ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.025930
381
07/08/2026
ვებგვერდი, 10/08/2026
240110000.10.003.025930
ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №381

2026 წლის 7 აგვისტო

  ქ. თბილისი

 

ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“.

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და დანართისა − „ზოგადი მოთხოვნები ხორბლის ელევატორის მიმართ“ − ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და დანართი − „ზოგადი მოთხოვნები ხორბლის ელევატორის მიმართ“ − ამოქმედდეს 2031 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ხორბლის (Triticum aestivum L.) სხვადასხვა ჯიშის (შემდგომში − ხორბალი) და მაგარი ხორბლის (Triticum durum Desf.) ჯიშების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ  მათი შემოტანისა და გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) და  ბაზარზე განთავსების პირობებს.

მუხლი 2. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ხორბლის შემოტანისა და გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა), ასევე ბაზარზე განთავსების ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

 2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს:

ა) ტერმინთა განმარტებებს;

ბ) მოთხოვნებს ხორბლისა და მაგარი ხორბლის მიმართ;

გ) ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ;

დ) ხორბლისა და მაგარი ხორბლის ბაზარზე განთავსების პირობებს;

ე) ხორბლისა და მაგარი ხორბლის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს.

მუხლი 3. რეგულირების ობიექტი

1. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ხორბლისა (Triticum aestivum L.) და მაგარი ხორბლის (Triticum durum Desf.) სხვადასხვა ჯიშზე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.

2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ოჯახური წარმოების სუბიექტზე, რომელიც ხორბალს ან/და მაგარ ხორბალს აწარმოებს პირადი მოხმარების მიზნით;

ბ) არასასურსათო დანიშნულების ხორბალსა და არასასურსათო დანიშნულების მაგარ ხორბალზე;

გ) წითელმარცვალა მაგარ ხორბალზე;

დ) საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით  შემოსატანი მთლიანი წონით 10 კგ ხორბალსა და მაგარ ხორბალზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს;

ე) „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოტანილ ხორბალსა და მაგარ ხორბალზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოჯახური წარმოების სუბიექტზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფიტოსანიტარიული კონტროლი.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამტვრეული/დამსხვრეული მარცვალი − მარცვალი, რომლის ენდოსპერმი ნაწილობრივ არ არის დაფარული, ასევე მარცვალი, რომელიც დაზიანდა მოსავლის აღების დროს;

ბ) სხვა მინარევი − არაორგანული და ორგანული მინარევი, გარდა ხორბლის მარცვლის, ხორბლის დამტვრეული/დამსხვრეული მარცვლის, სხვა მარცვლოვანი კულტურებისა და მათი ნარჩენებისა;

გ) სხვა ორგანული მინარევი − ორგანული კომპონენტები, გარდა სასურსათო მარცვლოვნებისა. მათ მიეკუთვნებათ სხვა მარცვლოვანი კულტურების თესლები, ასევე ღეროები, ღეროების ნაწილები, ფოთოლი, ფოთლის ნაწილები და ვეგეტაციური ორგანოების სხვა ნაწილები;

დ) სხვა არაორგანული მინარევი − ნებისმიერი არაორგანული კომპონენტი, მათ შორის, კენჭები, მტვერი, მიწის კოშტები და სხვ.;

ე) კონტამინანტი − ცხოველური წარმოშობის მინარევი (მათ შორის, მკვდარი მწერები);

ვ) მავნებლებით დაზიანება − მარცვლის თაგვით, სხვა მღრღნელებით, მწერებით, ტკიპებით და სხვა მავნებლებით დაზიანება;

ზ) ხორბლის/მაგარი ხორბლის გაუსნებოვნება − მიკროორგანიზმებისა და მავნებელების განადგურების მიზნით მარცვლის ქიმიური, ფიზიკური ან რადიაციული მეთოდებით დამუშავება;

თ) უცხო სუნი − სუნი, რომელიც არ ახასიათებს ხორბალს ან/და მაგარ ხორბალს და რომელიც წარმოიქმნება სხვა, უცხო ნივთიერებების აბსორბციით, მარცვლის არასწორად შენახვის, ტრანსპორტირების ან/და შეფუთვის დროს;

ი) სედიმენტაციის ინდექსი − ხორბლისაგან ან/და მაგარი ხორბლისაგან მიღებული ფქვილის ნალექის მოცულობის რიცხვითი მნიშვნელობა, რომელიც მიიღება ფქვილის რძის მჟავასა და პროპანოლ-2-ის (იზოპროპილის სპირტის) ნარევის ხსნარში მოთავსებისას (ISO 5529:2007. Preview Wheat - Determination of the sedimentation index - Zeleny test);

კ) გაღივებული მარცვალი − მარცვალი, რომელზეც შეუიარაღებელი თვალით მოჩანს ჩანასახი ან პირველადი კვირტი;

ლ) შხამიანი მცენარის მარცვალი − მარცვალი, რომელიც ტოქსიკურია ადამიანისა და ცხოველისათვის და  რომელთა არსებობა ართულებს მარცვლოვნების გაწმენდა-გასუფთავებას;

მ) დაზიანებული მარცვალი − მარცვალი, რომლის გამოყენება ლპობის, დაობების ან ბაქტერიული დასნებოვნების ან სხვა მიზეზების გამო ადამიანისათვის სურსათად დაუშვებელია;

ნ) ელევატორი − მარცვლეულის განთავსებისათვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია ასაწევი, გადასატანი, გასანიავებელი, გასაშრობი და სხვა მოწყობილობებით;

ო) GAFTA (Grain and Feed Trade Association) − მარცვლოვნებისა და საფურაჟე მარცვლოვანი კულტურების ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაცია;

პ) ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია − ტექნიკური რეგლამენტი, რეგულაცია, დირექტივა, დეკლარირებული სტანდარტი, ტექნიკური პირობები, ტექნიკური ინსტრუქცია და სხვ., რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს;

ჟ) ბაზარზე განთავსება − საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება;

რ) შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ხორბალი და მაგარი ხორბალი  შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 5. ხორბლისა და მაგარი ხორბლის ბაზარზე განთავსების პირობები

1. ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ხორბალი და მაგარი ხორბალი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ბაზარზე განთავსებული ხორბალი და მაგარი ხორბალი ეტიკეტირებული უნდა იქნეს „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ხორბლისა და მაგარი ხორბლის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ხორბლის ან მაგარი ხორბლის დასახელება;

ბ) მოსავლის აღების წელი;

გ) მწარმოებლის დასახელება;

დ) იმპორტიორის დასახელება (არსებობის შემთხვევაში);

ე) მასა/წონა;

ვ) შენახვის პირობები.

მუხლი 6. მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ

1. ხორბლისა და მაგარი ხორბლის მიმართ ზოგადი მოთხოვნებია:

ა) ხორბალი და მაგარი ხორბალი უნდა იყოს ჯანსაღი, სუფთა, ხარისხიანი, არ უნდა ჰქონდეს თვითჩახურების, ობის და სხვა უცხო სუნი, რაც მიუთითებს მის გაფუჭებაზე;

ბ) ხორბალს და მაგარ ხორბალს არ უნდა ჰქონდეს უცხო გემო და არ უნდა შეიცავდეს ცოცხალ მწერებს, მათ შორის, ზრდა-განვითარების ნებისმიერ სტადიაზე მყოფ პარაზიტებს;

გ) ხორბლისა და მაგარი ხორბლის მარცვლის ფერი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული ჯიშისთვის დამახასიათებელ შეფერილობას.

2. ხორბლისა და მაგარი ხორბლის მიმართ სპეციფიკური მოთხოვნებია:

ა) ხორბლისა და მაგარი ხორბლის სინესტის მასური წილის (ტენიანობა) მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 14,5%-ს;

ბ) ჭვავის რქის (სოკო Claviceps purpurea) სკლეროციუმის შემცველობის მაქსიმალური რაოდენობა ხორბალსა და მაგარ ხორბალში არ უნდა აღემატებოდეს 0,05%-ს;

გ) ხორბალი და მაგარი ხორბალი არ უნდა შეიცავდეს სარეველა მცენარეების, მათ შორის: კროტოლარიის (Crotolaria spp.), ჭიოტას (Agrostemma githago L.,), აბუსალათინის (Ricinus communis), ლემას (Datura spp.), ასევე სხვა შხამიანი მარცვლოვანი მცენარეების თესლებს და სხვა სარეველა მცენარეების ორგანულ მინარევებს, იმ რაოდენობით, რომელიც რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას;

დ) ხორბალი და მაგარი ხორბალი არ უნდა შეიცავდეს კონტამინანტს ანუ ცხოველური წარმოშობის მინარევს (მათ შორის, მკვდარ მწერებს), იმ რაოდენობით, რომელიც შესაძლოა, რისკს უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას და მისი მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1%-ს;

ე) ხორბალსა და მაგარ ხორბალში სხვა ორგანული მინარევების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1,5%-ს;

ვ) ხორბალსა და მაგარ ხორბალში სხვა არაორგანული მინარევების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,05%-ს;

ზ) ხორბლისათვის დაზიანებული და დამტვრეული/დამსხვრეული მარცვლის მაქსიმალური რაოდენობა, 1,7 მმ ზომის უჯრედებისა და 20 მმ დიამეტრის მქონე ლითონის   საცერზე გაცრისას,  არ უნდა აღემატებოდეს 5,0%-ს;

თ) მაგარი ხორბლისათვის დაზიანებული და დამტვრეული/ დამსხვრეული მარცვლის მაქსიმალური რაოდენობა 1,9 მმ ზომის უჯრედებისა და 20 მმ დიამეტრის მქონე ლითონის საცერზე გაცრისას არ უნდა აღემატებოდეს 6,0%-ს;

ი) ხორბალში სხვა სასურსათო მარცვლოვანი კულტურების შემცველობა, გარდა ხორბლისა და მაგარი ხორბლისა (მთლიანი ან დამტვრეული), არ უნდა აღემატებოდეს 2,0%-ს;

კ) მაგარ ხორბალში სხვა სასურსათო მარცვლოვანი კულტურების მარცვლის შემცველობა, გარდა ხორბლისა და მაგარი ხორბლისა (მთლიანი ან დამტვრეული), არ უნდა აღემატებოდეს 3,0%-ს;

ლ) ჩახურებული მარცვლის რაოდენობა, ხორბლისა და მაგარი ხორბლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 0,05%-ს;

მ) დაზიანებული მარცვლის მაქსიმალური რაოდენობა, მათ შორის, მარცვალი, რომელთაც აშკარად აქვთ სინესტის, ასევე დაავადებების, ობის, ჩახურების, ფერმენტაციის, გაღივებისა და სხვა ნიშნები, ხორბლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 6,0%-ს;

ნ) დაზიანებული მარცვლის მაქსიმალური რაოდენობა, მათ შორის, მარცვალი, რომელთაც აშკარად აქვთ სინესტის, ასევე დაავადებების, ობის, ჩახურების, ფერმენტაციის, გაღივებისა და სხვა ნიშნები, მაგარი ხორბლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4,0%-ს;

ო) მწერებით დაზიანებული მარცვლის რაოდენობა, რომელზედაც აშკარად შეიმჩნევა  ნასვრეტები, ხორბლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1,5%-ს;

პ) მწერებით დაზიანებული მარცვლის რაოდენობა, რომელზედაც აშკარად შეიმჩნევა ნასვრეტები, მაგარი ხორბლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2,0%-ს;

ჟ) გაღივებული მარცვლის შემცველობა, ხორბლისა და მაგარი ხორბლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4%-ს;

რ) ხორბლისათვის სედიმენტაციის ინდექსი (Zeleny-ის ინდექსი) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 22 მლ-ს ან ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული წებოგვარას დეფორმაციის ინდექსს;

ს) ფუზარიოზით (Fusarium graminearum) დაზიანებული მარცვლის რაოდენობა მაგარი ხორბლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1,5%-ს;

ტ) ხორბალში დაუშვებელია ფუზარიოზით (Fusarium graminearum) დაზიანებული მარცვლის შემცველობა;

უ) მინიმალური ხვედრითი წონა ხორბლისთვის უნდა შეადგენდეს 73 კგ/ჰექტოლიტრში (ანუ ნატურა უნდა შეადგენდეს 730 გ/ლიტრში);

ფ) მინიმალური ხვედრითი წონა მაგარი ხორბლისთვის უნდა შეადგენდეს 78 კგ/ჰექტოლიტრში (ანუ ნატურა უნდა შეადგენდეს 780 გ/ლიტრში);

ქ) ცილის მინიმალური შემცველობა ხორბლისათვის უნდა შეადგენდეს 11,0%-ს;

ღ) ცილის მინიმალური შემცველობა მაგარი ხორბლისათვის უნდა შეადგენდეს 11,5%-ს;

ყ) სხვა ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე ხორბლის მარცვლის მაქსიმალური შემცველობა ხორბლისა და მაგარი ხორბლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 12%-ს;

შ) ვარდნის რიცხვი (Hagberg falling) ხორბლისა და მაგარი ხორბალისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 220 წმ-ს.

მუხლი 7. ჰიგიენის მოთხოვნები ბიზნესოპერატორის მიმართ

1. ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნებია:

ა) ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ხორბლისა და მაგარი ხორბლის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, შემოტანასა  და გატანასთან (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ვალდებულია, დაიცვას „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტით − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრული მოთხოვნები;

ბ) შესაძლებელია, ბიზნესოპერატორმა გამოიყენოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესისაგან განსხვავებული წესი იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის მიერ დასაბუთებული იქნება მის მიერ გამოყენებული განსხვავებული წესით ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა.

2. ბაზარზე განთავსებამდე ხორბალი და მაგარი ხორბალი განთავსებული უნდა იქნეს ელევატორში.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) დაშვებულია მხოლოდ ელევატორიდან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,  შემოტანილ ხორბალს თან უნდა ახლდეს ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანამდე ხორბალი განთავსებული იყო ელევატორში.

5.  გარდა ამ მუხლის პირველი, მე-2 − მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნებისა, ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ხორბლისა და მაგარი ხორბლის ტრანსპორტირებასთან, ვალდებულია, დაიცვას სპეციფიკური მოთხოვნები:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დასაშვებია მხოლოდ დახურული ვაგონებით, ხორბალმზიდი ვაგონებით ან კონტეინერებით (ტანკერებით), რომელიც უზრუნველყოფს ხორბლისა და მაგარი ხორბლის დაცვას მწერების, ცხოველების, მათ შორის, მღრღნელების შეღწევისა და ტრანსპორტირების დროს დაბნევისაგან;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა, საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით, შესაძლებელია ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ხორბალსა და მაგარ ხორბალს თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტრანსპორტირებისას, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იქნეს გაუსნებოვნებული ყოველი დატვირთვის წინ, რაც  ასახული უნდა იყოს ფიტოსანიტარიულ სერტიფაკატში  ან დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ გაცემული დოკუმენტით.

6. საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხორბლის ელევატორის მიმართ ზოგადი მოთხოვნები დადგენილია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით „ზოგადი მოთხოვნები ხორბლის ელევატორის მიმართ“.

მუხლი 8. რეგულირების ობიექტის შესაბამისობის კონტროლი

 ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ხორბლისა და მაგარი ხორბლის შესაბამისობის კონტროლი ხორციელდება:

ა) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის დროს;

ბ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებთან ერთად;

გ) ბიზნესოპერატორის მიერ, შიდა საწარმოო კონტროლის დროს.

დანართი

ზოგადი მოთხოვნები ხორბლის ელევატორის მიმართ

1. ხორბლის ელევატორი (შემდგომში − ელევატორი)   წარმოადგენს  სპეციალურად მოწყობილ საწარმოო-საინჟინრო ნაგებობათა და ტექნოლოგიურ მოწყობილობათა ერთობლიობას, რომელიც განკუთვნილია ხორბლის მიღების, გაწმენდის, გაშრობის, შენახვის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღრიცხვის, შიდა გადაადგილებისა და შემდგომი გატანის (დატვირთვის) უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ტექნიკური ნორმების დაცვით.

2. ელევატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ინფრასრუქტურულ და ტექნიკურ პირობებს:

ა)  ელევატორი აღჭურვილი უნდა იყოს:

ა.ა) ხორბლის მიღებისა და გადმოტვირთვისათვის საჭირო მექანიზმებით;

ა.ბ) ხორბლის გაწმენდის, გაშრობისა და ვენტილაციის სისტემებით;

ა.გ) შენახვისათვის განკუთვნილი სილოსებით ან საცავებით, რომლებშიც უზრუნველყოფილი იქნება ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი;

ა.დ) ასაწონი, საზომი და სხვა საკონტროლო-ტექნიკური მოწყობილობებით;

ბ) ყველა საკონტროლო-ტექნიკური მოწყობილობა პერიოდულად უნდა იყოს შემოწმებული და დამოწმებული.

 3. ელევატორში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მიღებული ხორბლის ხარისხის პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევა.

4. ხორბლის შენახვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს მისი სხვა მინარევებითა და კონტამინანტებით დაბინძურება, გაფუჭება, მავნებლებით დაზიანება ან ხარისხის გაუარესება.

5. დაუშვებელია სხვადასხვა ხარისხის ან განსხვავებული მდგომარეობის ხორბლის შერევა სათანადო აღრიცხვისა და ჩანაწერების გარეშე.

6. ხორბლის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხორბლის ელევატორის ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

7. პასუხისმგებლობა დოკუმენტების წარმოებისა და მათში ჩანაწერების სისწორის, მათი შენახვისა და დაცვისათვის ეკისრება ბიზნესოპერატორს.