დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 348 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390000000.10.003.025897 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“:
1. მე-15 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის სახეობების, დიამეტრებისა და შესაბამისი ხარისხების მიხედვით. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრის, ხეტყის დამზადების მიზნით აუქციონის ფარგლებში განხორციელებული ჭრისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება მხოლოდ ხის სახეობებისა და დიამეტრების მიხედვით და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“; ბ) მე-8 პუნქტo ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ხეტყის აღრიცხვის მასალების საფუძველზე დგება აღრიცხვის უწყისი, დანართ №1-ის შესაბამისად, რომელიც ტყითმოსარგებლის მიერ აისახება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, ტყის მართვის ორგანოს მიერ აღნიშნულ სისტემაზე წვდომის უზრუნველყოფის საფუძველზე. აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება ფიზიკურ პირსა და ხეტყის დამზადების მიზნით აუქციონის გამოცხადებისათვის, ასეთ შემთხვევებში მასალებს ამზადებს და სისტემაში ტვირთავს ტყის მართვის ორგანო.“. 2. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყეკაფი მოქმედებს მისი გამოყოფიდან არაუმეტეს ორი წლის ვადით. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“. 3. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა მე-4 პუნქტისა, არ ვრცელდება ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ პირზე.“. 4. 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 და 232 მუხლები: „მუხლი 231. ხეტყის დამზადების აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხეტყის დამზადების უფლებამოსილება 1. ხეტყის დამზადების მიზნით სახელმწიფო ტყით სპეციალურ სარგებლობას აგრეთვე შესაძლოა, ახორციელებდეს ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი, ტყის მდგრადი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ტყის მართვის გეგმის (ტყის მართვის გეგმის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური გამოკვლევის) საფუძველზე შემუშავებული წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილ ტყეკაფზე, მისთვის აუქციონითა და შესაბამისი ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ტყით სარგებლობის უფლება არ საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. 2. ხეტყის დამზადების მიზნით აუქციონის გამოცხადებამდე, ტყეკაფის მონიშვნის მასალებს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ტვირთავს და ტყეკაფს გამოყოფს სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანო. 3. ტყითმოსარგებლის მიერ ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი და ხეტყის დამზადების ელექტრონული აუქციონის შედეგების გათვალისწინებით დადებული ხელშეკრულება. 4. ტყითმოსარგებლეს ხეტყის დამზადების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსზე წარმოეშობა განკარგვის უფლებამოსილება. 5. ტყეკაფის მოქმედების ვადის გასვლის/გაუქმების შემდგომ მოჭრილი, მაგრამ გამოუზიდავი მერქნული რესურსის შემდგომი განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია ტყის მართვის ორგანოს და გასხვისების შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. 6. ტყეკაფის არასწორად გამოყოფის ფაქტის გამოვლენის ან/და გამოყოფილ ტყეკაფზე ხეტყის დამზადების შეუძლებლობის გამო ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყეკაფის გაუქმების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლეს დაუბრუნდება აუქციონზე შეთავაზებული/ დასახელებული საბოლოო ფასის შესაბამისად ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ის ნაწილი, რომელიც აუთვისებელი დარჩა. 7. ტყითმოსარგებლის მიერ ხეტყის დამზადების შედეგად წარმოშობილი ნარჩენის განთავსების წესების დარღვევის შემთხვევაში, საჭირო ხარჯები და დამდგარი ზიანი ეკისრება ტყითმოსარგებლეს. 8. ამ წესის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცდომილების შემთხვევაში, ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული საბოლოო შეთავაზებული ფასის შესაბამისი საფასური მეტობით დამზადებული თითოეული კუბური მეტრი მერქნული რესურსისათვის. 9. ტყითმოსარგებლის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად გადახდილი და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. ტყითსარგებლობის საფასური წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. მუხლი 232. ხეტყის დამზადების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხეტყის დამზადების ზედამხედველობა ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით ხეტყის დამზადებას, ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს ტყის მართვის ორგანო.“. 5. 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი ტყის მართვის ორგანომ, აგრეთვე ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა დაახარისხონ მრგვალ ხეტყედ (მორი) და საშეშე მერქნად. 2. მრგვალი ხეტყისთვის (მორისთვის) ხარისხის მინიჭება ხორციელდება ამ წესის №7 დანართის შესაბამისად, რაზეც დგება შესაბამისი აქტი. აქტის ფორმა მტკიცდება ტყის მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით. მრგვალი ხეტყისთვის (მორისთვის) ხარისხის მინიჭების აქტში დეტალურად აღინიშნება (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ დამზადებულ ხეტყეზე): ა) მერქნული რესურსის მიღების წყარო; ბ) მასზე არსებული სპეციალური ფირნიშის ნომერი, ხოლო ახალი ფირნიშით მარკირების შემთხვევაში – მისი ნომერი; გ) წარმოშობის დოკუმენტის ნომერი, ხოლო ახალი დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში − მისი ნომერი; დ) გამოწერის დრო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მერქნული რესურსის მახასიათებლები (სახეობა, მოცულობა, წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრები), დახარისხების შედეგად მორისათვის მინიჭებული ხარისხი.“. 6. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, მერქნული რესურსი დაახარისხოს მრგვალ ხეტყედ (მორი) და საშეშე მერქნად, ჭრის ან ხეტყის დატვირთვის ადგილას. აღნიშნული პირი ახორციელებს მრგვალი ხეტყის (მორის) დაუკოტრავი სახით, ხოლო საშეშე მერქნული რესურსის – დაკოტრილი სახით ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე.“. 7. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენი ტყითმოსარგებლემ, აგრეთვე ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, უნდა განათავსოს სათანადო წესით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენის განთავსება წარმოებს: ა) ხეტყის ნარჩენის დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე, ჭრის შემდეგ ეროზიისგან დაცვის მიზნით; ბ) ხეტყის ნარჩენის დაწყობა ხურგებად, ხურგის სიგრძე-სიგანე და სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1მX1მX1მ-ს, ხურგები იწყობა მოზარდისაგან თავისუფალ ადგილზე და თანაბრად ნაწილდება ტყეკაფის მთლიან ფართობზე. ხურგებად ეწყობა 6 სმ დიამეტრზე ნაკლები ხეტყის ნარჩენი, უფრო მსხვილი მერქანი გამოზიდული უნდა იქნეს ჭრის ადგილიდან; გ) ხეტყის ნარჩენის ფართობებზე თანაბრად გაბნევით.“. 8. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ამ წესის მიხედვით, ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებით (სპეციალურია ტყითსარგებლობა, რომელიც რესურსის მოპოვების ან გამოყენების ოდენობით (მასშტაბებით) სცდება ტყით საერთო სარგებლობის ხასიათს და ატარებს მოგების (კომერციულ) ან სხვა სახის არაპირადი სარგებლის მიღების სახეს).“. 9. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.“. 10. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მეწარმე ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა, ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების მოპოვების მიზნით, უნდა წარმოადგინოს განცხადება, რომელშიც, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს: ა) მოსაპოვებელი რესურსის დასახელება (ქართული და ლათინური დასახელებით) და დასამზადებელი პროდუქტის დასახელება, პროგნოზული რაოდენობა/მოცულობა; ბ) მოპოვების ადგილმდებარეობა – კონკრეტული სატყეოსა და შესაბამისი GPS კოორდინატების მითითებით; გ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.“. 11. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების, ასევე ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი (გარდა ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ განხორციელებული ჭრებისა) სახეობების მიხედვით საწყობდება შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა ხდება ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და ტყის მართვის ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.“. 12. 68-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის ტერიტორიაზე მერქნული რესურსის აღრიცხვის მომსახურებისთვის გადახდილი უნდა იქნეს 1 მ3 აღრიცხული მერქნული რესურსის, ასევე 1 მ2 ფართობის შესწავლისთვის (ამ წესის №4 დანართის 4.1 პუნქტით) განსაზღვრული საფასური.“. 13. 71-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი: „მუხლი 711. ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ჭრების ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხეტყის ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს შემდეგი წესების დაცვით: ა) მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; ბ) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი.“. 14. 75-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის (გარდა იმ ჭრებისა, რომლებიც ხორციელდება ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ) ან/და ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას, ასევე სხვა ისეთი ჭრების განხორციელებისას, რომელთა დროსაც მერქნული რესურსი უნდა ჩაბარდეს ტყის მართვის ორგანოს, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ან/და თუ რესურსს გაუვიდა გამოზიდვის ვადა, ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს კომპენსაციის სახით – 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, კომპენსაციის სახით, ხოლო დარჩენილი თანხის საკუთარ ანგარიშზე ასახვას. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის (გარდა იმ ჭრებისა, რომლებიც ხორციელდება ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ), ასევე ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 (ერთი) კუბ. მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს, კომპენსაციის სახით, 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარის საკუთარ ანგარიშზე ასახვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლისა და დარჩენილი თანხის გადარიცხვას.“. 15. 78-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.“. 16. 79-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება, გამოცხადდეს: ა) ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფართობის გაცემის შემთხვევაში – ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ; ბ) მერქნული რესურსის, ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრებაში გაცემისა და ხეტყის დამზადების მიზნით სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევაში – ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.“. 17. 79-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია, ტყითსარგებლობის (მათ შორის, ხეტყის დამზადების მიზნით, სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის), მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო, თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც, გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით, ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.“. 18. 79-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში, ასევე მერქნიანი მცენარეების დასამზადებელი რესურსის (ხეტყის) სახეობის, მოცულობის, ჭრის სახისა და დამზადების ვადის, სარგებლობის სხვა კონკრეტული წესების, ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი და მერქნული რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ტყეკაფის ფართობისა და მისი საზღვრების, ხეტყის დამზადების ადგილმდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, სატყეო-საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვ.) შესახებ და ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა მონაცემებს;“. 19. 83-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესიდან გამონაკლისია: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონი, რომლის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს 1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით; ბ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, რომლის საფასური დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების/დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რომლის მომსახურების საფასურსაც იხდის ტყის მართვის ორგანო; გ) ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის საწყისი ფასი, რომელიც ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რომლის მომსახურების საფასურსაც იხდის ტყის მართვის ორგანო.“. 20. 83-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყითსარგებლობის უფლება, მერქნულ რესურსსა და მერქნიანი მცენარეების პროდუქტებზე, ასევე ფესვსა და ძირკვზე საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.“. 21. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 84. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში − 10 დღის ვადაში) აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება. ხოლო მერქნული რესურსის, მერქნული მცენარეების პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების, საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა მერქნიანი მცენარეების პროდუქტები, ტყის არამერქნული რესურსები, ხის მეორეხარისხოვანი მასალები. 2. ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება.“. 22. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი: „42. ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/ შეთავაზებულ ფასს, ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ერთჯერადი სრული გადახდით ან, ნაწილობრივი გადახდის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის უზრუნველყოფით. ანაზღაურების წესი განისაზღვრება აუქციონის პირობებითა და ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით. მიღებული ტყითსარგებლობის საფასური წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.“. 23. 89-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. დაცულ ტყეში სოციალური დანიშნულებით ჭრები ხორციელდება სამეურნეო (გამოიყენება ამ წესის 24-ე მუხლითა და 89-ე მუხლის 14 – 161 პუნქტებით განსაზღვრული ჭრის სახეები), სანიტარიული, მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრით მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 – მე-9 მუხლებით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიების კატეგორიებში, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის მოთხოვნების გათვალისწინებით.“. 24. 89-ე მუხლის 181 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „181. დაცული ტერიტორიის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, მრგვალი ხეტყე (მორი), რომელიც გაიცემა ამ მუხლის მე-4 – მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესით (ამ მუხლის 183 პუნქტით განსაზღვრული მრგვალი ხეტყე (მორი) პირდაპირი მიყიდვისას, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე) და საშეშე მერქანი, მათ შორის, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევაში განხორციელებული ჭრების შედეგად მოჭრილი საშეშე მერქანი – ხეტყის დამზადების ბილეთით, მერქნული რესურსი სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) პირდაპირი მიყიდვის წესით გასცეს სოციალური დანიშნულებით ჭრის უფლების მქონე მოსახლეობაზე. ამ წესით მერქნული რესურსით სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს აღარ აქვს უფლება, ისარგებლოს ხეტყის დამზადების ბილეთით.“. 25. 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეები, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, 2027 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ სახაზო ნაგებობებზე განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარებისას ტყეკაფის მასალების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის ვალდებულებისაგან. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ ტყეკაფის მონიშვნის მასალები (გარდა ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტისა), რომლებსაც სისტემაში ტვირთავს ტყის მართვის ორგანო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები