„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.017007
168/04
07/07/2026
ვებგვერდი, 08/07/2026
220010040.18.011.017007
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №168/ნ

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში (სსმ, №30, 19/03/2010, 220010040.18.011.014360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქცია“;

ბ) პირველი-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქციის (შემდგომში − ინსტრუქცია) მიზანია საქართველოში საგადახდო ანგარიშებისთვის და შიდასააღრიცხვო ანგარიშებისთვის საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) ფორმატის გამოყენების პრინციპებისა და პროცედურის დადგენა, საგადახდო ანგარიშების და შიდასააღრიცხვო ანგარიშების ნომრების სტანდარტიზაცია, გადახდის ოპერაციის დამუშავების ეფექტურობის გაზრდა, ტრანსსასაზღვრო გადახდების განხორციელების ხელშეწყობა და გადარიცხვების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის სიზუსტის ხარისხის გაუმჯობესება.

2. ამ ინსტრუქციით განისაზღვრება საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) სტრუქტურა და ფორმატი, გენერირებისა და ვალიდაციის ტექნიკა, ასევე ელექტრონულ და მატერიალურ დოკუმენტებზე საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) ასახვის მოთხოვნები.

მუხლი 2. ინსტრუქციის გამოყენების სფერო

საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) ფორმატში გამოყენებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში − საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) მომხმარებლის (შემდგომში − მომხმარებელი) საგადახდო ანგარიში, ასევე შიდასააღრიცხვო ანგარიშები, რომლიდანაც ხორციელდება გადახდის ოპერაციები ლარით და უცხოური ვალუტით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (შემდგომში − IBAN) – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით და ISO 13616 სტანდარტის შესაბამისად გენერირებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც წარმოადგენს ლათინური სიმბოლოების და არაბული ციფრების 22 (ოცდაორი) ერთეულის კომბინაციას, და რომელიც გამოიყენება საქართველოში საგადახდო ანგარიშის და შიდასააღრიცხვო ანგარიშის აღნიშვნისთვის;

ბ) სხვა სახის ანგარიშის ნომერი – ანგარიშის ნომერი, რომელიც არ წარმოადგენს IBAN-ს;

გ) IBAN-ის გენერირება – ამ ინსტრუქციის №1 დანართში აღწერილი პროცედურის შესაბამისად საგადახდო ანგარიშისთვის და შიდასააღრიცხვო ანგარიშისთვის IBAN-ის შექმნის პროცესი;

დ) IBAN-ის ვალიდაცია – IBAN-ის შემოწმების პროცესი, რომელიც მოიცავს IBAN-ის ფორმატის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლსა და ამ ინსტრუქციის №1 დანართში აღწერილი პროცედურების მიხედვით;

ე) ქვეყნის კოდი – ISO 3166-1 სტანდარტით დადგენილი ქვეყნის აღმნიშვნელი ორი ლათინური სიმბოლო;

ვ) IBAN კოდი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში − ეროვნული ბანკი) ამ ინსტრუქციის №2 დანართით მინიჭებული ორი ლათინური სიმბოლოს კომბინაცია, რომელიც წარმოადგენს IBAN-ის ნაწილს და გამოიყენება იმ სუბიექტის იდენტიფიცირებისთვის, სადაც გახსნილია ანგარიში;

ზ) საკონტროლო გასაღები – ორნიშნა რიცხვი, რომელიც გენერირებულია ამ ინსტრუქციის №1 დანართის შესაბამისად, წარმოადგენს IBAN-ის ნაწილს და უზრუნველყოფს IBAN-ის სისწორის დადგენას ვალიდაციის პროცესში;

თ) შიდასააღრიცხვო ანგარიში – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციით“ განსაზღვრული შიდასაბანკო ანგარიში, ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შიდა სისტემაში გახსნილი ანგარიში, რომელიც არ არის მომხმარებლის საგადახდო ანგარიში.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 4. IBAN-ის სტრუქტურა

1. საქართველოში IBAN შედგება 22 (ოცდაორი) სიმბოლოსაგან და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ქვეყნის კოდი;

ბ) საკონტროლო გასაღები;

გ) IBAN კოდი;

დ) ეროვნული ბანკისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ანგარიშისთვის მინიჭებული არაბული ციფრების კომბინაცია.

2. IBAN-ში აკრძალულია ნებისმიერი სიმბოლოს გამოყენება, გარდა არაბული ციფრებისა 0-დან 9-ის ჩათვლით და ლათინური დიდი ზომის სიმბოლოებისა A-დან Z-ის ჩათვლით.

3. IBAN არის ერთიანი და დაუშვებელია მისი რომელიმე ნაწილის განცალკევებით გამოყენება გადახდის ოპერაციებში ან გადახდის ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებში.

მუხლი 5. IBAN-ის ფორმატის რეგისტრაცია

1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაყენებელი IBAN-ის ფორმატის რეგისტრაციას მსოფლიო ბანკთაშორის საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებაში (SWIFT).

2. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საქართველოში თითოეული საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის უნიკალური, ერთი IBAN კოდის ერთჯერადად მინიჭებას და აღნიშნული IBAN კოდების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge) გამოქვეყნებას.

მუხლი 6. IBAN-ის გამოყენება

1. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) IBAN-ის გამოყენება საგადახდო ანგარიშის და შიდასააღრიცხვო ანგარიშის მიმართ;

ბ) IBAN-ის გამოყენება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ანგარიშთან დაკავშირებულ ნებისმიერ, როგორც ელექტრონულ, ისე მატერიალურ დოკუმენტზე;

გ) IBAN-ის გამოყენება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ანგარიშთან დაკავშირებულ ელექტრონულ საგადახდო შეტყობინებებში და ამ ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი გადახდის ოპერაციის შესრულებისას;

დ) IBAN-ის ვალიდაცია ამ ინსტრუქციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, IBAN-ის გენერირება განახორციელოს ამ ინსტრუქციის №1 დანართში აღწერილი პროცედურის შესაბამისად. საგადახდო ანგარიშის ან შიდასააღრიცხვო ანგარიშის ნომერი, რომლის გენერირების პრინციპი არ შეესაბამება ამ ინსტრუქციას, მიიჩნევა სხვა სახის ანგარიშის ნომრად.

მუხლი 7. IBAN-ის ვალიდაცია

1. IBAN-ის ვალიდაცია არის ამ ინსტრუქციის №1 დანართის შესაბამისად IBAN-ის ფორმატის შესაბამისობის დადგენის პროცესი.

2. ვალიდაციის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

ა) ქვეყნის კოდის შემოწმება;

ბ) ფორმატში სიმბოლოების რაოდენობის კონტროლი ქვეყნის კოდის მიხედვით;

გ) ორნიშნიანი რიცხვითი საკონტროლო გასაღების შემოწმება;

დ) ფორმატის შემადგენელი ლათინური სიმბოლოებისა და არაბული ციფრების სტრუქტურის კონტროლი (მხოლოდ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ გენერირებული IBAN-ისთვის);

ე) IBAN კოდის კონტროლი (მხოლოდ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ გენერირებული IBAN-ისთვის).“;

გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა).“;

დ) დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისა) ვალდებულია უზრუნველყოს საგადახდო ანგარიშების და შიდასააღრიცხვო ანგარიშების საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) ფორმატში გენერირება არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე, საგადახდო ანგარიშებისთვის და შიდასააღრიცხვო ანგარიშებისთვის გამოიყენოს როგორც IBAN, ისე სხვა სახის ანგარიშის ნომერი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება საგადახდო ანგარიშის და შიდასააღრიცხვო ანგარიშის სხვა სახის ანგარიშის ნომრით გახსნა და სხვა სახის ანგარიშის ნომრიდან გადახდის ოპერაციების განხორციელება.

3. სხვა სახის ანგარიშის ნომრის ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საგადახდო ანგარიშისთვის IBAN-ის მინიჭების შესახებ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს სხვა სახის ანგარიშის ნომრის ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანისა და აღნიშნულის თაობაზე მომხმარებლის ინფორმირების პროცედურა.

4. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საგადახდო ანგარიშებისთვის და შიდასააღრიცხვო ანგარიშებისთვის გამოიყენოს მხოლოდ IBAN.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა