დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.098.016012 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წესდება, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №112/ნ ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 19/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017736). |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წესდება
|
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი (შემდგომ – კოლეჯი) არის საქართველოს სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ის ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და ამ წესდებით. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ფინანსური ანგარიშგება, საბანკო/სახაზინო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. კოლეჯის მისამართია: ქ. თბილისი, 0102, ნინოშვილის ქ. №55. მუხლი 2. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. კოლეჯის მიზანია პროფესიული სტუდენტების/მსმენელების თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვა და მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. 2. თავისი მიზნების მისაღწევად კოლეჯის საქმიანობის საგანს წარმოადგენს: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ბ) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; გ) პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელება; დ) პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება; ე) სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამების განხორციელება; ვ) ტრენინგ-კურსებისა და პროგრამების განხორციელება არაფორმალური განათლების ფარგლებში; ზ) ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან /დაწესებულებებთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით; თ) გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. 3. კოლეჯს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებასთან (მათ შორის, კოლეჯის მომდევნო ავტორიზაციასთან და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებასთან), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები განახორციელოს სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის მოპოვების შემდგომ. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა, კოლეჯი უფლებამოსილია წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრების მოზიდვა, მათ შორის, შემოსავლის მიღება ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და სწავლების ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს; ბ) დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში კოლეჯი უნდა ფლობდეს არანაკლებ 50%-იან წილს/აქციებს; გ) უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან დადოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომსახურების ხელშეკრულება; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 5. კოლეჯის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის მიზანი უნდა იყოს მხოლოდ მისი ეკონომიკური მდგრადობა, სასწავლო პროცესის განვითარება, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვება და შექმნილი პროდუქციის/გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. 6. სასწავლო პროცესში შექმნილი საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაციიდან და დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობიდან მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხმარდეს მხოლოდ კოლეჯის მიზნების მიღწევას და მისი ფუნქციების შესრულებას. 7. კოლეჯის ვალდებულებებია: ა) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო ყველა პირობა, თითოეული პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) შექმნას ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების პირობები; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისათვის შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია; გ) უზრუნველყოს პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს კოლეჯის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; ე) უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანასწორად სარგებლობა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობა; ზ) უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სოციალური პარტნიორების მონაწილეობა; თ) ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დასაქმებას და ამ მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან ან/და მათ გაერთიანებებთან; ი) ხელი შეუწყოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით პროფესიულ სტუდენტთა სწავლებას როგორც კოლეჯის ფარგლებში, ასევე რეალურ სამუშაო გარემოში; კ) ხელი შეუწყოს საქართველოს და უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და უცხო ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას; ლ) განავითაროს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები; მ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან ან/და დამსაქმებელთა გაერთიანებებთან; ნ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში წერილობით შეატყობინოს ეს პროფესიულ სტუდენტს და განუმარტოს მას „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება; ო) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას და განხორციელებისას გაითვალისწინოს მოზარდთა და ზრდასრულთა საგანმანათლებლო საჭიროებები; პ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება. თავი II. კოლეჯის მართვა მუხლი 3. კოლეჯის მართვის ორგანო კოლეჯის მართვის ორგანოა კოლეჯის დირექტორი. მუხლი 4. კოლეჯის დირექტორი 1. კოლეჯის დირექტორს (შემდგომ – დირექტორი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). კოლეჯის დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით. პირი ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) არ არის ნასამართლევი; გ) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. დ) აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს; ე) გააჩნია სასპორტო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება. 3. კოლეჯის დირექტორის სტანდარტი და კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 4. მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 5. კოლეჯის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები). კოლეჯის დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მის (მათ) ფუნქციებს. 6. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ან განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული დირექტორის მოადგილე, ხოლო აღნიშნული დირექტორის მოადგილის მიერ დირექტორის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორის სხვა მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამ უკანასკნელის არარსებობის ან მის მიერ დირექტორის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კოლეჯის ერთ-ერთი თანამშრომელი. 7. კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება, თუ: ა) ის გადადგა თანამდებობიდან; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს; ზ) ის გარდაიცვალა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება უფლებამოსილი პირის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 5. დირექტორის ფუნქციები დირექტორი: ა) ახორციელებს კოლეჯის მართვას საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოფს ხელშეკრულებების/მემორანდუმების დადებასა და შესრულებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; წარმოადგენს კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში; გ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის წესდების პროექტს; დ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას; ე) ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და სხვა სახის თანამშრომლობის მიზნით; ვ) კოორდინაციას უწევს პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას შრომის ბაზრის ტენდენციების შესაბამისად; ზ) ხელს უწყობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, პროფესიულ სტუდენტთა სამეწარმეო განათლებასა და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების გამოყენებას; თ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა; შეფასების საფუძველზე უზრუნველყოფს მათ წახალისებას ან მიმართავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ი) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; კ) ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტს; ლ) ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს; მ) ეფექტიანად წარმართავს/განკარგავს კოლეჯის ადამიანურ/ფინანსურ/მატერიალურ რესურსებს და ხელს უწყობს აღნიშნული რესურსების განვითარებას; ნ) ქვეყნისა და რეგიონის განვითარების ტენდენციების შესაბამისად, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის განვითარების მოკლევადიან/გრძელვადიან სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს; კოორდინაციას უწევს გეგმების/პროექტების/ინიციატივების განხორციელებას; ო) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს კოლეჯის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; პ) ანაწილებს მოვალეობებს კოლეჯის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს კოლეჯის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ; რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუგვიანეს ყოველი წლის თხუთმეტი თებერვლისა, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წერილობით წარუდგენს გასული წლის ფინანსურ ანგარიშგებას; ს) ზედამხედველობს კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს; ტ) ზრუნავს კოლეჯის კონკურენტუნარიანობასა და მის პოპულარიზაციაზე; უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი III. კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი მუხლი 6. კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. კოლეჯის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 7. კოლეჯის დაფინანსება 1. კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. მუხლი 8. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. კოლეჯს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. კოლეჯი მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. თავი IV. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 9. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. თავი V. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი მუხლი 10. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი კოლეჯის წესდებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები