მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დატკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დატკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016773
15
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
010260020.35.153.016773
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დატკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026 წლის 24 ივლისი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დატკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №16 დადგენილება  (matsne.gov.ge, 19/02/2018, 010260020.35.153.016410).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი



დანართი

 


მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.


მუხლი 1.ზოგადი დებულებები

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური)  წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა თვითმმართველ ერთეულებთან; უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას; პრესკონფერენციების, ბრიფინგების ჩატარებას, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებას; ასევე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის  წარმომადგენლების საქმიანობას. შეიმუშავებს სოციალური ჯანდაცვის  და დასაქმების  მუნიციპალურ პროგრამებს, ამზადებს პროექტებს  სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე. სამსახურის ფუნქციას ასევე წარმოადგენს დამოუკიდებელი და ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომლის მიზანია სისტემური და რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით ორგანიზაციის მმართველობის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ხელშეწყობა. სამსახური დამოუკიდებელი შეფასებების, რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მეშვეობით ხელს უწყობს ორგანიზაციის მიზნების მიღწევას, საქმიანობის ეფექტიანობის, ეკონომიურობის, კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ეთიკური მართვის გაძლიერებას.

2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

 სამსახური შედგება შემდეგი  სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებებისგან:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ)  იურიდიული განყოფილება;

დ)  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება;

ვ) სოციალური და ჯანდაცვის განყოფილება;

ზ)  შიდა აუდიტის განყოფილება.

მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელი

1. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის  თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
 ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.

 

მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის/განყოფილების ხელმძღვანელი

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებების საქმინაობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი.

2. განყოფილების ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.

3. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.

4. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების ხელმძღვანელის  უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

მუხლი 5. საქმისწარმოების განყოფილება

საქმისწარმოების განყოფილება, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს:

ა) მერიის კორესპონდენციის მიღებას და ადრესატისთვის გაგზავნას;

ბ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადო გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

გ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციას და ინდექსაციას;

დ)მერიაში შემოსული დოკუმენტაციის დაარქივებას და მათი კანონით დადგენილი წესით არქივისთვის ჩასაბარებლად მომზადებას;

ე) ელექტრონულ საქმისწარმოებას;

ვ) მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

ზ) მოქალაქეთა კომუნიკაციას მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან; კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ასევე მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა;

თ)გასული კორესპონდენციის კონვერტაციას და საქართველოს ფოსტის მეშვეობით ადრესატთან გაგზავნის უზრუნველყოფას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

 

მუხლი 6. ადამიანური რესურების მართვის განყოფილება

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;

ბ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენას და შესაბამისობის შემოწმებას;

გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

დ) შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემუშავებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;

ე) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოებას;

ვ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადების ორგანიზებას;

ზ) სტაჟირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;

თ) კანონით დადგენილი წესით მოხელეთა შეფასების პროცესის  ორგანიზებას;

ი) მერის დავალებით, შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომების გამოვლენას;

კ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 7. იურიდიული განყოფილება

განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა)  მერიის სამართლებრივ მომსახურებას;

ბ) მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;

გ)  კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და  მომართვების განხილვას; 

დ) მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების და მოქალაქეთა იურიდიულ კონსულტაციას;

ე)მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას;

ვ) სამართლებრივი აქტების ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 8. პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

განყოფილება  უზრუნველყოფს:

ა) მერიის თანამდებობის პირების  პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზებას, ჩატარებას;

ბ) მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქებას;

გ) მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ   ინფორმაციის მომზადებას და მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით გავრცელებას;

დ)თანამშრომლობას სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებთან და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას;

ე)მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

დ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას;

ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში;

ვ) მერიაში ჟურნალისტების აკრედიტაციას;

ზ)მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 9. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება

განყოფილება  უზრუნველყოფს:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის წარმომადგენლების  მუშაობის ხელშეწყობას და ორგანიზებას. მათ კოორდინაციას მერიის თანამდებობის პირებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან;

ბ) მერის წარმომადგენლებისთვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების, მერის გადაწყვეტილებების  გაცნობას;

გ) ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით მერის წარმომადგენლების წინადადებების/მოსაზრებების წარდგენას ხელმძღვანელი პირებისთვის;

დ)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის და  სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების  ორგანიზებას;

ე) მერის წარმომადგენლებისგან სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვასა და  სისტემატიზაციას;

ვ) მერის წარმომადგენლებისგან ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას;

ზ) მერის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრასა და  მონიტორინგის შედეგების მერისთვის წარდგენას;

თ)მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 10. სოციალური და ჯანდაცვის განყოფილება

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;

ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი, დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;

დ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;

ე) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

ვ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი სათანადო ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;

ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

თ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;

ი) სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით;

კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საზოგადოებისათვის მიწოდება;

ლ)  მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 11. შიდა აუდიტის განყოფილება

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემაში არსებული ყველა სფერო, მათ შორის, სისტემაში მიმდინარე ყველა აქტივობა და აქტივები.

2.  განყოფილება ანგარიშვალდებულია უშუალოდ მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად, რითაც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის ფუნქციის დამოუკიდებლობას.

3. განყოფილების ხელმძღვანელი სულ მცირე წელიწადში ერთხელ მერს უდასტურებს შიდა აუდიტის ფუნქციის ორგანიზაციულ დამოუკიდებლობას, ასევე აცნობებს მას ნებისმიერი ჩარევის შესახებ, რომელსაც შიდა აუდიტორები წააწყდებიან შიდა აუდიტის სამუშაოს და შედეგების მასშტაბთან, შესრულებასთან ან კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

4. განყოფილება მერიის სისტემის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ფუნქციურად დამოუკიდებელია.

5. განყოფილება ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში.

6. დასახული ამოცანების შესასრულებლად განყოფილება ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:

ა) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) მერიის პროცესებისა და სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის შეფასება, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ მერიის საქმიანობაზე;

დ) ოპერაციებისა და პროგრამების შედეგების შესაბამისობის შეფასება დადგენილ მიზნებთან და ამოცანებთან, ასევე ოპერაციებისა და პროგრამების შეფასება ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, ეთიკურობისა და სამართლიანობის კუთხით;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) მერიის სისტემის აქტივებისა და სხვა რესურსების ეკონომიურად შეძენის, ეფექტურად გამოყენებისა და სათანადოდ დაცულობის შეფასება;

ზ) ინფორმაციის მთლიანობის, დაცულობისა და იმ საშუალებების სანდოობის შეფასება, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, გაზომვის, ანალიზის, კლასიფიკაციისა და ანგარიშგებისთვის;

თ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციების ან სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი;

ი)  სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.

7. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება განყოფილების  მიერ.

8. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგს და ფასილიტაციას.

9. საკონსულტაციო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს შიდა აუდიტის ინიციატივით, მერიის ხელმძღვანელობის ან/და სტრუქტურული ერთეულების, მერის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შპს-ების მოთხოვნის საფუძველზე.

10. განყოფილებას უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას.

11. საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე შიდა აუდიტის განყოფილება უნდა შეთანხმდეს ობიექტთან მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.

12. განყოფილება უფლებამოსილია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; 

ბ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;

გ) ძირითადი მიმართულებებით საქმიანობის განხორციელების მიზნით შეუზღუდავად როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, მოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე მიიღოს აუდიტის ობიექტის ნებისმიერი თანამშრომლისაგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;

დ) აუდიტის მიზნების მისაღწევად, დამოუკიდებლად განსაზღვროს რესურსების გამოყოფა, სიხშირის დადგენა, სუბიექტების შერჩევა, სამუშაოს მასშტაბი, ტექნიკების გამოყენება და კომუნიკაცია;

ე) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით შიდა აუდიტორებს ჰქონდეთ შეუზღუდავი დაშვება მერიის სისტემის ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა;

ვ) აუდიტის ობიექტებისგან გამოითხოვოს გაცემული რეკომენდაციების დროული შესრულების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მერიიის სისტემაში მიმდინარე პროცესების რისკის მფლობელებს და კონტროლის ღონისძიებებზე პასუხისმგებელ ერთეულებს;

ზ) მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

თ) შიდა აუდიტორული საქმიანობის განხორციელების მიზნით კონსულტაციებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები/ექსპერტები და დაუკვეთოს სხვა სახის კვლევების ჩატარება;

13. განყოფილების უფლებამოსილება ვრცელდება მერიის მთელ სისტემაზე, მათ შორის, მერის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებზე და  შპს-ებზე.

14. მერიის/ა(ა)იპების/შპს-ების თანამშრომლები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმებისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების პროცესში.

15. განყოფილება  ვალდებულია:

ა) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტები, მათ შორის, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. შიდა აუდიტორები პასუხისმგებელნი არიან ჩანაწერებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცვაზე;

დ) მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 12. დასკვნითი დებულებები

1.  დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.

2.  სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.