საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 01/07/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 280030000.85.099.016008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
08
01/07/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
280030000.85.099.016008
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/07/2026 - 03/09/2026)

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება №08

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №36 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდება“ თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდება

 

მუხლი 1. მიზანი

1. რისკის კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) დაფუძნებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – საპენსიო ფონდი) მმართველობითი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) 2025 წლის 10 მარტის №1 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების (შემდგომში – სადამფუძნებლო ოქმი) საფუძველზე, საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციის – რისკის მართვის ფუნქციის, ეფექტიანად და სათანადოდ განხორციელების მიზნით.

2. ეს წესდება შემუშავებულია კანონის, საპენსიო ფონდის დებულების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანების შესაბამისად და განსაზღვრავს კომიტეტის მანდატს, ფუნქციებს, შემადგენლობას, თანამშრომლობის წესებსა და წევრების მიმართ დაწესებულ მოთხოვნებს.

 

მუხლი 2. კომიტეტის მანდატი და ამოცანები

1. კომიტეტს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლის უფლებამოსილებაც მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. კომიტეტს არ გააჩნია უფლებამოსილება იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რომლებიც საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭო აღნიშნულ უფლებამოსილებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადასცემს კომიტეტს.

2. კომიტეტის პასუხისმგებლობას განეკუთვნება:

ა) საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოსა და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება, საბჭოს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკთან აღნიშნული ჩარჩოს და/ან ცვლილებების შეთანხმების უზრუნველყოფა და მათი წარდგენა საბჭოსათვის დასამტკიცებლად;

ბ) საპენსიო ფონდის რისკის მართვის სისტემის და რისკის მართვის ჩარჩოს იმპლემენტაციის პროცედურების შემუშავება, მათი წარდგენა საბჭოსთვის დასამტკიცებლად და, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

გ)  რისკის  მართვის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად;

დ) საპენსიო ფონდის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და რისკის მართვის ჩარჩოსთან შესაბამისობის მონიტორინგის უზრუნველყოფა;

ე) საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის რისკის მონიტორინგი, მათ შორის, პორტფელის კონცენტრაციის, ფინანსური, ოპერაციული, რეპუტაციული, ლიკვიდობის, კიბერუსაფრთხოების, სამართლებრივი და შესაბამისობის რისკების, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტთან;

ვ) მონაწილეობა მიიღოს რისკის აპეტიტის განსაზღვრის პროცესში;

ზ) მესამე მხარესთან დაკავშირებული რისკების შეფასების უზრუნველყოფა, მათ შორის, რისკების, რომლებიც დაკავშირებულია ნებისმიერ აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტართან;

თ) საბჭოსთვის რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მიწოდება საპენსიო ფონდის არსებულ და სამომავლო რისკის აპეტიტთან დაკავშირებით;

ი) ყველა სახის რისკის, მათ შორის, ახლად წარმოქმნილი რისკის, იდენტიფიცირება და საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოში საჭირო ცვლილებების მომზადება საბჭოსათვის წარდგენის და შემდგომ საბჭოს მიერ დამტკიცების მიზნით;

კ) საბჭოს მიერ განსაზღვრული საკითხების განხილვა და საბჭოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა, საბჭოს მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით;

ლ) საკუთარი წესდების და/ან მისი ცვლილებების შემუშავება,  საბჭოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცების მიზნით;

მ) რისკის აღმოფხვრისა და შიდა კონტროლის ზომების ეფექტიანობის ზედამხედველობა, მათ შორის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საქმიანობის უწყვეტობის დაგეგმვის ჩათვლით;

ნ) რისკის მართვის ფუნქციისა და მთავარი რისკის ოფიცრის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობა;

ო) მთავარი რისკის ოფიცრის  დანიშვნის, შეცვლის ან გათავისუფლების პროცესში ჩართულობა;

პ) განახორციელოს ზედამხედველობა საპენსიო ფონდში მხილების პროცედურების სათანადო დანერგვის და ესკალაციის ფუნქციონირებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფასთან მიმართებით;

ჟ) რისკის მართვის სამსახურის სტრუქტურისა და დებულების შემუშავების პროცესის ზედამხედველობა და მთავარი რისკის ოფიცრისათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

რ) რისკის მართვის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესის ზედამხედველობა, განხილვა და მოწონება, აღნიშნული ბიუჯეტის გენერალური დირექტორის მიერ საბჭოსათვის წარდგენამდე;

ს) მთავარი რისკის ოფიცრის საქმიანობის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, რომელიც უნდა ჩატარდეს სულ მცირე კვარტალში ერთხელ. შეფასების შედეგები აისახება კომიტეტის სხდომის შესაბამის ოქმში და წარედგინება საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ მთავარი რისკის ოფიცრის საქმიანობა არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომიტეტის მოთხოვნით, მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებულია, გონივრულ ვადაში წარუდგინოს კომიტეტს დამტკიცებისათვის სამოქმედო    გეგმა დარღვევების გამოსასწორებლად ან სხვა აუცილებელი ზომების გასატარებლად;

ტ) კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 3. შემადგენლობა და შიდა ორგანიზაცია

1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს სადამფუძნებლო ოქმისა და საბჭოს სხვა შემდგომი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. კომიტეტი შედგება სულ მცირე ხუთი წევრისგან. კომიტეტის წევრები არიან მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტში დამატებით შეიძლება იყვნენ საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები, თანამშრომლები ან შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე მოწვეული პირები. თუმცა, აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტს.

3. კომიტეტს ჰყავს მდივანი – მთავარი რისკის ოფიცერი, რომელიც არ არის კომიტეტის წევრი.

იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის სხდომა იმართება მთავარი რისკის ოფიცრის გარეშე, სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომის მდივანს კომიტეტის წევრთაგან.

4. კომიტეტის წევრების საქმიანობა კომიტეტში არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

5. კომიტეტი ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს (შემდგომში – თავმჯდომარე) მმართველობითი საბჭოს შესაბამის პროფესიონალ წევრთაგან, კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. თავმჯდომარე არ უნდა იყოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია კომიტეტის წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

 

მუხლი 4. სხდომები

1. კომიტეტის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სხდომებზე დასწრება შესაძლებელია პირადად, ტელეფონით ან ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

2. რიგგარეშე სხდომა შეიძლება დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის, საბჭოს ან კომიტეტის სულ მცირე ორი წევრის წერილობითი მოთხოვნით, თუ წარმოიშობა რისკებთან დაკავშირებული გადაუდებელი საკითხები. მოთხოვნაში უნდა იყოს მითითებული დღის წესრიგი და სხდომის მოწვევის საფუძველი. ასეთი სხდომის შესახებ შეტყობინება უნდა გაკეთდეს არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკითხის გადაუდებლობა უფრო მოკლე ვადაში შეტყობინებას მოითხოვს.

3. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის სულ მცირე 2/3.

4. კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს სხდომაზე ხმის უფლების მქონე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ საბჭოს წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორს, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორი არის კომიტეტის წევრი.

5. სხდომის ოქმები მზადდება მატერიალური და ელექტრონული ფორმით. ოქმებს ხელს აწერენ კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრები. ოქმები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ იყოს იდენტიფიცირებული მათი მომზადების თარიღი, ოქმების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი (კომიტეტის მდივანი) და დამსწრე წევრები/ხელმომწერები. კომიტეტის სხდომის ოქმები ინახება განუსაზღვრელი ვადით მატერიალური და ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივი მატარებლის გამოყენებით).

6. კომიტეტის სხდომის ოქმები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბჭოს და/ან საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

7. კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან, დაესწრონ ყველა სხდომას. თუ კომიტეტის წევრი, არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ზედიზედ ორ ან მეტ სხდომას, კომიტეტს შეუძლია რეკომენდაციით მიმართოს საბჭოს ასეთი წევრის კომიტეტის შემადგენლობაში ყოფნის საკითხის განხილვის თაობაზე.

8. თავმჯდომარე უფლებამოსილია, დღის წესრიგის გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ სხდომაზე მოიწვიოს საბჭოს სხვა წევრები, აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი ან  შესაბამისი ექსპერტები საკითხების განხილვის მიზნით.

 

მუხლი 5. თანამშრომლობა სხვა კომიტეტებთან

1. კომიტეტი უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციასა და კოორდინაციას საპენსიო ფონდის ყველა მმართველობით ორგანოსა და სხვა კომიტეტთან, მათ შორის და არა მხოლოდ: აუდიტის კომიტეტთან, საინვესტიციო კომიტეტთან, ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტთან.

2. კომიტეტი საჭიროებისამებრ:

ა) გადასცემს სხვა კომიტეტებს რისკებთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით;

ბ) თანამშრომლობს აუდიტის კომიტეტთან შიდა კონტროლის სისტემისა და რისკის მართვის პრინციპების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით;

გ) ახორციელებს საინვესტიციო კომიტეტთან კოორდინაციას საინვესტიციო სტრატეგიასთან, აქტივების განაწილებასთან, პორტფელის კონცენტრაციასთან, ლიკვიდობასთან და კონტრაჰენტებთან დაკავშირებული რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით;

დ) თანამშრომლობს ანაზღაურებისა და ნომინირების  კომიტეტთან, მთავარი რისკის ოფიცრის პოზიციაზე დასანიშნი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის და/ან კანდიდატის კომპეტენციის შეფასებისათვის კონსულტაციის გაწევის გზით.

3. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უფლებამოსილებებს შორის გადაფარვა ან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ერთობლივი ჩართულობა, კომიტეტი უფლებამოსილია, სხვა შესაბამის კომიტეტთან/კომიტეტებთან შეთანხმებით, დააინიციროს ერთობლივი შეხვედრა, შექმნას სამუშაო ჯგუფები ან შეიმუშაოს საერთო წინადადებები. ასეთი თანამშრომლობის შედეგად მიღებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია უნდა დოკუმენტირდეს და ეცნობოს საბჭოს საჭიროების შემთხვევაში განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

 

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომიტეტის თავმჯდომარე იღებს ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომიტეტმა და კომიტეტის ყველა წევრმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესები.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ინტერესთა კონფლიქტი არის ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც კომიტეტის წევრის გადაწყვეტილება ან მის მიერ მიცემული ხმა მნიშვნელოვან და პირდაპირ გავლენას ახდენს მის პროფესიულ, პირად, ფინანსურ ან საქმიან ინტერესებზე. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) არსებული ინტერესი, როდესაც გადაწყვეტილებიდან პირდაპირი სარგებელი მიიღება;

ბ) პოტენციური ინტერესი, როდესაც არსებობს  შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების შედეგად მოპოვებულ იქნეს სარგებელი;

გ) შესაძლო ინტერესი, როდესაც მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეიძლება დასაბუთებულად ეჭვი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, არსებობს იგი რეალურად თუ არა.

3. კომიტეტის ყველა წევრი ვალდებულია:

ა) გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;

ბ) განსაზღვროს არსებობს თუ არა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;

გ) დარწმუნდეს, რომ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

4. დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე კომიტეტის წევრებმა წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ მათ არ გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი. ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის არსებობა კომიტეტის წევრმა უნდა გაამჟღავნოს წერილობითი ფორმით და უნდა აცნობოს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნულმა წევრმა არ მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და/ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ საკითხზე, რომლის მიმართაც ინტერესთა კონფლიქტი არსებობს.

5. თუ კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის მიერ განსახილველ და/ან გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს კომიტეტის ყველა წევრს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღებს მონაწილეობას შესაბამის განხილვაში/გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

6. ნებისმიერი გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი უნდა აღინიშნოს სხდომის ოქმში და მიეთითოს ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

7. კომიტეტის სხდომაზე მოწვეული/დამსწრე ყველა პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომიტეტის წევრს, ვალდებულია გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან მიმართებით.

 

მუხლი 7. კონფიდენციალურობა

1. კომიტეტის მიერ ყველა განსახილველი საკითხი, დოკუმენტი და გადაწყვეტილება კონფიდენციალურია და მათი გამჟღავნება ნებადართულია მხოლოდ საბჭოს მიერ წერილობით გაცემული ნებართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან თუ გამოთხოვილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში.

2. კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა პერსონალური მონაცემი უნდა დამუშავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობისა და საპენსიო ფონდის შიდა პოლიტიკების შესაბამისად.

 

მუხლი 8. ანგარიშგება

1. კომიტეტი ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე.

2. კომიტეტი ვალდებულია, საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.

3. რისკის კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ შემთხვევას, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს საპენსიო ფონდზე, კომიტეტი დაუყოვნებლივ აცნობებს საბჭოს, რეგულარული ანგარიშგების გრაფიკის ფარგლებს გარეთ. საბჭო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს.

 

მუხლი 9. გადახედვა და შესწორება

1. ეს წესდება უნდა გადაიხედოს ყოველწლიურად და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს და დამტკიცდეს საბჭოს მიერ.

2. საბჭოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების კომიტეტისათვის დელეგირების შემთხვევაში წესდების ცვლილებების პროექტს კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკის შეფასების მიღების შემდეგ კომიტეტი უზრუნველყოფს წესდების პროექტის წარდგენას საბჭოსთვის საბოლოოდ დასამტკიცებლად.

3. მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ან ორგანიზაციული ცვლილებების შემთხვევაში ეს წესდება უნდა გადაიხედოს სამი თვის ვადაში, მისი შესაბამისობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.


სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე