაშვები აქტივების კლასები და საბაზრო პარამეტრების დაშვებები აღნიშნული აქტივების კლასებისთვის;

დ) პორტფელის ოპტიმიზაცია;

ე) აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასება და ინტერპრეტაცია.

2. აქტივების განთავსების სტრატეგია შესაძლოა შესრულდეს იტერაციებად, სადაც პროცესი უბრუნდება წინა საფეხურ(ებ)ს, რათა გადაიხედოს წინა საფეხურ(ებ)ზე გამოყენებული პარამეტრების ან/და მიღებული შედეგების ვალიდურობა.

მუხლი 3. სტრატეგიული მიზნები

1. სტრატეგიული მიზნები უნდა შეესაბამებოდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მარეგულირებელ წესსა და კანონს.

2. სტრატეგიული მიზნები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის შინაარსს და შესაძლოა განსხვავდებოდეს საინვესტიციო პორტფელების მიხედვით.

3. ლიკვიდურობის მიზნებისთვის საინვესტიციო პორტფელის ყველა მოსალოდნელი შემოდინება და გადინება გათვალისწინებული უნდა იქნეს საბაზისო ლიკვიდურობის სცენარში. დამატებით, სტრესული სცენარები უნდა შემუშავდეს და განხილულ იქნეს, რათა დაიგეგმოს საჭირო ლიკვიდურობა.

მუხლი 4. რისკის აპეტიტი და საინვესტიციო ჰორიზონტი

1. საინვესტიციო რისკის აპეტიტი წარმოადგენს ამ პოლიტიკით განსაზღვრულ რისკის აგრეგირებულ დონეს, რომლის აღებაც სურს მმართველობით საბჭოს იმისთვის რომ, მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ მიზნებს. თითოეული პორტფელის რისკის აპეტიტი განსხვავებულია მათი რისკის პროფილის შესაბამისად.

2. რისკის აპეტიტის განსაზღვრისას გაითვალისწინება კანონი და მარეგულირებელი წესი.

3. საინვესტიციო ჰორიზონტი თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის განსაზღვრულია საინვესტიციო კომიტეტის მიერ და უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული პორტფელის სტრატეგიულ მიზნებს. საინვესტიციო კომიტეტი თითოეული პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად, რომელიც ასახულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში.

მუხლი 5. დასაშვები აქტივების კლასები და საბაზრო პარამეტრების დაშვებები

1. ბენჩმარკის დონის აქტივების კლასებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში.

2. საინვესტიციო კომიტეტი თითოეული აქტივის კლასისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ ინდექსს (ინდექსებს), რომელიც უნდა იყოს ვაჭრობადი ინსტრუმენტი (ან საჭიროების შემთხვევაში, ინსტრუმენტების ერთობლიობა) ან ინდექსი (ინდექსები), რომელიც გამოყენებული იქნება აქტივების განთავსების სტრატეგიის რაოდენობრივი ანალიზის პროცესში.

3. თითოეული აქტივის კლასისთვის, რომელიც წარმოდგენილია ინდექსით (ინდექსებით), განისაზღვრება საბაზრო პარამეტრების დაშვებები, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს მოსალოდნელ ამონაგებს, ასევე რისკს და ინდექსებს შორის კორელაციას.

4. საბაზრო პარამეტრების დაშვებები შესაძლოა შემუშავდეს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალზე ორიენტირებული მოლოდინების გამოყენებით, ან ორივე მიდგომის ერთობლიობით.

5. თითოეული ინდექსის (ინდექსების) ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია უნდა შეესაბამებოდეს ამ პოლიტიკას და კანონმდებლობას.

მუხლი 6. პორტფელის ოპტიმიზაცია

1. ოპტიმალური ბენჩმარკ პორტფელ(ებ)ის განსაზღვრისთვის გამოყენებული უნდა იყოს საინვესტიციო კომიტეტის მიერ მითითებული ოპტიმიზაციის ტექნიკა, რომელშიც პარამეტრებად გამოიყენება წინა საფეხურზე განსაზღვრული მონაცემები (მინიმუმ შემდეგი საბაზრო პარამეტრების დაშვებები – მოსალოდნელი ამონაგები, რისკი და კორელაციები).

2. ოპტიმიზაციის პროცესის შედეგი არის ეფექტური მრუდი, პორტფელების ერთობლიობა, რომლითაც მიიღწევა მაქსიმალური მოსალოდნელი ამონაგები რისკის მოცემული დონისთვის.

3. ეფექტურ მრუდზე განთავსებული თითოეული პორტფელისთვის მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: წლიური მოსალოდნელი ამონაგები, წლიური სტანდარტული გადახრა, შარპეს ფარდობა, მოსალოდნელი რეალური ამონაგები საინვესტიციო ჰორიზონტისთვის 95% სანდოობის დონით. ურისკო განაკვეთად შესაძლებელია განისაზღვროს მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა.

4. სხვადასხვა სცენარის ანალიზი/სიმულაციები ტარდება ეფექტურ მრუდზე განთავსებულ პორტფელებზე და სხვა შერჩეულ პორტფელებზე.

მუხლი 7. აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასება

1. აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასებისას საინვესტიციო კომიტეტმა უნდა განიხილოს ეფექტურ მრუდზე განთავსებული მინიმუმ შემდეგი პორტფელები, რომლებიც შეესაბამება რისკის აპეტიტს: მინიმალური ვარიაციის მქონე პორტფელი, უმაღლესი მოსალოდნელი ამონაგების მქონე პორტფელი და უმაღლესი შარპეს ფარდობის მქონე პორტფელი. საინვესტიციო კომიტეტმა შესაძლოა აგრეთვე განიხილოს სხვა პორტფელები.

2. საინვესტიციო კომიტეტი ამოწმებს თითოეული პორტფელის გონივრულობას, რათა დარწმუნდეს, რომ პორტფელის აგება პრაქტიკაში შესაძლებელია.

3. საინვესტიციო კომიტეტმა უნდა აირჩიოს ისეთი ბენჩმარკ პორტფელები, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება კონკრეტული საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიზნებს.

4. ბენჩმარკ პორტფელის შერჩევის შემდეგ საინვესტიციო კომიტეტი განსაზღვრავს და წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად მასში შემავალი აქტივების კლასების განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლიდან დასაშვები გადახრის ზღვრებს, რაც ეფუძნება ამ აქტივის კლასებში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს, აქტივების ვოლატილობის ანალიზს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებს და ტაქტიკური ალოკაციის საჭიროებებს.

მუხლი 8. მოთხოვნები აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესში გამოყენებული მონაცემების მიმართ

ყველა მონაცემი, რაც გამოიყენება აქტივების განთავსების სტრატეგიაში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მონაცემების ხელმისაწვდომობა და სანდოობა უნდა გაანალიზდეს ყველა მონაცემისთვის, რაც გამოიყენება აქტივების განთავსების სტრატეგიაში;

ბ) მსჯელობაში და გამოთვლებში გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი წარსული მონაცემები. თუ წარსული დაკვირვების პერიოდში აშკარაა ბაზრის სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო სამსახური, საინვესტიციო კომიტეტთან კონსულტაციით: ა) უგულებელყოფს შეუსაბამო წარსულის მონაცემებს, ან ბ) მოახდენს მონაცემების საჭირო კალიბრაციას, რომ თავსებადად იქნას მონაცემები გამოყენებული დროის ხანგრძლივ მონაკვეთებზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ისტორიული მონაცემები შესაძლოა შეფასდეს ან/და შეიცვალოს მაშინ, როცა მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ან მონაცემთა სანდოობა საეჭვოა. თუმცა მონაცემების შეფასება/მოდიფიცირება შესაძლო მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და შეფასებული/მოდიფიცირებული მონაცემები ყოველთვის გარკვევით უნდა იქნეს გაცხადებული;

დ) ისტორიული ანალიზის ჩატარებისას, საბაზრო პარამეტრების დაშვებების განსაზღვრისთვის, გამოყენებული უნდა იყოს ერთმანეთთან შესაბამისი დროის მონაკვეთი.

მუხლი 9. ჩანაწერების წარმოება

აქტივების განთავსების სტრატეგია სათანადოდ უნდა იქნეს დოკუმენტირებული და შენახული ნებისმიერი მომავალი საჭიროებისთვის, რაც მოიცავს კონკრეტულად გამოყენებულ მეთოდოლოგიებს, აქტივების განთავსების სტრატეგიის ყოველი სამუშაოსთვის.

 

დანართი №2. საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო

მუხლი 1. შესავალი

1. საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო ასრულებს სტრატეგიული გზამკვლევის როლს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მისი მთავარი მიზანია უზრუნველყოს სტრუქტურული მიდგომა, აქტივების განთავსებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესებთან დაკავშირებით.

2. აღნიშნული ჩარჩო მიმოიხილავს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომელიც საინვესტიციო პორტფელების ფორმირებისა და რებალანსირების დროს გამოიყენება და რომელიც მიმართულია საინვესტიციო საქმიანობის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობისკენ.

3. აღნიშნული ჩარჩო არის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ნაწილი და მასთან ერთად განიხილება.

მუხლი 2. ნამატი ღირებულების სტრატეგიები

1. აქტივების განთავსების სტრატეგიის მიხედვით, მმართველობითი საბჭო განსაზღვრავს ბენჩმარკ პორტფელს, რომელიც საინვესტიციო საქმიანობის დაგეგმვის პროცესში საწყის წერტილს წარმოადგენს. პორტფელის ფაქტობრივი შემადგენლობა მოიხსენება, როგორც საინვესტიციო პორტფელი, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ბენჩმარკ პორტფელისგან. ბენჩმარკ და საინვესტიციო პორტფელებს შორის სხვაობა წარმოადგენს აქტიურ რისკს, რომელიც ნამატი ღირებულების სტრატეგიიდან გამომდინარეობს და რასაც მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ახორციელებს.

2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იღებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებს და აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას ახორციელებს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით. საინვესტიციო სამსახური, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით, უზრუნველყოფს საინვესტიციო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო პროცესების შესრულებას, მათ შორის მასთან დაკავშირებული ტრანზაქციების დამუშავებას/შესრულებას, წინამდებარე პოლიტიკის განხორციელებისათვის საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული პროცედურებით განისაზღვრება საინვესტიციო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩართული საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების შესაბამისი უფლება-მოვალეობები.

3. ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი მიზნად ისახავს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით გამოიმუშაოს ნამატი ღირებულება შემდეგი ორი გზით – სტრატეგიული გადახრის და აქტიური ამონაგების სტრატეგიებით.

4. სტრატეგიული გადახრა მოიცავს მიზანმიმართულ, საშუალოვადიან გადახრებს გრძელვადიანი აქტივების განთავსების სტრატეგიიდან, რომელიც ეფუძნება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ შეფასებულ საბაზრო მოლოდინებს. მისი მიზანია გამოიყენოს ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და ბაზრის არაეფექტურობა სხვადასხვა აქტივებთან მიმართებით. აღნიშნული გადახრები ხორციელდება ბენჩმარკ პორტფელის განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს მათ თავსებადობას პორტფელის მთლიან რისკიანობასა და აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიასთან.

5. აქტიური ამონაგების სტრატეგია ხორციელდება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ ბენჩმარკ პორტფელთან მიმართებით ნამატი შემოსავლიანობის მიღების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული დასაშვები აქტივების კლასების ფარგლებში, თუმცა ბენჩმარკ პორტფელში განსაზღვრული აქტივის კლასებს მიღმა. აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს ისეთი კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობებისა და რისკის პრემიის იდენტიფიკაციას, რომელიც არაა ხელმისაწვდომი ბენჩმარკ პორტფელში.

6. საინვესტიციო სამსახური ყოველ ახალ კონტრაჰენტთან ან ახალი აქტივის კლასთან მიმართებით საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე, მის განზრახვას გააცნობს რისკის მართვის სამსახურს მათგან დადებითი ან უარყოფითი რეკომენდაციის მიღების მიზნით და შესაბამისი ანალიზი წარედგინება საინვესტიციო კომიტეტს. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საინვესტიციო კომიტეტი, საკითხს შესაბამისი დასკვნითა და პოზიციით წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება შესაბამის საბჭოს ოქმში. რისკის მართვის სამსახურის უარყოფითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხის ესკალაცია რეგულირდება რისკის მართვის ჩარჩოში განსაზღვრული ესკალაციის პროცედურის მიხედვით და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მმართველობითი საბჭოს მიერ.

7. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი შეიმუშავებს ნამატი ღირებულების სტრატეგიებს საინვესტიციო სამსახურის დახმარებით, რაც საინვესტიციო შესაძლებლობების მუდმივ კვლევას ეფუძნება. სტრატეგიების განხორციელებამდე მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს, რომ საინვესტიციო კომიტეტი ინფორმირებული იყოს აღნიშნულის შესახებ. ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი უნდა მოიცავდეს, როგორც მინიმუმ, სტრატეგიის განხორციელების რაციონალსა და რისკებისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის შესახებ ანალიზს.

8. საინვესტიციო სამსახური ახორციელებს ზემოაღნიშნული სტრატეგიების მონიტორინგს ყოველკვარტლურად, რათა უზრუნველყონ ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო მიზნებისა და აქტივების განთავსების სტრატეგიასთან შესაბამისობა. აღნიშნული ვადა ასევე საკმარისია ბაზრის ტენდენციებისა და ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად ისე, რომ გადახრები შეესაბამებოდეს დასაშვებ ლიმიტებს. ყოველკვარტალური მიმოხილვა უნდა მოიცავდეს სტრატეგიის შეფასებას, მის შესაბამისობას დაშვებული რისკის პარამეტრებთან და ბაზრის ნებისმიერი მნიშვნელოვანი განვითარების ან საინვესტიციო პერსპექტივის ცვლილების განხილვას. მონიტორინგის პროცესი ასევე უნდა ითვალისწინებდეს საჭიროებისამებრ წარმოქმნილი რისკების ან საინვესტიციო შესაძლებლობების მიხედვით სტრატეგიების კორექტირებას და ბაზრის მუდმივ მონიტორინგს.

მუხლი 3. პორტფელის რებალანსირების პოლიტიკა

1. რებალანსირება არის სისტემატური პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია საინვესტიციო და ბენჩმარკ პორტფელების წონებს შორის თანაფარდობის შესანარჩუნებლად. ეს პროცესი მოიცავს ფაქტობრივი პორტფელის წონების კორექტირებას, რათა არ მოხდეს ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელის არასასურველი გადახრა აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგიისა ან/და ნამატი ღირებულების სტრატეგიების მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებისგან, რომელიც კანონით, მარეგულირებელი წესითა და ამ პოლიტიკით დადგენილი ლიმიტების ფარგლებშია. რებალანსირების პროცესი უზრუნველყოფს სასურველი რისკიანობით კორექტირებული შემოსავლიანობის მიღებას, საბაზრო პირობებისა და ინვესტიციების განვითარებადი პერსპექტივების გათვალისწინებით.

2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს საინვესტიციო პორტფელის სისტემატურ გადახედვას მიზნობრივ წონებთან მიმართებაში, რათა შეძლოს არსებული გადახრების იდენტიფიცირება. აღნიშნული გადახედვის შედეგად საინვესტიციო სამსახური ამზადებს რეკომენდაციებს რებალანსირებისთვის როგორც სტრატეგიული გადახრის, ისე ნამატი ღირებულებების სტრატეგიების გათვალისწინებით და წარუდგენს მას მთავარ საინვესტიციო ოფიცერს. საინვესტიციო პორტფელის რებალანსირების ზომა მნიშვნელოვანია, რადგან ის დაკავშირებულია ტრანზაქციულ დანახარჯებთან და მას შეუძლია საინვესტიციო პორტფელის ამონაგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა. საინვესტიციო პორტფელში აქტივების განთავსების ვიწრო დიაპაზონში შესანარჩუნებლად ბრმად რებალანსირება ზრდის ტრანზაქციის ხარჯებს, შემოსავლიანობის ზრდის გარეშე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შემუშავებისას, საინვესტიციო სამსახური ითვალისწინებს ტრანზაქციულ ხარჯებს, რათა მოახერხოს საინვესტიციო პორტფელის სამიზნე წონებთან დაახლოება ისე, რომ ტრანზაქციის ხარჯები მინიმუმამდე იყოს შემცირებული, რაც საბოლოოდ გაზრდის პორტფელის საერთო ეფექტურობასა და უკუგებას. შემოთავაზებული რებალანსირების რეკომენდაციები გადის საფუძვლიან განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

3. პორტფელის რებალანსირების საკითხი გადაიხედება მინიმუმ თვეში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება რებალანსირება, რათა უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის რეგულარულ რეჟიმში დაახლოება მიზნობრივ წონებთან მიმართებაში. დაგეგმილი გადახედვის გარდა, რებალანსირების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ბაზარზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში ან სამიზნე წონებიდან არსებითი გადახრების გამო. აღნიშნული ქმედებების დროული განხორციელება უზრუნველყოფს ფაქტობრივი პორტფელის სასურველი რისკით შესწორებული შემოსავლიანობის დონის შენარჩუნებას, რაც ზრდის პორტფელის მდგრადობასა და ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობას.

4. აქტივების კლასებში განთავსება უნდა განხორციელდეს აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩოში გათვალისწინებული ბენჩმარკის გადახრისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დანართ №3-ში აღწერილ ლიმიტებთან შესაბამისობის დაცვით. თუ საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ პოლიტიკით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა გამოწვეული არ არის ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის დადგენილ მოთხოვნებთან/ლიმიტებთან შესაბამისობა. ამასთან, მმართველობით საბჭოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ასეთი გადახრებისა და დაგეგმილი მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ. შესაბამისი მაკორექტირებელი ზომებისა და მათი განხორციელების ვადების განსაზღვრისას, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის, ტრანზაქციის ხარჯებსა და ლიკვიდობას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომერციული ბანკის მიმართ ჯამური რისკის პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, თუ ტრანზაქციული ხარჯებისა და/ან ლიკვიდობის შეზღუდვების გამო აღნიშნულ ლიმიტთან შესაბამისობაში დაბრუნება 6 (ექვსი) თვის ვადაში შეუძლებელია, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მთავარ საინვესტიციო ოფიცერს დამატებით მისცეს არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადა. ამ შემთხვევაში შესაბამისი კორექტირების ღონისძიებები და გახანგრძლივებული ვადა უნდა დამტკიცდეს მმართველობითი საბჭოს მიერ.

მუხლი 4. პორტფელის რეალოკაციის პოლიტიკა

1. სამი განსხვავებული საინვესტიციო პორტფელის (კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური) მართვისა და არსებული ინვესტიციების გადანაწილების მოქნილობის აუცილებლობის გათვალისწინებით, საჭიროა თითოეულ პორტფელში საკმარისი ლიკვიდურობის შენარჩუნება, რათა დაკმაყოფილდეს პორტფელებს შორის პოტენციური რეალოკაციების მოთხოვნები.

2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია დაიწყოს აქტივების რეალოკაცია პორტფელებს შორის შემდეგ შემთხვევებში:

ა) ბოლო ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული რეალოკაციების მოთხოვნები აღემატება საინვესტიციო პორტფელის 2%-ს (ორ პროცენტს), იმ საინვესტიციო პორტფელისთვის, საიდანაც ხდება აქტივების რეალოკაცია ან იმ საინვესტიციო პორტფელისთვის, სადაც ხორციელდება აქტივების რეალოკაცია;

ბ) საინვესტიციო აქტივების რისკის ლიმიტებთან გადახრები გამოწვეულია ექსტრემალური საბაზრო პირობებით ან კანონმდებლობით განსაზღვრული რისკის ლიმიტების ცვლილებებით და აღნიშნულ პორტფელში არსებული აქტივების არალიკვიდურობა აფერხებს ბაზარზე ყიდვა/გაყიდვის ტრანზაქციების განხორციელებას ზედმეტი ხარჯების გაწევის გარეშე.

3. აქტივების რეალოკაციის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულებამდე მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს, რომ მთავარი რისკის ოფიცერი ინფორმირებული იყოს აღნიშნული რეალოკაციის შესახებ. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამზადებს რეკომენდაციას საინვესტიციო კომიტეტისთვის შემოთავაზებული აქტივების გადანაწილებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ, საკითხს დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.

4. აქტივების რეალოკაციის პოლიტიკის თანმიმდევრული და გამჭვირვალე მიდგომის უზრუნველსაყოფად, პორტფელებს შორის აქტივების გადატანა უნდა მოხდეს სამართლიანი ღირებულებით, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ. გადატანის თარიღი განისაზღვრება როგორც გადატანის დამტკიცებიდან მესამე სამუშაო დღე. რეალოკაციის დროს აქტივების სამართლიანი ღირებულება გამოითვლება შემდეგნაირად:

ა) სადეპოზიტო სერტიფიკატები – ვინაიდან სადეპოზიტო სერტიფიკატებისათვის არ არსებობს აქტიურ ბაზარზე კვოტირებული ფასები, მათი ღირებულების დასადგენად გამოიყენება სამართლიანი ღირებულების შეფასების მიდგომა. სამართლიანი ღირებულება განისაზღვრება გადატანის თარიღის მდგომარეობით, საქართველოში ლიცენზირებული მინიმუმ 3 (სამი) კომერციული ბანკისგან წერილობითი და/ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებული ფასების და სხვა ინდიკატორების საფუძველზე;

ბ) საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები – აქტივის ღირებულება განისაზღვრება გადატანის თარიღისთვის მისი საბაზრო ღირებულების საფუძველზე, რომელიც მონაწილეობს აქტივების წმინდა ღირებულების გაანგარიშებაში;

გ) ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში – უცხოურ ვალუტაში არსებული ნაღდი ფულის გადატანა პორტფელებს შორის მოხდება აქტივების გადატანის თარიღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით;

დ) საბაზრო ფასიანი ქაღალდები (გლობალური აქციები, აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდები) – აღნიშნულ აქტივებზე კვოტირებული საბაზრო ფასების არსებობის გათვალისწინებით, აქტივების შეფასების მეთოდოლოგია დაფუძნებული იქნება გადატანის თარიღისთვის ბაზარზე არსებული დახურვის ფასით.

5. იმ შემთხვევებში, როცა ბოლო ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული რეალოკაციების მოთხოვნები აღემატება საინვესტიციო პორტფელის აქტივების 2%-ს (ორ პროცენტს), რეალოკაცია უნდა განხორციელდეს განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.

 

დანართი №3. რისკის პროფილი და ლიმიტები

მთლიანი რისკის პროფილი და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობა მოცემულია ცხრილი №1 და ცხრილი №2-ის სახით.

ცხრილი №1: ბენჩმარკ პორტფელები და გადახრის ლიმიტები

კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელებისთვის დამტკიცებული ბენჩმარკ პორტფელები, მათი აქტივების კლასების განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებით და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმებით განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:

აქტივის კლასი

განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები

მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით

საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები

15%

+10/-5 პროცენტული პუნქტი

დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში

59%

+6/- 9 პროცენტული პუნქტი

ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები ლარში

3%

+/- 3 პროცენტული პუნქტი

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ობლიგაციები ლარში

5%

+/- 5 პროცენტული პუნქტი

უცხოური ფიქსირებული შემოსავლის მქონე ობლიგაციები

2%

+8/- 2 პროცენტული პუნქტი

უცხოური აქციები

16%

+4/- 6 პროცენტული პუნქტი

 

ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:

აქტივის კლასი

განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები

მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით

საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები

5%

 

+10/- 5 პროცენტული პუნქტი

 

დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში

55%

 

+/- 10 პროცენტული პუნქტი

 

ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები ლარში

5%

+/- 5 პროცენტული პუნქტი

უცხოური აქციები

35%

+5/- 15 პროცენტული პუნქტი

 

გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:

აქტივის კლასი

განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები

მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით

საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები

5%

 

+10/- 5 პროცენტული პუნქტი

 

დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში

33%

 

+/- 10 პროცენტული პუნქტი

 

ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები ლარში

7%

+/- 7 პროცენტული პუნქტი

უცხოური აქციები

55%

 

+5/-15 პროცენტული პუნქტი

 

ბენჩმარკ პორტფელების შემოსავლიანობის და რისკების შეფასების მიზნით გამოიყენება შემდეგი ინდექსები:

 

აქტივის კლასი

ინდექსი

საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები

მიმოქცევაში არსებული ყველა სახაზინო ფასიანი ქაღალდი

დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში

დისკონტური (უკუპონო) დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები, 5 წლამდე ვადიანობით

ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები ლარში

ლარში დენომინირებული მიმოქცევაში არსებული ყველა ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაცია მინიმალური რეიტინგით B+

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ობლიგაციები ლარში

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები მინიმალური საკრედიტო რეიტინგით AA-

უცხოური ფიქსირებული შემოსავლის მქონე ობლიგაციები

Bloomberg Global Aggregate Corporate Total Return Index (კოდი LGCPTRUU)

უცხოური აქციები

შეწონილი ინდექსი:

  • 20% - Vanguard FTSE Pacific ETF (კოდი VPL)
  • 20% - Vanguard FTSE Europe ETF (კოდი VGK)
  • 40% - SPDR S&P500 ETF (კოდი SPY)
  • 20% - Vanguard Emerging Markets Stock Index (კოდი VWO)

ამ პოლიტიკის მიზნებისთვის, საინვესტიციო ჰორიზონტად განისაზღვრა კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 5 წელი, დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 10 წელი და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 15 წელი. საინვესტიციო ჰორიზონტი არ მოიაზრება როგორც საინვესტიციო პორტფელში შემავალი ინდივიდუალური ინვესტიციების მაქსიმალური ხანგრძლივობის ან დაფარვის ვადა.

ბენჩმარკის აქტივის კლასების ინდექსების შეფასების დეტალურ მეთოდოლოგიას შეიმუშავებს საინვესტიციო კომიტეტი რისკის კომიტეტთან შეთანხმებით და წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად.

 

ცხრილი №2: კანონმდებლობითა და პოლიტიკით განსაზღვრული სხვა ლიმიტები

მეტრიკა

რისკის ლიმიტის განმარტება

საზომი

რისკის ლიმიტი

ფონდის დონეზე განსაზღვრული ლიმიტები

 

საინვესტიციო ჰორიზონტზე უარყოფითი გადახრის რისკი

ამონაგების მინიმალური დონე საინვესტიციო ჰორიზონტზე

იზომება საინვესტიციო პორტფელის მოსალოდნელი ამონაგების განაწილებით (ინფლაციის გათვალისწინებით)

95% სანდოობის დონით დადებითი რეალური ამონაგების უზრუნველყოფა

კონცენტრაციის ლიმიტები

 

ფასიანი ქაღალდების კონცენტრაცია

კანონისა და საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, კონცენტრაციის ლიმიტები დგინდება ნებისმიერი ფასიანი ქაღალდისთვის, გარდა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მინიმუმ AA- საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ განთავსებული ფასიანი ქაღალდებისა

იზომება მაქსიმალური პროცენტის განსაზღვრით აქტივების წმინდა ღირებულებიდან, საპენსიო აქტივებიდან ან მარეგულირებელი წესით გათვალისწინებული სხვაგვარი მეთოდით

ერთ ემიტენტში ან ჯგუფში კონცენტრაციის ლიმიტი, როგორც განმარტებულია კანონში და მარეგულირებელ წესში

საკრედიტო რისკის კონცენტრაციის ლიმიტი

რეზიდენტი ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები

იზომება მაქსიმალური პროცენტის განსაზღვრით აქტივების წმინდა ღირებულებიდან

როგორც ეს განმარტებულია მარეგულირებელ წესში

ფულადი სახსრები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ვადიანი ანაბრები და სავალო ფასიანი ქაღალდები   ან ნებისმიერი ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ზრდის დამატებით რისკის პოზიციას

ადგილობრივ კომერციულ ბანკებში არსებული ჯამური რისკის პოზიცია

იზომება კომერციული ბანკის მთლიანი საკუთარი კაპიტალის პროცენტული წილის საფუძველზე (საქართველოს ეროვნული ბანკის პილარ 3-ის კვარტალურ ანგარიშზე დაყრდნობით)

კომერციული ბანკის მთლიანი საკუთარი კაპიტალის მაქსიმუმ 45%, რომლის შეფასებაც ხორციელდება ინვესტიციის განხორციელების დროს.

საკრედიტო რისკის ლიმიტები

 

სასესხო ფასიანი ქაღალდების მინიმალური საკრედიტო რეიტინგი

სასესხო ფასიან ქაღალდებზე მინიმალური საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნა

განმარტებულია მარეგულირებელ წესში

როგორც ეს განმარტებულია მარეგულირებელ წესში

მიმდინარე ანგარიშზე, სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნები

კომერციული ბანკების რეიტინგი, სადაც განთავსდება მიმდინარე ანგარიშზე თანხა, ვადიანი ანაბარი ან სადეპოზიტო სერტიფიკატი, უნდა შეესაბამებოდეს საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნებს

განმარტებულია მარეგულირებელ წესში

განმარტებულია მარეგულირებელ წესში

 

 


სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე