„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ

  • Word
„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 14/03/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
103
11/03/2002
სსმ, 25, 14/03/2002
000000000.00(0).000.000000
„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/03/2002 - 15/04/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №103

2002 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-რზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ

2001 წლის 29 სექტემბრს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერი-ტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებას“ (შემდგომში – „სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება“), რომელიც 2001 წლის 19 დეკემბერს ერთხმად იქნა რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამით დაიწყო „აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის“ სრულმასშტაბიანი რეალიზაციის პროცესი, რომლის საგანგებო კოორდინაციას უშუალოდ ახდენს საქართველოს პრეზიდენტი.

მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალიების გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ანტიტერორისტული ალიანსის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს; აშშ-ისა და ევროპის ქვეყნები ცდილობენ დაამკვიდრონ ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ახალი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი მარშრუტები. შესაბამისად, „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის მხარდაჭერა და მისი დაჩქარებული განვითარება ამ ქვეყნების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178, 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 და 2001 წლის 24 აპრილის №151 ბრძანებულებებზე დაყრდნობით:

1. „სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების“ დანართის – „ხელშეკრულება ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის“ მუხლი 2.2-სა და ამ ხელშეკრულების დანართი 2-ის მუხლი 5.1-ის მოთხოვნების შესაბამისად დაინიშნოს სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია საქართველოს წარმომადგენლად „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტში.

2. „სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების“ VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად დაინიშნონ საქართველოს წარმომადგენლებად „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის „განხორციელების ხელშემწყობ კომისიაში“ საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული, სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გ. ჭანტურია და საქართველოს პარლამენტის ევრაზიული დერეფნის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე გ. ვაშაყმაძე.

3. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს, სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს გ. ჭანტურიას მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს „ხელშეკრულებას ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის“, რომელზეც ხელის მოწერა ძალაში შესული იქნება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდგომ:

ა) საქართველოს მხარეს გადაეცემა ზემოაღნიშნული „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან ხელშეკრულების“ 3.1 (ii) და (iii) პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტები, რომლებიც ფორმითა და შინაარსით მისაღები იქნება საქართველოსათვის;

ბ) მხარეების მიერ ხელი მოეწერება ზემოაღნიშნული „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან ხელშეკრულების“ მე-7 დანართით გათვალისწინებულ საქართველოსათვის ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და შესყიდვის ხელშეკრულებებს.

4. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტიდან მისაღები ბუნებრივი გაზის მონეტიზაციისათვის ოპტიმალური პირობების შექმნის მიზნით სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ (გ. ჭანტურია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებით, აწარმოოს მოლაპარაკება საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, საინვესტიციო, სამშენებლო და სხვა საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში მოკლევადიანი და გრძელვადიანი სეზონური შენახვის გაზსაცავების მშენებლობისათვის; შეიმუშაოს ამ პროექტების რეალიზაციისთვის საჭირო მიდგომები როგორც მათი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების, ისე ამ პროექტების დაფინანსების უზრუნველსაყოფად და აღნიშნული საკითხების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს.

5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულმა, სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გ. ჭანტურიამ.

ე. შევარდნაძე