ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016603
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
29/01/2026
ვებგვერდი, 30/01/2026
010250050.35.138.016603
ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2026 - 04/02/2026)

 

       ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2026 წლის 29 იანვარი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 ივნისის  №44 დადგენილება.

 

მუხლი 3
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს:
1. კომისიის რაოდენობრივი და სახელობითი შემადგენლობის განსაზღვრა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა.
2. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით დამტკიცება.
მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა კბილაშვილი



დანართი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ  საკითხებს, საკითხის  განხილვისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესს.

2.  ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს,  ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში, ახალციხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში;

გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის.

4. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.

5. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.

6. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 3 (სამი) პირს.

7. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება ჩამოერთვას,  თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.

8. საპატიო მოქალაქისათვის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას     იღებს  მუნიციპალიტეტის   მერი    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი კომისიის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 2. საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წარდგენა

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აქვს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 1%-იან საინიციატივო ჯგუფს.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ და  „გ   ქვეპუნქტით  განსაზღვრული პირები   კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა/წერილი წარედგინება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომისიას.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილ ინიციატივას/წერილს უნდა დაერთოს:

ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის დასაბუთება, სადაც უნდა იყოს წარმოჩენილი საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;

გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები.


მუხლი 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების პროცედურები
1. შემოსულ დოკუმენტაციას საკითხის შესწავლისა და შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის მომზადების მიზნით, განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  ბრძანებით შექმნილი კომისია.

2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სხვა წევრებისაგან. კომისიის წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 23.

3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/მოადგილე, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები (შესაბამისი მიმართულებებით), კომისიის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

4. კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.

5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას (დასკვნას) იღებს ღია კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების ნახევარზე მეტით.

6. კომისიის დასკვნა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, სადაც მითითებული უნდა იქნეს სხდომის გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, კომისიის მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა და სია, სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა ნუსხა, სხდომაზე განხილული საკითხები და გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრის შედეგები, საჭიროების შემთხვევაში საკითხის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი. ოქმს უნდა დაერთოს სხდომაზე კომისიის წევრთა რეგისტრაციის ფურცელი.

7. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, კანდიდატისთვის საპატიო მაქალაქის წოდების მინიჭების შესახებ    დასკვნა სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში წერილობით წარედგინება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს.

8. მუნიციპალიტეტის მერი, კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის  გათვალისწინებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, წარდგენილი კანდიდატისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე.

9. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო დამზადებას უზრუნველყოფს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

10. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.


მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას.

კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს კომისიის საქმიანობას;

ბ) განსაზღვროს კომისიის დღის წესრიგი, მოიწვიოს კომისიის სხდომა დამოუკიდებლად ან კომისიის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე და გაუძღვეს კომისიის სხდომებს;

გ) განსაზღვროს კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სია და მოიწვიოს ისინი სხდომაზე;

დ) მოახდინოს საკითხის ინიცირება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;

ე) განსაზღვროს გამომსვლელთა რიგითობა და მისცეს მათ სიტყვა;

ვ) დასვას საკითხი კენჭისყრაზე, გამოაცხადოს კენჭისყრის შედეგები და დახუროს სხდომა;

ზ) ხელი მოაწეროს კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას;

თ) უზრუნველყოს კომისიის მიერ მიღებული დასკვნის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა.


მუხლი 5. კომისიის მდივანი
1. კომისიის მდივანი:

ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის მოწვევას;

ბ) კომისიის სხდომის მოწვევის შესახებ კომისიის წევრების განცხადებას/ინიციატივას გადასცემს კომისიის თავმჯდომარეს;

გ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებას;

დ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების ჩატარების ორგანიზებას;

ე) კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს სხდომის დღის წესრიგს და წინასწარ აწვდის ინფორმაციას კომისიის წევრებს კომისიის სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის შესახებ და უგზავნის შესაბამის მასალებს;

ვ) ახდენს კომისიის  წევრთა რეგისტრაციას;

ზ) უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, მათ  შორის, კომისიის  ოქმებისა და კომისიის საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების შედგენას/წარმოებას/დაარქივებას;

თ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და აცნობს მას სხდომაზე დამსწრე წევრებს;

ი) კომისიის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს.

2. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში მდივნის უფლებამოსილებებს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.


მუხლი 6.

დაჯილდოება

1.  ახალციხის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მოქალაქეს ენიჭება საერთო-სახალხო ზეიმის „ახალციხელობის“ (შალვა ახალციხელის ხსენების) დღეს. ეს წესი არ გამორიცხავს ამ წოდების მინიჭების უფლებას ნებისმიერ დროს, თუკი ამის განსაკუთრებული აუცილებლობა და მიზანშეწონილობა გაჩნდება და პასუხობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ინტერესებს.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადასცემს საპატიო მოქალაქის დამადასტურებელ სერტიფიკატს, სპეციალურ მედალს, ფულად ჯილდოს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 


მუხლი 7. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით  დადგენილი წესით.