დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის აუდიტის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 01/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.85.099.016009 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის აუდიტის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №36 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის აუდიტის კომიტეტის წესდება“ თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის აუდიტის კომიტეტის წესდება მუხლი 1. მიზანი 1. აუდიტის კომიტეტი (შემდგომში − კომიტეტი) დაფუძნებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში − საპენსიო ფონდი) მმართველობითი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) 2025 წლის 10 მარტის №1 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების (შემდგომში − სადამფუძნებლო ოქმი) საფუძველზე, საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციის − აუდიტის ფუნქციის ეფექტიანად და სათანადოდ განხორციელების მიზნით. 2. ეს წესდება შემუშავებულია კანონის, საპენსიო ფონდის დებულების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანების შესაბამისად და განსაზღვრავს კომიტეტის მანდატს, ფუნქციებს, შემადგენლობას, თანამშრომლობის წესებსა და წევრების მიმართ დაწესებულ მოთხოვნებს. მუხლი 2. კომიტეტის მანდატი და ამოცანები 1. კომიტეტს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლის უფლებამოსილებაც მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. კომიტეტს არ გააჩნია უფლებამოსილება იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რომლებიც საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭო აღნიშნულ უფლებამოსილებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადასცემს კომიტეტს. 2. კომიტეტის პასუხისმგებლობას განეკუთვნება: ა) ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან (როგორც დაცვის მესამე ხაზი), შიდა კონტროლის სისტემებთან, შიდა აუდიტის საქმიანობასთან და აუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ზედამხედველობა; ბ) საპენსიო ფონდის შიდა აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის განსაზღვრა; გ) გარე აუდიტის ჩასატარებლად „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთი აუდიტორული ფირმის შერჩევა, მისი ანაზღაურებისა და მომსახურების პირობების განსაზღვრა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოსათვის წარდგენა დასამტკიცებლად. აუდიტორული ფირმის დანიშვნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს; დ) შიდა და გარე აუდიტის მონიტორინგი და მათთან აქტიური თანამშრომლობა; ე) გარე აუდიტორებთან ყოველწლიური აუდიტის დაწყებამდე აუდიტის ხასიათისა და მოცულობის წინასწარი განხილვა; ვ) აუდიტის შედეგების გადახედვა და იმ შესაძლო პრობლემების ან შენიშვნების განხილვა, რომლებიც აუდიტორებს შეიძლება ჰქონდეთ; ზ) გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილის განხილვა; თ) დანიშნული აუდიტორების მიერ არააუდიტორული მომსახურების გაწევის პოლიტიკის შემუშავება, გარე აუდიტორული ფირმის მხრიდან ასეთი მომსახურების გაწევის ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, და აღნიშნულის წარდგენა საბჭოსათვის დასამტკიცებლად; ი) შიდა აუდიტის უფროსთან ერთად შიდა აუდიტის საქმიანობის მართვა კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; კ) უზრუნველყოფა იმისა, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია იმართებოდეს სხვა საქმიანობებისგან დამოუკიდებლად, და ყველა დოკუმენტი და ჩანაწერი, მათ შორის, ინფორმაცია საპენსიო ფონდის თანამშრომლებზე, აღმასრულებელ დირექტორებსა და საბჭოს წევრებზე ხელმისაწვდომი იყოს შიდა აუდიტის უფროსისათვის; ლ) შიდა აუდიტის უფროსის საქმიანობის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, რომელიც უნდა ჩატარდეს სულ მცირე კვარტალში ერთხელ. შეფასების შედეგები აისახება კომიტეტის სხდომის შესაბამის ოქმში და წარედგინება საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის უფროსის საქმიანობა არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომიტეტის მოთხოვნით, შიდა აუდიტის უფროსი ვალდებულია, გონივრულ ვადაში წარუდგინოს კომიტეტს დამტკიცებისათვის სამოქმედო გეგმა დარღვევების გამოსასწორებლად ან სხვა აუცილებელი ზომების გასატარებლად; მ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ შიდა აუდიტის ფუნქციის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შეფასება; ნ) შიდა აუდიტის გეგმასა და აუდიტის სიხშირეზე საბჭოსთან შეთანხმება; ო) შიდა აუდიტის უფროსთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად არსებული აზრთა სხვადასხვაობის განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა, რათა შიდა აუდიტის უფროსმა სრულად შეასრულოს შიდა აუდიტის მანდატით განსაზღვრული მოვალეობები; პ) შიდა აუდიტის ანგარიშების მიღება და უზრუნველყოფა იმისა, რომ საპენსიო ფონდმა დროულად მიიღოს სათანადო ზომები აუდიტის პროცესში ან მიიღოს სათანადო ზომები სხვა მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევების ან ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ჟ) საპენსიო ფონდის რისკის მართვის მთლიანი ჩარჩოს განხილვა, მათ შორის, შიდა კონტროლის სისტემების სტრუქტურისა და ეფექტიანობის, ასევე ამ საკითხებზე ინდივიდუალური მოსაზრებების განხილვა და საჭიროებისამებრ საბჭოსათვის წარდგენა; რ) საბჭოს მიერ განსაზღვრული საკითხების განხილვა და შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა საბჭოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით; ს) საკუთარი წესდების და/ან მისი ცვლილებების შემუშავება, საბჭოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცების მიზნით; ტ) საპენსიო ფონდის შიდა პროცესების მონიტორინგი; უ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურისა და დებულების შემუშავების პროცესის ზედამხედველობა და შიდა აუდიტის უფროსისათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ფ) საპენსიო ფონდის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესის ზედამხედველობა და განხილვა აღნიშნული ბიუჯეტის გენერალური დირექტორის მიერ საბჭოსათვის წარდგენამდე; ქ) კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3. შემადგენლობა და შიდა ორგანიზაცია 1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს სადამფუძნებლო ოქმისა და საბჭოს სხვა შემდგომი გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. კომიტეტი შედგება სულ მცირე სამი წევრისგან. კომიტეტის წევრები არიან მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. აღმასრულებელი დირექტორები არ შეიძლება იყვნენ აუდიტის კომიტეტის წევრები. 3. კომიტეტს ჰყავს მდივანი – შიდა აუდიტის უფროსი, რომელიც არ არის კომიტეტის წევრი. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის სხდომა იმართება შიდა აუდიტის უფროსის გარეშე, სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომის მდივანს კომიტეტის წევრთაგან. 4. კომიტეტის წევრების საქმიანობა კომიტეტში არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 5. კომიტეტი სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით მმართველობითი საბჭოს შესაბამის პროფესიონალ წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს (შემდგომში − თავმჯდომარე). თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია კომიტეტის წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა. 6. თავმჯდომარე: ა) ახორციელებს კომიტეტის საქმიანობის მართვას და ხელმძღვანელობას ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად; ბ) ადგენს დღის წესრიგს და ხელმძღვანელობს კომიტეტის სხდომებს; გ) წარმოადგენს კომიტეტს საბჭოსა და საპენსიო ფონდის სხვა კომიტეტების წინაშე. 7. თავმჯდომარეს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი ანაზღაურება კომიტეტში განხორციელებული საქმიანობისთვის. 8. თავმჯდომარე მმართველობითი საბჭოს შესაბამის პროფესიონალ კომიტეტის წევრთაგან ნიშნავს თავის მოადგილეს, რომელიც ასრულებს მის მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. 9. კომიტეტის წევრები თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას კომიტეტის მანდატისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად. მუხლი 4. სხდომები 1. კომიტეტის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სხდომებზე დასწრება შესაძლებელია პირადად, ტელეფონით ან ვიდეოკონფერენციის საშუალებით. 2. რიგგარეშე სხდომა შეიძლება, დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის, საბჭოს ან კომიტეტის სულ მცირე ორი წევრის წერილობითი მოთხოვნით, გადაუდებელი საკითხების წარმოშობის შემთხვევაში. მოთხოვნაში უნდა იყოს მითითებული დღის წესრიგი და სხდომის მოწვევის საფუძველი. ასეთი სხდომის შესახებ შეტყობინება უნდა გაკეთდეს არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკითხის გადაუდებლობა უფრო მოკლე ვადაში შეტყობინებას მოითხოვს. 3. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის სულ მცირე 2/3. 4. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე ხმის უფლების მქონე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ საბჭოს წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ იმავდროულად აუდიტის კომიტეტის წევრებს. 5. სხდომის ოქმები მზადდება მატერიალური და ელექტრონული ფორმით. ოქმებს ხელს აწერენ კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრები. ოქმები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ იდენტიფიცირებული იყოს მათი მომზადების თარიღი, ოქმების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი (კომიტეტის მდივანი) და დამსწრე წევრები/ხელმომწერები. კომიტეტის სხდომების ოქმები ინახება განუსაზღვრელი ვადით მატერიალური და ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივვადიანი მატარებლების გამოყენებით). 6. კომიტეტის სხდომების ოქმები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბჭოს და/ან საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში. 7. თუ აუდიტის კომიტეტის მიერ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, შიდა აუდიტის უფროსი ესწრება აუდიტის კომიტეტის ყველა სხდომას. შიდა აუდიტის უფროსს არ აქვს უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა კომიტეტის სხდომებზე, დღის წესრიგის გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ შეიძლება მოწვეულ იყვნენ საბჭოს სხვა წევრები, ფინანსურ საკითხებსა და რისკების მართვაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი დირექტორები, საპენსიო ფონდის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სხვა პირები, რომლებსაც კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს თავისი მანდატის სათანადოდ შესასრულებლად. 8. კომიტეტი პერიოდულად ატარებს შეხვედრებს შიდა აუდიტის უფროსთან სხვა აღმასრულებელი დირექტორების გარეშე. 9. კომიტეტის წევრები ვალდებული არიან, დაესწრონ ყველა სხდომას. თუ კომიტეტის წევრი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ზედიზედ ორ ან მეტ სხდომას, კომიტეტს შეუძლია, რეკომენდაციით მიმართოს საბჭოს ასეთი წევრის კომიტეტის შემადგენლობაში ყოფნის საკითხის განხილვის თაობაზე. მუხლი 5. თანამშრომლობა სხვა კომიტეტებთან 1. კომიტეტი უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას და კოორდინაციას საპენსიო ფონდის ყველა მმართველობით ორგანოსა და სხვა კომიტეტთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: რისკის კომიტეტთან, საინვესტიციო კომიტეტთან და ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტთან. 2. კომიტეტი საჭიროებისამებრ: ა) გადასცემს სხვა კომიტეტებს აუდიტთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით; ბ) თანამშრომლობს რისკის კომიტეტთან შიდა კონტროლის სისტემისა და რისკის მართვის პრინციპების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით; გ) თანამშრომლობს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტთან, შიდა აუდიტის უფროსის პოზიციაზე დასანიშნი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის და/ან კანდიდატის კომპეტენციის შეფასებისათვის კონსულტაციის გაწევის გზით; დ) თანამშრომლობს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტთან ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების და თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობის დადგენის პროცესში, შემდგომში საპენსიო ფონდის ერთიან ბიუჯეტში ასახვის მიზნით. 3. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უფლებამოსილებებს შორის გადაფარვა ან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ერთობლივი ჩართულობა, კომიტეტი უფლებამოსილია სხვა შესაბამის კომიტეტთან/კომიტეტებთან შეთანხმებით დააინიციროს ერთობლივი შეხვედრა, შექმნას სამუშაო ჯგუფები ან შეიმუშაოს საერთო წინადადებები. ასეთი თანამშრომლობის შედეგად მიღებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია უნდა დოკუმენტირდეს და ეცნობოს საბჭოს, საჭიროების შემთხვევაში განხილვისა და დამტკიცების მიზნით. მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი 1. კომიტეტის თავმჯდომარე იღებს ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომიტეტმა და კომიტეტის ყველა წევრმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვან დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესები. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ინტერესთა კონფლიქტი არის ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც კომიტეტის წევრის გადაწყვეტილება ან მის მიერ მიცემული ხმა მნიშვნელოვან და პირდაპირ გავლენას ახდენს მის პროფესიულ, პირად, ფინანსურ ან საქმიან ინტერესებზე. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა შემდეგ შემთხვევებში: ა) არსებული ინტერესი, როდესაც გადაწყვეტილებიდან პირდაპირი სარგებელი მიიღება; ბ) პოტენციური ინტერესი, როდესაც არსებობს შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების შედეგად მოპოვებულ იქნეს სარგებელი; გ) შესაძლო ინტერესი, როდესაც მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეიძლება დასაბუთებულად ეჭვი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, არსებობს იგი რეალურად თუ არა. 3. კომიტეტის ყველა წევრი ვალდებულია: ა) გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი; ბ) განსაზღვროს არის თუ არა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი; გ) დარწმუნდეს, რომ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად. 4. დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე კომიტეტის წევრებმა წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ მათ არ გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი. ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის არსებობა კომიტეტის წევრმა უნდა გაამჟღავნოს წერილობითი ფორმით და უნდა აცნობოს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნულმა წევრმა არ მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და/ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ საკითხზე, რომლის მიმართაც ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. 5. თუ კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის მიერ განსახილველ და/ან გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს კომიტეტის ყველა წევრს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღებს მონაწილეობას შესაბამის განხილვაში/გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. ნებისმიერი გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი უნდა აღინიშნოს სხდომის ოქმში და მიეთითოს ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ. 7. კომიტეტის სხდომაზე მოწვეული/დამსწრე ყველა პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომიტეტის წევრს, ვალდებულია გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან მიმართებით. მუხლი 7. კონფიდენციალურობა 1. კომიტეტის მიერ ყველა განსახილველი საკითხი, დოკუმენტი და გადაწყვეტილება კონფიდენციალურია და მათი გამჟღავნება ნებადართულია მხოლოდ საბჭოს მიერ წერილობითი გაცემული ნებართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან თუ გამოთხოვილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში. 2. კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა პერსონალური მონაცემი უნდა დამუშავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობისა და საპენსიო ფონდის შიდა პოლიტიკების შესაბამისად. მუხლი 8. ანგარიშგება 1. კომიტეტი ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე. 2. კომიტეტი ვალდებულია: ა) საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ; ბ) ყოველწლიურად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, წლიური გარე აუდიტის დასრულების შემდგომ, საბჭოს მომდევნო სხდომაზე წარადგინოს ანგარიში გარე აუდიტის შედეგების შესახებ. 3. აუდიტის კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ შემთხვევას, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს საპენსიო ფონდზე, კომიტეტი დაუყოვნებლივ აცნობებს საბჭოს, რეგულარული ანგარიშგების გრაფიკის ფარგლებს გარეთ. საბჭო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს. მუხლი 9. გადახედვა და შესწორება 1. ეს წესდება უნდა გადაიხედოს ყოველწლიურად და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს და დამტკიცდეს საბჭოს მიერ. 2. საბჭოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების კომიტეტისათვის დელეგირების შემთხვევაში, წესდების ცვლილებების პროექტს კომიტეტი წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასების მიღების შემდეგ კომიტეტი უზრუნველყოფს წესდების პროექტის წარდგენას საბჭოსთვის საბოლოოდ დასამტკიცებლად. 3. მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ან ორგანიზაციული ცვლილებების შემთხვევაში ეს წესდება უნდა გადაიხედოს სამი თვის ვადაში, მისი შესაბამისობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები