დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 379 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.025928 |
|
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-14 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცემა ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი გემის კაპიტნის ან აგენტის მიმართვის შემთხვევაში. მიმართვაში უნდა მიეთითოს სადგომის შეცვლის მიზეზი და ნავსადგურის დროებით დატოვებისა და ნავსადგურში რეიდიდან უკან დაბრუნების დრო. გემის მიერ სადგომის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გემის ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფება გემზე, ხოლო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული გემის შემთხვევაში – მხოლოდ მაშინ, თუ გემი დატვირთულია ნაყარი ან თხევადი საქონლით და გემის ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფება გემზე. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში გემის აგენტი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გემის სადგომის დროებით შეცვლის მიზეზის მითითებით. აღნიშნულ სისტემაში თანხმობას ასევე ადასტურებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ასეთ შემთხვევაში, გემის მიერ ნავსადგურიდან საღუზე რაიონში გასვლა და იმავე ნავსადგურში დაბრუნება ხორციელდება დამატებითი სასაზღვრო კონტროლის გარეშე. 23. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავსადგურის სადგომის დროებით შეცვლა მოთხოვნილია ნაყარი ან თხევადი საქონლით დატვირთული გემის გადმოტვირთვის/გემზე დატვირთვის ოპერაციის დაწყების შემდეგ, ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე გემის აგენტმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც ადასტურებს გემიდან გადმოტვირთული/გემზე დატვირთული ტვირთის რაოდენობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები