დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.152.016586 |
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/11/2017, 010260020.35.152.016315).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 19 აგვისტოდან.
|
|
დანართი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
|
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესაბამისად, განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს.
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (ტექსტში შემდგომ „მერია“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. 2. მერიას ხელმძღვანელობს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2. მერის საქმიანობის საფუძვლები და პრინციპები 1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; 2. მერიის სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 3. საქმისწარმოების ენა მერიის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული. მუხლი 4. მერიის ადგილსამყოფელი მერიის ადგილსამყოფელია ქალაქი დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №27.
თავი II მერიის სტრუქტურა
მუხლი 5. მერიის სტრუქტურული ერთეული 1. მერიის სტრუქტურული ერთეულია მერიის სამსახური. 2. მერიის სამსახური მისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე – სამსახურის უფროსი. 4. მერიის სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები – სამსახურის განყოფილებები. 5. სამსახურის შიდასტრუქტურული მოწყობის საკითხი განისაზღვრება ამ სამსახურის დებულებითა და საშტატო ნუსხით. მუხლი 6. მერიის სტუქტურული აგებულება 1. მერია შედგება შემდეგი სამსახურებისაგან: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) იურიდიული სამსახური; გ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური; დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ე) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური; ვ) სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური; ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; თ) ზედამხედველობის სამსახური, ი) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური. 2. სამსახურისა და მისი განყოფილებების უფლებამოსილებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
თავი III მერიის თანამდებობის პირები, მერიის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 7. მერიის თანამდებობის პირები 1. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მერიიის თანამდებობის პირები არიან: ა) მერი; ბ) მერის პირველი მოადგილე; გ) მერის მოადგილე; დ) მერის სამსახურის უფროსი. 2. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით. მუხლი 8. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი არის დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. 2. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. მერი ანგარიშვალდებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. მუხლი 9. მერის უფლებამოსილება 1. მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში მერს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებანი: ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს; ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს. 2. საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში მერის უფლებამოსილებებია: ა) საკრებულოს, წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მერს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებანი: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; ვ) არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს. ამტკიცებს შესყიდვების გეგმას. ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში მერი: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ, გარდა თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემთხვევისა; დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს, გარდა თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემთხვევისა; ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი; ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე. 5. აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში მერი ფლობს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას; დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; თ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებულ ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ლ) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. მერი უფლებამოსილია დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. 7. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. 8. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 9. შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მერის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − მერის მოადგილე. მუხლი 10. უფლებამოსილების დელეგირება 1. მერს შეუძლია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება მერიის თანამდებობის პირებისათვის, სხვა საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის, რაზეც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – მერის ბრძანებას. 2. მერის ის უფლებამოსილებები, რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს, ასევე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“-ა.გ“, „ბ.ა“ – „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს მერიის თანამდებობის პირებს, სხვა საჯარო მოსამსახურეებსა ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს. მუხლი 11. მერის პირველი მოადგილე და მოადგილეები 1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 2. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და მერის დავალებების შესრულებას. მუხლი 12. მერის პირველი მოადგილის უფლებამოსილებები 1. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში. 2. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს ფუნქციათა განაწილების შესაბამისად. მერის პირველ მოადგილესა და მერის მოადგილეებს შორის ფუნქციათა განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი. 3. მერის პირველი მოადგილე ასევე ხელმძღვანელობს ყველა იმ საკითხს, რომელიც არ მიეკუთვნება მერის მოადგილის კომპეტენციას. 4. მერის პირველი მოადგილე თავისი კომპეტენციის სფეროში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას. 5. მერის პირველი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუკი კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან. 6. მერის პირველი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს მერის ბრძანებით. მუხლი 13. მერის მოადგილის უფლებამოსილებები 1. მერის მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს ფუნქციათა განაწილების შესაბამისად. მერის პირველ მოადგილესა და მერის მოადგილეებს შორის ფუნქციათა განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი. 2. მერის მოადგილე თავისი კომპეტენციის სფეროში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას. 3. მერის მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუკი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს მერიის დებულებით ან სხვა ნორმატიული აქტით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან. 4. მერის მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს მერის ბრძანებით. მუხლი 14. მერიის სამსახურის უფროსი 1. მერიის სამსახურის უფროსი არის პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მერიის სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის დებულებით, მერისა და მერის მოადგილეების დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით, სამსახურის სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე, თუკი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან. 4. სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს მერის ბრძანებით. 5. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 6. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. მუხლი 15. მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი 1. მერიის სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; თ) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის დებულებით, მერისა და მერის მოადგილეების დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 16. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში 1. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. მერის წარმომადგენელი ინიშნება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში. 3. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების ჩატარებას; ე) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში. ამზადებს და მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ. ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვის ჩატარებას აღნიშნულ საკითხზე. აგროვებს, აანალიზებს და მერს წარუდგენს მოსახლეობის შენიშვნებსა და წინადადებებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით; ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს; ზ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას; თ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; ი) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; კ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ლ) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში; მ) ამზადებს წინადადებებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებაზე; ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ადგილობრივი გზების, ტროტუარების, მოედნების მოვლა-პატრონობას; ო) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის სასაფლაოების მოვლა-პატრონობას; პ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას; ჟ) მონაწილეობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შეისწავლის და უფლებამოსილ პირს წარუდგენს ინფორმაციას პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრების შესახებ, ახორციელებს მონიტორინგს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; რ) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით, მათ შორის: „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გასაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანისათვის მიმართვის, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის მიმართვას, შესაბამის ადმინისრაციულ ერთეულში პირის დაბადების და პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად. ს) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით. 4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 5. მერიის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომლითაც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ცნობებს, ასევე სხვა დოკუმენტებს, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით. მუხლი 17. მერიის საჯარო მოსამსახურეები 1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა: ა) მერიაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ბ) მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება; გ) მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2. მერიის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 18. მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები 1. მერიის მოხელეთა თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების საკითხი წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; 3. საჯარო მოხელეთა და პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს, მერიის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირების სისტემის გათვალისწინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 19. მერიის მოხელთა უფლება-მოვალეობები 1. მერიის საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, შესაბამისის სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 2. მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მერი. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსი“ შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან ხელშეკრულებას აფორმებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან ხელშეკრულებას აფორმებს მუნიციპალიტეტის მერი.
თავი IV მერიის მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 20. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები 1. ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს მერიის საქმიანობას, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების, ასევე კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისკენ. 2. ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 21. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის, სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორცილების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – სახელმწიფო სერვისების განთვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; ი) ფოტოსურათი. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორცილებელად. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 4. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით. 5. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინთა განმარტება და შინაარსი განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 22. მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები 1. მერიის თანადებობის პირები საქართველოს კანონმდებლობის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შემდეგ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს: ა) მერის ბრძანება; ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გ) მერის მოადგილის ბრძანება; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის − მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება. 2. მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მერიის დებულებით, მერიის სამსახურების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით; 3. მერის პირველი მოადგილე და მერის მოადგილე უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება მერიის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით; 4. მერიის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით. მუხლი 23. მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი 1. მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილისა და მერიის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 3. თუ მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი. მუხლი 24. მერიის და მერიის სამსახურის სამუშაო გეგმები 1. მერიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მერის დავალებით შეიძლება შედგეს მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმები. 2. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები. 3. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი, 6 თვე და წელიწადი. 4. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაოს ამტკიცებს მერი. 5. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს შეიმუშავებს და მერთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის ხელმძღვანელი. 6. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მერის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას. 7. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს ახორციელებს მერი. მუხლი 25. ანგარიშგება და საქმიანობის შეფასება 1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, წერილობითი ანგარიშის წარდგენით. 2. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და სამსახურის განყოფილების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი, 6 თვე და წელიწადი. 3. საქმიანობის შეფასება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, წერილობითი ანგარიშის წარდგენით. 4. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და სამსახურის განყოფილების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი, 6 თვე და წელიწადი. 5. ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 6. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს. 7. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს. 8. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერიის ანგარიში განიხილება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 26. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ, მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა. 2. „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრული წესით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავს მერი. 3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომელიც მდებარეობს მისამართზე www.dusheti.org.ge. 4. ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს: ა) მერიის თანამდებობის პირთა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს გამოქვეყნებას; ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ; გ) მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები; დ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; ვ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი; ზ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ; თ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ი) ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამების და მათი განხორციელების თაობაზე; კ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. მუხლი 27. მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი 1. მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; 2. მერიაში შიდა აუდიტს ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური. მუხლი 28. მერიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მერიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. მუხლი 29. დასკვნითი დებულებები დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები