საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 2020 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (იხ. ბმული https://matsne.gov.ge/ka/document/view/4962987), რომელიც ჩაანაცვლებს 1994 წელს მიღებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება. კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმები, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში.
კანონის ამგვარი მიდგომით მხარეები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები, ხოლო ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. ამასთან, გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა.
კანონის პროექტი გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის. საკითხით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს პროექტის თაობაზე არსებული მოსაზრება მაცნეს ვებგვერდზე კომენტარის სახით დააფიქსიროს. ასევე, საკანონმდებლო მაცნეს ფორუმზე გახსნილია ახალი სამსჯელო თემა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტზე (იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/node/4686000)