საქართველოს საარჩევნო კოდექსი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 1253-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018169
1253-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010190020.04.001.018169
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

კარი I. ზოგადი ნაწილი

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და გარანტიებს, საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომელიც იმართება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში და რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა;

ბ) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომელიც ტარდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად;

გ) პლებისციტი – საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომელიც ტარდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად და რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა;

დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტის არჩევნები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები, რომელიც ტარდება პარტიული სიების საფუძველზე;

ე) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები, რომელიც ტარდება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით;

ვ) საერთო არჩევნები – მორიგი არჩევნები ან რიგგარეშე არჩევნები:

ვ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

ვ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

ზ) შუალედური არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის შესავსებად;

თ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომელიც მორიგი არჩევნებისთვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

თ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში რეგისტრირებული იყო ერთიკანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;

თ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;

თ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ი) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), სადაც კენჭისყრის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი;

კ) არჩევნების მეორეტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;

ლ) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო არჩევნების, შუალედური არჩევნების, ხელახალი არჩევნების დღე, აგრეთვე არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე;

მ) საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი − არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი;

ნ) საარჩევნო უფლება – აქტიური საარჩევნო უფლება და პასიური საარჩევნო უფლება;

ო) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, ასევე მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში, პლებისციტში დასმული საკითხის გადასაწყვეტად;

პ) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;

ჟ) არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმები − ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში (ყუთებში) არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;

რ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიები;

ს) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი;

ტ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თვითმმართველი თემის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო;

უ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი;

ფ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო − მერი, სახელმწიფო რწმუნებული;

ქ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, პარტიული სიების, მერობის კანდიდატთა და მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით, ცესკოს მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

ღ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის წარდგენილია შესაბამის საარჩევნო კომისიაში;

ყ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი;

შ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;

ჩ) საარჩევნო კოლეგია − საქართველოს პრეზიდენტის არჩევის მიზნით 300 წევრისგან შემდგარი სპეციალური ორგანო, რომლის შემადგენლობა დამტკიცებულია ცესკოს განკარგულებით;

ც) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი − არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელიც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;

ძ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიერ რეგისტრირებული, საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

წ) მერობის კანდიდატი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ჭ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;

ხ) მაჟორიტარი კანდიდატი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ჯ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხდება არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზება და ტარდება არჩევნები და რეფერენდუმი;

ჰ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ასარჩევად;

1) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებისას კენჭისყრისა და ხმების დათვლისთვის;

2) კენჭისყრის შენობა – შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი;

3) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

4) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთათვის მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;

5) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (შემდგომ – მედია) გავრცელებული (გასული) ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

6) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები – საარჩევნო სუბიექტის/რეფერენდუმის მონაწილის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა;

7) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, საარჩევნო შემოწირულების წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის შესახებ;

8) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხისა;

9) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება;

10) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა, ნებისმიერი სხვა მასალა, რომელზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;

11) ფოტოასლი – ასლის გადამღები მოწყობილობით გადაღებული ასლი;

12) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

13) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირი.

 

მუხლი 3. არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპები

საქართველოში არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპებია:

ა) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის საყოველთაო უფლება:

ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;

ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება;

ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;

ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება:

ბ.ა) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ;

ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს;

გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება:

გ.ა) საქართველოში არჩევნები პირდაპირია;

გ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;

დ) საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით არჩევა;

ე) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა:

ე.ა) საქართველოში არჩევნები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), რეფერენდუმი და პლებისციტი ტარდება ფარული კენჭისყრით;

ე.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

მუხლი 4. არჩევნებისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის საჯაროობა

1. ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო სუბიექტები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები საქმიანობას ახორციელებენ ღიად და საჯაროდ.

2. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს, შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

5. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;

გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს;

ე) დამკვირვებლებს.

6. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის/საარჩევნო კომისიის სხდომის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის (მონაცემების) ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც (რომლებიც), ამ კანონის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება აკრძალულია.

 

მუხლი 5. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა

1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას.

3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის წინა დღიდან ათვლას.

4. ჩასატარებელი არჩევნებისთვის/რეფერენდუმისთვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 6. არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღე

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრულ დღეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არჩევნების გარდა, სხვა არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს.

3. საერთო არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღე უქმე დღეა. არჩევნების მეორე ტურის/შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნების დღე უქმე დღეა მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო ოლქის (ოლქების) სამოქმედო ტერიტორიაზე.

 

თავი II. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი უფლებამოსილება

 

მუხლი 7. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:

ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან;

ბ) უსკოსა და მათი აპარატებისგან;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

3. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. თუ ერთდროულად ტარდება საერთო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

5. ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

 

მუხლი 8. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.

2. საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.

3. საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის ამ კანონის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც ამავე კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.

5. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/საარჩევნო უბნის შედეგების, გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

6. თუ ცესკომ თავის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

7. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკადრო საკითხი წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

9. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი.

10. საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

11. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას უფლება არა აქვს, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

12. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. საარჩევნო კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

14. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

15. საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე. საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას დამრღვევის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

16. თუ პირის საარჩევნო კომისიის სხდომიდან, კომისიის შენობიდან, კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით მიღების შემთხვევაში ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე პოლიციას მიმართავს. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

17. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

18. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებში.

19. საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს. საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

20. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

21. თუსაარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ (არ შეუძლია) ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის ამ კანონით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

22. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

23. ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს ან ცესკოს მდივანს დაავალოს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. სხვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან ამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით აღნიშნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს იმავე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

24. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

 

მუხლი 9. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და სხვა სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. სხვა სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცენ ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია (მონაცემები) ამავე კანონით გათვალისწინებულ ვადებში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის/პარტიის რეგისტრაციის მომენტისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

4. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

5. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობების კომუნალური ხარჯები. სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 10. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები

 1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

2. ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღება შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება ასევე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ საჭირო გახდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.

3. აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში.

4. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ცესკოს დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი.

5. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული. ცესკოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს.

6. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, საარჩევნო კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუკი მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

7. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ საკითხებთან, მათ შორის, საკადრო საკითხებთან, დაკავშირებით.

8. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.

 

მუხლი 11. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა შრომის ანაზღაურება, სოციალური შეღავათები და თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. საარჩევნო პერიოდში (გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა)/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, აგრეთვე ცესკოს აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა შუალედური არჩევნების პერიოდში ეძლევათ მხოლოდ ცესკოს წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ცესკოს აპარატის თანამშრომლებს და იმ საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

4. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ცესკო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. საარჩევნო პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებზე, აგრეთვე ცესკოს აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებზე შეიძლება გაიცეს ფულადი ჯილდო ან/და სახელფასო დანამატი, რომელზედაც არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, წლის განმავლობაში გასაცემი ფულადი ჯილდოს ან/და სახელფასო დანამატის ზღვრული ოდენობა.

 6. ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება არ შეიძლება გახდეს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემის შეფერხების საფუძველი, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გავრცელების შეფერხების საფუძველი, მისთვის აღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის, სახელმწიფო გასაცემლის ან/და სოციალური შეღავათის შემცირების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი ან/და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება არ ჩაითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც შესაძლებელია მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე ზემოხსენებული სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.

7. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებული ცესკოსა და უსკოს აპარატების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრთა ანაზღაურება არ ექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანების გადახდას.

8. საარჩევნო პერიოდში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა) უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ცესკოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, სპეციალური ჯგუფის წევრის ანაზღაურებადი სამუშაო შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

მუხლი 12. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეშად დარღვევა;

ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარის თქმა;

ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა;

თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).

3. ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისთვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

 5. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ან საარჩევნო კომისია ამ წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მის მიმართ სამართალწარმოებას ახორციელებს, უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს აღნიშნული წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს, ხოლო ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიის აღნიშნულ წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. კენჭისყრის დღემდე წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ განცხადებაზე/საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება ამ განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში.

9. შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს − დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური პასუხისმგებლობა ვადაზე ადრე იხსნება იმავე წესით, რომლითაც მოხდა მისი დაკისრება.

 

მუხლი 13. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პარტიის მიერ დანიშნული წევრისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დანიშვნის შემთხვევაში არჩევის/დანიშვნის დღიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;

ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების ფაქტი;

დ) თუ გამოვლინდა, რომ საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არასწორია, – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;

ი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას;

კ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში.

2. საარჩევნო კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.

4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას:

ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს;

გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.

5. ცესკოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე.

6. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

7. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

8. აკრძალულია ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება.

 9. პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და ამ კანონის მე-16 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს პარლამენტი 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, რომლითაც მოხდა აღნიშნული პირის არჩევა.

11. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

12. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.

 

მუხლი 14. ცესკოს შემადგენლობა, ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება

1. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი, როგორც ცესკოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას.

 2. ცესკოს 7 წევრს ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი ან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები.

3. ცესკოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. ცესკოს წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით.

4. ცესკოს წევრობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრად დანიშნული პირი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

5. ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

ა) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) ნასამართლევი პირი;

ე) საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი;

ვ) დამკვირვებელი.

6. თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში ამ სიაში მყოფ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, ცესკოს რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტს ასარჩევი. ამასთანავე, ცესკოს წევრის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში უნდა მიეთითოს, აღნიშნული წევრი ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ინიშნება.

 7. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია/საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა, ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი წევრის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე.

8. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი ირჩევს/საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცესკოს წევრის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

9. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია/საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე.

10. ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს. ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მისი გამოცემიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს.

 

მუხლი15. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის არჩევის წესი

 1. ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე.

2. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკოს მდივანს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან ირჩევს ცესკო.

3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ცესკოს არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი ვერ აირჩა, მის არჩევამდე აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას ასრულებს ცესკოს ის წევრი, რომელმაც არჩევისას ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით გამოვლენილი პირი.

5. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით.

 

მუხლი 16. პარტიის მიერ ცესკოს წევრის დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

1. პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი, თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მას ამ კანონის 135-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი.

 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 9-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში უფრო მეტი ხმა მიიღო.

3. თუ პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

4. პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.

5. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. დაუშვებელია მისი გამოწვევა არჩევნების დანიშვნიდან ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

 

მუხლი 17. ცესკოს უფლებამოსილება

1. ცესკო:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მორიგი, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების გამართვას;

გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;

დ) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;

ე) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად, განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;

ვ) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს;

ზ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

თ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ამ კომისიას უფლებამოსილება შეუწყვიტოს და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;

ი) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცესზე;

კ) აწარმოებს საარჩევნო კომისიის შემდეგ წევრთა შესახებ მონაცემების ბაზას: რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

ლ) აწარმოებს სერტიფიკატის (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის) მფლობელ პირთა მონაცემების ბაზას, რომელიც მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

მ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისთვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისა და იმ პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისთვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;

ნ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართული არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ო) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

პ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებასა და დაუყოვნებლივ განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებასაც;

ჟ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და გავრცელებას;

რ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს;

ს) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;

ტ) ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში განკარგულებით ადგენს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებით წესსა და ვადებს;

უ) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს;

ფ) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან (გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა) დაკავშირებული საკითხები;

ქ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს;

ღ) განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიაში პარტიების მიერ დასასახელებელ წევრთა კვოტებს;

ყ) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს;

შ) განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიის წევრებს, რომლებსაც შესაბამისი პარტიები ამ კანონით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ;

ჩ) განკარგულებით ადგენს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას;

ც) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმებს; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;

ძ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;

წ) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და მათი საწვავით უზრუნველყოფის წესს;

ჭ) განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას;

ხ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;

ჯ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;

ჰ) განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;

1) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, ხელახალ არჩევნებს, შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;

2) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და მისი წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს;

3) განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

4) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;

5) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;

6) დადგენილებით განსაზღვრავს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

7) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესსა და კენჭისყრის პროცედურებს;

8) დადგენილებით განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს;

9) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესს;

10) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციისა და მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესს;

11) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს;

12) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებასა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსების დებულებებს;

13) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების დებულებასა და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულებას;

14) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას;

15) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;

16) დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;

17) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;

18) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;

19) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;

20) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ცესკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. ცესკოს განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „თ“, „ი“, „ღ“, „ჭ“, „ჰ1“ და „ჰ4“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში.

3. ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც.

 

მუხლი 18. ცესკოს თავმჯდომარის, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის უფლებამოსილებები

1. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2. ცესკოს თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;

ბ) უძღვება ცესკოს სხდომას;

გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;

დ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განკარგულებით განსაზღვრავს პარტიების დაფინანსების ოდენობას;

ე) განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;

ვ) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის), ცესკოში მათ წარმომადგენლებს;

ზ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს;

თ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს;

ი) სათანადო მოწმობებს აძლევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს;

 კ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ ადგილმონაცვლეებს;

ლ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

მ) ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

ნ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, კომისიის აპარატის თანამშრომლებს (მოსამსახურეებს);

ო) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

პ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

4. ცესკოს მდივანი:

ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საოლქო საარჩევნო კომისიებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს;

გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საოლქო საარჩევნო კომისიებში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს;

დ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და დამკვირვებლის მოწმობებს აძლევს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს;

ე) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ვ) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ზ) ამ კანონის მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

თ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 19. ცესკოს აპარატი

1. არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ცესკოს აპარატი.

2. ცესკოს აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ცესკოს რეგლამენტით.

3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არ აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.

4. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო. საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 20. საჯარო სამართლის იურიდიული პირისაარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომ − სწავლების ცენტრი) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სწავლების ცენტრის დებულებით.

2. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცესკო.

3. სწავლების ცენტრის ფუნქციებია:

ა) საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა და დაინტერესებულ პირთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით;

დ) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარება;

ე) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება.

4. სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 21. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ქმნის ცესკო. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისთვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისთვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება.

2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას ერთი საოლქო საარჩევნო კომისია ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრები არის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორია.

3. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.

4. აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს ცესკო, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები. საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს ცესკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ცესკომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის შემდეგ აირჩია, განისაზღვრება მისი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე პარტიის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

9. პარტიას უფლება არა აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

10. უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ:

ა) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ სუბიექტს. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს;

ბ) აღმოჩნდა, რომ ეს პირი ცესკოსთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია;

გ) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.

 

მუხლი 22. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის/არჩევის წესი

1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი წევრობის ვადით.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი დადგენილ ვადაში ვერ აირჩა, მის არჩევამდე აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელმაც არჩევნებისას ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით გამოვლენილი პირი.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 20 დღისა და არაუგვიანეს 10 დღისა.

7. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. ამავე ვადებში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

8. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცესკოს მიერ არჩეულ 3 წევრს და ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

10. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

11. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე;

გ) ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში − კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები − კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.

12. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის მიხედვით); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა ერთოდეს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

გ) უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის (თუ აქვს)) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების (თუ აქვს) აღწერა.

13. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღეში, მაგრამ არაუგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.

14. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.

15. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულებად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.

16. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად (წევრებად) არ შეიძლება აირჩეს (აირჩნენ)/დაინიშნოს (დაინიშნონ):

ა) პირი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 21 წელი არ შესრულებია;

ბ) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

ე) ნასამართლევი პირი;

ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;

ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები, მათი მოადგილეები;

თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი, მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული;

ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი;

ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე;

მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე;

ნ) პროკურატურის თანამშრომელი;

ო) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი;

პ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;

ჟ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი;

რ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

18. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.

19. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ.

 

მუხლი 23. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.

3. საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო.

 

მუხლი 24. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

დ) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დათვალოს/შეამოწმოს მხოლოდ ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომლის დათვლაც/შემოწმებაც საკმარისია აღნიშნული გადასწორებული მონაცემის (მონაცემების) უტყუარობის დასადგენად, ხოლო თუ აღნიშნული საარჩევნო დოკუმენტაციის დათვლის/შემოწმების შედეგი გადასწორებულ მონაცემს (მონაცემებს) არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს როგორც საარჩევნო ბიულეტენები, ისე ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;

ე) ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ამ მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საარჩევნო უბნები;

ვ) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;

ზ) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;

თ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი წარდგენილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შემოწმების შედეგის შესაბამისად შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები); თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან ადგილობრივ საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების (ცნობის) შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;

ი) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

კ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისშედეგის გათვალისწინებით ადგენს საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ლ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

მ) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

ნ) განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ო) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;

პ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ჟ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

რ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;

ს) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;

დ) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრებთან;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

ვ) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტისორგანოთა არჩევნებისთვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისა);

ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;

თ) სათანადო მოწმობას აძლევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩეულ წევრს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა);

ი) ცესკოს გადასცემს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;

 კ) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩევნებში მონაწილე პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს;

გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და დამკვირვებლის მოწმობებს აძლევს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისგან, ცესკოს და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისგან.

2. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

3. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც მდებარეობს:

ა) პარტია;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;

გ) პოლიციის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.

4. აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი).

6. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს, აგრეთვე უფლებამოსილი პარტიის მიერ დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:

ა) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) იმ პირს, რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი;

გ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს;

ე) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს;

ვ) უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანსია (ყველა ვაკანსია) მაინც არ შეივსო.

10. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად (წევრებად) არშეიძლება აირჩეს (აირჩნენ)/დაინიშნოს (დაინიშნონ):

ა) პირი, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 18 წელი არ შესრულებია;

ბ) პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

ე) ნასამართლევი პირი;

ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;

ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები, მათი მოადგილეები;

თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი, მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული;

ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი;

ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე;

მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე;

ნ) პროკურატურის თანამშრომელი;

ო) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი;

პ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;

ჟ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი;

რ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების დებულებას დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. აღნიშნული სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები უნდა მოიცავდეს საკითხებს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების შესაბამისად.

13. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა შესაბამისი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

14. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.

15. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

16. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 27. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა

 1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მორიგი არჩევნებისთვის ირჩევს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46-ე დღისა, ხოლო რიგგარეშე არჩევნებისთვის − არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევამდე შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-11 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა.

2. ამ კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა, გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ – არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა.

3. თუ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.

4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა.

5. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა, ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის გამოკლებული წევრების ადგილზე 3 დღის ვადაში აირჩიოს კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ წევრთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს ცესკო.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

8. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში არჩევის უფლება აქვსშესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ასეთ შემთხვევაში პარტია კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.

9. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიისწევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, იმ პირობით, რომ მას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულებად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.

10. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე იმ საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც აირჩა/დაინიშნა იგი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ამ პირის თანხმობა.

11. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ:

ა) დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა;

ბ) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ/ამრჩევ სუბიექტს. შესწორებული საბუთები საოლქო საარჩევნო კომისიას 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს;

გ) აღმოჩნდა, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია;

დ) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.

12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.

 

მუხლი 28. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი (საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები) იმავდროულად არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიაში მათი წევრობის შეწყვეტას.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ამ მუხლითა და ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ პირთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს ცესკო.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად შეიძლება აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:

ა) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს.

6. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ვაკანსია (ყველა ვაკანსია) მაინც არ შეივსო.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულებას დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. აღნიშნული სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები უნდა მოიცავდეს საკითხებს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა ფუნქციების შესაბამისად.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა შესაბამისი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელი. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

 

მუხლი 29. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბანში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;

ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;

გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;

დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;

ვ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსებისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ითვლება საარჩევნო ბიულეტენები; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;

ზ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესსა და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

თ) უზრუნველყოფს კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;

ი) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე განთავსდება საარჩევნო უბანში.

 

მუხლი 30. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდების, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;

ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრებს შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;

ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის;

თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;

ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;

ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;

გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი III. საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

 

მუხლი 31. საარჩევნო ოლქები

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოარის ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქები იქმნება და მათი საზღვრები, დასახელებები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისთვის ყოველი მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის თბილისი არის ერთი საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შექმნილ საარჩევნო ოლქებს.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისთვის იქმნება 10 საარჩევნო ოლქი:

ა) მთაწმინდის;

ბ) ვაკის;

გ) საბურთალოს;

დ) კრწანისის;

ე) ისნის;

ვ) სამგორის;

ზ) ჩუღურეთის;

თ) დიდუბის;

ი) ნაძალადევის;

კ) გლდანის.

6. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო ოლქების შესახებ ცნობას მათი საზღვრების მითითებით.

 

მუხლი 32. ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის ცესკო არაუგვიანეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 ივლისისა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. ცესკო (ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის) და საოლქო საარჩევნო კომისიები ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს აზუსტებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 5 დღის ვადაში.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების რიგგარეშე არჩევნებისთვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 5 დღის ვადაში.

4. ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნიდან 2 დღის ვადაში ცესკო და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ ცნობას მათი საზღვრების მითითებით.

 

მუხლი 33. საარჩევნო უბნები

1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, აგრეთვე მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 40 დღისა.

3. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

4. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართების მითითებით (არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.

5. გამონაკლის შემთხვევებში (პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო, სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი, სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-15 დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს.

6. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე მოქმედ მუნიციპალიტეტის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება.

7. აკრძალულია ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეებისთვის მათი შესაბამისი ქვედანაყოფების ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების შექმნა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს.

 

თავი IV. ამომრჩეველთა სიები

 

მუხლი 34. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი

1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის, აგრეთვე იმ პირის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, მიეთითება დროებითი საცხოვრებლის მისამართი. სხვა სახელმწიფოში მყოფი პირის შემთხვევაში აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (ეს ჩანაწერი არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრული ფორმატით);

თ) სქესი.

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები, როგორც წესი, შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობისთვის ვალდებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრული ფორმატით. ამ შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველი თავისუფლდება ფოტოსურათის გადაღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდისგან.

5. ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე და რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, აგრეთვე ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი(დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. ასეთი ადგილის (მისამართის) არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობისთვის ვალდებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრული ფორმატით. ამ შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველი თავისუფლდება ფოტოსურათის გადაღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდისგან.

6. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისთვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისა და იმ პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისთვის.

7. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:

ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა სააგენტოში რეგისტრაციას არ გაივლიან;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ რომელთა ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გადაცემული იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული იმ სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შესახებ მონაცემების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გადაცემული იმ სპეციალური წოდების მქონე პირთა შესახებ მონაცემებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გადაცემული იმ მოსამსახურეთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემული იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისადა ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი არიან მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებული არიან შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;

ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და არჩევნების დღისთვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებმაც გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რომელთა საქართველოში დაბრუნება არ დაფიქსირებულა. ამ მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი“ კეთდება ჩანაწერი „იმყოფება უცხოეთში“. აღნიშნული ჩანაწერი არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

8. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით:

ა) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“–„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები ცესკოს წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისსა და 1 ნოემბერს − გადასცემენ განახლებულ ან ახალ მონაცემებს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − იმავე ვადებში − საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ;

ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გაუგზავნონ სათანადო ინფორმაცია ცესკოს და სააგენტოს.

9. ცესკო უფლებამოსილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, საჭიროებისამებრ გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიიღოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან მონაცემები საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან − საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ.

10. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის), ამ კანონის 44-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (ხოლო არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნების დროს რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული (ფოტოსურათებიანი) ვერსია ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ პირს მხოლოდ ელექტრონული სახით გადაეცემა. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი უნდა წარუდგინოს.

12. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 852 და 854 მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოს – მერს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება გადაეცეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე). ცესკოს მიერ გადაცემული, პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვისა და გაუმჟღავნებლობისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის სათანადო ორგანო.

13. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნოადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ამ კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულია (ვალდებული არიან) საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ მიაწოდოს (მიაწოდონ) შესაბამისი ინფორმაცია.

15. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

16. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.

17. საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

18. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას კენჭისყრის დღეს მიმართავს, მას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში გაატარებს და დოკუმენტების ფოტოასლებს ამომრჩეველთა სიებს დაურთავს.

19. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-15 დღიდან მე-12 დღემდე სიებში ცვლილება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიტანება.

20. არჩევნების დანიშვნის დღიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ.

 

მუხლი 35. ამომრჩეველთა სპეციალური სია

1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა;

ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

დ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა და პირთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/სამხედრო ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და მას გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას:

ე.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე ან შუალედური არჩევნების დროს − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა;

ე.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.

2. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი, რომლებიც მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეთა სიის შედგენისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები, აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი და შესაბამის პირთა კატეგორიები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო ვერ დატოვებენ.

3. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ მონაცემების, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ამომრჩეველთა სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს.

5. ამომრჩევლის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და ის დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები მონაწილეობენ:

ა) როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს);

ბ) საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ ისინი ხმას აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ მუხლის მე-8, მე-9 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეები, გარდა იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებსა და რეფერენდუმში ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

11. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს იმყოფება:

ა) შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ ცოტა 6 თვით ან 6 თვეზე მეტი ვადით მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის არჩევნებში;

ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები ვადით მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

12. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ფოტოსურათების გარეშე შეიტანება, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება ფოტოსურათების გარეშე იქნეს შეტანილი. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა მიერ შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ.

13. ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, აგრეთვე მისი შეყვანის მიზეზი და ეს აღნიშვნა დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

 

მუხლი 36. არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის წესი

1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);

ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე საოლქო საარჩევნო კომისიის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების ამომრჩეველთა შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილ ვადაში იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული მონაცემების, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას.

4. ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში (საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში) თვალსაჩინო ადგილას.

 

მუხლი 37. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის საფუძველზე, თუ:

ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება;

გ) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება;

დ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

ე) ამომრჩეველი:

ე.ა) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის იმ ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორს მდებარეობს;

ე.ბ) ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირია და კენჭისყრის დღეს განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

ე.გ) მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურებრივი პირობების გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

ვ) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);

ბ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანა, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

3. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში.

6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში თვალსაჩინო ადგილას.

 

მუხლი 38. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი აღნიშნული სიების ამ კანონით დადგენილი წესით მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში თვალსაჩინო ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე ამ სიებში გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:

ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;

ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;

გ) რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აღინიშნება „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“;

დ) იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შენაერთების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;

ე) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“;

ვ) შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, აღინიშნება „გადასატანი ყუთი“.

 

თავი V. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

 

მუხლი 39. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საარჩევნო სუბიექტი რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენს სათანადო დოკუმენტაციას.

3. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). შესწორებული საბუთები მოწმდება და რეგისტრაციის საკითხი წყდება საბუთების წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აცნობებს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს, მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

 

მუხლი 40. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი

1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან.

2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.

4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული წესით ხარვეზის დადგენის საფუძველია.

 

მუხლი 41. მხარდამჭერთა სიები

1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივის მხარდაჭერა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს ცესკო.

3. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

დ) ხელმოწერის თარიღი;

ე) ხელმოწერა.

4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და ეს მონაცემები დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.

 

მუხლი 42. მხარდამჭერთა სიების შემოწმება

1. პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატების მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა ან, შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი შესაბამის საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება და მას ხარვეზების შესავსებად 3 დღის ვადა ეძლევა. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) სახელი და გვარი მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) მითითებული არარის ან არასრულად არის მითითებული;

გ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;

დ) ხელმოწერა არ არის ან სხვა პირის მიერ არის შესრულებული და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ე) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ვ) ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით, და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი არასრულად ან არასწორად არის მითითებული.

4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

5. ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი პირადად აგებს პასუხს შესაბამის ბლანკზე მითითებული მონაცემების (ინფორმაციის), საკუთარი ხელმოწერისა და მხარდამჭერი პირის ხელმოწერის ნამდვილობისთვის. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მას პირადად ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

6. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 3 დღეში.

7. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

8. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცესკოს წევრებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ცესკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.

 

მუხლი 43. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის − არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული პარტიებისთვის − არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირების თანდასწრებით.

2. პირველად რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას არაუგვიანეს საერთო არჩევნების წლის 17 ივლისისა. რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საუკეთესო დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ აქვთ უფლება, დაიტოვონ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან დაფინანსების რიგითობის შესაბამისი ნომერი ან აირჩიონ ნებისმიერი გაუნაწილებელი რიგითი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა მათზე უკეთესი დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.

3. იმ საარჩევნო სუბიექტს/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებში ხმების 0,75 პროცენტი ან 0,75 პროცენტზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არაუგვიანეს საერთო არჩევნების წლის 17 ივლისისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მიკუთვნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას).

4. საარჩევნო სუბიექტს/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, რომელიც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით მიკუთვნებული რიგითი ნომრის გამოყენების შესახებ არ მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას, აგრეთვე ამ კანონის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, რიგითი ნომერი წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა მიენიჭება.

5. წილისყრის მიზნით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისთვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ფურცლების დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ამ მუხლით დადგენილი წესით არჩეული რიგითი ნომრები. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

6. პარტიის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს/მაჟორიტარ კანდიდატს აქვს იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მის წარმდგენ პარტიას აქვს მინიჭებული.

7. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით ამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის/მერობის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ყველა ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მათ სათითაოდ იღებენ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

8. თუ პარტიას ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა რიგითი ნომერი და უარი ეთქვა საარჩევნო რეგისტრაციაზე ანდა გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ მათთვის მინიჭებულ რიგით ნომერს.

9. შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი ინარჩუნებს იმ რიგით ნომერს, რომელიც მას შესაბამისი საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული. თუ საარჩევნო სუბიექტს შუალედური არჩევნებისთვის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის რიგითი ნომერი არ აქვს, მას რიგითი ნომერი წილისყრით, ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭება.

10. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე რეგისტრირებული მერობის კანდიდატის/მაჟორიტარი კანდიდატის შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.

 

თავი VI. არჩევნების მონიტორინგი და მედია

 

მუხლი 44. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, გარდა იმ ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, რომლის ხელმძღვანელი პირი ანდა წესდებით/სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი იმავდროულად არის რომელიმე პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი ან წესდებით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი ანდა რომელიმე პარტიის შემომწირველი ბოლო 4 წლის განმავლობაში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 დამკვირვებლისა.

4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისა.

5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემას;

ბ) საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებას;

გ) პოლიტიკურ მიუკერძოებლობას;

დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობას და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას;

ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვას.

6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად რეგისტრირდება ცესკოში.

 

მუხლი 45. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და უნდა წარუდგინოს მას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება (დასახელებები), სადაც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს. რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარედგინოს აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი, რომელიც მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. ამ ამონაწერში მითითებული უნდა იყოს (იყვნენ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები).

5. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს. ცესკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

6. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და დამკვირვებელ ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.

7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.

8. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება. ამ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს იმავე ვადაში და იმავე ფორმით უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ან/და ქვემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და აღნიშნული დოკუმენტები.

9. რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

10. თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს დამკვირვებლების შესახებ ინფორმაციას/დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას, აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

11. ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში.

12. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებლების სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

13. საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელონ დაკვირვება შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.

14. თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციის/დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, აღნიშნული განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის/დამკვირვებლების რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

 

მუხლი 46. დამკვირვებლის უფლებები

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

გ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი დამკვირვებელი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (არსებობის შემთხვევაში);

დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად;

ვ) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;

ზ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

თ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

ი) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

კ) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

ლ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართოს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადებით/საჩივრით, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

მ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება;

ო) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

პ) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

2. დამკვირვებელს უფლება არა აქვს:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისთვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მათთვის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

5. საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

 

მუხლი 47. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში მონაწილე პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.

2. არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნების დროს ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

5. ამმუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

6. შესაბამის საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც გაატარა რეგისტრაციაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

7. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

8. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 73-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.

9. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების (კენჭისყრის) დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა.

10. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტმა ეს შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა აცნობოს.

 

მუხლი 48. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები

1. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი ან ახორციელებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

3. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასცა საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. მასში მითითებული უნდა იყოს (იყვნენ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები). ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისთვის არ ესაჭიროებათ უცხოურ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

4. განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარის თქმა დასაბუთებული უნდა იყოს).

5. აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.

6. არჩევნების (კენჭისყრის) დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა.

7. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა.

 

მუხლი 49. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლისთვის, პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლისა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისთვის დადგენილი მოთხოვნები

1. ამ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

დ) მოსამართლე;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ვ) პროკურატურის თანამდებობის პირი;

ზ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;

თ) საარჩევნო კომისიის წევრი;

ი) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლის შემთხვევაში);

კ) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი/დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი (პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის შემთხვევაში);

ლ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი;

მ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

ნ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი ასევე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

ა) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი;

ბ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

გ) საარჩევნო კომისიის წევრი;

დ) ადგილობრივი დამკვირვებელი, საერთაშორისო დამკვირვებელი;

ე) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი;

ვ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი;

ზ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

თ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

4. საქართველოს პარლამენტის წევრობის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის/მერობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში პირს უუქმდება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლად, პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლად რეგისტრაცია (ასეთი რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში).

 

თავი VII. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

 

მუხლი 50. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატსა და საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა მასალები. აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და მათი წინასაარჩევნო აგიტაციის გასაწევად გამოყენებისთვის ხელის შეშლა.

3. პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. ამ პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ ამავე პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა არის ამ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარების წესების დარღვევა.

4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) მოსამართლისა;

გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;

დ) გენერალური აუდიტორისა;

ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;

თ) საჯარო მოსამსახურისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;

ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელოვნებო დაწესებულებებისა, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა) თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა, აღმზრდელ-პედაგოგისა, აღმზრდელისა, მასწავლებლისა, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირისა − სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;

ლ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისა და დამკვირვებლისა.

5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

ბ) სასამართლოები;

გ) სამხედრო ნაწილები.

6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების,შეკრებებისადამანიფესტაციებისორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.

8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართავად სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები საარჩევნო კომისიებს უსასყიდლოდ ეთმობა.

9. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისთვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებების გამართვის თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

10. საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.

11. აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

12. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანების შეკრება ან ამომრჩევლების აღრიცხვა.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტი არ ვრცელდება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე.

 

მუხლი 51. სააგიტაციო მასალა

1. სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო ობიექტების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.

3. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა აკრძალულია, და გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობები იქნეს უზრუნველყოფილი.

5. ამ მუხლის შესაბამისად სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოები აქვეყნებენარჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ამ ინფორმაციის მიუთითებლად გავრცელება. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ნომერი მიენიჭება.

7. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები წარედგინება იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სააგიტაციო მასალის გამოშვების თარიღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა.

8. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

9. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

 მუხლი 52. ამომრჩევლის მოსყიდვა

1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ხოლო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საჭიროებისას − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია:

ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემა, საქონლის შეღავათიან ფასად მიყიდვა, ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) უფასოდ მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემის დაპირებით;

ბ) ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას.

2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ანდა მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.

 

მუხლი 53. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა

1. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მათ შორის:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაკავებული შენობების, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ დაკავებული შენობების გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თუ სხვა პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პარტიებისა);

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება;

დ) საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

 

მუხლი 54. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია

1. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია.

2. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისას ან ხელახალი არჩევნებისას − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.

3. უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.

4. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი − კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც.

5. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პარტიები, აგრეთვე ერთჯერადად − სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც კომისიას აწვდიან საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ინფორმაციას იმ სხდომაზე, რომელზედაც შესაბამისი საკითხი იხილება.

6. უწყებათაშორისი კომისია იხილავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე იმ დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

7. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

8. საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია რეკომენდაციით მიმართოს ნებისმიერ საჯარო მოსამსახურეს, ადმინისტრაციულ ორგანოს, ცესკოს გონივრულ ვადაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნით.

 

მუხლი 55. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ისეთ საქმიანობაში ჩაბმას, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებასა და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი დროის გამოყენების შემთხვევაზე.

3. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მანამდე გათვალისწინებული არ იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

4. სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ეკრძალება არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.

5. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ კენჭისყრის შენობის მოწყობის ან/და სარემონტო სამუშაოების დაფინანსებაზე.

7. შუალედური არჩევნების დროს ამ მუხლის მე-3−მე-6 პუნქტების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებზე, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.

8. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

9. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია მუნიციპალიტეტის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

 

მუხლი 56. მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირება

1. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრის დღემდე 50-ე დღიდან. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრის დღემდეარაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის კენჭისყრის დღემდე 30-ე კალენდარულ დღეს. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრის დღემდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება;

ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს;

გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვას პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

2. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულ საგანგებო ან საომარ მდგომარეობას ან ინიშნება რიგგარეშე არჩევნები, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 40 დღისა გადასცეს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფები. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრის დღემდე 35-ე კალენდარულ დღეს. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრის დღემდე 35-ე დღიდან, იმავე პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირობების დაცვით დაიწყოს რეკლამის განთავსება.

3. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში იმავე გაზეთში ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის 1 ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში – მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

ბ) არცერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის 1 ნომერში ან 1 კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი;

გ) ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს;

დ) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდაიყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ე) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

4. გაზეთს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გაზეთისა, უფლება აქვს, წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს.

5. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა თავისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, ავტორიზებულ საეთერო მაუწყებელს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს და გაზეთს უფლება აქვთ, ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

6. აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეებისა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეების რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირია ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები.

 

მუხლი 57. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მაუწყებელმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს. უფასო საეთერო დრო არ ეძლევა იმ პარტიას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის მომენტში არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

3. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად უნდა გადასცეს. ამასთანავე, მაუწყებელი ვალდებულია წინასაარჩევნო დებატებში მოიწვიოს ყველა სხვა პარტია, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიის მსგავსი ან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს.

4. ამ კანონით დადგენილი საეთერო დროის თანაბრად განაწილების, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისთვის თანაბარი პირობების დადგენის ვალდებულებები ვრცელდება ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-15 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე უფლებამოსილ პარტიებთან მიმართებით.

5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებულია მისი მომსახურების ზონაში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისთვის.

6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისთვის.

7. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ, არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი.

8. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, უფლებამოსილი პარტიის გარდა, ყველა სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ პარტიებს შორის თანაბრად განაწილდება.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დროს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისა) ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დროს ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საერთო ეროვნულ მაუწყებელზე.

10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების წესს, მონიტორინგს უწევს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვას და აღნიშნული ნორმების დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურებას.

11. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ან/და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისთვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

12. დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

13. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10 პროცენტს. ამასთანავე, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ მისი დასრულებისას, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში ნაჩვენები იყოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი, ისე, რომ სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 50 პროცენტს. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.

14. მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის გადახდილზე მეტი საფასურის საეთერო დროის დათმობა ან უფასო რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონით განსაზღვრულზე მეტი დროის დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება აკრძალულ შემოწირულებად ჩაითვლება.

15. მაუწყებელი (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა) ვალდებულია არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში წინასაარჩევნო რეკლამა თავის ეთერში უსასყიდლოდ განათავსოს, თუ მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იგი ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებს. ამ შემთხვევაში ადგილობრივი მაუწყებელი ან საკაბელო მაუწყებელი ვალდებულია თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისთვის.

16. არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10 პროცენტისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

17. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის განსაზღვრისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა;

ვ.ბ) კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ან არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია ნებისმიერი სხვა ფაქტორის შესახებ, რომელსაც შეეძლო კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა.

18. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. იმ მაუწყებელზე, რომელიც სხვისი დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.


თავი VIII. არჩევნების/რეფერენდუმის დაფინანსება

 

მუხლი 58. არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა

1. არჩევნების/რეფერენდუმის მოსამზადებლად და ჩასატარებლად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ცესკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.

3. თუ არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, ცესკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.

4. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.

5. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტების ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.

7. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 92-ე მუხლით.

 

მუხლი 59. არჩევნებისთვის/რეფერენდუმისთვის საჭირო ფულადი სახსრები

1. ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცესკოს მიერ მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უზრუნველყოფს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე.

3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს ცესკო.

4. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 45 დღისა ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა წყვეტს ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს 10 დღის ვადაში ჩარიცხავს სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე. ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.

 

მუხლი 60. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები

1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს:

ა) პარტიის ფონდიდან;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან − დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.

2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვისთვის პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო მონაცემებს.

5. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისთვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს, შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება.

7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,04 პროცენტს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.

8. დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის წლიური საარჩევნო ხარჯების საერთო ოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვრება შემდეგი წესით: პარტიისთვის დაშვებული საარჩევნო კამპანიის ხარჯების ზედა ზღვარი (საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1 პროცენტი) უნდა გაიყოს ქვეყანაში არსებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე და მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

 

მუხლი 61. კანონმდებლობა საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების შესახებ

საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების კანონიერება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია ამ კანონითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმებით.

 

მუხლი 62. ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ

1. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს.

2. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის ჩატარების დღემდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს არჩევნების პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში.

4. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. აუდიტის ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000 ლარს არ აღემატება, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს.

5. თუ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მიიღებს ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონისმოთხოვნათა დარღვევა, იგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით უნდა გააფრთხილოს და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და მას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ თავით ან/და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს.

7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები:

ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით;

ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

9. ყველა სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

10. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.

11. არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

 

თავი IX. კენჭისყრა

 

მუხლი 63. კენჭისყრის შენობის მოწყობა

1. კენჭისყრის შენობაში:

ა) ხმის მიცემის ადგილი ისე უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილისა, სადაც უნდა იყოს 1 კალმისტარი;

ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისთვის;

გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიდგას გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;

დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია ბათილი საარჩევნო ბიულეტენი, და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).

2. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, ამის შესახებ განცხადება უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობასა და ფარული კენჭისყრის კაბინებში თვალსაჩინო ადგილას.

 

მუხლი 64. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისი დაცვისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლებისთვის.

3. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).

4. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებული პირის შესვლა.

5. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო. ამ შემთხვევაში გაძევებულ პირს ეკრძალება კენჭისყრის დღეს ნებისმიერ საარჩევნო უბანში/კენჭისყრის შენობაში შესვლა/ყოფნა, გარდა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემთხვევისა. გაძევებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს გაძევებულ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზას.

6. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს ანდა ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

7. გამონაკლის შემთხვევაში კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთვის ან დაცვისთვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

 

მუხლი 65. კენჭისყრის ჩატარების დრო და ადგილი

1. კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.

2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების, შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.

4. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში კენჭისყრის შეწყვეტისთანავე ან შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების დადასტურების ან გაუქმების შესახებ. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კენჭისყრის შეჩერებას ეხება, მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, მიეთითება კენჭისყრის შეჩერების მიზეზი და დრო და დადასტურდება კომისიის წევრთა ხელმოწერებით. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტას ეხება, მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულებით, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შეწყვეტის მიზეზი და დრო. კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კენჭისყრა განახლდება. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.

5. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისთვის საჭირო დროის განმავლობაში.

6. კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.

7. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 66. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ამ მუხლით დადგენილი წილისყრის პროცედურის დაცვით.

2. წილისყრა ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით. ამასთანავე, მათი გამოუცხადებლობა არ არის წილისყრის ჩატარებისა და მასში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება. წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს კომისიის წევრების შესაბამისი რაოდენობის წილისყრის ფურცლებს და თითო ფურცელზე წერს კომისიის თითო წევრის სახელსა და გვარს. იგი აღნიშნულ ფურცლებს ხელმოწერით ამოწმებს და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ფურცლები მაგიდაზე იყრება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ ფურცლებს წილისყრით გასანაწილებელი ფუნქციების შესაბამისი თანამიმდევრობით სათითაოდ იღებს და ავლენს სათანადო ფუნქციის შემსრულებელ კომისიის წევრს.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან:

ა) წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში);

ბ) სხვა ფუნქციების შემსრულებელ კომისიის წევრთა გამოსავლენად ატარებს მორიგ წილისყრას, რომლითაც:

ბ.ა) შეირჩევა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც ამომრჩეველთა მარკირებასაც ამოწმებს;

ბ.ბ) შეირჩევიან ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (შეირჩევა სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც გასცემენ საარჩევნო ბიულეტენსაც ბიულეტენის წინა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერისა და სპეციალური ბეჭდით დამოწმების შემდეგ;

ბ.გ) შეირჩევა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.

5. თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს, რომელიც კომისიაში წილისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდება, წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

8. წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს აქტს, რომელშიც შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების შედეგები. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების შედეგებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გვერდზე აღნიშნავს.

9. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის დროებით კომისიის სხვა წევრისთვის გადაცემა შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით. ამ ფუნქციის გადაცემას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე და უთითებს დროს.

10. თუ კენჭისყრის დღეს:

ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი არ გამოცხადდა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს (წევრებს) ავალებს დამატებითი ფუნქციის შესრულებას. ამის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი ამცირებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობას ან იმ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს;

ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი არ გამოცხადდა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ანდა წილისყრით გამოვლენილმა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრმა მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციას კომისიის სხვა წევრს ანიჭებს;

გ) ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი არ გამოცხადდა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს ავალებს დამატებითი ფუნქციის შესრულებას. ამის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ან იმ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს;

დ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი არ გამოცხადდა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს ავალებს დამატებითი ფუნქციის შესრულებას ან საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას თავად ასრულებს.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა იმ საარჩევნო უბანზედაც, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.

 

მუხლი 67. საარჩევნო უბნის გახსნა

1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათსა და 45 წუთზე.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ითვლება, რომ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია სპეციალურ ჯგუფად გარდაიქმნა, და სპეციალურ ჯგუფს უფლება აქვს, ჩაატაროს კენჭისყრა. სპეციალური ჯგუფის კვორუმად განისაზღვრება მისი არსებული შემადგენლობის უმრავლესობა. სპეციალური ჯგუფის წევრებს ფუნქციები სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარემ წილისყრის გარეშე უნდა მიანიჭოს.

3. თუ კენჭისყრის დღეს აღმოჩნდა, რომ სპეციალური ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით სპეციალური ჯგუფის არსებულ შემადგენლობას ამატებს იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ ჯგუფს ერთდროულად არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ან არ ჰყავს სპეციალური ჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეციალური ჯგუფი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.

4. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. ჩანაწერთა წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი.

5. თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა დააფიქსირა (აღმოაჩინა) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით;

ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;

გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად საარჩევნო ყუთსა და გადასატან საარჩევნო ყუთს.

7. ამომრჩეველთა რეგისტრატორ თითოეულ კომისიის წევრს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა საარჩევნო ბიულეტენის გაცემის შემდეგ ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა. შ..

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და ეს მონაცემები (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა) შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

9. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი საკონტროლო ფურცლებს სამ ეგზემპლარად ავსებენ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.

10. კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.

 

მუხლი 68. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).

2. ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისთვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ სხვა ენაზედაც იბეჭდება, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც.

3. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი ჩატარების დრო.

4. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.

5. ჩანაწერთა წიგნი არის ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და მას დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები.

6. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი უთითებს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას.

7. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნავს ინფორმაციას კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.

8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი უთითებს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატან თითოეულ მონაცემს.

9. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისთვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით.

10. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში.

11. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება. მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელოქმთან (ოქმებთან) და ამ კანონის 73-ე მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულ დალუქულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

მუხლი 69. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი

1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ სხვა ენაზედაც.

2. საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.

3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვას და ძირითადი საარჩევნო ყუთისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება მათი დამზადების თითოეულ ადგილზე აქვთ ცესკოს განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არაუმეტეს 3 დამკვირვებელს.

4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში ცესკო აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადებისთვის პასუხისმგებელი პირების თაობაზე.

5. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ბიულეტენების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.

6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი პირადად აგებენ პასუხს.

7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად, ბლოკნოტების სახით იკინძება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისთვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორი) ხელმოწერებისთვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისთვის.

8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი რიცხვისა.

9. ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას 2 ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, საარჩევნო ბიულეტენების სახე, ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (მიღება-ჩაბარების აქტის 1 ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადამცემ საარჩევნო კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის 1 ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე აქტის ხელმომწერი მხარეები საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობის გარკვევის შემდეგ ითვლიან ბიულეტენების რაოდენობას და სათანადო მონაცემები შეაქვთ მიღება-ჩაბარების აქტში. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერებით ადასტურებენ.

12. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის ჩატარების თარიღი;

ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი (საარჩევნო ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ ბიულეტენზე);

დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების დროს – არჩევნებში მონაწილე პარტიის რიგითი ნომერი და სახელწოდება; თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ მაჟორიტარი კანდიდატი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ აღინიშნება „დამოუკიდებელი“;

ე) სარეფერენდუმო ბიულეტენის შემთხვევაში − აგრეთვე მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: „დიახ“ და „არა“;

ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

ზ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერის ადგილი;

თ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საარჩევნო ბიულეტენის სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.

13. თუ აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ბიულეტენი სხვა საარჩევნო უბნისთვის/საარჩევნო ოლქისთვის არის განკუთვნილი ან ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან ბიულეტენს აქვს ბეჭდური ან სხვა სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სათანადო აქტის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში დააფიქსიროს ბიულეტენების რეალური რაოდენობა.

14. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის სახელის/სახელწოდების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.

15. საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებურად გატანა, წაღება ან განადგურება.

16. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

17. ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენის გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით.

18. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი არაელექტრონული (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.

19. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველს გადაეცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.

20. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს ამომრჩეველს გადაეცემა არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი.

21. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

22. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

 

მუხლი 70. ამომრჩეველთა მარკირება

1. ყველა საარჩევნო უბანში (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).

2. მარკირების შემოწმების პროცედურას ამომრჩეველი გადის კენჭისყრის ოთახში შესვლისას საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრთან, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი აშუქებს მარკირების ადგილს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აქვს, აძლევს მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი განახორციელებს მის მარკირებას და იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.

4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს მარკირების შემოწმების ან მარკირების პროცედურის გამო ეჭვი გაუჩნდა, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს სათანადო რეაგირება მარკირების პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.

5. მარკირება არ გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების, აგრეთვე საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ავადმყოფების მიმართ.

6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს, იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 71. კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის სხვის ნაცვლად მიცემა.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ამომრჩეველს კენჭისყრის ოთახში შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და თუ ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან 2-ზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრ სწარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტსა და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ხელმოწერით ადასტურებს. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ხელს აწერს მის (მათ) წინა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალური ბეჭდით ამოწმებს;

გ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ამ კანონით დადგენილი წესით ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;

დ) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს უფლება არა აქვს, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;

ე) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი დახურული უნდა ჰქონდეს და ის უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;

ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში (დოკუმენტებში) აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ჩატარების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

4. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ:

ა) დაადასტურა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნის საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც უთითებს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს და მას ხელმოწერით დაამოწმებს;

ბ) არ დაადასტურა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მაგრამ მას არ დაეთანხმა ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი, რომელმაც გამოავლინა შეუსაბამობა, იგი ჩანაწერთა წიგნის საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწერს თავის განსაკუთრებულ აზრს და ხელს მოაწერს. ამის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი იქვე მიუთითებს ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს და ჩანაწერს ხელმოწერით დაადასტურებს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს და მას ხელმოწერით დაამოწმებს.

5. აკრძალულია საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;

დ) დამკვირვებლისა;

ე) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლისა.

6. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უნდა ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და უნდა მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და დაეწერება „გაფუჭებულია“. მას ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 საათსა და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა, ეს მონაცემი (რიცხვი) შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში და მიუთითოს შესაბამისი დრო.

9. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.

10. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

 

მუხლი 72. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა.

2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.

3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრებს გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენს.

4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის პროცედურის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი, აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები მათი სურვილის შემთხვევაში.

5. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისთვის.

6. ამომრჩეველი (გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას მიეკუთვნება, სადაც ის არის რეგისტრირებული.

7. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გამჭვირვალე გადასატანი საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობები შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე და დაეწერება „გაფუჭებულია“. მათ ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ისინი ცალკე შეინახება. ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან. ამასთანავე, იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებები.

8. თუ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე ადგილობრივ საარჩევნო ოლქშია, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მას გადაეცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. საწინააღმდეგო შემთხვევაში ამომრჩეველს (გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო, სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.

10. გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დასრულებისას ილუქება ისე, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს მისი გახსნა.

 

მუხლი 73. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით ამოწმებს და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. კენჭისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. ფურცლები მაგიდაზე იყრება. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ამ ფურცლებს სათითაოდ იღებენ.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. ამასთანავე, ამ წარმომადგენელთა გამოსავლენ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან.

4. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან სიას, ამომრჩეველთა სპეციალურ სიასა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კუთხეს ჩამოაჭრის. გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები ცალ-ცალკე პაკეტებად იკვრება. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე.

6. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს ამ კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობასა და ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას და შესაბამისი მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში. ამის შემდეგ იგი შეფუთავს და დალუქავს ამ დოკუმენტებს, პაკეტზე მიუთითებს საარჩევნო უბნის ნომერს, დოკუმენტების სახეობას და ხელს მოაწერს დალუქულ პაკეტს.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

 

მუხლი 74. საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.

2. თუ საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. მთვლელებს საარჩევნო ყუთები განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, 2 მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები. ამ მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი 2 მეთვალყურე და 2 წარმომადგენელი.

4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ანდა გადასატან საარჩევნო ყუთში ყველა საარჩევნო ბიულეტენი სპეციალური კონვერტების გარეშე მოთავსებული აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.

5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგარ მაგიდაზე, ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და სპეციალური კონვერტები და საარჩევნო ბიულეტენები დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ძირითადი საარჩევნო ყუთიდან და გადასატანი საარჩევნო ყუთიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს ერთმანეთში ურევენ დაიწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.

6. გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენები დალუქული სახით ასევე გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას:

ა) თუ გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვევა გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას;

ბ) თუ გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში დაულუქავი დაბრუნდა;

გ) სხვა შემთხვევაში, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის პროცედურა საჭიროებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის დამატებით შემოწმებას.

 

მუხლი 75. ხმების დათვლა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული ხმების შესაბამისად;

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშისა და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

2. დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება გაასაჩივრონ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) სპეციალურ კონვერტში დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი აღმოჩნდა;

დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;

ე) საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენი სპეციალური კონვერტის გარეშე აღმოჩნდა;

ვ) საარჩევნო ბიულეტენი სხვა საარჩევნო უბნისთვის იყო განკუთვნილი.

4. ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი ფორმით შესწორების, ცვლილების ან დამატების შეტანა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“. ეს საარჩევნო ბიულეტენები იკვრება პაკეტად, რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.

7. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს შესაბამისი ზომის კონვერტში. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამავე მუხლის მე-9 პუნქტში აღწერილი წესით. თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიკუთვნებული ხმების შემცველი საარჩევნო ბიულეტენების დასტა ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

9. ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების შეკვრების დასტას უნდა ეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (საარჩევნო სუბიექტების) შესახებ მონაცემები (დასახელება; სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

 

თავი X. კენჭისყრის/არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარება

 

მუხლი 76. ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება

1. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ამ კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებში/საარჩევნო უბნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებები, აგრეთვე მათი გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

3. არჩევნების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

 

მუხლი 77. საარჩევნო ოლქები/საარჩევნო უბნები

1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას.

2. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება:

ა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;

გ) ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.

3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება:

ა) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში;

ბ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.

4. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

მუხლი 78. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები

1. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები, მათ შორის, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

2. იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება:

ა) საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღეს 6 საათსა და 45 წუთზე;

ბ) ამომრჩეველთა მარკირება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით;

გ) საკონტროლო ფურცელი არ გამოიყენება;

დ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი.

3. საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების შემდეგ გრძელდება ამ კანონით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

4. ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელზედაც გაფერადებულია ან/და მონიშნულია მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე, მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნის/წარწერის არსებობისა (ასეთი აღნიშვნის/წარწერის არსებობის შემთხვევაში).

5. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე;

ბ) არ არის გაფერადებული ან/და მონიშნული არცერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე.

6. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ხელმძღვანელობენ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებით.

 

მუხლი 79. საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმისა და სახის დადგენა

საარჩევნო ბიულეტენის ფორმას, ტექსტსა და შევსების წესს, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩოკონვერტის სახეებს, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმასა და სახეს განკარგულებით ადგენს ცესკო.

 

მუხლი 80. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი

1. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი ხორციელდება შემდეგი ღონისძიებებით:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს (აპარატებს) (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში (აპარატებში) ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესს) და ამ აპარატიდან (აპარატებიდან) ბეჭდავს საწყის ანგარიშს (ანგარიშებს), რითაც დასტურდება, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატით (აპარატებით) არცერთი ამომრჩევლის ვერიფიკაცია არ მომხდარა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გააქტიურება და ამ აპარატიდან საწყისი ანგარიშის ამობეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ აპარატში სპეციალური ინდივიდუალური კოდის/პაროლის შეყვანის შემდეგ;

ბ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში (აპარატებში) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესის გააქტიურების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს აძლევს მითითებას, რომ მათ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან (აპარატებიდან) ამობეჭდონ ამომრჩეველთა სია (ამომრჩევლის რიგითი ნომრის, გვარისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მითითებით), რომელიც გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმთან ერთად და რომლითაც შესაძლებელია იმის გადამოწმება, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია და ამომრჩეველთა სამაგიდო და კედლის სიები იდენტურია;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითად საარჩევნო ყუთსა და გადასატან საარჩევნო ყუთს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ეს საარჩევნო ყუთები ცარიელია, მათ ინდივიდუალური ნომრების მქონე ლუქებით ლუქავს. ძირითადი საარჩევნო ყუთი ისე ილუქება, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ხელით მოთავსება ან/და საარჩევნო ყუთიდან ხელით ამოღება და საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მოხსნა. ლუქების ნომრები აღინიშნება ჩანაწერთა წიგნში;

დ) საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ბეჭდავს იმის დასტურს, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია („ნულოვანი ამონაწერი“) და ამონაბეჭდს შესანახად გადასცემს კომისიის მდივანს;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გვერდზე ხელმოწერებით ადასტურებენ ცარიელი საარჩევნო ყუთების დალუქვას და „ნულოვან ამონაწერში“ მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია;

ვ) საარჩევნო ბიულეტენს დაცვისა და შესაბამის აპარატში გამოყენების მიზნით აქვს სპეციალური შტრიხკოდი და ინდივიდუალური QR-კოდი;

ზ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში (საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა). შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველი ხელს აწერს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე, დალუქულ ყუთში, რომლის ჭრილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება და საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ ქვითრების გადათვლა და მათი რაოდენობის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ საბოლოო ანგარიშში მითითებულ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარება;

თ) კენჭისყრის დღეს 10 საათზე, 12 საათზე, 15 საათზე, 17 საათსა და 20 საათზე დგინდება კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა და კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა. 12 საათისა და 17 საათის მონაცემები შეიტანება კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში;

ი) კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს დაავალებს, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდოს საბოლოო ანგარიში;

კ) კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში არსებული კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაცია ინახება ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი შეინახება ჩანაწერთა წიგნში;

მ) ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ გრძელდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები, რაც იძლევა იმის გადამოწმების შესაძლებლობას, დაითვალა თუ არა საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონულმა მთვლელმა აპარატმა საარჩევნო ბიულეტენები საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

ნ) საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, რაც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგების აუდიტის მექანიზმია;

ო) საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, რაც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგების აუდიტის მექანიზმია.

2. ამ მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების დადასტურების წესს განკარგულებით ადგენს ცესკო.

 

მუხლი 81. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა

1. იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი, ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი.

2. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ მოწყობილობაზე არსებული საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ყველა ვერსიის ინტერნეტსივრცეში განთავსება საარჩევნო უბნების მიხედვით, კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსიის ინტერნეტსივრცეში გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

3. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

 

თავი XI. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება

 

მუხლი 82. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები

1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნისთვის ამ კანონით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, რეგისტრაციაში გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

5. ამ კანონის 83-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შესწორება დასაშვებია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნის, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილებას.

7. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს.

8. შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. მათი დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ოქმების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

9. შემაჯამებელი ოქმების საარჩევნო კომისიაში შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

10. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

11. შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

12. შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში − აფხაზურ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისთვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ სხვა ენაზედაც, შემაჯამებელი ოქმი შეიძლება დაიბეჭდოს შესაბამის ენაზედაც.

 

მუხლი 83. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა

1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი: ერთი ოქმი – პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისა და შუალედური არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.

3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;

გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული, მაჟორიტარული);

დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

ე) ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ზ) ამომრჩეველთა სიებში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 12 საათსა და 17 საათზე;

თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

ი) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (კომისიის წევრი ამ ჩანაწერს აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.

8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

9. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისთვის. საუბნო საარჩევნო კომისია ოქმის ფოტოასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ან პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას აღნიშნული პირები ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერებით ადასტურებენ.

10. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. აღნიშნული ფოტოასლები უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

11. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის უფლებამოსილი პირებისთვის ამავე კანონით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს, რომელიც მათ ახარისხებს და არქივში ინახავს.

13. კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

14. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები.

15. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნოს ცესკოს.

 

მუხლი 84. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს და მათ არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული, მაჟორიტარული);

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ე) საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამ უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;

ლ) იმ საარჩევნო უბნებში გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (კომისიის წევრი ამ ჩანაწერს აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამ პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, აგრეთვე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, არჩევნების მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა და მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.

3. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან არჩევნების მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ მათში ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

11. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 73-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი იმავე პუნქტით დადგენილ ვადაში გადაიღებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ კანონის 67-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები, ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით დაამოწმებს მათ და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს ცესკოს.

 

მუხლი 85. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში

1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;

ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

დ) საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ე) არჩეული პირის (პირების) ვინაობა;

ვ) ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მონაცემები.

3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ოქმი ცესკოში ინახება, ხოლო ოქმის დამოწმებული ფოტოასლები ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებსა და ყველა დაინტერესებულ პირს გადაეცემა.

4. ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

6. განცხადების/საჩივრის ან/და ცესკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მას გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც ოქმს 2 დღის ვადაში აქვეყნებს.

8. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 83-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცესკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.

9. ცესკო ნებისმიერი არჩევნების დროს კენჭისყრის ჩატარებიდან 40 დღის ვადაში დაამუშავებს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ, ამ კანონის 84-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებს და თითოეული შემთხვევისთვის ცალკე დოკუმენტს ქმნის. ყოველი დოკუმენტი შეიცავს ჩანაწერთა წიგნის სათანადო გვერდის დამოწმებულ ასლს და თანდართულ შესაბამის დოკუმენტებს. ეს მასალები კენჭისყრის ჩატარებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა გადაეცემა სააგენტოს, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს ისინი შესაბამის პირთა ვინაობის გადასამოწმებლად. თუ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა არჩევნებში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის საფუძველზე მონაწილეობა ან მონაწილეობის მცდელობა, პირს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1642 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

თავი XII. არჩევნების მეორე ტური

 

მუხლი 86. არჩევნების მეორე ტურის ჩატარება

1. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში.

2. არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად გამოიყენება ამ კანონის 87-ე მუხლით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

მუხლი 87. არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის საჭირო ვადები და ღონისძიებები

1. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ არჩევნების პირველ ტურში არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომლებშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) სააგენტოს მიერ ცესკოსთვის მიწოდებული საქართველოს იმ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის ჩატარების დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე იმავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა სპეციალურ სიას, შესაბამისი წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემების გათვალისწინებით;

გ) არჩევნების მეორე ტურისთვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც მეორე ტურის ჩატარების დღისთვის აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსიისა და საჯარო ვერსიის) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას;

ე) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8 დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

2. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას.

3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით.

4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებას ახორციელებენ არჩევნების პირველი ტურისთვის საარჩევნო ოლქში შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები, თუ ცესკო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებამოსილების ვადა აითვლება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.

7. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის პარტიას ეძლევა უფლება, დანიშნოს კომისიის წევრი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამის პარტიას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს.

8. თუ პარტიამ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა იმავე პუნქტით მინიჭებული უფლება, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის 17-ამდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 1 დღის ვადაში, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით გამოაცხადოს კონკურსი, კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში მიიღოს საკონკურსო საბუთები და ამ საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები).

10. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.

11. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

12. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები.

13. არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების პირველ ტურში წარდგენილი კანდიდატი.

14. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

15. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის ორგანიზაციების წარმომადგენლებს აკრედიტაციის ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით.

16. ამ მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა წარუდგინონ დამკვირვებელთა ახალი/დამატებითი სიები.

17. რეგისტრირებულ მედიის ორგანიზაციებს უფლება აქვთ, მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისთვის შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ამ კანონით დადგენილი წესით წარუდგინონ დამატებითი სიები.

18. მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ იმართება და არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, ამ კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში გამართულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

20. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო.

21. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და ცესკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს.

22. წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისთვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისთვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან.

23. იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისთვის.

24. ცესკო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის საჭირო სხვა, დამატებითი ღონისძიებები და ვადები. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამ მუხლით დადგენილი ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება/ვადის დაცვა შეუძლებელია, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები.

 

თავი XIII. საარჩევნო დავის განხილვა

 

მუხლი 88. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება

1. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

3. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, აგრეთვე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 89. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი

1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს თავის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

4. თუ განცხადებაში/საჩივარში დაფიქსირებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში აღინიშნება „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.

 

მუხლი 90. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 89-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. განცხადება/საჩივარი ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 89-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 3 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 4 დღის ვადაში.

 

მუხლი 91. ხმების დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა

1. ამ კანონის 90-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის მიერ განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

2. თუ დარღვეულია ამ კანონის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და მის გამოსასწორებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს, რის შესახებაც კომისიის მდივანი კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს სათანადო ჩანაწერს, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

4. ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება ხარვეზის გამოსწორების ზუსტი დრო და თარიღი. ჩანაწერს ხელს აწერენ ხარვეზის აღმომფხვრელი პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

5. ამ კანონის 89-ე და 90-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება ამ კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

 

მუხლი 92. გასაჩივრების ვადა და წესი

1. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

5. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც შესაბამის საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც შესაბამის სარჩელს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

6. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

7. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი წარდგენის ვადა და წესი.

8. ამ კანონის 93-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე, იმავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა, სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი სარჩელი/განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში სარჩელი/განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

10. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში სარჩელის/განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

11. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ, ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით უნდა ეცნობოს მხარეს.

12. საოლქო საარჩევნო კომისიაში, ცესკოში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანის წესს განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო.

13. მხარე ვალდებულია საჩივარში გარკვევით მიუთითოს საჩივრის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილური ტელეფონის) ნომერი. ასევე უნდა მიეთითოს საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში).

14. საჩივრის განხილვისთვის, ამ კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით მხარე შეიძლება დაბარებულ იქნეს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:

ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვა).

15. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა.

16. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემტან პირს/დამკვირვებელ ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

17. თუ საჩივრის ავტორი არის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

18. თუ საჩივრის ავტორი არის საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის ამ კანონის 47-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.

19. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.

20. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს საარჩევნო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. ცესკოში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი. ქვემდგომ საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და კომისიის თავმჯდომარე. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

21. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

22. მხარის გამოუცხადებლობა არ არის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველი.

23. მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.

24. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისას საარჩევნო კომისიაში მხარის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი, გარდა პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირისა.

25. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

26. საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარეს მიუთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.

27. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

28. მხარეს, რომელიც, შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვისას, საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ეგზავნება.

29. საჩივრის განხილვის დროს მხარის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ არის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადის ათვლის საფუძველი.

30. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას/ცესკოს სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.

31. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

32. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან ცესკოს. ამასთანავე, შესაბამისი სასამართლო ცესკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ. ამ განჩინებას ცესკო მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განჩინება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე ჩაითვლება მესამე პირებისთვის ჩაბარებულად, ხოლო ისინი სასამართლო პროცესზე დაბარებულებად ჩაითვლებიან.

 

მუხლი 93. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე ამ პირთა სახელით − მათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე − ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს. ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო.

2. ამომრჩეველთა სიის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას),შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, ბოლო საერთო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, ბოლო საერთო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.

5. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიის ან მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.

9. ამ კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სარჩელის სასამართლოში იმავე პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში შეტანის უფლება აქვს ცესკოს.

10. პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ბ) პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისისა) წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნების დროს), თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/მდივანმა რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

 გ) პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა;

დ) პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისისა) წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.

11. არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის, მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში მონაწილე პარტიას, მაჟორიტარ კანდიდატს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საკრებულოს არჩევნების დროს პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები, ან/და ამ საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა;

გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში მონაწილე პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული სია, ცალკეული მაჟორიტარი კანდიდატები ან პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატები რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ ცალკეული მაჟორიტარი კანდიდატები ან პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა.

12. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.

13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.

14. პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის აკრედიტაციის თაობაზე განცხადება არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/შესაბამის საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

15. ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი პარტიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება;

ბ) პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება.

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს. ასეთი მოთხოვნის სხვა უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.

16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 56-ე მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

17. ამ კანონის 53-ე მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ კანდიდატის წარმდგენ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, იმ კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება, ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.

19. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ წარმომადგენლებს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

20. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ წარმომადგენლებს, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს.

21. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (საარჩევნო ოლქის შემთხვევაში), მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

22. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

23. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

 

თავი XIV. პასუხისმგებლობა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის

 

მუხლი 94. სამართალწარმოება ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას

1. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ კანონის 95-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 97-ე და 102-ე−109-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).

3. ამ კანონის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის შესახებ პოლიციის მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს უფარდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი.

4. ამ კანონის 98-ე მუხლითა და 99-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ოქმის შედგენა იწვევს საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომას.

5. ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით (საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმების შემთხვევაში) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების საფუძველზე.

6. ამ კანონის მე-100 და 101-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

7. უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების შემთხვევაში ამ კანონის 96-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსთვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) ამ კანონის 104-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას არასაარჩევნო პერიოდში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაბამისი არჩევნების დანიშვნამდეა ჩადენილი, იღებს 30 კალენდარული დღის ვადაში.

9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე, სასამართლოს სხდომაზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლობა არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსთვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.

10. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსთვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.

11. ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლების მქონე პირის მიერ ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო საქმის განხილვის შედეგად იღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ან უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მუხლი 95. წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა

1. წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

 2. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 96. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა

1. ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტომასალებისა და სხვა მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან მათი წინასაარჩევნო აგიტაციის გასაწევად გამოყენებისთვის ხელის შეშლა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 97. საარჩევნო კამპანიის ამ საქმიანობისთვის აკრძალულ დაწესებულებებში ჩატარება

 საარჩევნო კამპანიის იმ დაწესებულებათა შენობებში ჩატარება, სადაც მისი ჩატარება აკრძალულია ამ კანონით, და უფლებამოსილი პირის მიერ ასეთი ნებართვის გაცემა –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 98. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა

არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაში სავალდებულო ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნება ან მათ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესის დარღვევა −

 გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მედიის საშუალებისა − 1 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 99. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება

1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 57-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

2. ამ კანონის 57-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 57-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით.

4. ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს გაზეთის (ბეჭდვითი მედიის საშუალების) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 100. საარჩევნო სუბიექტების პასუხისმგებლობამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის დარღვევისთვის

1. საარჩევნო სუბიექტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისთვის, აგრეთვე იმ ქმედებისთვის, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების კანონით დადგენილი მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 101. საარჩევნო კამპანიის ხარჯების შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და მათი არასწორი მონაცემებით წარდგენა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას − დამოუკიდებელი კანდიდატისა − 1 000 ლარის ოდენობით, პარტიისა − 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენა − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 102. საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიისთვის მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიისთვის საჭირო მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –

 გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 103. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმით, −

 გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 104. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

1. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 3 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 105. არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა –

 გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 106. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისთვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისთვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა –

 გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 107. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა

ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა –

 გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 108. საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა

 საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა −

 გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 109. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა –

 გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 110. პასუხისმგებლობა მაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობისა და გამოუქვეყნებლობისთვის

შესაბამისი მაუწყებლის მიერ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფების მიწოდების მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

კარი II. განსაკუთრებული ნაწილი

თავი XV. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

 

მუხლი 111. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

 

მუხლი 112. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვა

1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.

2. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საქართველოს პარლამენტის არჩევნების თვეს ან წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.

3. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.

5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდებზე არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა.

 

მუხლი 113. პასიური საარჩევნო უფლება

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.

 

მუხლი 114. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს.

 

მუხლი 115. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი

1. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოს პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) თანამდებობა (საქმიანობა);

დ) სამუშაო ადგილი;

ე) მისამართი(საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

ვ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ზ) პარტიულობა;

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;

ი) წარმდგენი საარჩევნო კოლეგიი სწევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და 3 ფოტოსურათი.

5. განცხადებას უნდა ერთოდეს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

6. განცხადებას ხელს აწერს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი ყველა წევრი.

 

მუხლი 116. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულება მიღებიდან 3 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

3. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.

4. თუ საარჩევნო კოლეგიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე დაადგენს ხარვეზს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა და საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 3 დღე მიეცემა. თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და მის წარმომადგენელს ცესკოს განკარგულებით უარი ეთქმება რეგისტრაციაზე.

5. ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და წესები.

6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ/რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს განკარგულება შეიძლება ამ კანონის 92-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით გაასაჩივროს (გაასაჩივრონ) მხოლოდ შესაბამისმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა (წევრებმა) ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილმა პირმა.

7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საქართველოს პარლამენტი და ცესკო თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე აქვეყნებენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცნობას მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის) და სამუშაო ადგილის მითითებით.

8. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება არა აქვს, მოხსნას თავისი კანდიდატურა.

 

მუხლი 117. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საქმიანობის გარანტიები

1. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სამსახურიდან დათხოვნა ანდა სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე.

2. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავება, დაპატიმრება ან გაჩხრეკა, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე ცესკო თანხმობას არ მისცემს. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ ცესკოს განკარგულებას კენჭი ეყრება საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

 

მუხლი 118. საარჩევნო კოლეგია

1. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია.

2. საარჩევნო კოლეგიაში შედიან:

ა) საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი;

გ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ამ კანონის შესაბამისად, სათანადო პარტიების მიერ დასახელებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების წევრები.

 

მუხლი 119. პარტიების მიერ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელება

1. პარტიები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად.

2. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, კვოტები განისაზღვრება შემდეგი ფორმულის მიხედვით: P = A * B / C, სადაც:

ა) P არის უფლებამოსილი პარტიისთვის განსაზღვრული კვოტის ოდენობა, რომელიც მიღებული მთელი რიცხვია;

ბ) A არის იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, რომელმაც, პროპორციული საარჩევნო სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად, ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო;

გ) B არის საარჩევნო კოლეგიის სრულ შემადგენლობას გამოკლებული საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის ჯამი;

დ) C არის პროპორციული საარჩევნო სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილე იმ პარტიების ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამი, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღეს.

4. თუ უფლებამოსილი პარტიების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მისაღებ კვოტათა ჯამი B-ზე ნაკლებია, გადაუნაწილებელი კვოტები მიეკუთვნებათ უფლებამოსილ პარტიებს მათი საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.

5. პარტიამ მისთვის განკუთვნილი კვოტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრები უნდა წარადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასა და სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე არჩეული საკრებულოებიდან პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკო განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ღონისძიებათა განხორციელების გრაფიკს (ვადებს) და ამ მუხლით განსაზღვრულ კვოტებს არჩევნების დანიშვნის დღისთვის არსებული მდგომარეობით.

7. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა.

8. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დასამტკიცებლად:

ა) საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ) ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირი საარჩევნო კოლეგიის წევრად არ ჩაითვლება, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესახებაც პარტიას 2 დღის ვადაში ეცნობება (ხარვეზის მითითებით) და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 3 დღის ვადა მიეცემა;

დ) უფლებამოსილ პარტიას უფლება აქვს, შეცვალოს საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი კოლეგიის წევრი მხოლოდ ამ პირის, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შეუძლებელია, ან თუ უფლებამოსილმა პარტიამ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა ცესკოს გადაწყვეტილებით დადგენილი კვოტა ან დადგენილ კვოტაზე ნაკლები რაოდენობის საარჩევნო კოლეგიის წევრი წარადგინა, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობის 300-ამდე შესავსებად შეიცვლება დადგენილი კვოტები და გამოუყენებელი ადგილები გადანაწილდება სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.

 

მუხლი 120. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვა; პირველი და მეორე ტურები, ხელახალი არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.

2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატების შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენში მიეთითება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი. საარჩევნო ბიულეტენის ტექსტსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკო ბეჭდავს საარჩევნო ბიულეტენებს და მათ საარჩევნო კოლეგიის წევრებს გადასცემს, ბეჭდავს საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიას, ლუქავს და ხსნის საარჩევნო ყუთს, ითვლის ხმებს და ადგენს შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

5. საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ ერთ კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) ის დაუდგენელი ნიმუშისაა;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა;

გ) საარჩევნო კოლეგიის წევრმა ხმა ერთზე მეტ კანდიდატს მისცა;

დ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელი წევრის მიერ არის ხმა მიცემული.

7. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.

8. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან ამ დღიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს.

9. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი 2-ზე მეტ კანდიდატს აქვს, მეორე ტურის მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.

10. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

11. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

12. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

13. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღს შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

14. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები იმართება მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში.

15. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

16. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების ერთდროულად ან წინა თვეში გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების გამართვისას არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისთვის ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების გამართვის დროს საარჩევნო პროცედურები, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისთვის ამ კანონით დადგენილი ვადების ნაცვლად, ხორციელდება არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ ვადებში.

17. თუ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დროს შეუძლებელია ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, საარჩევნო პროცედურები, ამ კანონით დადგენილი ვადების ნაცვლად, ხორციელდება არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

 

მუხლი 121. არჩევნების შედეგების შეჯამება

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე თავის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.

2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა;

ბ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა;

გ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა სახელები და გვარები;

დ) არჩევნებში მონაწილე თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა;

ე) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა;

ვ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

ზ) არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა ან/და პირველი ან მეორე ტურის შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის ვინაობა.

3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი.ოქმი ამ კანონის 92-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში შეიძლება გაასაჩივროს (გაასაჩივრონ) მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის შესაბამისმა წევრმა (წევრებმა) ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებელ დოკუმენტაციას ცესკო ლუქავს და ინახავს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მეორე − საქართველოს პარლამენტს, ხოლო მესამე ინახება ცესკოში.

6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შესახებ.

7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე საქართველოს პრეზიდენტის ასარჩევად შემდგარ საარჩევნო კოლეგიას უფლებამოსილება უწყდება.

 

თავი XVI. საქართველოს პარლამენტის არჩევნები

 

მუხლი 122. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.

2. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე.

3. თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მედიით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა.

 

მუხლი 123. საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა

1. საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

 

მუხლი 124. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც.

2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი ან რომლის მხარდაჭერა ამ კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

 

მუხლი 125. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

დ) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;

ე) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები;

ვ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების თავმჯდომარეები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები – მერები;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;

თ) მოსამართლეები;

ი) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

კ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;

ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;

მ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;

ნ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საწინააღმდეგო შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, ის უქმდება.

 

მუხლი 126. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანიის ვადით თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რისთვისაც ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება.

 

მუხლი 127. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო ცესკოს მიერ საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე ცესკო თანხმობას არ მისცემს. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ ცესკოს განკარგულებას კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

 

თავი XVII. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

 

მუხლი 128. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი;

ბ) საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამონაწერი პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში).

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელი, რომელიც მიეთითება საარჩევნო ბიულეტენში. ეს სახელი უნდა შეესატყვისებოდეს პარტიის წესდებაში აღნიშნულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას. ამასთანავე, განცხადებაში პარტიის სახელი შეიძლება აღინიშნოს ისე, რომ პარტიის წესდებაში აღნიშნული სახელწოდებიდან ან/და მისი შემოკლებული დასახელებიდან ამოღებულ იქნეს ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები სხვა სიტყვების, აბრევიატურების ან/და სასვენი ნიშნების დამატების გარეშე. სახელი, რომლითაც პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო ბიულეტენში უცვლელად მიეთითება;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის (წარმომადგენლების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პარტიის სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ დასახელებას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არაუგვიანეს განცხადების ცესკოში შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადება და საბუთები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს 3 დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს.

9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

11. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგითობის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

12. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

 ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ პარტიამ არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

დ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა პარტიის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

 

მუხლი 129. პარტიული სიების წარდგენა

1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს.

2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.

3. წარდგენილ პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.

5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის სხვადასხვა პარტიულ სიაში შეყვანა.

6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია.

7. პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის დანართით გათვალისწინებული 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად, კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. პარტიას უფლება არა აქვს, რომელიმე ოლქისთვის ამ ოლქის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი ოლქის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს. თუ პირი ოლქის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მისი აღმოფხვრისთვის 3-დღიან ვადას განუსაზღვრავს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი ოლქის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება. რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის წევრი მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ ოლქის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, საქართველოს პარლამენტის შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო, რომლებმაც აღნიშნული ოლქის ტერიტორიაზე მისცეს ხმა. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა 2-მა ან 2-ზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ ოლქში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება საქართველოს პარლამენტის იმ წევრს, რომლის ოლქის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოლქი არის ამ კანონის დანართით განსაზღვრული ოლქი, ხოლო ოლქის ნომერი − იმავე დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ოლქის ნომერი.

8. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით). პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის:

ა) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

ბ) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ბ.ა) კანდიდატის თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;

ბ.ბ) რომ კანდიდატი იმ პარტიის წევრია, რომლის პარტიული სიითაც არის წარდგენილი;

ბ.გ) კანდიდატის მიერ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება;

ბ.დ) კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 10 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;

გ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

დ) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

დ) სქესი;

ე) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ზ) თანამდებობა (საქმიანობა);

თ) ბოლო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი.

 

მუხლი 130. პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია

1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და ამ სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიასა და პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება (არ გატარდებიან) და ცესკოს თავმჯდომარე აღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

4. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არ არის ამ პარტიის წევრი;

გ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;

დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ე) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

ვ) საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

ზ) კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება;

თ) დარღვეულია ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

5. პარტიული სიისა და პარტიის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 92-ე და 93-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 131. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც მან განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

2. არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიულისიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

4. ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ.

 

მუხლი 132. პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა

პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან.

 

თავი XVIII. საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება

 

მუხლი 133. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში

საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ეს შედეგები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით.

 

მუხლი 134. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისოქმებისა და რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ეს შედეგები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

2. განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.

 

მუხლი 135. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში

1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ცალი ინახება ცესკოში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

3. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4. პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პარტიები.

5. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც ცესკოში რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

6. პარტიული სიით არჩეულებად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

7. თუ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

8. ისეთი განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელშიც მოთხოვნილია კენჭისყრის შედეგების გადამოწმება ან ბათილად ცნობა, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ ან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს. საჭიროების შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

9. განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

10. საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, სადაც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, სადაც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი (მიეთითება მთელი ნაწილის შემდეგ არაუმეტეს ხუთი ციფრი დამრგვალების გარეშე) და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია მათი პარტიული კუთვნილების მითითებით.

11. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ცესკო ამ ოქმებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცესკო გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.

 

მუხლი 136. საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები

1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებითვე ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

3. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.

4. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

 

მუხლი 137. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები

საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

 

მუხლი 138. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუკი მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

2. საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც, ამ მუხლის შესაბამისად, მისი ადგილმონაცვლეა.

 

თავი XIX. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები

 

მუხლი 139. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დანიშვნა

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს.

2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, მორიგ არჩევნებამდე 60 დღით ადრე.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მე-60 დღეს.

4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მედიით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა.

 

მუხლი 140. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 21 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.

2. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.

3. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერი.

4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ ამ კანონის 35-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით.

 

მუხლი 141. მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადები

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საკრებულო რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. საკრებულოს წევრი შუალედურ არჩევნებში აირჩევა იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრი საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მერი რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

2. ახალარჩეული საკრებულოს დამისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგებისშემაჯამებელი იმ ოქმის (ოქმების) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც (რომლებითაც) დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით (ოქმებით) არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.

3. შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი იმ ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება საკრებულოს აღნიშნული წევრის არჩევა.

4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება.

5. ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი იმ ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება ამ მერის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ მერს.

 

მუხლი 142. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;

დ) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებს;

ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;

ვ) სახელმწიფო რწმუნებულებს და მათ მოადგილეებს;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს;

თ) მოსამართლეებს;

ი) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;

კ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები);

ლ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს;

მ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს;

ნ) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებსა და გამომძიებლებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

 

მუხლი 143. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის გარანტიები

დამსაქმებელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს დასაქმებულის უფლება, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს კანდიდატად, გახდეს საკრებულოს წევრი, მერი. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. აკრძალულია ზემოაღნიშნული საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა და სხვაგვარი დისკრიმინაცია.

 

თავი XX. თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულოების არჩევნები

 

მუხლი144. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.

2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 25 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 25 წევრისგან.

3. ცესკო (ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის) და საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ და ქმნიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მდგომარეობით.

 

მუხლი 145. საარჩევნო სისტემა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

 

მუხლი 146. საარჩევნო ხმის უფლება

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის საკრებულოს არჩევნებში ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

 

მუხლი 147. საარჩევნო ბიულეტენი

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება პარტიების სახელწოდებები დადგენილი რიგითობის შესაბამისად.

3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება შესაბამისი პარტიის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ − „დამოუკიდებელი“. კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.

4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არაუმეტეს 1 პარტიის რიგით ნომერს.

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების შესახებ, ამომრჩეველი შემოხაზავს არაუმეტეს 1 კანდიდატის რიგით ნომერს.

 

მუხლი 148. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ პარტიას.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

4. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

მუხლი 149. პარტიების რეგისტრაცია

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას.

2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით დადადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამონაწერი პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

4. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელი, რომელიც მიეთითება საარჩევნო ბიულეტენში. ეს სახელი უნდა შეესატყვისებოდეს პარტიის წესდებაში აღნიშნულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას. ამასთანავე, განცხადებაში პარტიის სახელი შეიძლება აღინიშნოს ისე, რომ პარტიის წესდებაში აღნიშნული სახელწოდებიდან ან/და მისი შემოკლებული დასახელებიდან ამოღებულ იქნეს ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები სხვა სიტყვების, აბრევიატურების ან/და სასვენი ნიშნების დამატების გარეშე. სახელი, რომლითაც პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო ბიულეტენში უცვლელად მიეთითება;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის (წარმომადგენლების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პარტიის სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ დასახელებას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა,პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება);

ბ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

6. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასადა თანდართულ საბუთებს და არაუგვიანეს განცხადების კომისიაში შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადება და საბუთები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მათი წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 37-ე დღისა.

9. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

10. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგითობის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

 

მუხლი 150. პარტიული სიის წარდგენა

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში მონაწილე პარტიები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა.

2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.

3. წარდგენილ პარტიულ სიაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობის ორ მეხუთედზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი. არ შეიძლება პარტიულ სიაში შეყვანილ იქნეს პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

დ) სქესი;

ე) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

ვ) თანამდებობა (საქმიანობა);

ზ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

თ) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის ნომერი.

7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით).

8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის:

ა) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

ბ) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ბ.ა) კანდიდატის თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;

ბ.ბ) რომ კანდიდატი იმ პარტიის წევრია, რომლის პარტიული სიითაც არის წარდგენილი;

ბ.გ) კანდიდატის მიერ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება;

ბ.დ) კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;

გ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

9. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

მუხლი 151. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში მონაწილე პარტიას;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიას უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა განცხადებით მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

4. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.

5. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

დ) სქესი;

ე) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

ვ) თანამდებობა (საქმიანობა);

ზ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

თ) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის ნომერი, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატად არის წარდგენილი;

ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).

6. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს (აწერენ) პარტიის ხელმძღვანელი პირი (პირები)/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის თითოეული კანდიდატის:

ა) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

ბ) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ბ.ა) კანდიდატის თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე;

ბ.ბ) რომ კანდიდატი იმ პარტიის წევრია, რომლის პარტიული სიითაც არის წარდგენილი/კანდიდატი უპარტიოა (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენის შემთხვევაში);

ბ.გ) კანდიდატის მიერ კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება;

ბ.დ) კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;

გ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

7. არაუგვიანეს განცხადების წარდგენის მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მე-3 დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად.

8. საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

9. არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს ამ პარტიის პარტიულ სიაში.

10. პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი უნდა იყოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.

 

მუხლი 152. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნების დროს პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიასა და საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონითდადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

4. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს.

5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებულია მისი საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;

ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);

გ) კანდიდატის ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

6. პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში):

ა) თუ ამ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არ არის ამ პარტიის წევრი;

გ) თუ პარტიულ სიაშიშეყვანილი კანდიდატი ან საარჩევნოსუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;

დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ე) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ პარტიულ სიაში შეყვანაზე;

ვ) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წერილობითი თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე/საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე;

ზ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე;

თ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა;

ი) თუ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა აღმოჩნდა;

კ) თუ არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები;

ლ) თუ დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;

მ) თუ დარღვეულია ამ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნები;

ნ) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებს.

 

მუხლი 153. საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობისკანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დაწყების საკითხის გადაწყვეტამდე. პარტიის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

4. საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, აღნიშნული განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა,საკრებულოსწევრობისკანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

5. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

მუხლი 154. რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი ან გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში.

 

მუხლი 155. პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა

პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან.

 

მუხლი 156. საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

1. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

2. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), ამ მანდატს (მანდატებს) თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პარტიები. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება პროპორციული სისტემით გასანაწილებელიმანდატების რაოდენობის შესაბამის იმ სუბიექტებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4. თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, თანაბარი აღმოჩნდა,მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემით საკრებულოს წევრებად არჩეულებად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატი წანაცვლდება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 157. საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა 2-მა ან 2-ზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ კანდიდატთაგან არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

 

მუხლი 158. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლებელია საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.

2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ოქმს.

4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას;

გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

დ) საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული ხმების რაოდენობას.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. ოქმი დგება 1 ეგზემპლარად, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადაეცემა ცესკოს.

6. საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი დამოწმებული ფოტოასლი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინახება. ოქმის დამოწმებული ფოტოასლები გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიასა და პარტიების წარმომადგენლებს.

7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისთვის.

8. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შესახებ. ამ ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თანამდებობა (საქმიანობა) და სამუშაო ადგილი (არსებობის შემთხვევაში).

 

მუხლი 159. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები

1. თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ცესკო ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს კენჭისყრის დღიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმართება, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრებად ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ამ საარჩევნო უბნის ან გაბათილებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე ნაკლებია.

2. განმეორებითი კენჭისყრის დროს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნის გაუთვალისწინებლად.

3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.

 

მუხლი 160. საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.

 

მუხლი 161. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში მომდევნო კანდიდატი, თუკი მან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

2. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.

3. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით ნიშნავს შუალედური არჩევნების თარიღს და განკარგულებითვე ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.

4. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 149-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 151-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.

6. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს.

 

მუხლი 162. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

2. თუ საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

3. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

4. საკრებულოს ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საკრებულოს დათხოვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა. რიგგარეშე არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, ვადამდე წყდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და იმართება ამავე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

6. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 161-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით ადგენს ცესკო.

 

თავი XXI. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნები

 

მუხლი 163. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნები

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა.

3. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევაადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული საარჩევნო სისტემით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 ივლისისა ცესკო განკარგულებით ქმნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს.

 

მუხლი164. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ პარტიას.

3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის.

5. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 142-ე მუხლით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

 

მუხლი 165. პარტიული სიების წარდგენა

1. პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევ თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტია პარტიულ სიებს ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა.

2. თბილისის საკრებულოს წევრებად პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არაუმეტეს 100 კანდიდატისგან.

3. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

მუხლი 166. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

2. თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ პარტიულ სიაში დარჩენილი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში წარდგენილი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.

3. თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის შემთხვევაში მან სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.

4. ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

მუხლი 167. პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა

პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან.

 

მუხლი 168. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი

1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტისა.

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ4 პროცენტისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 25 სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

5. თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, თანაბარი აღმოჩნდა,მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

6. პროპორციული საარჩევნო სისტემით თბილისის საკრებულოს წევრებად არჩეულებად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

7. თუ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატი წანაცვლდება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 169. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში მომდევნო კანდიდატი, თუკი მან ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადოს თბილისის საკრებულოს წევრობაზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის მომდევნო კანდიდატი და ა. შ.. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

3. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.

4. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა განკარგულებითვე ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

5. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს.

6. თბილისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 149-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 151-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.

 

მუხლი 170. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება

1. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები ჯამდება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

2. თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს ცესკო.

3. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს და ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

 

თავი XXII. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები

 

მუხლი 171. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

 

მუხლი 172. მერობის კანდიდატის წარდგენა და რეგისტრაცია

1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.

2. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 142-ე მუხლით. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

3. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 149-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას, აგრეთვე ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

4. პარტიამ მერობის კანდიდატად შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.

5. მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

დ) სქესი;

ე) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

ვ) თანამდებობა (საქმიანობა);

ზ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

თ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).

6. მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს (აწერენ) პარტიის ხელმძღვანელი პირი (პირები)/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატის:

ა) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

ბ) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ბ.ა) მერობის კანდიდატის თანხმობა ამ პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით მერად კენჭისყრაზე;

ბ.ბ) რომ მერობის კანდიდატი ამ პარტიის წევრია/მერობის კანდიდატი უპარტიოა (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენის შემთხვევაში);

ბ.გ) მერობის კანდიდატის მიერ კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება;

ბ.დ) მერობის კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;

გ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

7. პარტია/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს მერობის კანდიდატს, თუ მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

9. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება მერობის კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

10. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.

11. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) მერობის კანდიდატის მიერ ამ მუხლის შესაბამისად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი;

ბ) მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების)/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერით (ხელმოწერებით);

გ) მერობის კანდიდატის ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

დ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

12. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-7–მე-9 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) ამ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;

ე) მერობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ვ) მერობის კანდიდატი არ არის წარმდგენი პარტიის წევრი;

ზ) დარღვეულია ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 53-ე მუხლის მოთხოვნები.

 

მუხლი 173. მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. მერობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.

4. შესაბამისი საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, აგრეთვე კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

მუხლი 174. მერის არჩევნების შედეგების შეჯამება

1. მერის არჩევნების შედეგებს აჯამებს და ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების შედეგებს აჯამებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები და ადგენს ცესკო.

2. მერის არჩევნებში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

 

მუხლი 175. მერის არჩევნების მეორე ტური და ხელახალი არჩევნები

1. თუ მერის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 174-ე მუხლით განსაზღვრული ხმების საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.

2. მერის არჩევნების მეორე ტურს (მეორე ტურებს) ნიშნავს ცესკო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად. მერის არჩევნების მეორე ტური (მეორე ტურები) ტარდება მერის არჩევნებიდან მეოთხე შაბათს.

3. მერის არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

4. თუ მერის არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ-ერთ ან ორივე კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია ან კანდიდატი გარდაიცვალა, 2 თვის თავზე ტარდება ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნების თარიღს ნიშნავს ცესკო ზემოაღნიშნული ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში.

 

მუხლი 176. მერის რიგგარეშე არჩევნები

1. მერის უფლებამოსილებისვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო განკარგულებით. რიგგარეშე არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

2. მერის უფლებამოსილებისვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითდადგენილიწესებიარ ვრცელდება ამ კანონის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

4. მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 149-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად, ხოლო არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი საარჩევნო კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.

5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, შესაბამისად, ცესკოს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს მერის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.

 

თავი XXIII. რეფერენდუმი და პლებისციტი

 

მუხლი 177. ზოგადი დებულებანი

რეფერენდუმის მომზადებისას, ჩატარებისას და შედეგების დადგენისას გამოიყენება ამ კანონის I კარით გათვალისწინებული არჩევნების მომზადების, ჩატარებისა და შედეგების დადგენის მარეგულირებელი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

მუხლი 178. რეფერენდუმის მოწყობა

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

2. რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება:

ა) საქართველოში შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში;

ბ) ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას;

გ) მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

3. ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება იმ დღიდან 1 წლის განმავლობაში, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული რეფერენდუმის შედეგები.

4. საქართველოში რეფერენდუმი მზადდება და იმართება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

 

მუხლი 179. სარეფერენდუმო საკითხები

1. რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება:

ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;

ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;

დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

 

მუხლი 180. პლებისციტის დანიშვნა და მისი ჩატარების წესი

1. პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.

2. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4. პლებისციტის ჩატარებაზე ვრცელდება ამ კანონით (გარდა 178-ე მუხლისა) დადგენილი წესები.

 

მუხლი 181. რეფერენდუმის დანიშვნა

1. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.

2. რეფერენდუმს ამზადებს და აწყობს ცესკო.

 

 მუხლი 182. რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი

1. თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.

2. საინიციატივო ჯგუფი ცესკოს მიმართავს თხოვნით, რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი. საკითხის ფორმულირება უნდა დაზუსტდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით.

3. ცესკო სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას რეგისტრაციაში ატარებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ამის შესახებ ინფორმაციას და საინიციატივო ჯგუფის მისამართს.

4. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი შეიტანება ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლებში.

5. რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 1 თვეში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.

6. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც 5 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 183. ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები

1. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან.

2. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცესკოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა დაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში.

 

მუხლი 184. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა

1. შევსებული ხელმოწერების ფურცლები ეგზავნება საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლებთან ერთად უგზავნის ცესკოს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2. ცესკო ამოწმებს შემოსულ მასალებს და, თუ მიიჩნევს, რომ ეს მასალები არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და რეფერენდუმის მოწყობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მასალების შემოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

3. თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ 2-ჯერ ან მეტჯერ მოაწერა ხელი რეფერენდუმის მოწყობის შესახებ განცხადებას, მისი ყველა ხელმოწერა ბათილად ითვლება.

 

მუხლი 185. რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

1. რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ;

ბ) რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ.

2. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ ან რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ქვეყნდება მის მიერ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საქართველოს პარლამენტის/საქართველოს მთავრობის მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 184-ე მუხლით გათვალისწინებული ცესკოს დასკვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.

3. რეფერენდუმის გამართვის შესახებ ბრძანებულებაში მოცემული უნდა იყოს მისი მოწყობის თარიღი და სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის ზუსტი ფორმულირება. ეს ბრძანებულება მოსახლეობას ეცნობება ოფიციალური პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ბრძანებულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

4. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას რეფერენდუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დაფინანსებისა და რეფერენდუმის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

მუხლი 186. რეფერენდუმის მოწყობის ვადები

1. რეფერენდუმი იმართება საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 6 თვისა.

2. გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაადგინოს რეფერენდუმის გამართვის სხვა ვადა.

 

მუხლი 187. რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე მოთხოვნის გამოთხოვა

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია გამოითხოვოს თავისი მოთხოვნა რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

მუხლი 188. საარჩევნო კომისიები

რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას უზრუნველყოფენ ცესკო და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

 

მუხლი 189. საინიციატივო ჯგუფის წევრთა მონაწილეობა სარეფერენდუმო კომისიების მუშაობაში

თუ რეფერენდუმი დანიშნულია ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, დანიშნოს წარმომადგენელი საარჩევნო კომისიებში.

 

მუხლი 190. რეფერენდუმის შედეგების შეჯამება და გადაწყვეტილების ძალაში შესვლა

1. სარეფერენდუმო საკითხი დადებითად გადაწყვეტილად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

2. რეფერენდუმის დანიშვნიდან რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებამდე დაუშვებელია სარეფერენდუმო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

3. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

4. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, 1 თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.

5. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.

6.კანონით დადგენილი წესით რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

თავი XXIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 191. არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. არჩევნების/რეფერენდუმის მოსამზადებლად და ჩასატარებლად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ცესკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.

3. თუ არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, ცესკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.

4. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.

5. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, სწავლების ცენტრი უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

7. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.

8. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 92-ე მუხლით.

9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე.

 

მუხლი 192. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების დროებითი წესი

1. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც შესაბამის საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც შესაბამის სარჩელს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე.

 

მუხლი 193. ამომრჩევლის მოსყიდვა

1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ხოლო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საჭიროებისას − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია:

ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემა, საქონლის შეღავათიან ფასად მიყიდვა, ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) უფასოდ მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემის დაპირებით;

ბ) ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას.

2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ანდა მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებდაამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.

3. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე.

 

 მუხლი 194. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებებს 2026 წლის 2 მარტამდე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო.

2. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე ცესკოს მიერ მიღებული/გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

3. ცესკომ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს თავის მიერ მიღებული/გამოცემული იმ სამართლებრივი აქტის ამ კანონთან შესაბამისობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

 

მუხლი 195. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032).

 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1253-IVმს-XIმპ





დანართი  

  ამ კანონის 129-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისთვის განსაზღვრული ოლქები

   

ოლქის ნომერი

ოლქის საზღვრები

1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები

2

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონი

3

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონი

4

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონი

5

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონი

6

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები

7

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონი

8

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონი

9

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები

10

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები

11

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

12

მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები

13

ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები

14

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები

15

კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები

16

ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები

17

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები

18

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები

19

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

20

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები

21

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები

22

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები

23

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

24

ქალაქ ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები

25

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები

26

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები

27

ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები

28

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

29

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები

30

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები