ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016527
21
16/07/2026
ვებგვერდი, 21/07/2026
010250050.35.127.016527
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2026 წლის 16 ივლისი

ქ. ზესტაფონი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილება (ვებგვერდი, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016357).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 18 აგვისტოდან

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ შერგელაშვილი



დანართი №1

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურული ერთეულს.

2. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, სხვა საკანონმდებლო აქტების, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, წინამდებარე დებულების, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტებითა და მათ საფუძველზე დადგენილი წესების შესაბამისად.

3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

1. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

2. კანონის წინაშე თანასწორობა.

3. საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე.

4. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე.

5. საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით.

6. მიუკერძოებლობა.

7. საქვეყნოობა და საჯაროობა.

მუხლი 3. სამსახურის მიზანი

სამსახურის მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, მუნიციპალური ქონების ეფექტიანი მართვა, აღრიცხვა და რაციონალური გამოყენება.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან (სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისგან (განყოფილების უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) მუნიციპალური ქონების მართვის და ეკონომიკის განყოფილება.

მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კონტროლს და შეფასებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ უძრავი და მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;

ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეგისტრაციას შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში;

ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

თ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე, წარუდგენს მერს შესაბამის წინადადებებს;

ი) ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე წარუდგენს მერს შესაბამის წინადედებებს;

კ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში;

ლ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით.

მუხლი 6. მუნიციპალური ქონების მართვის და ეკონომიკის განყოფილების ფუნქციები:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე, წარუდგენს მერს შესაბამის წინადადებებს;

ვ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ზ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით;

თ) წინადადებების მომზადება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე;

ი) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრების და ბაზრობების რეგულირება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება.

მუხლი 7. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს;

ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ანაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მოსამსახურეთა მორიგი ან/და პროფესიული განვითარებისთვის შვებულების გამოყენებისა და სამსახურებრივი მივლინებების შესახებ;

ვ) ადმინისტრირებას უწევს სამსახურის თანამშრომლებთა საქმიანობის შეფასების, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების პროცესებს, მერის წინაშე აინიცირებს მათ წახალისებას ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდებას;

ზ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვას, ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

თ) თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტებზე ახდენს დროულ რეაგირებას და მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

ი) მერსა და კურატორ მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

კ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, ხოლო მერის მოთხოვნის შემთხვევაში – ანგრიშებსა და ახსნა-განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია:

ა) წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების, ფუნქციების, ამოცანებისა და ვალდებულებების ჯეროვნად და ხარისხიანად შესრულებაზე;

ბ) სამსახურის საქმიანობის შედეგებსა და ეფექტურობაზე;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ან ვიზირებული ცნობების, დოკუმენტებისა და დასკვნების სისწორესა და სიზუსტეზე;

დ) თავისი კომეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული რეგულაციებისა და წესების დაცვაზე;

ე) დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ თანამდებობრივი ინსტრუქციების, შრომის შინაგანაწესის, ეთიკის ნორმების, უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის წესებისა და სხვა შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების დარღვევის ან შეუსრულებლობის ფაქტებზე დროულ რეაგირებაზე;

ვ) სამსახურის საქმიანობის პროცესში, მათ შორის, სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტების პროექტებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების უზრუნველყოფაზე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მერის დავალებით (ბრძანებით) სამსახურის უფროსის მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) უფროსი ან სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

მუხლი 8. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი(მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;

დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოხელეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) მართავს ქონების რეესტრს;

ვ) ახორციელებს ეკონომიკურ ანალიზს;

ზ) ახორციელებს ქონების გადაცემის პროცესების ადმინისტრირებას;

თ) ახდენს ინვენტარიზაციის ორგანიზებას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 9. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების და მერიის დებულების შესაბამისად.

2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;

ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

თ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ი) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

კ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ლ) ისარგებლოს ყოველწლიური 24 სამუშაო დღით ანაზღაურებადი შვებულებით;

მ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. სამსახურის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს შეფასების პროცედურა;

თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 10. სამსახურის საქმიანობის კონტროლი

1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.

მუხლი 11. სხვა დებულებანი

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.

3. ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ დებულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.