დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა, გაჩერებისა და დგომის დამატებითი წესებისა და პირობების, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.017751 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა, გაჩერებისა და დგომის დამატებითი წესები და პირობები, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესები და პირობები თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა, გაჩერებისა და დგომის დამატებითი წესები და პირობები, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესები და პირობები
|
მუხლი 1
სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა, გაჩერებისა და დგომის დამატებითი წესები და პირობები, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესები და პირობები (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის დამატებით წესებსა და პირობებს, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესებსა და პირობებს.
მუხლი 2 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად, მოგების ან შემოსავლის მიღების მიზნით ეწევა სამეწარმეო ან მომსახურების საქმიანობას; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა; გ) საშვი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული უფლება, სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, ამ წესით გათვალისწინებული წესებისა და პირობების დაცვით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის შესახებ. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3 ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული მიზნით, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის სხვა დროის მონაკვეთია განსაზღვრული) დასაშვებია სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში საშვის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა.
მუხლი 4 1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადასვლისას, გაჩერებისას და დგომისას (ზოლიდან გამოსვლამდე) სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისთვის ჩართული ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია; ბ) გაჩერების შემდეგ დაუყოვნებლივ დადგას საავარიო გაჩერების ნიშანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან არანაკლებ 15 მეტრის მანძილზე; გ) დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები; დ) ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისას დაუყოვნებლივ გამოვიდეს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლიდან. 2. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული მიზნის განმახორციელებელ პირს უნდა ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი, აგრეთვე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან არანაკლებ 15 მეტრის მანძილზე უნდა დადგას 0,5 მეტრი სიმაღლის საგზაო ბოძი ნარინჯისფერი ან ყვითელი საგზაო ციმციმით. 3. საგზაო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბარგულზე ან უკანა კარებზე როგორც დახურულ, ისე ღია მდგომარეობაში თვალსაჩინო ადგილას დატანილი უნდა იქნეს შუქამრეკლი სტიკერი. 4. რეკომენდებულია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას გააჩნდეს რაიმე სახის განმასხვავებელი ნიშანი ან/და შეფერილობა, რომელიც გამოარჩევს მას სხვა სატრანსპორტო საშუალებებისაგან.
მუხლი 5 1. საშვი გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ერთი წლის ვადით. 2. საშვის გაცემის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს წერილობით მიმართავს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი ან ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდებას ან მის სასარგებლოდ გადატანას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს: ა) მონაცემები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი და მისი გამოყენების დანიშნულება) შესახებ; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში მითითებული ძირითადი და დამატებითი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის შესახებ; დ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შუქამრეკლი სტიკერის, ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განმასხვავებელი ნიშნის ან/და შეფერილობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი ფოტომასალა.
მუხლი 6 1. საშვის გაუქმების საფუძველია: ა) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვა; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება; გ) ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების სისტემატური დარღვევა; დ) საშვის მოქმედების ვადის გასვლა. 2. იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში, რომელზეც გაცემული იყო საშვი, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
მუხლი 7 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის მიზანი, ამ მიზნით უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შესაბამის საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით გადაამოწმოს საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სასაქონლო ზედნადების არსებობის ფაქტი.
მუხლი 8 ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერება და დგომა გამოიწვევს ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთო საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები