Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
| О создании надлежащих условий для мирного урегулирования конфликта в бывшей Юго-Осетинской автономной области | |
|---|---|
| Номер документа | 4625 |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 13/04/2007 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 14, 18/04/2007 |
| Expiration Date | 01/01/2026 |
| Регистрационный код | 010.100.000.05.001.002.780 |
| Консолидированный публикации | |
Консолидированная версия (27/09/2013 - 17/12/2025)
საქართველოს სახელმწიფო აცნობიერებს, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა არის მისი მოგვარების უპირობო გზა,
აღიარებს და იცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებებს,
ესწრაფვის, უზრუნველყოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის, ადგილობრივი პოლიტიკური ძალისა და მთლიანად ადგილობრივი საზოგადოების მაქსიმალური და სრულფასოვანი მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში,
და მიზნად ისახავს ყველა პირობის შექმნას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახელმწიფოში ოსი ხალხის კულტურული თვითმყოფადობა და რეგიონის პოლიტიკური თვითმმართველობა.
1. ეს კანონი განსაზღვრავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმასა და წესს ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე.
2. ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და მათი ინტერესების უზრუნველყოფას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ქმნის და აუქმებს საქართველოს პარლამენტი.
1. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს მთავრობამ, შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მიანიჭოს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.
2. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მიზნით იქმნება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობის წესი და ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო მმართველობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად;
დ) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი გეგმებისა და პროექტების შემუშავება და მათი მომზადების პროცესში ადგილობრივი საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ე) სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესების დაჩქარების მიზნით სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ვ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის ურთიერთნდობის განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა;
ზ) საერთაშორისო და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
თ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 13 აპრილი.
№4625-Iს
Вернуться назад
Комментарии к документу