დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016080 |
|
არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 90-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 18 აგვისტოს №3 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 19/08/2020 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016058). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომ – უსკო) სხდომებზე დასწრების და უსკოს სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა (შემდგომ – მედიასაშუალებები) აკრედიტაცია. 2. არასაარჩევნო პერიოდში აკრედიტაციის მოსაპოვებლად განაცხადების წარდგენა უსკოში შესაძლებელია სამუშაო დღის 18:00 საათამდე. 3. აკრედიტაციის მოსაპოვებლად შესაბამისი ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, აგრეთვე განაცხადის წარდგენის წესი ქვეყნდება უსკოს აპარატის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ, უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა; ბ) კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი აკრედიტაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 3. აკრედიტაცია 1. უსკოს სხდომაზე დასწრებისა და უსკოს სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს უსკოს მდივანი. 2. უსკოში აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა განცხადება უნდა წარადგინოს უსკოს მდივნის სახელზე. 3. უსკოს მდივანი, განცხადებას აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის უსკოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, რომელიც ფორმდება უსკოს მდივნის განკარგულებით. 4. ერთ მედიასაშუალებას უსკოს სხდომაზე დასწრებისა და უსკოს სხდომაზე გადაღების მიზნით შეუძლია აკრედიტაციისათვის წარადგინოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია, რომელთაგან ერთდროულად არაუმეტეს 3 წარმომადგენლისა ესწრება უსკოს სხდომას. 5. განცხადებას უნდა დაერთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ამონაწერი მედიასაშუალების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შესახებ, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს განცხადების ხელმომწერი პირის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივ მაუწყებელს აჭარის ტელევიზიასა და რადიოს. 6. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მედიასაშუალების სრული დასახელება; ბ) ადგილობრივი მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი), ხოლო უცხოური მედიასაშუალების შემთხვევაში – უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ნომერი); გ) მედიასაშუალების საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 7. განაცხადის ფორმას უნდა ერთოდეს მედიასაშუალების წარმომადგენელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ფოტოასლები/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლები. 8. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განცხადება ან/და ამ მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მედიასაშუალებას/მედიასაშუალების შესაბამის წარმომადგენელს უარი ეთქმება აკრედიტაციის მიღებაზე. 9. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში უსკოს მდივანი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში მედიასაშუალებას მისი მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს სათანადო განკარგულებას. მუხლი 4. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის პირობები აკრედიტაციის მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს უსკოს აპარატის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მუხლი 5. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადა 1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადაა აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან 1 კალენდარული წელი. 2. საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების ამ წესით დადგენილი აკრედიტაციის მოქმედება ჩერდება და მათი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის მოქმედების ვადით. 3. მედიასაშუალებების აკრედიტაცია საარჩევნო პერიოდში განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 6. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა 1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით და ძალაშია მედიასაშუალების წარმომადგენლის პირადობის მოწმობასთან/პასპორტთან ერთად. 2. სააკრედიტაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მედიასაშუალების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს უსკოს. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მუხლი 7. წარმომადგენლების შეცვლა/დამატება/უფლებამოსილების შეწყვეტა აკრედიტებული მედიასაშუალებების მიერ წარმომადგენლების შეცვლა/დამატება/უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ამ აკრედიტებული მედიასაშუალების მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. მუხლი 8. აკრედიტებული მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმება მედიასაშუალებამ აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში უნდა მიმართოს უსკოს მდივანს. აკრედიტაციის გაუქმების საკითხის განხილვაზე მოქმედებს იგივე ვადები, რაც განსაზღვრულია აკრედიტაციისთვის. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები