გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 890-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.018492
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
890-IIს
01/06/2017
ვებგვერდი, 21/06/2017
360160000.05.001.018492
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/03/2021 - 15/12/2021)

 

საქართველოს კანონი

 

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კოდექსის რეგულირების სფერო

1. ეს კოდექსი არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე.

2. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები.

მუხლი 2. კოდექსის მიზნები და ამოცანები

1. ამ კოდექსის მიზნებია:

ა) ხელი შეუწყოს გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე;

ბ) ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიღების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლების რეალიზაცია, აგრეთვე გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა;

გ) სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე;

დ) გარემოსდაცვითი  შეფასების პროცედურის განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.

2. ამ კოდექსის ამოცანებია:

ა) განსაზღვროს საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების უფლებები და მოვალეობები ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების ყველა შესაძლო შედეგის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და მატერიალურ ფასეულობებზე უარყოფითი ზემოქმედება მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული, შემცირებული ან შერბილებული;

გ) განსაზღვროს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კოდექსის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არატექნიკური რეზიუმე – გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მოკლე აღწერა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს/საქმიანობის განმახორციელებლის, სტრატეგიული დოკუმენტის/საქმიანობის განხორციელების ადგილის, გარემოზე/ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების და ანგარიშით გათვალისწინებული სხვა საკითხების თაობაზე, შესრულებულია არატექნიკურ ენაზე და თან ერთვის გრაფიკული და საილუსტრაციო მასალები;

ბ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – ამ კოდექსის მე-13 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ  საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) გარემოზე ზემოქმედება – სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის  განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ ფაქტორებზე ზემოქმედებას: ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი, ლანდშაფტი და დაცული ტერიტორიები. გარემოზე ზემოქმედება მოიცავს აგრეთვე კულტურულ მემკვიდრეობაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე ზემოქმედებას, რომელიც გამოწვეულია მათი ცვლილებით;

დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომ – გზშ) – შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება ამ კოდექსის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას და, სკრინინგის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას. გზშ მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას, მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და მის მხედველობაში მიღებას ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას;

ე) გზშ-ის ანგარიში – საქმიანობის განმახორციელებლის ან/და საქმიანობის განმახორციელებლისთვის კონსულტანტის მიერ გზშ-ის პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ვ) დაინტერესებული საზოგადოება – საზოგადოება, რომელსაც შესაძლოა აინტერესებდეს სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ან რომელზედაც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზნებიც  დაკავშირებულია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობასთან;

ზ) დამგეგმავი ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა უფლებამოსილი ორგანიზაცია, რომელიც, შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად, პასუხისმგებელია სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისთვის;

თ) ეკოლოგიური აუდიტი – მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში ამ საქმიანობის ტექნიკური, ეკოლოგიური და სოციალური მაჩვენებლების კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს, ტარდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საშუალებების დადგენისა და აღნიშნული საქმიანობის გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და რომლის შედეგად დგება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში;

ი) ექსპერტიზა – ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით, ამ კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი საექსპერტო კომისიის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებათა ერთობლიობა;

კ) კონსულტანტი – პირი, რომელსაც აქვს გზშ-ის ანგარიშის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვალიფიკაცია, სამეცნიერო, ტექნიკური და მეთოდური შესაძლებლობები;

ლ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება – მინისტრის ბრძანება, რომელიც მიმდინარე საქმიანობის განმახორციელებელს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ანიჭებს;

მ) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ნ) საზოგადოება – ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

ო) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

პ) დღე – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დღე;

ჟ) საქმიანობა – სამშენებლო, საწარმოო და სამონტაჟო  სამუშაოები, ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, მათ შორის, მინერალური რესურსების მოპოვება/გადამუშავება, რომელიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე;

რ) საქმიანობის განმახორციელებელი – პირი, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც სურს ამ კოდექსის I დანართით ან/და II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელება;

ს) სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს;

ტ) სკოპინგის ანგარიში – წინასწარი დოკუმენტი, რომელიც საქმიანობის განმახორციელებელმა ან/და კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზედაც სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას;

უ) სკოპინგის განცხადება – წინასწარი დოკუმენტი, რომელიც დამგეგმავმა ორგანომ ან/და კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზედაც სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემენ სკოპინგის დასკვნებს;

ფ) სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას;

ქ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (შემდგომ – სგშ) – ამ კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით  გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას;

ღ) სგშ-ის ანგარიში – დამგეგმავი ორგანოს ან/და დამგეგმავი ორგანოსთვის კონსულტანტის მიერ სგშ-ის პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ  კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ყ) სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის III თავის შესაბამისად და ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები;

შ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება – სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ჩ) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება – საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს გარემოზე ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია სტრატეგიული დოკუმენტის ან დაგეგმილი საქმიანობის მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში განხორციელებით;

ც) ფორსმაჟორული სიტუაცია – კონკრეტულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენა (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა, მსგავსი მოვლენა), აგრეთვე ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით ან/და ხანძრით და რომლის შედეგია მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევა.

მუხლი 4. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

1. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; 

გ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

2. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა;

გ) გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა;

დ) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა;

ე) გზშ-ის ანგარიშის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ზ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

თ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად;

ი) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;

კ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და საზოგადოების ჩართულობის მიზნით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მასში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების, საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

3. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა და სკოპინგის დასკვნის გაცემა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

თავი II

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

  მუხლი 5. ზოგადი დებულებანი

1. გზშ-ს ექვემდებარება ამ კოდექსის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობა და ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ის საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაექვემდებარება გზშ-ს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს  მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა. ასეთ შემთხვევაში, თუ სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ის ან სკრინინგის ჩატარებას ამ კოდექსის შესაბამისად, ეს ლიცენზია შეიძლება გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, იმ პირობით, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და სალიცენზიო პირობებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირობებს მიენიჭება. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები.

3. ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.

4. გზშ-ის მიზანია ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული შემდეგ ფაქტორებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენა, შესწავლა და აღწერა:

ა) ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;

ბ) ბიომრავალფეროვნება (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები);

გ) წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი და ლანდშაფტი;

დ) კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური ფასეულობები;

ე) ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტორების ურთიერთქმედება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ფაქტორებზე ზემოქმედების გამოვლენა, შესწავლა და აღწერა უნდა მოიცავდეს აგრეთვე მასშტაბური ავარიის ან/და ბუნებრივი კატასტროფის რისკების მიმართ საქმიანობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

6. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას არ საჭიროებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით.

7. სამინისტრო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით  ცვლილება შეიტანოს შესაბამის  აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების საფუძველზე დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება გზშ-ის ანგარიშში/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციაში ასახულ გარემოებებს ან/და გზშ-ის ანგარიშით/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციით სრულყოფილად არ შეფასდა გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედება.

8. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სამინისტროს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის მოთხოვნით, თუ დაასაბუთებს, რომ ამ პირობის შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას ან/და ამ პირობის სხვა პირობით შეცვლა აუცილებელი და ეფექტიანია გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილების ან შემცირების თვალსაზრისით.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით მინისტრი ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ მინისტრს შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს.

10. მინისტრი შესაბამის საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში მინისტრი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

11. სამინისტრო უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ცვლილება შეიტანოს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია გარემოს ცალკეული კომპონენტების დამატებითი შესწავლის ვალდებულება და შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სამინისტრო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს.

12. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, მათ შორის, წარმადობის გაზრდა, ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა.

13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი ახორციელებს ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებულ საქმიანობებს, რომლებისთვისაც გაცემულია რამდენიმე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და რომლებიც ტექნიკურად ან/და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს განცხადებით და მოითხოვოს ამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ერთ გადაწყვეტილებად გაერთიანება. სამინისტრო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაერთიანების შესახებ.

14. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული ისეთი საქმიანობების განხორციელებას, რომლებიც ტექნიკურად ან/და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია წარუდგინოს სამინისტროს საერთო სკოპინგის ანგარიში და მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5951 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

მუხლი 6. გზშ-ის ძირითადი ეტაპები

1. გზშ-ის ძირითადი ეტაპებია:

ა) ამ კოდექსის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა;

ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან კონსულტანტის მიერ გზშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად;

გ) საზოგადოების მონაწილეობა;

დ) სამინისტროს მიერ გზშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის, საზოგადოების მონაწილეობისა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების დროს მიღებული ინფორმაციის შეფასება;

ე) ექსპერტიზის ჩატარება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ მინისტრი გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 7. საქმიანობის სკრინინგი

1. ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-მდე ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, გარდა ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სამინისტროს წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სამინისტროსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის გამოცხადებამდე სკრინინგის განცხადებით მიმართავს სამინისტროს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს:

ა) მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;

ბ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების, განხორციელების ადგილისა და შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ.

5. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს ამ განცხადების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადების ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს მოსაზრებები და შენიშვნები ამ განცხადებასთან დაკავშირებით. სამინისტრო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

6. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა სამინისტრო შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს:

ა) საქმიანობის მახასიათებლები:

ა.ა) საქმიანობის მასშტაბი;

ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება;

ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის,  ბიომრავალფეროვნების) გამოყენება;

ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა;

ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური;

ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი;

ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა:

ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან;

ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან;

ბ.გ) ტყით მჭიდროდ დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები;

ბ.დ) დაცულ ტერიტორიებთან;

ბ.ე) მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიასთან;

ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან და სხვა ობიექტთან;

გ) საქმიანობის შესაძლო ზემოქმედების ხასიათი:

გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი;

გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა.

7. სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

8. თუ სამინისტრო სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ დაადგენს, რომ დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები.

9. სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

10. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს დასაბუთებული სკრინინგის გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

11. თუ სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა.

12. ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სამინისტროს წარუდგინოს სკრინინგისა და სკოპინგის ერთობლივი განცხადება ამ კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. თუ სამინისტრო სკრინინგის პროცედურის საფუძველზე დაადგენს, რომ საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ს, იგი იმავე გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით.

13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას და მიაჩნია, რომ ამ საქმიანობისთვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, იგი უფლებამოსილია სამინისტროს ამ კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს სკოპინგის განცხადება (სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე). ასეთ შემთხვევაში გამოიყენება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 8. გზშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სამინისტროს წარუდგინოს სკოპინგის განცხადება სკოპინგის ანგარიშთან ერთად.  

2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

3. სკოპინგის ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, კერძოდ, ზოგად ინფორმაციას:

ა.ა) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად);

ა.ბ) დაგეგმილი საქმიანობის ფიზიკური მახასიათებლების (სიმძლავრე, მასშტაბი, საწარმოო პროცესი, შესაძლო საწარმოებელი პროდუქციის ოდენობა და სხვა) შესახებ;

ა.გ) დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ალტერნატივების შესახებ;

ბ) ზოგად ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების და მისი სახეების შესახებ, რომლებიც შესწავლილი იქნება გზშ-ის პროცესში, მათ შორის:

ბ.ა) ინფორმაციას დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.ბ) ინფორმაციას შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოციალურ გარემოზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ;

გ) ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევებისა და გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო მეთოდების შესახებ;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შედგენილ საბადოს დამუშავების გეგმას (მათ შორის, რეკულტივაციის პროექტს), საჭიროების შემთხვევაში;

ე) ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის, შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის.

4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სკოპინგის ანგარიში სამინისტროს წარუდგინოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

5. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება ამ კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მუხლი 9. გზშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა

1. სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად იხილავს სკოპინგის განცხადებას და სკოპინგის ანგარიშს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით გასცემს სკოპინგის დასკვნას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები.

2. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით. სამინისტრო სკოპინგის დასკვნის გაცემისას უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ.

3. სკოპინგის განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა სამინისტრო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან, დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

5. სამინისტრო სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა საქმიანობის განმახორციელებლისთვის გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას.

7. თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ამ კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება.

8. სკოპინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

9. სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

10. თუ სკოპინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა.

მუხლი 10. გზშ-ის ანგარიში

1. სამინისტროს მიერ სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი უზრუნველყოფს  გზშ-ის ანგარიშის მომზადებას. გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი ანაზღაურებს.

2. გზშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს იმ პირის/პირების მიერ, რომელიც/რომლებიც მონაწილეობდა/მონაწილეობდნენ მის მომზადებაში, მათ შორის, კონსულტანტის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა) დაგეგმილი საქმიანობის აღწერას, კერძოდ:

ა.ა) საქმიანობის განხორციელების ადგილის აღწერას, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით  (shp-ფაილთან ერთად), აგრეთვე დაგეგმილი საქმიანობისთვის გარემოს არსებული მდგომარეობის აღწერას;

ა.ბ) ინფორმაციას მიწის კატეგორიისა და მიწათსარგებლობის ფორმის შესახებ, როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის ეტაპზე;

ა.გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის ფიზიკური მახასიათებლების (სიმძლავრე, მასშტაბი და საწარმოო პროცესი, მათ შორის, შესაძლო საწარმოებელი პროდუქციის ოდენობა, მოთხოვნილი ენერგია, წარმოებისას გამოსაყენებელი მასალა და ბუნებრივი რესურსები და სხვა) შესახებ;

ა.დ) ინფორმაციას სადემონტაჟო სამუშაოებისა და მეთოდების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ა.ე) ინფორმაციას მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე შესაძლო უარყოფითი შედეგების და  ემისიების (როგორებიცაა წყლის, ჰაერის, მიწის და წიაღისეულის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, სითბური გამოსხივება, რადიაცია) შესახებ;

ა.ვ) ინფორმაციას იმ ნარჩენების სახეების, მახასიათებლებისა და რაოდენობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დამატებით ინფორმაციას;

ბ) ინფორმაციას გარემოს დაცვის მიზნით შემოთავაზებული დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, მათ შორის, უმოქმედობის (ნულოვანი) ალტერნატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს საქმიანობის განუხორციელებლობის შემთხვევაში გარემოს არსებული მდგომარეობის ბუნებრივად განვითარების აღწერას, რომლის შეფასებაც შესაძლებელია არსებული ინფორმაციის გამოყენებით და მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით;

გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები), წყალზე (მათ შორის, ჰიდრომორფოლოგიური ცვლილებები, რაოდენობა, ხარისხი), ჰაერზე,  ნიადაგზე (მათ შორის, ნიადაგის მოხსნა), მიწაზე (მათ შორის, ორგანული ნივთიერებები, ეროზია, დატკეპნა, დეგრადაცია), კლიმატზე (მათ შორის, სათბურის გაზების ემისია), ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე (მათ შორის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ასპექტები) და მატერიალურ ფასეულობებზე ზემოქმედების შესახებ;

დ) ინფორმაციას ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტებსა და მათ ურთიერთქმედებაზე დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი, კუმულაციური, ტრანსსასაზღვრო, მოკლევადიანი და გრძელვადიანი, პოზიტიური და ნეგატიური ზემოქმედების შესახებ, რომელიც გამოწვეულია:

დ.ა) დაგეგმილი საქმიანობისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სადემონტაჟო სამუშაოებით;

დ.ბ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენებით, ამ რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;

დ.გ) გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების ემისიით, ხმაურით, ვიბრაციით, რადიაციით, ნარჩენების განთავსებითა და აღდგენით;

დ.დ) გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების რისკებით (მაგალითად, ავარიის ან კატასტროფის შემთხვევაში);

დ.ე) სხვა, არსებულ საქმიანობასთან ან დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედებით;

დ.ვ) საქმიანობის კლიმატზე ზემოქმედებით და კლიმატის ცვლილებით განპირობებული საქმიანობის მოწყვლადობით;

დ.ზ) გამოყენებული ტექნოლოგიით, მასალით ან/და ნივთიერებით;

ე) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად შესაძლო ინციდენტების განსაზღვრისა და მათი შედეგების შეფასების შესახებ, მათ შორის, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების სამოქმედო გეგმას;

ვ) სამოქმედო გეგმას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შედეგების, მათი თავიდან აცილების, შემცირების, შერბილებისა და კომპენსაციის ღონისძიებათა შესახებ. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს როგორც საქმიანობის განხორციელების, ისე შემდგომი ექსპლუატაციის ეტაპებს;

ზ) გარემოზე შეუქცევი ზემოქმედების შეფასებას და მისი აუცილებლობის დასაბუთებას, რაც გულისხმობს გარემოზე შეუქცევი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონას გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში;

თ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ამ საქმიანობის დაწყებამდე არსებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის საშუალებების შესახებ;

ი) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების აღწერას, რომელიც განპირობებულია ავარიისა და კატასტროფის რისკის მიმართ საქმიანობის მოწყვლადობით;

კ) სკოპინგის ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების შეფასებას;

ლ) ინფორმაციას კვლევების მეთოდოლოგიის და გარემოს შესახებ ინფორმაციის წყაროების თაობაზე;

მ) ამ ნაწილის „ა“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე არატექნიკურ რეზიუმეს, საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

4. გზშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი საბადოს დამუშავების გეგმა (მათ შორის, რეკულტივაციის პროექტი), საჭიროების შემთხვევაში;

ბ) ინფორმაცია იმ კონსულტანტის დასახელებისა და იურიდიული მისამართის შესახებ, რომელიც მონაწილეობდა გზშ-ის ანგარიშის მომზადებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის გენერალური გეგმა, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად), რომელშიც აღნიშნულია დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი, დროებითი ნაგებობები და კომუნალური სისტემები;

დ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისთვის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი;

ე) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატივების შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული გამონამუშევრის განთავსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალურ სარგებლობას, ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გზშ-ის ანგარიშს დაურთოს სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დოკუმენტები სამინისტროს წარუდგინოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

6. გზშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაცია საჯაროა. თუ გზშ-ის ანგარიში შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ მონაცემს, საქმიანობის განმახორციელებელმა შესაბამის განცხადებაში უნდა მიუთითოს აღნიშნული ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ. სამინისტრო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ ინფორმაციის დასაიდუმლოება.

7. გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების შესახებ“.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5951 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

მუხლი 11. განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართოს სამინისტროს. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით განხილვას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები.

2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გზშ-ის ანგარიში;

ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები;

გ) მოთხოვნა ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ამ ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები.

3. განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

4. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განცხადებით მოითხოვოს ამ კოდექსით გათვალისწინებულ რამდენიმე საქმიანობასთან დაკავშირებით ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები არსებითად ურთიერთდაკავშირებულია.

5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად გადაიხდევნება გზშ-ის მოსაკრებელი. მოსაკრებლის ოდენობა 500 ლარია. მოსაკრებლის გადახდის წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. გადახდილი გზშ-ის მოსაკრებელი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ ბრუნდება.

მუხლი 12. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს:

ა) ექსპერტიზას;

ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას;

გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას.

2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით მინისტრი ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია ამზადებს და შექმნიდან 40 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ის ანგარიშის შესახებ.

3. სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში.

4. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ.

5. განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სამინისტრო ატარებს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

6. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა, საკითხის განხილვის ფორმატი;

ბ) საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი ან/და ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესახებ ინფორმაცია;

გ) იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განცხადება, გზშ-ის ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში სამინისტრომ უნდა განიხილოს და,  შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიიღოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საზოგადოების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები, გზშ-ის ანგარიშის შესწავლის შედეგები, შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავის შესაბამისად განხორციელებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები.

8. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.

9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას – საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

10. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სამინისტრო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს.

მუხლი 13. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილისა და საქმიანობის სახის შესახებ;

ბ) ინფორმაციას გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის დროს;

გ) პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ;

დ) ინფორმაციას საქმიანობის შემდგომი ანალიზის მიზნის, მასშტაბისა და პერიოდულობის შესახებ;

ე) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებით ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემთხვევაში – ინფორმაციას აღნიშნული პროცედურის შედეგების შესახებ.

2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს:

ა) მოთხოვნებს საწარმოო ავარიის შედეგად ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად;

ბ) საქმიანობის განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ვალდებულებას ან/და შესაბამისი კომპენსაციის ვალდებულებას;

გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია აღნიშნული პირი;

დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სამინისტრო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში ასახოს ინფორმაცია:

ა) საზოგადოების მონაწილეობის პროცედურების განხორციელების და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ;

ბ) ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების შესახებ;

გ) გზშ-ის ანგარიშში მოცემული შეფასებების გათვალისწინების შესახებ.

4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5951 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

მუხლი 14. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

1. მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას;

ბ) გზშ-ის ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათის და მოცულობის  მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა.

2. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

მუხლი 15. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა

1. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირს გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის არსს, განსაზღვრულ პირობებს ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი მოვალეობების გადაცემას.

2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია გადაწყვეტილების მფლობელისა და მიმღების ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის ფაქტს.

3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში გადაწყვეტილების მფლობელი და პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, პასუხისმგებელი არიან გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და მათთან დაკავშირებული ვალებულებების შესრულებისთვის.

4. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაასხვისებს ლიცენზიის ნაწილს ან მთლიან ლიცენზიას, გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები და ინფორმაციის გავრცელებისთვის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი წესი.

მუხლი 16. გზშ-ისგან გათავისუფლება

1. საქმიანობის განმახორციელებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს გზშ-ისგან იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი სამინისტროს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე  ღონისძიებების დროულად განხორციელებას. თუ საქმიანობის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შუამდგომლობა.

3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საქმიანობის დასახელებას, საქმიანობის განმახორციელებლის დასახელებას;

ბ) საქმიანობის განხორციელების ადგილს, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად);

გ) საქმიანობის დაწყების სავარაუდო დროს და დასრულების სავარაუდო დროს;

დ) საქმიანობის მიზანს.

4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს ამ განცხადების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.

5. გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს გზშ-ისგან გათავისუფლების ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.

მუხლი 17. საქმიანობის შემდგომი ანალიზი

1. საქმიანობის შემდგომი ანალიზი მოიცავს:

ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და შემარბილებელი ღონისძიებების მონიტორინგს;

ბ) საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ანალიზს;

გ) გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული გარემოს მახასიათებლების ცვლილებების შეფასებას.

2. საქმიანობის განმახორციელებელი საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს სამინისტროს წარუდგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

3. სამინისტრომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგები (დოკუმენტი) უნდა განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში.

4. სამინისტრო საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს ითვალისწინებს გზშ-ისადმი დაქვემდებარებული სხვა საქმიანობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თავი III

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

მუხლი 18. ზოგადი დებულებანი

1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების მხედველობაში მიღებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას.

2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება სგშ-ს, აუცილებელია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა.

3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.

4. სგშ-ის ჩატარებისათვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო.

5. თუ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება იწვევს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა.

6. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი და ამ სტრატეგიულ დოკუმენტში შესატანი ცვლილება სგშ-ს არ ექვემდებარება და მათზე არ ვრცელდება ამ კოდექსით სგშ-ისთვის დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად დამგეგმავი ორგანო მოითხოვს სგშ-ის ჩატარებას.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 19. სგშ-ის მიზანი

სგშ-ის მიზანია:

ა) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისა და მიღების/დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

გ) სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტების გათვალისწინება;

დ) სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება.

მუხლი 20. სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი

1. თუ ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის შესაძლებლობა, ამ ნორმატიულ აქტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი სექტორისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შემდეგი ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტების ასახვა: სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (საქმიანობების) განხორციელების მიახლოებითი გეოგრაფიული არეალი, საორიენტაციო ხანგრძლივობა, დაცულ ტერიტორიებზე, ურბანულ და სასოფლო ზონებზე გავრცელება და მათი განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ძირითადი სახეები;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვის, მასზე შენიშვნების მიღების და მათი ანალიზის შესაძლებლობა;

გ) სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა.

2. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების,  სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. სტრატეგიული დოკუმენტი,  რომლის განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ექვემდებარება სგშ-ს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით.

4. სგშ-ის ჩატარება სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის და სტრატეგიულ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული განსახორციელებელი საქმიანობის/საქმიანობების მასშტაბის გაზრდას, საქმიანობის განხორციელების ადგილის ცვლილებას (მათ შორის, გაზრდას), საქმიანობის/საქმიანობების სახეობის,  ექსპლუატაციის პირობების ან წარმადობის ცვლილებას), რომლებითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის შემდეგ სექტორებში:

ა) სოფლის მეურნეობა;

ბ) სატყეო მეურნეობა;

გ) თევზჭერა;

დ) ენერგეტიკა;

ე) მრეწველობა;

ვ) ტრანსპორტი;

ზ) ნარჩენების მართვა;

თ) წყლის რესურსების მართვა;

ი) ელექტრონული კომუნიკაციები;

კ) ტურიზმი;

ლ) დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა.

5. სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება, რომელიც კონცეპტუალურად არ ცვლის სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსს, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ეხება თვითმმართველი თემის ტერიტორიას, გარდა თვითმმართველი ქალაქისა, ექვემდებარება სგშ-ს, თუ ასეთი ცვლილება ან თვითმმართველი თემის ტერიტორიით შემოფარგლული სტრატეგიული დოკუმენტი:  

ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას;

ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის;

გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.

6. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება სგშ-ს საჭიროებს, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარებისთვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ სგშ-ის ჩატარება საჭირო არ არის, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ.

7. საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების ვალდებულება შესაძლებელია გავრცელდეს იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომლითაც დგინდება ჩარჩო სამომავლოდ განსახორციელებელი იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის I და II დანართებით ან/და არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სექტორებს.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 21. გამონაკლისები

სგშ-ს არ ექვემდებარება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს და საფინანსო ან/და საბიუჯეტო საკითხებს.

მუხლი 22. სგშ-ის ეტაპები

სგშ-ის ეტაპებია:

ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადების წარდგენა;

ბ) ამ კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა;

გ) დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად;

დ) დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის, საზოგადოების მონაწილეობისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება;

ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად;

ვ) საზოგადოების მონაწილეობა;

ზ) სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 23. სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგი

1. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა.

2. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი (იგი უნდა მოიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით).

3. დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ.

4. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის/პროექტის აღნიშნულ ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები მითითებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

5. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ.

6. სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარდა ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმებისა, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ:

ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობებს მათი განხორციელების ადგილის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით;

ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართება;

ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის;

ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები;

ბ) ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების შესახებ, კერძოდ:

ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი;

ბ.ბ) გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები;

ბ.გ) ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა, კერძოდ, ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.

7. სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“.

8. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილებებს უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.

9. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 24. სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება

1. დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ვებგვერდზე განთავსებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილი სკოპინგის განცხადება უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს შესახებ;

ბ) მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის, აგრეთვე იმ გეოგრაფიული არეალის და შესაბამისი დასახლებული პუნქტების შესახებ, სადაც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება;

გ) მოკლე ინფორმაციას გარემოზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო  მნიშვნელობის სტატუსი) და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების მასშტაბის შესახებ;

დ) ზოგად ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ;

ე) სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაძლო ალტერნატივების ზოგად აღწერას;

ვ) ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების სახეების შესახებ, რომლებიც დაექვემდებარება შესწავლას და სგშ-ის ანგარიშში ასახვას;

ზ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან მიმართებას;

თ) ზოგად ინფორმაციას სგშ-ის პროცესში ჩასატარებელი საბაზისო კვლევების შესახებ;

ი) იმ ღონისძიებების საორიენტაციო ჩამონათვალს, რომლებიც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში.

4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

5. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების ვებგვერდზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის განცხადებასთან და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან ან სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

6. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგისა და სკოპინგის განცხადებები. თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სგშ-ს, იმავე გადაწყვეტილებაში მიეთითება აგრეთვე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი  25. სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა

1. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ სკოპინგის დასკვნებს.

2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე დღისა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“.

3. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაცემულ სკოპინგის დასკვნებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.

4. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 26. სგშ-ის ანგარიში

1. სგშ-ის ანგარიში შეიძლება მომზადდეს, როგორც სტრატეგიული დოკუმენტის ნაწილი, და ინტეგრირებულ იქნეს მასში ან ცალკე დოკუმენტად ჩამოყალიბდეს.

2. სგშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსის, ამოცანებისა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან კავშირის შესახებ;

ბ) იმ არეალში, რომელზედაც სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის არსებული მდგომარეობის ზოგად შეფასებას;

გ) გარემოსდაცვითი  და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთავარი ასპექტების ზოგად ანალიზს იმ ტერიტორიისთვის, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან ზემოქმედებას დაექვემდებაროს;

დ) ზოგად საპროგნოზო ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ;

ე) ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ – ამ კოდექსით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში;

ვ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ღონისძიებების მოკლე აღწერას;

ზ) განხილული  ალტერნატივების დასაბუთებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს;

თ) სგშ-ის ანგარიშის არატექნიკურ რეზიუმეს.

3. სგშ-ის ანგარიშის დეტალიზაციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სტრატეგიული დოკუმენტის დეტალიზაციის ხარისხსა და შინაარსს.

4. სგშ-ის ანგარიშის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის სექტორში სგშ-ისადმი დაქვემდებარებული დოკუმენტების იერარქიული სისტემა და ამ თვალსაზრისით სათანადო კვლევების დუბლირების თავიდან აცილების საჭიროება.

5. სგშ-ის ანგარიშის მომზადებისას გამოყენებული მეთოდები და სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სკოპინგის დასკვნებს.

მუხლი 27. სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა

1. დამგეგმავი ორგანო სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სგშ-ის ანგარიშს სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან ერთად (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების სავარაუდო დროის, ადგილისა და წესის შესახებ.

3. დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით მინისტრი ქმნის საექსპერტო კომისიას ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად.  საექსპერტო კომისია საექსპერტო დასკვნას სამინისტროს წარუდგენს 40 დღის ვადაში.

4. დამგეგმავი ორგანო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ატარებს საჯარო განხილვას სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

5. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების ადგილის, დროისა და წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამ კოდექსის  IV თავით დადგენილი წესებისა და საშუალებების გამოყენებით, საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.

6. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის შედგენას. ეს ოქმი დეტალურად უნდა ასახავდეს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს. ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმს შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციების გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნულ რეკომენდაციებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.

8. სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გაცემულ რეკომენდაციებს გაცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განათავსებენ თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

9. თუ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემიდან 10  წლის ვადაში სტრატეგიული დოკუმენტი არ იქნება მიღებული/დამტკიცებული, დამგეგმავი ორგანო ვალდებულია ხელახლა განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 28. ზოგადი მოთხოვნები სტრატეგიული დოკუმენტის მიღებასთან/დამტკიცებასთან დაკავშირებით

1. სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ.

2. სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს.

3. თუ სგშ-ის პროცესში განხორციელდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების დროს მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ პროცედურის შედეგები.

4. სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია შემდეგი მონაცემების განხილვის შედეგების თაობაზე:

ა) ჩატარებული საჯარო განხილვის შედეგები და ამ განხილვაზე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები;

ბ) სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები;

გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას და ამ გადაწყვეტილებას მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

6. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული არიან, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსონ თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 29. სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზი

შესაბამისი შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო, თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების დამოუკიდებელი ანალიზის ჩატარებას და საზოგადოების ინფორმირების მიზნით შემდგომი ანალიზის შედეგების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემატურად განთავსებას. ამ მუხლით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შიდა პროცედურა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.   

თავი IV

ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა

მუხლი 30. საზოგადოების მონაწილეობის უფლება

1. საზოგადოებას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2. საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:

ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულ სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შემთხვევაში.

მუხლი 31. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები

ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა), საზოგადოების მონაწილეობა ამ თავის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდება;

გ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა;

დ) უზრუნველყოს საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა;

ე) უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა.

მუხლი 32. საზოგადოების ინფორმირება

1. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს:

ა) სამინისტროსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდებზე და იმ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის;

ბ) გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი);

დ) გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ან სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას.

2. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) იმ საკითხის შესახებ, რომელზედაც, ამ კოდექსის შესაბამისად, მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება;

ბ) გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ;

გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საშუალებების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს იმ ადგილისა და მისამართის შესახებ, სადაც შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა;

დ) საჯარო განხილვაზე დასწრების/საჯარო განხილვაში მონაწილეობის და მასზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის შესახებ;

ე) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შესახებ – ამ პროცედურის განხორციელების შემთხვევაში;

ვ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა მონაცემის შესახებ (მათ შორის, არატექნიკური რეზიუმეს ხელმისაწვდომობის შესახებ), რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას.

3. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის განთავსების დრო იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7164 – ვებგვერდი, 22.09.2020წ.

მუხლი 33. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს:

ა) აღნიშნული ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას;

ბ) აღნიშნული ინფორმაციის ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას.

მუხლი 34. მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა. საჯარო განხილვა

1. მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს:

ა) წერილობით;

ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს;

გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

2. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებისას საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

21. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კოდექსით განსაზღვრული საჯარო განხილვა ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის/განთავსებისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით.

3. საჯარო განხილვის წესი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კოდექსის შესაბამისად დგინდება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7164 – ვებგვერდი, 22.09.2020წ.

მუხლი 35. საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინება

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისი მიღების შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ამ თავით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებების გამოყენებით.

მუხლი 36. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა ან სხვაგვარად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

თავი V

გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა

მუხლი 37. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა და სტრატეგიული დოკუმენტი

1. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე;

ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულმა სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე;

გ) საქმიანობამ ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც სხვა სახელმწიფოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე.

2. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს ასეთი ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შესახებ.

3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო.

4. სამინისტრო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით.

5. თუ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ამ კოდექსით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პროცედურა და საფუძვლები, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების დებულებები.

მუხლი 38. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა

1. თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული საფუძველი და საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლოა გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სამინისტროს ან/და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც შესაძლოა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაექვემდებაროს (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით), და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენამდე საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.

2. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, 7 დღის ვადაში უგზავნის ამ დოკუმენტაციას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოს და ატყობინებს მას საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილ გონივრულ ვადას, რომელშიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს სამინისტროს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ.

3. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული არცერთი სახელმწიფო არ გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, მინისტრი საქართველოს მთავრობის თანხმობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შეწყვეტისა და გზშ-ის ან სგშ-ის პროცედურის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობა თანხმობის მიცემასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

4. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული რომელიმე სახელმწიფო გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს, მის მიერ ინტერესის გამოხატვიდან 1 თვის ვადაში, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დოკუმენტებისა და მონაცემების გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ.

მუხლი 39. საქმიანობის განმახორციელებლისა და დამგეგმავი ორგანოს უფლებები და მოვალეობები გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში

1. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო ვალდებულია:

ა) სკრინინგის განცხადებაში ან სკოპინგის განცხადებაში მიუთითოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ;

ბ) გზშ-ის ანგარიშში ან სგშ-ის ანგარიშში სათანადოდ შეაფასოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება;

გ) უზრუნველყოს დოკუმენტაციის სათანადო თარგმნა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის სანოტარო წესით დამოწმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) საჯარო განხილვის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასწრების შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო თარგმნა;

ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოს სამინისტროსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა;

ვ) უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის სკოპინგის ანგარიშში, გზშ-ის ანგარიშში, სგშ-ის ანგარიშში ან/და სტრატეგიულ დოკუმენტში გათვალისწინება.

2. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში ნებისმიერ ეტაპზე.

3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

მუხლი 40. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგების გათვალისწინება გზშ-ის და სგშ-ის ეტაპებზე

1. სხვა სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგად სამინისტრო:

ა) განსაზღვრავს  საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულებას ტრანსსასაზღვრო კონსულტაციების შედეგების სკოპინგის ანგარიშში/სკოპინგის განცხადებაში ასახვის შესახებ;

ბ) განსაზღვრავს გზშ-ის ან სგშ-ის ანგარიშის იმ ნაწილებს, რომლებიც უნდა თარგმნოს საქმიანობის განმახორციელებელმა ან დამგეგმავმა ორგანომ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება;

გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონსულტაციების შედეგებს;

დ) უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემის პროცესში გათვალისწინებას.

2. საქმიანობის განმახორციელებელი ან დამგეგმავი ორგანო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან სტრატეგიული დოკუმენტი და მასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებას ითვალისწინებს, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში თარგმნოს შესაბამის ენაზე და წარუდგინოს სამინისტროს. სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უგზავნის აღნიშნულ დოკუმენტებს იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა.

3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგის ან საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების  შესაბამის ენაზე თარგმნა და სამინისტროსთვის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა.

მუხლი 41. საქართველოს საზღვრების გარეთ საქმიანობისა და სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა

1. სამინისტრო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოსგან მიიღებს შეტყობინებას ამ სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით საქართველოს გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

2. სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იწყებს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო საფუძველი, რომ სხვა სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს გარემოზე, და ამის შესახებ შეტყობინება სხვა სახელმწიფოსგან მიღებული არ არის.

3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შემდეგ სამინისტრო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მართავს კონსულტაციებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც საქმიანობა ან სტრატეგიული დოკუმენტი ხორციელდება.

4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება. საზოგადოების ინფორმირება ხდება ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით.

5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გასწევს სამინისტრო, თუ გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება.

თავი VI

საექსპერტო კომისია

მუხლი 42. საექსპერტო კომისია

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მინისტრი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საექსპერტო კომისიას.

2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს უფლება აქვს, საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

მუხლი 43. საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ექსპერტიზის დასკვნა

1. საექსპერტო კომისიის ფუნქციებია:

ა) გზშ-ის ანგარიშზე, სგშ-ის ანგარიშზე და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება;

ბ) ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

დ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

2. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ან სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.

3. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

5. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა სარეკომენდაციოა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გათვალისწინება სამინისტროსთვის სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებაზე უარი უნდა დასაბუთდეს.

თავი VII

გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში

კონტროლი და პასუხისმგებლობა

მუხლი 44. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

მუხლი 45. პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისთვის 

გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

მუხლი 46. პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს გონივრულ ვადას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.

2. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ დგინდება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.

3. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.

4. თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სამინისტრო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს, გარდა ამ მუხლის მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლითა და ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, არის:

ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის მოთხოვნა;

ბ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

6. სკრინინგის გადაწყვეტილება, სკოპინგის გადაწყვეტილება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებამ, ან თუ საქმიანობის შეჩერება არსობრივად შეუძლებელია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის განსაზღვრული დამატებითი პირობების დაცვით გარკვეული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი პირობების შესრულება.

8. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი არ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სამინისტრო უფლებამოსილია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირის მეშვეობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.

9. თუ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით შესრულება შეუძლებელია, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების განსახორციელებლად და პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესი.

საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №248 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 47. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და პასუხისმგებლობა მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის

1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ამ კოდექსის ამოქმედებამდე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, მათზე განთავსებული ხიდებისა,  გზაგამტარი გვირაბებისა და მათი საინჟინრო დაცვის ნაგებობებისა), რომელთა განხორციელებაც 2015 წლის 1 ივნისამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, საჭიროებს სამინისტროს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ  გადაწყვეტილების ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მიღებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სამინისტროს 2019 წლის 1 ივნისამდე მიმართოს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად განცხადებით მიმართოს სამინისტროს და წარუდგინოს მას ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. განცხადება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. საქმიანობის განმახორციელებელი ასევე ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმიანობა კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.

4. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისთვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი ანაზღაურებს.

6. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების უზრუნველსაყოფად.

7. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იხილავს საზოგადოების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ დღეს ატარებს საჯარო განხილვას.

8. სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს ექსპერტიზას.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების უზრუნველსაყოფად მინისტრის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.

10. სამინისტრო უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებას.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული მოსაზრებებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს.

12. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ადგენს სამინისტრო.

13. შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 50-ე კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მე-60 კალენდარული დღისა სამინისტრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

14. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სამინისტროს მიმართავს და ვერ აკმაყოფილებს მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში შესრულება.

15. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ აქტს გამოსცემს „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

16. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის განმახორციელებელს არ ათავისუფლებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

17. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს გონივრულ ვადას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, აგრეთვე იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.

18. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.­

19. საქმიანობის განმახორციელებლისთვის გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან ამ მუხლის მე-18 ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.

20. თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს.

საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №248 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

მუხლი 48. გზშ-ის სფეროში ცალკეულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული დებულებები

1. 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.

2. 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული, ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობები, რომლებიც არ მოიცავს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს, არ საჭიროებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საქმიანობებზე ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები.

3. 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2021 წლის 1 იანვრამდე.

4. პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე  გზშ-ის სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდისგან.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიმართოს სამინისტროს და მიიღოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

მუხლი 49. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. სამინისტრომ, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, უზრუნველყოს გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების გადასინჯვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.

2. შესაბამისმა უწყებებმა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები ამ კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ხოლო შესაბამისმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტის მიღება.

4. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამ კოდექსით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. 

5. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ იმ სამართლებრივი აქტების ამ კოდექსის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების მომენტისთვის ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესაძლებლობას ან შესაბამის პროცედურას. 

6. 2018 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“;

გ) „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.

7. 2019 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 50. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

2018 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი კანონები:

ა) „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 404);

ბ) „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 405).

მუხლი 51. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებისა, მე-3 მუხლის „ა“–„ზ“, „ი“, „კ“ და „მ“–„ც“ ქვეპუნქტებისა, მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-2 ნაწილის „ა“–„ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, მე-5–46-ე და 48-ე მუხლებისა და I და II დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კოდექსის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის „ა“–„ზ“, „ი“, „კ“, „მ“–„ტ“, „ფ“–„შ“ და „ც“ ქვეპუნქტები, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი (გარდა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 ნაწილის „ა“–„ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლი, მე-6 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა), მე-7 მუხლი (გარდა მე-6 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 ნაწილისა), მე-8 მუხლი (გარდა მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა), მე-9 მუხლი (გარდა მე-10 ნაწილისა), მე-10 მუხლი (გარდა მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის ნაწილში), მე-11 მუხლი, მე-12 მუხლი (გარდა მე-7 ნაწილისა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე მითითების ნაწილში და პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა), მე-13 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), მე-14–მე-17 მუხლები, 30-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა), 31-ე მუხლი, 32-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 33-ე–36-ე, 42-ე–46-ე და 48-ე მუხლები და I და II დანართები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილისა), მე-18 მუხლი (გარდა პირველი–მე-3 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და მე-5 ნაწილისა), მე-19 მუხლი (გარდა „დ“ ქვეპუნქტისა), მე-20 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 21-ე მუხლი, 22-ე მუხლი (გარდა „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და „ე“ ქვეპუნქტისა), 23-ე მუხლი (გარდა მე-2–მე-5 ნაწილებისა, მე-6 ნაწილისა (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 და მე-9 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 24-ე მუხლი (გარდა პირველი და მე-3–მე-6 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა), 25-ე მუხლი (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილისა), 26-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 27-ე მუხლი (გარდა პირველი, მე-4 და მე-6–მე-8 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 28-ე მუხლი (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 და მე-6 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა) და 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.

4. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 22-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 23-ე მუხლის მე-2–მე-5 ნაწილები, მე-6 ნაწილი (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 და მე-9 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 24-ე მუხლის პირველი და მე-3–მე-6 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 25-ე მუხლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 27-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6–მე-8 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-5 და მე-6 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან.

5. ამ კოდექსის 29-ე მუხლი ამოქმედდეს „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე.

6. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტი და მე-11 ნაწილი, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის მე-10 ნაწილი, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის ნაწილში, მე-12 მუხლის მე-7 ნაწილი გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე მითითების ნაწილში და პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-5 ნაწილი, მე-19 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და 37-ე–41-ე მუხლები ამოქმედდეს „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის  საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3106  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ივნისი 2017 წ.

N890-IIს





დანართი I

I დანართით გათვალისწინებული საქმიანობები

1:

1.1. ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება;

1.2. დღე-ღამეში 500 ტონა ან მეტი ქვანახშირის ან ბიტუმოვანი ფიქლის გათხიერება ან/და გაზიფიცირება.

2.10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ან/და წვის სხვა დანადგარის მშენებლობა და ექსპლუატაცია.

3. ატომური ელექტროსადგურის ან სხვა ბირთვული რეაქტორის განთავსება, მისი დემონტაჟისა და დეკომისიის ჩათვლით, გარდა იმ კვლევითი დანადგარისა, რომელიც გამოიყენება დაშლადი მასალების, ბირთვული საწვავის წარმოებისა და გარდაქმნისათვის, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 1 კილოვატ უწყვეტ სითბურ დატვირთვას არ აღემატება.

4. ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული დანადგარი, რომლის დანიშნულებაა:

4.1. ბირთვული საწვავის წარმოება ან/და გამდიდრება;

4.2. დასხივებული ბირთვული საწვავის ან მაღალი აქტივობის მქონე რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება;

4.3. დასხივებული ბირთვული საწვავის საბოლოო განთავსება სამარხში;

4.4. დასხივებული ბირთვული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების საწარმოო ტერიტორიის გარეთ შენახვა, თუ დაგეგმილია მათი 3 წელზე მეტი ვადით შენახვა;

4.5. რადიოაქტიული ნარჩენების საბოლოო განთავსება სამარხში.

5. თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით.

6. მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა.

7. აზბესტის ამოღება, აზბესტისა და აზბესტშემცველი პროდუქციის დამუშავება ან/და გარდაქმნა: წელიწადში 20 000 ტონაზე მეტი აზბესტ-ცემენტის პროდუქციის წარმოება; წელიწადში 50 ტონაზე მეტი ფრიქციული მასალის წარმოება; წელიწადში 200 ტონაზე მეტი აზბესტის სხვაგვარად გამოყენება.

8. ქიმიური მრეწველობა:

8.1. ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება;

8.2. ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება;

8.3. ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების მარტივი ან/და რთული წარმოება;

8.4. მცენარეთა დაცვის საშუალებების ან/და ბიოციდების წარმოება;

8.5. ქიმიური ან/და ბიოლოგიური პროცესის მეშვეობით ფარმაცევტული საშუალებების წარმოება;

8.6. ასაფეთქებელი მასალის წარმოება.

9. მაგისტრალური მიწისზედა ან/და მიწისქვეშა სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია.

10. აეროპორტის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლის ძირითადი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1600 მეტრი ან მეტია.

11. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა.

12. საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია, რომლის მთლიანი მონაკვეთის სიგრძე 5 კილომეტრი ან მეტია.

13. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე განთავსებული გვირაბის ან/და ხიდის მშენებლობა.

14. შიდასამდინარო გზის ან პორტის მშენებლობა, სადაც ხომალდის ტვირთამწეობა 1350 ტონაზე მეტია.

15. საზღვაო პორტის, ხმელეთთან და სხვა პორტთან დაკავშირებული სატვირთო მისადგომის (გარდა საბორნე მისადგომისა) მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელსაც შეუძლია მიიღოს 1350 ტონაზე მეტი წყალწყვის ხომალდი.

16. სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება.

17. დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება.

18. მიწისქვეშა წყლის ამოტუმბვის ან მიწისქვეშა წყლის ხელოვნური შევსების სამუშაოების წარმოება, როდესაც ამოსატუმბავი და ჩასატუმბავი წყლის მოცულობა წელიწადში 10 მილიონი მ3 ან მეტია.

19. წყლის მდინარის აუზებს შორის გადაგდება (გარდა სასმელი წყლის მილებით გადატანისა):

19.1. როდესაც წყლის გადაგდება წყლის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად ხორციელდება და გადაგდებული წყლის მოცულობა წელიწადში 20 მილიონ მ3-ზე მეტია;

19.2. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც იმ მდინარის საშუალო მრავალწლიური ჩამონადენი, რომლიდანაც წყალი გადანაწილდება, წელიწადში 2 000 მილიონ მ3-ზე მეტია და გადატანილი წყლის ხარჯი მდინარის მრავალწლიური მინიმალური ხარჯის 5%-ს აღემატება.

20. ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 50 000-იანი ან მეტი მოსახლეობისათვის, შესაბამისი წარმადობით.

21. კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელიც წყლის შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 50 000 მ3-ზე მეტია.

22. 5 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ან/და ექსპლუატაცია.

23. 800 მილიმეტრი ან მეტი დიამეტრის და 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის მშენებლობა და ექსპლუატაცია ნავთობის, გაზის ან ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე გეოლოგიური დასაწყობების მიზნით ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ტრანსპორტირებისათვის.

24. მეფრინველეობის ფერმა (85 000-ზე მეტი სადგომით წიწილებისათვის ან/და 60 000-ზე მეტი სადგომით ქათმებისათვის) ან/და მეღორეობის ფერმა (10 000-ზე მეტი სადგომით გოჭებისათვის (30 კილოგრამზე ნაკლები) ან/და 6000-ზე მეტი სადგომით ღორებისათვის (30 კილოგრამზე მეტი)).

25. მერქნისგან ან მსგავსი ბოჭკოვანი მასალისგან ცელულოზის წარმოება, დღე-ღამეში 200 ტონაზე მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება.

26. წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 25 ჰექტარზე მეტია.

27. ტორფის მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 150 ჰექტარზე მეტია.

28. 220 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, რომლის სიგრძე 15 კილომეტრზე მეტია.

29. 1 000 მ3 ან მეტი ჯამური მოცულობის წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია.

30. ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) გეოლოგიური დასაწყობება.

31. წელიწადში 1.5 მეგატონა ან მეტი ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) მოპოვება.



დანართი II

II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები

1. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და აკვაკულტურა:

1.1. 10 ჰექტარი ან მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

1.2. 10 ჰექტარი ან მეტი ფართობის ყამირი მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

1.3. სამელიორაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია;

1.4. 500 ჰექტარი ან მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 50 ჰექტარი ან მეტი ფართობის ტყის გაჩეხა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით; 

1.5. 500 ან მეტი მსხვილფეხა შინაური პირუტყვისათვის განკუთვნილი სადგომის მშენებლობა;

1.6. წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების მოშენება);

1.7. ზღვის ფართობის ათვისება (ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და ა. შ. შექმნა).

საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6416 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

 2. მოპოვებითი მრეწველობა და ბურღვითი სამუშაოები:

2.1. ტორფის ან მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა)  ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია;

2.2. სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება (მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვება), როდესაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა წელიწადში 100 000 მ3-ზე მეტია (გარდა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა ან მიწისქვეშა წყლის პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა);

2.3. სასარგებლო წიაღისეულის ზღვიდან მოპოვება;

2.4. ბურღვითი სამუშაოები თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლის მოპოვების მიზნით;

2.5. ბურღვითი სამუშაოები რადიოაქტიური ნარჩენების შენახვის მიზნით;

2.6. ბურღვითი სამუშაოები მიწისზედა საწარმოო ნაგებობის გამოყენებით ნახშირის, მადნის ან ბიტუმოვანი ფიქლის მოპოვების მიზნით.

3. ენერგიის წარმოება:

3.1. წვის დანადგარი 2 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოებისათვის;

3.2. საწარმოო დანადგარი ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოებისათვის (გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ორთქლისა და ცხელი წყლის დანადგარისა), როდესაც განაშენიანების ფართობი 0.5 ჰექტარზე მეტია, ხოლო მათი გამომუშავება 50 მეგავატს აღემატება;

3.3. 5 კილომეტრი ან მეტი სიგრძის მილსადენის განთავსება გაზის, ორთქლისა და ცხელი წყლის გატარებისათვის;

3.4. 35 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, 110 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის ქვესადგურის განთავსება;

3.5. 100 მ3 ან მეტი მოცულობის წიაღისეული საწვავის, თხევადი ან/და ბუნებრივი აირის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;

3.6. ნახშირის ან/და ლიგნიტის ბრიკეტირება;

3.7. რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავება ან/და შენახვა;

3.8. 2 მეგავატიდან 5 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

3.9. დანადგარი ქარის ან/და ზღვის ტალღების ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოებისათვის.

4. ლითონების წარმოება და დამუშავება:

4.1. თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით;

4.2. შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან მეტი წარმადობით;

4.3.  ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან მეტი წარმადობით;

4.4. ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესის გამოყენებით 10 მ3 ან მეტი მოცულობის ავზში ლითონის ან/და პლასტიკური მასალის ზედაპირული წმენდა;

4.5. მანქანათმშენებლობა (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების აწყობა) და სატრანსპორტო საშუალების ძრავის წარმოება;

4.6. გემთმშენებლობა;

4.7. საჰაერო ხომალდის მშენებლობა;

4.8. ლითონის ასაფეთქებელი ნივთიერებებით გამოწნეხა;

4.9. ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება.

5. მინერალური ნედლეულის გადამუშავება:

5.1. სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება;

5.2. ქვანახშირის დაკოქსვა;

5.3. ასფალტის წარმოება;

5.4. ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება;

5.5. აზბესტის ან/და აზბესტშემცველი პროდუქციის წარმოება;

5.6. მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება;

5.7. კერამიკული თიხის წარმოება (გარდა ტრადიციული წესით საოჯახო მეურნეობაში წარმოებისა), კერამიკული პროდუქციის (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის ან ფაიფურის) წარმოება.

6. ქიმიური წარმოება:

6.1. შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება;

6.2. ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება;

6.3. ნავთობისა და ნავთობპროდუქტის, ნავთობქიმიური ან/და ქიმიური პროდუქტის საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია.

7. სურსათის წარმოება:

7.1. წელიწადში  25 000 ტონა ან მეტი მცენარეული ან/და ცხოველური ცხიმის წარმოება;

7.2. ცხოველური ან/და მცენარეული პროდუქტის დაკონსერვება წელიწადში 25 000 ტონა ან მეტი პროდუქციის წარმოების მიზნით;

7.3. დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი რძის პროდუქტის წარმოება;

7.4. დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი ლუდისა და ალაოს წარმოება;

7.5. დღე-ღამეში 3 ტონაზე მეტი საკონდიტრო პროდუქციის წარმოება;

7.6. ცხოველთა სასაკლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია, სადაც დღე-ღამეში 30 ან მეტი ცხოველი იკვლება;

7.7. წელიწადში 5 000 ტონა ან მეტი სახამებლის სამრეწველო წარმოება;

7.8. წელიწადში 5 000 ტონაზე მეტი თევზის გადამუშავება;

7.9. დღე-ღამეში 25 ტონა ან მეტი შაქრის წარმოება.

8. ტექსტილის, ტყავის, ქაღალდის წარმოება:

8.1. დღე-ღამეში 10 ტონა ან მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება;

8.2. დღე-ღამეში 1 ტონაზე მეტი ტექსტილის ან/და საფეიქრო ბოჭკოს წინასწარი დამუშავება (რეცხვა, გახამება, მერსერიზაცია) ან/და ღებვა;

8.3. ტყავის თრიმლვა/დამუშავება;

8.4. ცელულოზის დამუშავება.

9. ინფრასტრუქტურული პროექტები:

9.1. 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე სამრეწველო საწარმოთა კომპლექსის განთავსება;

9.2. 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა);

9.3. საკონტეინერო ტერმინალისა და მასთან დაკავშირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

9.4. აეროდრომის მშენებლობა;

9.5. საზღვაო ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი 1 ჰექტარზე მეტია;

9.6. 2 კილომეტრი ან მეტი სიგრძის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, საკანალიზაციო სისტემის 5 ჰექტარზე ან მეტი განაშენიანების მქონე ფართობზე მოწყობა;

9.7. შიდასამდინარო გზის მოწყობა;

9.8. წყალდიდობისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოები;

9.9. კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის/მოწყობილობის მშენებლობა, რომლის მშენებლობა მიზანშეწონილია წყლის შეკავების ან წყლის გრძელვადიანი დაგროვების მიზნით და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ3-ზე მეტია;

9.10. მგზავრების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ტრამვაის ან/და საბაგირო ხაზის მშენებლობა;

9.11. 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის გაყვანა ნავთობის, გაზის ან ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ტრანსპორტირების მიზნით;

9.12. 1 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე 5 კილომეტრი ან მეტი სიგრძის წყალსატარი აკვედუკის განთავსება;

9.13. ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ან/და სანაპირო ზოლის აღდგენის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოები, აგრეთვე საზღვაო სამუშაოები, რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის მეშვეობით (კერძოდ, დამბის, ჯებირის, მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის სხვა სამუშაოები), გარდა მათი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა.

10. სხვა პროექტები:

10.1. 15 ჰექტარი ან მეტი ფართობის მქონე ტერიტორიაზე ავტომობილის მუდმივი სარბოლო და საცდელი გზების მოწყობა;

10.2. ნარჩენების განთავსება;

10.3. ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა;

10.4. სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება;

10.5. 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა;

10.6. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია;

10.7. შლამსაცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;

10.8. ფეთქებადი ნივთიერებების აღდგენა ან განადგურება.

11. ტურიზმი და დასვენება:

11.1. 5 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე სამთო-სათხილამურო ან/და საბაგირო ტრასის მოწყობა;

11.2. ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის) მშენებლობა;

11.3. 5 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე მუდმივი საბანაკო და საქარავნო ადგილების მოწყობა;

11.4. 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის (მათ შორის, ატრაქციონების პარკის) გაშენება.

შენიშვნა: ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული ერთი და იმავე შინაარსის საქმიანობები, რომელთათვისაც დაწესებულია განსხვავებული ზღვრები, I დანართის შემთხვევაში ექვემდებარება გზშ-ის პროცედურას, ხოლო II დანართის შემთხვევაში – სკრინინგის პროცედურას (გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).


13. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3877-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 12. 29/06/2023 - საქართველოს კანონი - 3391-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 11. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2601-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 09/03/2023 10. 26/04/2022 - საქართველოს კანონი - 1521-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/05/2022 9. 17/03/2022 - საქართველოს კანონი - 1445-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/03/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1106-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 7. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 390-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 6. 02/03/2021 - საქართველოს კანონი - 248-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/03/2021 5. 18/09/2020 - საქართველოს კანონი - 7164-Iს - ვებგვერდი, 22/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6416-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 3. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5951-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 2. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3106-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 1. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1700-რს - ვებგვერდი, 14/12/2017