ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.116.016683
16
29/07/2026
ვებგვერდი, 30/07/2026
010250000.35.116.016683
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 29 ივლისი

ქ. ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევასილ საღინაძე



დანართი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი

 


თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. წესის მიზანია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგება.

 3. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება), ობელისკი, მემორიალური დაფა და სხვა მემორიალური ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, ვიზუალურად (არქიტექტურული მხარე, დიზაინი) დახვეწილი და გამართული, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან.

4. ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. დადგენილებით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას დაცული იქნეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

თავი II

მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების წესი

მუხლი 2

1. თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, გამორჩეული, სახელმწიფო მოღვაწეების, ან/და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ისტორიული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის  მიზნით, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის, ფაქტის დადგომიდან) 20 წლის გასვლის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. ამასთან, 20 წლის გასვლამდე აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის  მხარდაჭერით.

2. ქანდაკება შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან პიროვნების გამოსახულებისა და მასთან ასოცირებული სხვა უძრავი ძეგლისგან. ქანდაკებას შეიძლება გაუკეთდეს შესაბამისი ტექსტური ნაწილი (წარწერა). ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.

3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა, ფიზიკურმა პირმა ან/და საინიციატივო ჯგუფმა.

4. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს, მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ქუჩაზე, მოედანზე ან სხვა ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ქანდაკება, მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისთვის საჭირო  მოთხოვნებს.

5. ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს:

ა) ქანდაკების მიახლოებითი ზომები;

ბ) მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება;

გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) პროქტი, ესკიზი და მოდელი, შესრულებული მასალის მითითებით;

დ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსებული ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნული ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განშლის ამსახველი ფოტომასალა.

მუხლი 3

1. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომისია (შემდგომში - საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქანდაკების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.

3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, მაშინ საკითხი დადგენილი წესით განსახილველად ეგზავნება (გადაეცემა) აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლებიც ვალდებულნი არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების განთავსების პროექტის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. ასეთი დასკვნები დადგენილი წესით გადაეცემა საკრებულოს კომისიას.

4. საკრებულოს კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების გათვალიწინებით, კომისიის შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4

1. საკრებულოს კომისიაში მონაწილეობას იღებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები შესაბამისი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევის მიზნით.

2. ქანდაკების განთავსების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხს წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.

3. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ, კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან კომისიის შემადგენლობაში.

მუხლი 5

1. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში,  ქანდაკების განთავსების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ, მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით.

2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი (წინადადება და მასზე თანდართული მასალები) პროექტი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი, საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

3. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქანდაკების განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს- განკარგულებას, რომლის დამოწმებული ასლი, დადგენილი წესით, ოფიციალურად გადაეცემა განთავსების თაობაზე მიმართვის ავტორს. ასეთი განკარგულება შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

4. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის) შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით.

მუხლი 6

1. ქანდაკების განთავსება შეიძლება განხორციელდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. ქანდაკების დაფინანსება ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.

2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია.

 

თავი III

ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი

მუხლი 7

1. ეროვნული გმირების, მწერლების, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ან/და ღვაწლმოსილი პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ღირსშესანიშნავი მოვლენის (ფაქტის) უკვდავყოფის მიზნით, მემორიალური დაფის განთავსება (დადგმა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ღირსშესანიშნავი მოვლენის (ფაქტის დადგომიდან) 5 წლის გასვლის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. ამასთან, 5 წლის გასვლამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მხარდაჭერით. მემორიალური დაფა შეიძლება შედგებოდეს ტექსტური ნაწილისა ან/და პიროვნების გამოსახულებისაგან. მემორიალური დაფის ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე ასეთი ტექსტი ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე.                                                 

2. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი ობელისკი. სავალდებულოა ობელისკს საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა. ასეთი წარწერა ობელისკზე ქართულ ენასთან ერთად შეიძლება შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.

3. თუ მემორიალური დაფის განთავსება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტზე, მაშინ ამის თაობაზე შესაბამისი წინადადებების (მომართვის) არსებობის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მემორიალური დაფის განთავსებაზე ასეთი პირისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-2 თავით დადგენილი პროცედურების მიხედვით, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

5. ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა, ფიზიკურმა პირმა ან/და საინიციატივო ჯგუფმა.

6. მიმართვა უნდა პასუხობდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.

7. ობელისკის მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს:

ა) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის მიახლოებითი ზომები;

ბ) მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება;

გ) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესრულებული მასალის მითითებით;

დ) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ობელისკის, მემორიალური დაფის ვარსკვლავისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების განშლის ამსახველი ფოტომასალა.

ვ) მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება;

ზ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ.

 

თავი IV

სხვა დებულებები

მუხლი 8

1. ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. ამ წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.