დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 01/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.090.000.05.001.000.836 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (01/12/2000 - 23/12/2005)
საქართველოს კანონი
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი განსაზღვრავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე (შემდგომში – ბირთვულ ობიექტებზე) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში (შემდგომში – მონაწილეები) ან მასში მონაწილეობის დროს დაინვალიდდნენ სხივური ზემოქმედების გამო (შემდგომში – ინვალიდები);
ბ) მონაწილეებისა და ინვალიდების შვილებზე, რომლებიც დაიბადნენ ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში;
გ) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების ოჯახის შრომისუუნარო წევრებზე (მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი და ინვალიდი შვილები).
მუხლი 3. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრის წესი
1. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონეს განსაზღვრავს სპეციალიზებული სამკურნალო დაწესებულება.
2. სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მუხლი 4. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებანი ფინანსდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ამ კანონით დადგენილი შეღავათების ფარგლებში.
თავი II
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვა
მუხლი 5. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულთა სოციალური დაცვა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულთა სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საპენსიო უზრუნველყოფას ომის ინვალიდებისათვის დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სავალდებულო სამედიცინო დაზღვევას;
გ) სამედიცინო დაწესებულებების მიერ რეკომენდებული საკურორტო მკურნალობის ყოველწლიურად უზრუნველყოფას სამედიცინო-სოციალური პროგრამების ასიგნების ფარგლებში;
დ) ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით სარგებლობას მათთვის მოსახერხებელ დროს; მკურნალობის საჭიროებისათვის დამატებით 14 კალენდარულ დღემდე უხელფასო შვებულებით სარგებლობას;
ე) დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დროს დახმარების ანაზღაურებას ხელფასის 100%-ის ოდენობით, სტაჟის მიუხედავად;
ვ) წელიწადში ერთხელ მკურნალობის მიზნით ქვეყნის შიგნით მგზავრობის დროს ორივე მიმართულებით ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობას, რომელიც ფინანსდება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 6. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა სოციალური დაცვა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საპენსიო უზრუნველყოფას ომის მონაწილეებისათვის დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სავალდებულო სამედიცინო დაზღვევას;
გ) ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით სარგებლობას მათთვის მოსახერხებელ დროს;
დ) წელიწადში ერთხელ მკურნალობის მიზნით ქვეყნის შიგნით მგზავრობის დროს ორივე მიმართულებით ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობას, რომელიც ფინანსდება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 7. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა
1. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის უფლება აქვთ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეებს, აგრეთვე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებულ არასრულწლოვან შვილებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ:
ა) საპენსიო უზრუნველყოფით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
3. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებულ ინვალიდ შვილებს დამატებით აქვთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ საკურორტო მკურნალობით სამედიცინო-სოციალური პროგრამების ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 8. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და ინვალიდების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და ინვალიდების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება ხორციელდება „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 9. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობანი ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში
ადგილობრივი მმართველობის ორგანოები:
ა) ვალდებულნი არიან თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელება და სოციალური დაცვის პროგრამების შედგენისას უპირატესობა მიანიჭონ ამ პირების მიერ საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების, წყლისა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადების გადახდისას შეღავათებით სარგებლობის გათვალისწინებას;
ბ) უფლებამოსილნი არიან საჭიროების შემთხვევაში დააწესონ და დააფინანსონ დამატებითი შეღავათები.
მუხლი 10. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ორგანიზება და ზედამხედველობა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ამ კანონით დადგენილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შეღავათების განხორციელების ორგანიზებას და ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 11. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიან ნიმუშს და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 12. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების აღრიცხვა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების აღრიცხვას კატეგორიების მიხედვით (მონაწილე, ინვალიდი, ოჯახის წევრი) აწარმოებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო სოციალური დაცვის სამსახურებისა და სამხედრო კომისარიატების მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას გადასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
თავი III
დასკვნითი დებულება
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 8 ნოემბერი.
№587–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები