მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016775
17
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
010250050.35.153.016775
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 24 ივლისი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი



დანართი
 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის  სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებას და  მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას.

2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია:  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ,  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები. 

 

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, ზონირებას;

გ) სივრცით დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების პროცესში ჩართულობას;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას/შეთანხმებას;

ვ) კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო განყოფილების საქმიანობას – განყოფილების ხელმძღვანელი, რომელთა უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და  თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) არქიტექტურის  განყოფილება;

ბ) ურბანული განვითარების განყოფილება.

 

მუხლი 4. არქიტექტურის განყოფილება

1. განყოფილება:

ა) მონაწილეობს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში;

ბ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას; არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, მშენებლობის ნებართვის გაცემას და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

გ) განიხილავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ამზადებს   ლეგალიზების ან/და ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით და  მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილებას გააჩნია შტამპი, რომლითაც მოწმდება შეთანხმებული არქიტექტურული  პროექტი.

 

მუხლი 5. ურბანული განვითარების განყოფილება

განყოფილება:

ა) მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ურბანულ  დაგეგმვაში;

ბ) უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას;

გ)ამზადებს  წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს  დასახლებათა მიწათსარგებლობის,  ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; შეიმუშავებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს;

დ) ამზადებს  გეგმარებით დავალებებს;

ე) ჩართულია სივრცითი მოწყობისა  და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება/მომზადების პროცესში;

ვ) განიხილავს დოკუმენტაციას მიწის ნაკვეთის გამიჯვნის, გაერთიანების და დანიშნულების შეცვლის თაობაზე და ამზადებს შესაბამის აქტებს;

ზ) განიხილავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე შემოსულ დოკუმენტაციას;

თ) განიხილავს წინადადებებს, შემოსულ კორესპონდენციას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენის და შეცლის თაობაზე;

ი) ამზადებს  განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მერის ბრძანების,  საკრებულოს განკარგულებისა და დადგენილების პროექტებს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.

 

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელი

1.  სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა  მოვალეობებს;

გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) ისმენს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელების ან/და სამსახურის თანამშრომლების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) უზრუნველყოფს  სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების თაობაზე;

ზ) მერს/ კურატორ მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ  წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

თ) მერს  წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის  შესახებ;

ი) ახორციელებს  კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით და მერის დავალებებით  განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს   სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.

3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

 

მუხლი 7. განყოფილების ხელმძღვანელი

1. განყოფილების ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებს საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) ორგანიზებას უწევს  განყოფილების საქმიანობას  და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს უნაწილებს  ფუნქცია-მოვალეობებს.

2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.

3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების ხელმძღვანელის  უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

 

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

1. ამ დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით და ნებისმიერი ცვლილება/ დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.

2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება  კანონმდებლობით  განსაზღვრული წესით.