საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 01/07/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 280030000.85.099.016011
11
01/07/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
280030000.85.099.016011
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება №11

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №36 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წესდება“  თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წესდება

მუხლი 1. მიზანი

1.  საინვესტიციო კომიტეტი (შემდგომში − კომიტეტი) დაფუძნებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) 2025 წლის 10 მარტის №1 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების (შემდგომში − სადამფუძნებლო ოქმი) საფუძველზე, სსიპ − საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში −  საპენსიო ფონდი) სპეციალური ფუნქციის − საინვესტიციო საქმიანობის, ეფექტიანად და სათანადოდ განხორციელების მიზნით.

2. ეს წესდება შემუშავებულია კანონის, საპენსიო ფონდის დებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანების (შემდგომში − მარეგულირებელი წესი) შესაბამისად და განსაზღვრავს კომიტეტის მანდატს, ფუნქციებს, შემადგენლობას, თანამშრომლობის წესებსა და წევრების მიმართ დაწესებულ მოთხოვნებს.

 

მუხლი 2. კომიტეტის მანდატი და ამოცანები

1. კომიტეტს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლის უფლებამოსილებაც, მოქმედი კანონმდებლობით  აქვს მინიჭებული. კომიტეტს არ გააჩნია უფლებამოსილება იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რომლებიც საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭო აღნიშნულ უფლებამოსილებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადასცემს კომიტეტს.

2. კომიტეტი პასუხისმგებელია შემდეგზე:

ა) შეიმუშაოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი (შემდგომში − პოლიტიკის დოკუმენტი), რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს  აქტივების განთავსების სტრატეგიას და მისი აღსრულებისათვის საჭირო მექანიზმებს და წარუდგინოს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად;

ბ) მონაწილეობა მიიღოს რისკის აპეტიტის განსაზღვრის პროცესში;

გ) საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, განახორციელოს პოლიტიკის დოკუმენტის გადახედვა, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩათვლით, და საჭიროების შემთხვევაში, წარუდგინოს პოლიტიკის დოკუმენტის  განახლებული ვერსია საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად. განახლებული პოლიტიკის დოკუმენტის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საბჭო;

დ) განსაზღვროს სხვადასხვა საინვესტიციო ჰორიზონტი თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

ე) ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი მოვლენების ან მათთან დაკავშირებული რისკების საპასუხოდ, გადახედოს პოლიტიკის დოკუმენტს და განიხილოს მასში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა;

ვ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის შეიმუშაოს და დაამტკიცოს დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელო თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით. სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და კანონის შესაბამისად, არანაკლებ უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკების პარამეტრებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, მინიმალური საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნებს;

ზ) ახორციელებს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის (შემდგომში − ოფიცერი), საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის და თანამშრომლების შეფასებასა და ზედამხედველობას;

თ) ახორციელებს პოლიტიკის დოკუმენტისა და საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად, რისკების ან გადახრის ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში (მათ შორის, ბაზრის მოძრაობის ან სხვა გარე ფაქტორების შედეგად), მათი ესკალაციის, დოკუმენტირების და გამოსწორების ზედამხედველობას და საბჭოს დროულ ინფორმირებას;

ი) მთავარი საინვესტიციო ოფიცრის საქმიანობის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, რომელიც უნდა ჩატარდეს სულ მცირე კვარტალში ერთხელ. შეფასების შედეგები აისახება კომიტეტის სხდომის შესაბამის ოქმში და წარედგინება საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ ოფიცრის საქმიანობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომიტეტს უფლება აქვს მოსთხოვოს ოფიცერს, გონივრულ ვადაში წარადგინოს დასამტკიცებლად სამოქმედო გეგმა, ასეთი შეუსაბამობის აღმოფხვრისა ან სხვა საჭირო ზომების შესახებ;

კ) კონკურსის გზით შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და წესების, აგრეთვე კანონითა და მარეგულირებელი წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და წარუდგინოს საბჭოს შერჩევის შედეგები, გადაწყვეტილების მისაღებად;

ლ) საბჭოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, საპენსიო ფონდის შესაბამისი სამსახურის მეშვეობით, განახორციელოს მონიტორინგი და შეაფასოს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად და წარედგინოს საბჭოს ანგარიში ამ წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად;

მ) საკუთარი წესდების და/ან მისი ცვლილებების შემუშავება, საბჭოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცების მიზნით;

ნ) საბჭოს მიერ განსაზღვრული საკითხების განხილვა და საბჭოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა, საბჭოს მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით;

ო) პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ნებისმიერი ახალი აქტივის კლასის ან ახალი კონტრაჰენტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს საბჭოს ინფორმირება, საბჭოს მიერ დამტკიცების მიზნით;

პ) საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურისა და დებულების შემუშავების პროცესის ზედამხედველობა და ოფიცრისათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

ჟ) საინვესტიციო სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესის ზედამხედველობა, განხილვა და მოწონება, აღნიშნული ბიუჯეტის გენერალური დირექტორის მიერ საბჭოსათვის წარდგენამდე;

რ) მთავარი საინვესტიციო ოფიცრის  დანიშვნის, შეცვლის ან გათავისუფლების პროცესში ჩართულობა;

ს) შეასრულოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

3. კომიტეტი ახორციელებს უფლებამოსილებას და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მიერ მისთვის დელეგირებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილების ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. კომიტეტი უფლებამოსილია პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ შემთხვევებში შეითანხმოს ოფიცრის საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

 

მუხლი 3. შემადგენლობა და შიდა ორგანიზაცია

1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს სადამფუძნებლო ოქმისა და საბჭოს სხვა შემდგომი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. კომიტეტი შედგება სულ მცირე ხუთი წევრისგან. კომიტეტის წევრები არიან მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტში დამატებით შეიძლება იყვნენ საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები, თანამშრომლები ან შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე მოწვეული პირები. თუმცა, აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს.

3. კომიტეტს ჰყავს მდივანი − მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, რომელიც არ არის კომიტეტის წევრი. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის სხდომა იმართება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის გარეშე, სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომის მდივანს კომიტეტის წევრთაგან.

4. კომიტეტის წევრების საქმიანობა კომიტეტში არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

5. კომიტეტი, კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით,  მმართველობითი საბჭოს შესაბამის პროფესიონალ წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს (შემდგომში − თავმჯდომარე), რომელიც არ უნდა იყოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია კომიტეტის წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

6. თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს კომიტეტის საქმიანობის მართვას და ხელმძღვანელობას, ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

ბ) ადგენს დღის წესრიგს და ხელმძღვანელობს კომიტეტის სხდომებს;

გ) წარმოადგენს კომიტეტს საბჭოსა და  საპენსიო ფონდის სხვა კომიტეტების წინაშე.

7. თავმჯდომარეს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი ანაზღაურება კომიტეტში    განხორციელებული საქმიანობისთვის.

8. თავმჯდომარე მმართველობითი საბჭოს შესაბამის პროფესიონალ კომიტეტის წევრთაგან ნიშნავს თავის მოადგილეს, რომელიც ასრულებს მის მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არ შეიძლება დაინიშნოს თავმჯდომარის მოადგილედ.

9. კომიტეტის წევრები, თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით, ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას კომიტეტის მანდატისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 4. სხდომები

1. კომიტეტის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სხდომებზე დასწრება შესაძლებელია პირადად, ტელეფონით ან ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

2. რიგგარეშე სხდომა შეიძლება, დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის, საბჭოს ან  კომიტეტის სულ მცირე ორი წევრის წერილობითი მოთხოვნით, გადაუდებელი საკითხების წარმოშობის შემთხვევაში. მოთხოვნაში უნდა იყოს მითითებული დღის წესრიგი და სხდომის მოწვევის საფუძველი. ასეთი სხდომის შესახებ შეტყობინება უნდა გაკეთდეს არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა თუ საკითხის გადაუდებლობა უფრო მოკლე ვადაში შეტყობინებას მოითხოვს.

3. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის სულ მცირე 2/3.

4. კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს სხდომაზე ხმის უფლების მქონე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ საბჭოს წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორს, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორი არის კომიტეტის წევრი.

5. სხდომის ოქმები მზადდება მატერიალური და ელექტრონული ფორმით. ოქმებს ხელს აწერენ კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრები. ოქმები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ იყოს იდენტიფიცირებული მათი მომზადების თარიღი, ოქმების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი (კომიტეტის მდივანი) და დამსწრე წევრები/ხელმომწერები. კომიტეტის სხდომის ოქმები ინახება განუსაზღვრელი ვადით მატერიალური და ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივი მატარებლის გამოყენებით).

6. კომიტეტის სხდომის ოქმები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბჭოს და/ან საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

7. კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან, დაესწრონ ყველა სხდომას. თუ კომიტეტის წევრი, არასაპატიო მიზეზით, არ დაესწრება ზედიზედ ორ ან მეტ სხდომას, კომიტეტს შეუძლია, რეკომენდაციით მიმართოს საბჭოს ასეთი წევრის კომიტეტის შემადგენლობაში ყოფნის საკითხის განხილვის თაობაზე.

8. თავმჯდომარე უფლებამოსილია, დღის წესრიგის გათვალისწინებით,  საჭიროებისამებრ სხდომაზე მოიწვიოს საბჭოს სხვა წევრი, აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი ან შესაბამისი ექსპერტები საკითხების განხილვის მიზნით.

 

მუხლი 5. თანამშრომლობა სხვა კომიტეტებთან

1. კომიტეტი უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციასა და კოორდინაციას საპენსიო ფონდის ყველა მმართველობით ორგანოსა და სხვა კომიტეტთან, მათ შორის და არა მხოლოდ: აუდიტის კომიტეტთან, რისკის კომიტეტთან, ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტთან.

2. კომიტეტი საჭიროებისამებრ:

ა) გადასცემს სხვა კომიტეტებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით;

ბ) თანამშრომლობს აუდიტის კომიტეტთან შიდა კონტროლის სისტემისა და რისკის მართვის პრინციპების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით;

გ) ახორციელებს რისკის კომიტეტთან კოორდინაციას საინვესტიციო სტრატეგიასთან, აქტივების განაწილებასთან, პორტფელის კონცენტრაციასთან, ლიკვიდობასთან და კონტრაჰენტებთან დაკავშირებული რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით;

დ) თანამშრომლობს ანაზღაურებისა და ნომინირების  კომიტეტთან, ოფიცრის პოზიციაზე დასანიშნი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის და/ან კანდიდატის კომპეტენციის შეფასებისათვის კონსულტაციის გაწევის გზით.

3. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უფლებამოსილებებს შორის გადაფარვა ან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ერთობლივი ჩართულობა, კომიტეტი უფლებამოსილია, სხვა კომიტეტთან/კომიტეტებთან შეთანხმებით, დააინიციროს ერთობლივი შეხვედრა, შექმნას სამუშაო ჯგუფები ან შეიმუშაოს საერთო წინადადებები. ასეთი თანამშრომლობის შედეგად მიღებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია უნდა დოკუმენტირდეს და ეცნობოს საბჭოს, საჭიროების შემთხვევაში განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

 

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომიტეტის თავმჯდომარე იღებს ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომიტეტმა და კომიტეტის ყველა წევრმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესები.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ინტერესთა კონფლიქტი არის ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც კომიტეტის წევრის გადაწყვეტილება ან მის მიერ მიცემული ხმა მნიშვნელოვან და პირდაპირ გავლენას ახდენს მის პროფესიულ, პირად, ფინანსურ ან საქმიან ინტერესებზე. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) არსებული ინტერესი, როდესაც გადაწყვეტილებიდან პირდაპირი სარგებელი მიიღება;

ბ) პოტენციური ინტერესი, როდესაც არსებობს  შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების შედეგად მოპოვებულ იქნეს სარგებელი;

გ) შესაძლო ინტერესი, როდესაც მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეიძლება დასაბუთებულად ეჭვი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, არსებობს იგი რეალურად თუ არა.

3. კომიტეტის ყველა წევრი ვალდებულია:

ა) გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;

ბ) განსაზღვროს არსებობს თუ არა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;

გ) დარწმუნდეს, რომ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

4. დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე, კომიტეტის წევრებმა წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ მათ არ გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი. ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის არსებობა კომიტეტის წევრმა უნდა გაამჟღავნოს წერილობითი ფორმით და უნდა აცნობოს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნულმა წევრმა არ მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და/ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ საკითხზე, რომლის მიმართაც ინტერესთა კონფლიქტი არსებობს.

5. თუ კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის მიერ განსახილველ და/ან გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს კომიტეტის ყველა წევრს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღებს მონაწილეობას შესაბამის განხილვაში/გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

6. ნებისმიერი გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი უნდა აღინიშნოს სხდომის ოქმში და მიეთითოს ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.           

7. კომიტეტის სხდომაზე მოწვეული/დამსწრე ყველა პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომიტეტის წევრს, ვალდებულია გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან მიმართებით.

 

მუხლი 7. კონფიდენციალურობა

1. კომიტეტის მიერ ყველა განსახილველი საკითხი, დოკუმენტი და გადაწყვეტილება კონფიდენციალურია და მათი გამჟღავნება ნებადართულია მხოლოდ საბჭოს მიერ წერილობით გაცემული ნებართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან თუ გამოთხოვილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში.

2. კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა პერსონალური მონაცემი უნდა დამუშავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობისა და საპენსიო ფონდის შიდა პოლიტიკების შესაბამისად.

 

მუხლი 8. ანგარიშგება

1.  კომიტეტი ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე.

2. კომიტეტი ვალდებულია:

ა)  საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ;

ბ) საბჭოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების შედეგების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.

3. საინვესტიციო კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ შემთხვევას, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს საპენსიო ფონდზე, კომიტეტი დაუყოვნებლივ აცნობებს საბჭოს, რეგულარული ანგარიშგების გრაფიკის ფარგლებს გარეთ. საბჭო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს.

 

მუხლი 9. გადახედვა და შესწორება

1. ეს წესდება  უნდა გადაიხედოს ყოველწლიურად და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს და დამტკიცდეს საბჭოს მიერ.

2. საბჭოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების კომიტეტისათვის დელეგირების შემთხვევაში, წესდების ცვლილებების პროექტს კომიტეტი წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასების მიღების შემდეგ, კომიტეტი უზრუნველყოფს წესდების პროექტის წარდგენას საბჭოსთვის საბოლოოდ დასამტკიცებლად.

3. მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ან ორგანიზაციული ცვლილებების შემთხვევაში, ეს წესდება უნდა გადაიხედოს სამი თვის ვადაში, მისი შესაბამისობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.


სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე