დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 428 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.025978 |
|
„საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/08/2021, 360160000.10.003.022982) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ტყეთმოწყობის მიზანი 1. ტყეთმოწყობა არის საქართველოს ტყეში განსახორციელებელ ტექნიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტყის საზღვრის (კონტურის) დადგენას, ტყის მდგომარეობის ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ შეფასებას და ქმნის ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენისა და ტყის რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს. 2. ტყეთმოწყობის ობიექტს წარმოადგენს: ა) ტყე და ტყის მიწები; ბ) ტყის კონტურის გარეთ არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია და არიდული ტყე − ნათელი ტყე. შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრულ ტყეთმოწყობის ობიექტად არ მიიჩნევა ტყის კონტურის გარეთ არსებული მიწის ფართობი: ბაღი (ხეხილისა და სხვა), სკვერი, პარკი; ხეთა ზოლი, რომელიც ასრულებს ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ფუნქციას (ქარსაფარი ზოლი); ტერიტორია, რომელიც ტყეში არ არის და გამოიყენება მოკლევადიანი მონაცვლეობისთვის ტყის შემქმნელი სახეობების გაშენებიდან 30 წლამდე პერიოდში (პლანტაცია); მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, საახალწლო ხის პლანტაცია; მერქნიან ხეთა (კაკალნაყოფიანების) პლანტაცია ნაყოფის მისაღებად, ხილკენკროვანი სახეობების პლანტაცია. 3. ტყეთმოწყობის მიზანია საქართველოს ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა და საველე სამუშაოების განხორციელების შედეგად იმ ტერიტორიის გამოვლენა, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყეთმოწყობის ობიექტის განმარტებას. 4. ტყეთმოწყობის მასალების სისტემატიზაციის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შესათანხმებელი (ტყის საზღვრის პერიმეტრიდან გასამიჯნი) ფართობებისა, დგება ტყის მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს დასკვნით დოკუმენტს ტყის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.“. 2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტყეთმოწყობის სამუშაოები ასახული უნდა იქნეს ტექნიკურ დავალებაში, ტყეთმოწყობის ობიექტის მიზნობრივი და ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე.“. 3. მე-14 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყეთმოწყობის ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს ტყეთმოწყობის ობიექტის საკვარტალე ქსელის შემუშავებას, ფართობების დეშიფრირებას, ტყის შიდასამეურნეო ორგანიზებასა და შესაბამისი ტერიტორიებისთვის კარტოგრაფიული მასალების მომზადებას; ბ) საველე სამუშაოების ეტაპი მოიცავს ტყეთმოწყობის ობიექტზე საველე პირობებში ტყის აღრიცხვის ღონისძიებების ჩატარებას; გ) კამერალური სამუშაოების ეტაპი მოიცავს ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და მის საფუძველზე ტყის მართვის გეგმის მომზადებას. 2. ტყეთმოწყობის ტექნიკურ საფუძველს წარმოადგენს ორთოფოტოგეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ტყის კორომთა გეგმები, ტყის აღრიცხვის არსებული მონაცემები (მათ შორის, გასული სარევიზიო პერიოდის ტყეთმოწყობის მასალები), ტყეთმოწყობის ობიექტის რელიეფის ციფრული სიმაღლითი მოდელი, ინფორმაცია ტყის საზღვრების შესახებ, საველე სამუშაოებით აზომილ-დაზუსტებული ტყის საზღვრები, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ − „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ტყეთმოწყობის ობიექტის საზღვრების (კონტურების) დაზუსტება, შიდასამეურნეო მოწყობა − საკვარტალე ქსელის პროექტის შედგენა, სატყეოებად, სამცველოებად და კვარტალებად დაყოფის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; გ) ტყეთმოწყობის ობიექტის გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნა, თემატური რუკების, საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და სხვა კარტოგრაფიული მასალის მომზადება; დ) ტყეთმოწყობის ობიექტის ტყისა და ტყის მიწების საზღვრების დაზუსტება/გამოვლენა, შესაბამის კატეგორიებად დაყოფის თაობაზე;“; ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ტყეთმოწყობის ობიექტის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეების გამოვლენა და მათი მდგომარეობის შეფასება;“. 4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ტყის აღრიცხვის სამუშაოების შედეგად დაზუსტებული სახელმწიფო ტყის საზღვრები და გამოვლენილი ფართობები, სამინისტროს გავლით, თანხმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.“. 5. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სანიმუშო ფართობებისა და სტრატების მონაცემთა შეჯერებით ხორციელდება ტყეთმოწყობის ობიექტის ტყის მდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი სატაქსაციო მონაცემების განზოგადება-დაზუსტება.“. 6. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველია ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შეგროვებული ტყეთმოწყობის მასალები.“. 7. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ტყეთმოწყობის ობიექტის ბუნებრივ-ისტორიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური პირობები;“. 8. 30-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. დანართ №4-ის − „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის მეთოდის“ ცხრილი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები