დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 01/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016403 |
|
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესში“ (www.matsne.gov.ge, 06/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016324) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემისა და პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის და ზსხ-ის პილოტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების და ვადის განახლების მოთხოვნებს, ასევე განსაზღვრავს მოწმობასთან დაკავშირებული უფლებამოსილების გამოყენების პირობებს. გარდა ამისა, ეს წესი განსაზღვრავს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის მომზადებასთან, სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებასთან და მომზადების პროგრამებთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და პირობებს.“. 3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კვალიფიკაცია – მოწმობაში/ სერტიფიკატში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ამ დოკუმენტისთვის განსაზღვრავს სპეციალურ პირობებს, უფლებებს ან შეზღუდვებს;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) შეთანხმებული პროგრამა – ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული და პრაქტიკული სწავლების განმსაზღვრელი პროგრამა, რომელიც ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სდ-ის ფარგლებში;“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“-„ს“ ქვეპუნქტები: „ჟ) სასწავლო დაწესებულება – ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული მომზადება განსაზღვრულ სასწავლო საქმიანობის ძირითად ადგილ(ებ)ზე; რ) სასწავლო საქმიანობის ძირითადი ადგილი – აეროდრომი ან საფრენი მოედანი, სადაც სდ ახორციელებს ინსტრუქტორის საფრენოსნო (პრაქტიკულ) მომზადებას, მომზადების პროგრამის წარმართვას და მასზე ზედამხედველობას. თეორიული მომზადება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სასწავლო საქმიანობის ძირითად ადგილზე, ისე, სხვა წინასწარ შეთანხმებულ ადგილას; ს) კომპეტენციის შეფასება – ზსხ-ის პილოტის ფრენის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით უნარების, ცოდნისა და დამოკიდებულების წარმოჩენა.“. 4. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილება – მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილების მისაღებად ზსხ-ის პილოტს უნდა გააჩნდეს მოწმობის მიღების შემდეგ არანაკლებ 15 სთ ან მეტი დამოუკიდებლად ფრენის გამოცდილება და ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორთან გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება. მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილება გაიცემა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმების გავლის შემდეგ, რაც დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტებით.“. 5. 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. პილოტ-კურსანტის/პილოტის საფრენოსნო მომზადება უნდა განხორციელდეს ამ წესის №20 – №23 დანართებში განსაზღვრული პრაქტიკული სავარჯიშოების გათვალისწინებით. საფრენოსნო მომზადების სილაბუსს ადგენს ფრენის ინსტრუქტორი და ითანხმებს სააგენტო.“. 6. მე-14 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირს 2025 წლის 2 ნოემბრამდე ნაფრენი აქვს ზსხ-ზე, რომელიც დასტურდება პილოტის საფრენოსნო წიგნაკით და მოქმედია ის ოსტატობა, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა ზსხ-ის ექსპლუატაცია; ან დ) პირს ზსხ-ს შესაბამისი კლასის ინსტრუქტორთან ჩაბარებული აქვს საფრენოსნო შემოწმება. შენიშვნა: საფრენოსნო შემოწმებაზე პირი დაიშვება ზსხ-ის პილოტის ფრენის ინსტრუქტორის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც გაივლის გაცნობით ან სხვაობათა სწავლებას და დამატებით საფრენოსნო მომზადებას (თუ პირის საფრენოსნო უნარ-ჩვევები მოცემულ დროს არ იძლევა ზსხ-ის უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას). დამატებითი საფრენოსნო მომზადების ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ პირი 2025 წლის 2 ნოემბერამდე ზსხ-ზე ახორციელებდა ინსტრუქტორის საქმიანობას, აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მინიჭება ზსხ-ს პილოტის მოწმობაში იმ პირობით, თუ: ა) ავიასპეციალისტის მოწმობაში მოქმედია პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა; ბ) ზსხ-ზე საინსტრუქტორო საქმიანობა დასტურდება პილოტის საფრენოსნო წიგნაკის ჩანაწერებით.“. 7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. საწყისი სწავლება და პედაგოგიური მომზადება 1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მისაღებად, პირი უფლებამოსილია დაიწყოს ინსტრუქტორის საწყისი სწავლება, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ფლობს ზსხ-ის პილოტის მოწმობას და გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული ცოდნის შეფასება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ბ) მეთაურის რანგში აქვს შემდეგი საფრენოსნო გამოცდილება, ზსხ-ის კლასის გათვალისწინებით, რომელზეც პირმა უნდა მიიღოს ინსტრუქტორის კვალიფიკაცია: ბ.ა) 1-ლი კლასი – 100 სთ; ბ.ბ) მე-2 კლასი – 150 სთ; ბ.გ) მე-3 კლასი – 200 სთ; ბ.დ) მე-4 კლასი – 200 სთ; გ) პირი საფრენოსნო გამოცდილებას ადასტურებს პილოტის საფრენოსნო წიგნაკით; დ) ფლობს მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილებას არანაკლებ 6 თვის განმავლობაში; ე) ფლობს ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლებამოსილებას; ვ) გავლილი აქვს ფრენისას კომპეტენციის საწყისი შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულ სდ-ში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად, ზსხ-ს მე-2 და მე-4 კლასებისათვის ჩაითვლება: ა) 2025 წლის 2 ნოემბრამდე ერთპილოტიანი დგუშიანი ძრავის მქონე არაზემსუბუქ სხ-ზე (SEP) დაგროვებული საფრენოსნო გამოცდილება, საიდანაც ჩაითვლება სავალდებულო გამოცდილების 80%, ხოლო დარჩენილ საათებს პირი აგროვებს ზსხ-ზე ჩათვლიდან 1 წლის პერიოდში, თუ ჯამური გამოცდილება არასაკმარისია ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად; ბ) 2025 წლის 2 ნოემბრამდე ერთპილოტიანი დგუშიანი ძრავის მქონე ზემსუბუქ სხ-ზე (SEP), რომელიც ირიცხებოდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, დაგროვებული საფრენოსნო გამოცდილება ჩაითვლება სრულად, ხოლო დარჩენილ საათებს პირი აგროვებს ზსხ-ზე ჩათვლიდან 6 თვის პერიოდში, თუ ჯამური გამოცდილება არასაკმარისია ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად. შენიშვნა: საფრენოსნო გამოცდილება გაითვალისწინება იმ შემთხვევაში, თუ მოქმედია პილოტის მოწმობა და სათანადო ოსტატობა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საფრენოსნო გამოცდილების დაგროვება.“. 8. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მინიჭება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება პირველადი მომზადება, პირი შესაბამისი კლასის ზსხ-ზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა.ა) არის ზსხ-ის ინსტრუქტორობის კანდიდატი; ა.ბ) სრულად და დამაკმაყოფილებლად გაიარა პედაგოგიური მომზადება სდ-ში, რომელსაც გააჩნია სწავლების დასრულების შემდეგ ზსხ-ის შესაბამის კლასზე კომპეტენციის შეფასების უფლებამოსილება; ა.გ) ზსხ-ს ინსტრუქტორის გამომცდელთან ჩაბარებული აქვს კომპეტენციის შეფასება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ ან ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (ANNEX 1 – PERSONNEL LISENSING) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოწმობას ფრენის ინსტრუქტორის მოქმედი ოსტატობით, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების მიზნით: ბ.ა) გავლილი აქვს დამატებითი მომზადება სდ-ში, ზსხ-ის მე-2 ან მე-4 კლასზე არსებულ მოწმობაში მითითებული სხ-ს სახეობის შესაბამისად; შენიშვნა : დამატებითი მომზადების პირობები განისაზღვრება ამ წესის მე-9 თავის შესაბამისად. ბ.ბ) ზსხ-ს ინსტრუქტორის გამომცდელთან ჩაბარებული აქვს კომპეტენციის შეფასება. შენიშვნა: ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მისაღებად სააგენტოს დოკუმენტაცია წარედგინება ამ წესის №32 დანართის შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში.“. 9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება და განახლება 1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მოქმედია უკანასკნელი კომპეტენციის შეფასების გავლიდან 36 თვის განმავლობაში. 2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება, თუ: ა) კვალიფიკაციის ვადის გასვლამდე 36 თვის განმავლობაში ინსტრუქტორს გავლილი აქვს ცოდნის განახლების ორდღიანი კურსი; ბ) კვალიფიკაციის ვადის გასვლამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში სდ-ში გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება, შემდეგი პირობების დაცვით: ბ.ა) ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის შეფასება განხორციელდა იმ სდ-ის გამომცდელთან, სადაც პირმა გაიარა ცოდნის განახლების კურსი ან სხვა გამომცდელთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სდ-ის არ აქვს გამოცდის ჩატარების შესაძლებლობა; შენიშვნა: ცოდნის განახლების კურსის გავლის დასტური გაიცემა სდ-ის მიერ ამ წესის №25 დანართის შესაბამისად. ბ.ბ) შეფასების განმავლობაში გამომცდელი აფასებს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის უნარს განახორციელოს სწავლება ზსხ-ის კლასის გათვალისწინებით, ამ წესის №20-№23 დანართებში განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად; ბ.გ) ფრენისწინა შემოწმება წარმოადგენს საკონტროლო ფრენის განუყოფელ ნაწილს. საკონტროლო ფრენის თეორიული (სახმელეთო) და პრაქტიკული (საფრენოსნო) შინაარსი უზრუნველყოფს გამომცდელის მიერ ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის პასუხისმგებლობების ცოდნის შეფასებას და განსაკუთრებით, ზსხ-თან დაკავშირებულ კონკრეტულ რისკებთან მიმართებაში; ბ.დ) იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი ფლობს ზსხ-ის რომელიმე ერთ კლასზე ინსტრუქტაჟის ჩატარების უფლებამოსილებას, კომპეტენციის შეფასება უნდა შესრულდეს ზსხ-ის აღნიშნულ კლასზე; ბ.ე) იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი ფლობს ზსხ-ის რამდენიმე კლასზე ინსტრუქტაჟის ჩატარების უფლებამოსილებას, კომპეტენციის შეფასება უნდა შესრულდეს ინსტრუქტორის მიერ შერჩეულ კლასზე. კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო გაგრძელებისას შეფასება უნდა განხორციელდეს ზსხ-ს განსხვავებულ კლასზე. 3. თუ ინსტრუქტორი ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადის განმავლობაში ვერ ჩააბარებს კომპეტენციის შეფასებას, იგი ვერ ისარგებლებს ამ კვალიფიკაციით მინიჭებული უფლებით აღნიშნული შეფასების ჩაბარებამდე. კომპეტენციის შეფასების ჩაბარებამდე პირი იმყოფება მოცდის პერიოდში. 4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის ვადის განახლება ხორციელდება, თუ ინსტრუქტორი დაადასტურებს, რომ კვალიფიკაციის განახლების მიზნით განცხადების წარდგენამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში: ა) სდ-ში გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის ცოდნის განახლების კურსი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 12 სთ სწავლებას; შენიშვნა: ცოდნის განახლების კურსის გავლის დასტური გაიცემა სდ-ის მიერ ამ წესის №25 დანართის შესაბამისად. ბ) ზსხ-ის შესაბამის კლასზე სდ-ში გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება ამ წესის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირობების შესაბამისად; შენიშვნა: კომპეტენციის შეფასება ხორციელდება ამ წესის №26 დანართის შესაბამისად. გ) ერთზე მეტი ზსხ-ის კლასის კვალიფიკაციის განახლების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შეფასება გავლილი აქვს მოწმობაში მინიჭებული ზსხ-ის თითოეული კლასისთვის. შენიშვნა: ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადის განახლებისთვის სააგენტოს განცხადება წარედგინება ამ წესის №35 დანართის შესაბამისად. 5. ცოდნის განახლების სწავლება მოიცავს საკლასო თეორიულ სწავლებას და ინსტრუქტორებს აცნობს განახლებულ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ა) სწავლების განხორციელებასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, ასევე საავიაციო მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია რეალური მაგალითების შესწავლით; ბ) ადამიანის შესაძლებლობები, საშიშროებების და შეცდომების მართვა (TEM) და პედაგოგიკა; გ) ზსხ-ის ფრენის საფუძვლები და ტექნიკური მომსახურება. 6. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია და მოქმედების ვადა აღინიშნება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში.“. 10. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილება ენიჭება, თუ: ა) ფლობს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციას; ბ) ფლობს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სწავლებისა და მომზადების უფლებამოსილებას ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის რანგში ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ) დაადასტურებს, რომ ინსტრუქტორობის კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს არანაკლებ 100 სთ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ან ზსხ-ის პილოტ-კურსანტებისთვის ჩატარებული აქვს არანაკლებ 250 სთ პრაქტიკული სწავლება. შენიშვნა: ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილების მისაღებად პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება და ინფორმაცია ამ წესის №33 დანართის შესაბამისად.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელი, ზსხ-ის იმ კლას(ებ)-ზე, რომელზეც დაშვებასაც ფლობს, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი, გარდა ზსხ-ის პილოტის იმ ინსტრუქტორებისა, რომელთა სწავლებაც თვითონ განახორციელა: ა) კომპეტენციის შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების, მოქმედების ვადის გაგრძელების და განახლების მიზნით; ბ) კომპეტენციის შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორისთვის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატების მიზნით.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილება პირს ენიჭება სააგენტოს მიერ და მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში.“.
11. მე-6 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 - მე-9 თავები: „თავი VII სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება მუხლი 25. სდ-ის სერტიფიცირების პროცესი 1. ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის მომზადების სდ-ის სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, იმ შემთხვევაში, თუ სდ აკმაყოფილებს სერტიფიცირებისთვის დადგენილ პირობებს. 2. სდ-ის სერტიფიცირება მოიცავს ოთხ ეტაპს: ა) I ეტაპი: ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენა; ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა და შეფასება სააგენტოში; ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა; დ) IV ეტაპი – სდ-ის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა. მუხლი 26. სდ-ის სერტიფიკატის გაცემა 1. სასწავლო დაწესებულება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის (შემდგომში – სდ-ის სერტიფიკატი) მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) სდ ფლობს სასწავლო საქმიანობის ძირითად ადგილს აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე და თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ ადგილს, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ხორციელდება სასწავლო საქმიანობის ძირითად ადგილას; შენიშვნა: სდ უფლებამოსილია გამოიყენოს სხვა აეროდრომი ან საფრენი მოედანი, გარდა იმისა, რომელიც განსაზღვრულია როგორც სასწავლო საქმიანობის ძირითადი ადგილი, თუ სდ დაადასტურებს, რომ ამ ადგილას ფლობს სასწავლო დანიშნულების მქონე შესაბამისი კლასის ზსხ-ს, სწავლებისთვის სათანადო შენობა-ნაგებობებს, ასევე მატერიალურ, ტექნიკურ და პედაგოგიურ რესურსს. ბ) სასწავლო საქმიანობისთვის სდ ფლობს შესაბამისი კლასის ზსხ-ს, სწავლებისთვის შესაფერის ინფრასტრუქტურას, ასევე მატერიალურ, ტექნიკურ და პედაგოგიურ რესურსს; გ) სდ-ის დანიშნული ჰყავს სწავლების ხელმძღვანელი და საჭიროების შემთხვევაში – სათანადო რაოდენობის მოვალეობის შემსრულებელი; დ) ზსხ-ის შესაბამის კლასზე, რომელზეც ხორციელდება მომზადება, სდ-ის ჰყავს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებელი, რომელიც ფლობს ამ წესის 23-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; ე) სააგენტოში წარმოდგენილია ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლების მიმდინარე სია, სადაც მოცემულია ჩანაწერები მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით; ვ) სააგენტოში შესათანხმებლად სდ-ის წარმოდგენილი აქვს საწყისი მომზადების პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრული სტანდარტიზებული კურსის მოთხოვნებს. შენიშვნა 1: ზსხ-ის თითოეული კლასისთვის განსაზღვრული მომზადების პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №16 დანართში განსაზღვრულ მიზნებს, ხოლო ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სასწავლო პროგრამის შინაარსი განისაზღვრება ამ წესის №30 დანართით. ცოდნის განახლების კურსის პროგრამა უნდა იყოს ადაპტირებული ზსხ-ის შესაბამისი კლასისთვის. შენიშვნა 2: ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის საწყისი მომზადების პროგრამასთან ერთად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ინსტრუქტორის შემდგომი მომზადების პროგრამა, ამ წესის შესაბამისად. ზ) სდ-ის დადგენილი აქვს თითოეული ინსტრუქტორობის კანდიდატის მომზადების პერიოდში, ცოდნის შემოწმების და სწავლების პროგრესის ამსახველი ინდივიდუალური სასწავლო ჩანაწერების წარმოებისა და განახლების მეთოდები, რომლებიც ინახება სდ-ის მიერ ამ წესის 32-ე მუხლის შესაბამისად. 3. სდ-ის საქმიანობის ფარგლები განისაზღვრება სდ-ის სერტიფიკატითა და მისი დანართით. 4. სდ-ის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და ძალაშია ვიდრე სდ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. მუხლი 27. სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის ცვლილება 1. სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შემადგენელი შემდეგი ძირითადი მონაცემების ცვლილება საჭიროებს სააგენტოს წინასწარ თანხმობას: ა) სდ-ის დასახელება; ბ) სდ-ის სასწავლო საქმიანობის ძირითადი ადგილის მისამართი; გ) სწავლების ხელმძღვანელი და არსებობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლ(ებ)ის სახელი და გვარი; დ) თეორიული სწავლებისთვის გამოყენებული ადგილი, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ხორციელდება სასწავლო საქმიანობის ძირითად ადგილას; ე) ზსხ-ის კლასების შესაბამისად მოსამზადებელი კურსების ჩამონათვალი; ვ) ზსხ-ის კლასების შესაბამისად მოსამზადებელი პროგრამის დამატება, გაუქმება ან ცვლილება. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სდ სააგენტოს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ამ წესის №24 დანართს. 2. სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შემადგენელი შემდეგი მონაცემების ცვლილებისას საჭიროა განხორციელდეს სდ-ის მიერ სააგენტოსთვის შეტყობინება: ა) გამოყენებული ზსხ-ების ჩამონათვალი; ბ) ზსხ-ის აღჭურვილობასთან დაკავშირებული ცვლილებები. მუხლი 28. სდ-ის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, აღდგენა, გაუქმება და დუბლიკატის გაცემა 1. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ სდ ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიცირების მოთხოვნებს ან მისი საქმიანობა, ქმედება ან გამოყენებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები წარმოქმნის რისკებს ფრენის უსაფრთხოებისთვის, სააგენტო არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უფლებამოსილია: ა) ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდოს სდ-ის სერტიფიკატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა; ბ) შეაჩეროს სდ-ის სერტიფიკატის მოქმედება, სათანადო გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებამდე, თუ შექმნილია საგანგებო ვითარება და საფრთხე ექმნება ფრენის უსაფრთხოებას. 2. სდ-ის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველის მითითებით, წერილობით ეცნობება სდ-ის. 3. სდ-ის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხორციელდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არაუმეტეს 3 თვით. 4. სდ-ის სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, აღმოფხვრილია. 5. სდ-ის სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველს; ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; გ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6. სერტიფიკატის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, სდ უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. სერტიფიკატის დაზიანების შემთხვევაში სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი. მუხლი 29. სდ-ის პერსონალი 1. სდ-ის სწავლების ხელმძღვანელის ფუნქციების შესასრულებლად პირი უნდა ფლობდეს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის უფლებამოსილებას ამ წესის შესაბამისად. 2. სდ-ის სწავლების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სდ-ის ფარგლებში განხორციელებულ მომზადებაზე და სდ-ის ინსტრუქტორების საქმიანობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ წესით განსაზღვრული საწყისი და შემდგომი მომზადების პროგრამების სწორად განხორციელება. 3. სდ-ის სწავლების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობა შესაძლებელია შეასრულოს მოვალეობის შემსრულებელმა. მუხლი 30. სდ-ის სასწავლო პროგრამები 1. სააგენტო ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მომზადების პროგრამების შესაბამისობას ამოწმებს სდ-ის სერტიფიკატის პირველად გაცემისას და ორგანიზაციის მიერ პროგრამაში ცვლილების განხორციელებამდე. 2. ზსხ-ის პილოტის კურსანტი ინსტრუქტორების და ინსტრუქტორობის კანდიდატების საწყისი სწავლება და პედაგოგიური მომზადება უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-8 თავით განსაზღვრული პროგრამით და უნდა დასტურდებოდეს სწავლების ჩანაწერებით. 3. სდ-ის უნდა გააჩნდეს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის ცოდნის განახლების კურსის შინაარსი და საკონტროლო ფრენის პროცედურა ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად. 4. დამატებითი მომზადების პირობები, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების ან/და ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატების მიზნით განისაზღვრება ამ წესის მე-9 თავის შესაბამისად. 5. ზსხ-ის ნებისმიერი კლასისთვის განკუთვნილი მომზადება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-8 თავით განსაზღვრულ პედაგოგიურ მიზნებს. მუხლი 31. სდ-ის საქმიანობაზე ზედამხედველობა 1. სდ-ის საქმიანობის ინსპექტირების მიზანია დადგინდეს შესაბამისობა იმ ტექნიკურ, პედაგოგიურ, მატერიალურ და ადმინისტრაციულ მოთხოვნებთან, რომლის საფუძველზეც გაიცა სდ-ის სერტიფიკატი. 2. სდ-ის საქმიანობის ზედამხედველობა ხორციელდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 30 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ შესაბამისად. თავი VIII ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის საწყისი მომზადების პროგრამა მუხლი 32. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მომზადების ბარათი 1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მომზადების ბარათის შინაარსი მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) მომზადების დაწყებამდე გავლილ საფრენოსნო და სახმელეთო შეფასებას; ბ) საწყისი მომზადების დასრულებისას გავლილ შეფასებას; გ) გავლილ გაკვეთილებს, რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: გაკვეთილის აღწერა, ხანგრძლივობა, მეტეოროლოგიური ინფორმაცია და მასწავლებლის დეტალური შეფასება კურსანტი ინსტრუქტორის პროგრესთან დაკავშირებით; დ) მომზადების დასრულებისას დასკვნით კომპეტენციის შეფასებას ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მისაღებად, მათ შორის, დამატებითი მომზადების პროგრამას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. მომზადების ბარათი წარმოადგენს სდ-ის საკუთრებას. სდ ინახავს მომზადების ბარათს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კურსანტი ინსტრუქტორი ან ინსტრუქტორობის კანდიდატი მომზადების პერიოდში შეიცვლის სდ-ის, მისი მომზადების ბარათის ასლი უნდა გადაეცეს ახალ სდ-ის. 3. კურსანტი ინსტრუქტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაეცნოს საკუთარი მომზადების ბარათს. 4. მოთხოვნის შემთხვევაში, მომზადების ბარათი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. 5. სდ-მ თითოეული მომზადების ბარათი უნდა შეინახოს არანაკლებ 5 წლის ვადით. 6. ჩანაწერები შესაძლებელია ინახებოდეს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით, ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს მათი ერთიანობის დარღვევას, დაკარგვას, დაზიანებას, განადგურებას ან ცვლილებას. მუხლი 33. შეთანხმებული სასწავლო პროგრამის სტრუქტურა 1. კურსანტ ინსტრუქტორის საწყისი მომზადების პირობები: ა) საწყისი მომზადება უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართების №20-№23 შესაბამისად, ზსხ-ის კლასის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს თეორიულ (საკლასო სწავლება) და პრაქტიკულ (საფრენოსნო მომზადება) ნაწილებს და რომლის მიზანია კურსანტ ინსტრუქტორს შესძინოს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები ინსტრუქტორობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ბ) თეორიული სწავლების საათების მინიმალური რაოდენობაა – 50 სთ. გ) საფრენოსნო პრაქტიკული მომზადების საათების მინიმალური რაოდენობაა – 25 სთ. დ) საწყისი მომზადების პერიოდის ხანგრძლივობა მიმდევრობით არ უნდა იყოს 5 კვირაზე ნაკლები. 2. საწყისი მომზადების დასრულების შემდგომ სდ გასცემს კურსანტი ინსტრუქტორის საწყისი მომზადების დასრულების დასტურს ამ წესის №18 დანართის შესაბამისად, რის შემდეგაც პირი დაიშვება კომპეტენციის შეფასებაზე. 3. საწყისი მომზადების დასრულებისას კომპეტენციის შეფასების პირობები: ა) კურსანტ ინსტრუქტორმა საწყისი მომზადების დასრულებისას უნდა გაიაროს კომპეტენციის შეფასება; ბ) საწყისი მომზადების დასრულების შემდგომი კომპეტენციის შეფასება ხორციელდება ამ წესის 37-ე მუხლის შესაბამისად. გ) იმ შემთხვევაში, თუ კურსანტ ინსტრუქტორი გაივლის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შეფასებას, მას მიენიჭება ინსტრუქტორობის კანდიდატის სტატუსი. 4. საწყისი მომზადების დაწყების თარიღიდან კურსანტ ინსტრუქტორს აქვს 18-თვიანი ვადა, რათა მომზადების დასრულებისას გაიაროს კომპეტენციის შეფასება ინსტრუქტორობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 5. კურსანტ ინსტრუქტორის ინსტრუქტორობის კანდიდატად შეყვანასთან დაკავშირებით სდ სააგენტოს უგზავნის განცხადებას ამ წესის №29 დანართის შესაბამისად, რომლის, სააგენტოს მიერ, დადასტურებით პირი იღებს ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლებას. 6. ინსტრუქტორობის კანდიდატის პედაგოგიური მომზადების პირობები: ა) ინსტრუქტორობის კანდიდატი ზსხ-ის პილოტ-კურსანტს ხმელეთზე უტარებს თეორიულ სწავლებას, რაც საჭიროა ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად. გარდა ამისა, კანდიდატი ზსხ-ის პილოტ-კურსანტს უტარებს არანაკლებ 20 სთ-იან საფრენოსნო პრაქტიკულ მომზადებას. ბ) ინსტრუქტორობის კანდიდატმა უნდა მოამზადოს არანაკლებ ერთი ზსხ-ის პილოტ-კურსანტი დამოუკიდებლად ფრენის შესრულების ეტაპამდე, რაც უნდა დამოწმდეს სწავლების ხელმძღვანელის მიერ. გ) ინსტრუქტორობის კანდიდატი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ პედაგოგიურ მომზადებას ახორციელებს იმ სდ-ში, სადაც მან მოიპოვა ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის და სდ-ის სწავლების ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ. 7. პედაგოგიური მომზადების დასრულების შემდეგ კომპეტენციის შეფასების პირობები: ა) პედაგოგიური მომზადების დასრულების შემდეგ ინსტრუქტორობის კანდიდატი ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მისაღებად გადის კომპეტენციის შეფასებას. კომპეტენციის შეფასების განსახორციელებლად საჭიროა: ა.ა) სწავლების ხელმძღვანელის რეკომენდაცია ამ წესის 34-ე მუხლის შესაბამისად; ა.ბ) გამომცდელის შერჩევა ამ 35-ე მუხლის შესაბამისად; ა.გ) ზსხ-ის შერჩევა ამ წესის 36-ე მუხლის შესაბამისად; ა.დ) კომპეტენციის შეფასების განხორციელება ამ წესის 37-ე მუხლის შესაბამისად; ა.ე) კომპეტენციის შეფასების შედეგის მომზადება ამ წესის 38-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 34. სწავლების ხელმძღვანელის რეკომენდაცია 1. კომპეტენციის შეფასებამდე ინსტრუქტორობის კანდიდატი გადის გასაუბრებას სდ-ის სწავლების ხელმძღვანელთან, რა დროსაც მოწმდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მომზადების ბარათი, რათა დადგინდეს, რომ ინსტრუქტორობის კანდიდატმა დამაკმაყოფილებლად შეასრულა და აითვისა მომზადების სხვადასხვა ნაწილი. 2. გასაუბრების გავლის შემთხვევაში სწავლების ხელმძღვანელი ინსტრუქტორობის კანდიდატის მომზადების დასრულებას ამოწმებს ხელმოწერით, რითაც ადასტურებს კანდიდატის მზაობას კომპეტენციის შეფასების გასავლელად. შენიშვნა: პედაგოგიური მომზადების დასრულების შემდგომ სდ გასცემს ინსტრუქტორობის კანდიდატის პედაგოგიური მომზადების დასრულების დასტურს ამ წესის №19 დანართის, ასევე ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მომზადების დასრულების დასტურს ამ წესის №28 დანართის შესაბამისად. მუხლი 35. გამომცდელის შერჩევა 1. კომპეტენციის შეფასება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს იმ სდ-ში დასაქმებული გამომცდელის მიერ, სადაც ინსტრუქტორობის კანდიდატმა გაიარა მომზადება, ამ წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობის დაცვით. 2. სდ უფლებამოსილია გამომცდელი შეარჩიოს სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გამომცდელების სიიდან. 3. კომპეტენციის შეფასების განხორციელებამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე გამომცდელმა სააგენტოს წერილობით უნდა შეატყობინოს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით კომპეტენციის შეფასების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს სწავლების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული მომზადების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. შენიშვნა: პედაგოგიური მომზადების დასრულების შემდეგ ინსტრუქტორობის კანდიდატის კომპეტენციის შეფასების რეგისტრაციის ფორმა, ამ წესის №27 დანართის შესაბამისად, ივსება სდ-ის მიერ და ეგზავნება სააგენტოს დასადასტურებლად. კომპეტენციის შეფასება ხორციელდება სააგენტოს დასტურის შემდეგ. მუხლი 36. ზსხ-ის შერჩევა კომპეტენციის შეფასება უნდა განხორციელდეს იმ ზსხ-ზე, რომელიც გამოიყენებოდა ინსტრუქტორობის კანდიდატის მომზადების განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზსხ არ არის ხელმისაწვდომი, კანდიდატმა, შეფასების დაწყებამდე უნდა შეასრულოს გაცნობითი ფრენა იმავე კლასის ზსხ-ს სხვა მოდელზე. მუხლი 37. კომპეტენციის შეფასების განხორციელება კომპეტენციის შეფასება შედგება ორი ნაწილისგან, კერძოდ: ა) თეორიული საკლასო სავარჯიშო იმ საკითხზე, რომელსაც კურსანტ ინსტრუქტორს/ ინსტრუქტორობის კანდიდატს გამომცდელი აცნობებს შეფასებამდე 8 კალენდარული დღით ადრე. კურსანტ ინსტრუქტორს/ინსტრუქტორობის კანდიდატს შეფასებისთვის მოსამზადებლად აქვს 1 სთ, რომლის შემდეგ მან უნდა ჩაატაროს 30 წუთიანი გაკვეთილი (პრეზენტაცია); ბ) პრაქტიკულ სავარჯიშო ფრენა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის რანგში, იმ საკითხზე, რომელსაც გამომცდელი კურსანტ ინსტრუქტორს/ინსტრუქტორობის კანდიდატს აცნობებს შეფასებამდე 8 კალენდარული დღით ადრე და რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ბ.ა) ფრენისწინა შემოწმება ინსტრუქტორის რანგში – გრძელდება არანაკლებ 15 წთ; ბ.ბ) გაფრენისწინა ინსტრუქტაჟი – გრძელდება არანაკლებ 15 წთ; ბ.გ) ფრენა ინსტრუქტორის რანგში სასწავლო სავარჯიშოების შესასრულებლად – გრძელდება არანაკლებ 30 წთ; ბ.დ) ფრენისშემდგომი ინსტრუქტაჟი ხმელეთზე – გრძელდება არანაკლებ 15 წთ. შენიშვნა: კომპეტენციის შეფასება ხორციელდება ამ წესის №26 დანართის შესაბამისად. მუხლი 38. კომპეტენციის შეფასების შედეგი 1. გამომცდელი ამზადებს კომპეტენციის შეფასების ფორმას და ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის მომზადების ბარათში შეაქვს ჩანაწერი შეფასების შედეგთან დაკავშირებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქტორობის კანდიდატი ვერ გაივლის კომპეტენციის შეფასებას მან უნდა გაიაროს დამატებითი მომზადება, რომელიც მოიცავს პროგრესის პერიოდულ შემოწმებას. აღნიშნული დამატებითი მომზადების მოცულობა – თეორიული და/ან პრაქტიკული განისაზღვრება სწავლების ხელმძღვანელის მიერ ინსტრუქტორობის კანდიდატის საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც გამომცდელის მიერ იქნა მითითებული ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის მომზადების ბარათში. დამატებითი მომზადების დასრულების შემდეგ სწავლების ხელმძღვანელმა განმეორებით უნდა გაუწიოს რეკომენდაცია ინსტრუქტორობის კანდიდატს კომპეტენციის შეფასების გავლის მიზნით. 3. პირმა ინსტრუქტორობის კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღიდან 18 თვის ვადაში უნდა გაიაროს კომპეტენციის შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების მიზნით. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქტორობის კანდიდატი სტატუსის მიღების თარიღიდან 18 თვის ვადაში ვერ გაივლის კომპეტენციის შეფასებას იგი კარგავს ინსტრუქტორობის კანდიდატის სტატუსს. 5. ინსტრუქტორობის კანდიდატის სტატუსის დაკარგვის შემდეგ ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების მიზნით, კომპეტენციის შეფასებაზე დასაშვებად საჭიროა: ა) საწყისი სწავლების დასრულებისას განსაზღვრული კომპეტენციის შეფასების გავლა; ბ) ინსტრუქტორობის კანდიდატის სრული პედაგოგიური მომზადების გავლა. თავი IX სხ-ის ფრენის ინსტრუქტორის დამატებითი მომზადება მუხლი 39. რეგულირების სფერო ეს თავი ადგენს სხ-ის ფრენის ინსტრუქტორების დამატებითი მომზადების მოთხოვნებს, იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღება ან/და ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატება. მუხლი 40. ზოგადი მოთხოვნები 1. იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ ან ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (ANNEX 1 – PERSONNEL LISENSING) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოწმობას ფრენის ინსტრუქტორის მოქმედი ოსტატობით, ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების მიზნით უნდა გაიაროს დამატებითი მომზადება სდ-ში. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მოწმობა გაცემულია უცხო სახელმწიფოს მიერ სააგენტო წარმოდგენილი მოწმობის ნამდვილობას, მასში არსებულ მონაცემებს ამოწმებს დოკუმენტის გამცემი შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ საავიაციო ხელისუფლებასთან. 2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორმა კვალიფიკაციაში ზსხ-ს ახალი კლასის მისაღებად უნდა გაიაროს დამატებითი მომზადება სდ-ში. შენიშვნა: დამატებითი მომზადების გავლის დასტური სდ-ის მიერ გაიცემა ამ წესის №17 დანართის შესაბამისად. 3. დამატებითი მომზადების დასრულების შემდეგ პირის კვალიფიკაცია დასტურდება გამომცდელთან კომპეტენციის შეფასების ჩაბარებით. შენიშვნა 1: კომპეტენციის შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს იმ გამომცდელის მიერ, რომელიც არ არის დასაქმებული იმ სდ-ში, სადაც განხორციელდა დამატებითი მომზადება, იმ შემთხვევაში, თუ ხსენებულ სდ-ის არ აქვს აღნიშნულის რესურსი. შენიშვნა 2: კომპეტენციის შეფასება ხორციელდება ამ წესის №26 დანართის შესაბამისად. მუხლი 41. დამატებითი მომზადების მიზნები და მოცულობა 1. პირმა, რომელიც ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ ან ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (ANNEX 1 – PERSONNEL LISENSING) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის ფრენის ინსტრუქტორის კვალიფიკაციას, სდ-ში უნდა გაიაროს ზსხ-სთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები, რომლებიც უკავშირდება ზსხ-ის ინერციულობას და მართვადობას, ასევე ფრენის დაწყებამდე საჭირო შემოწმებებს. 2. პირი, რომელიც ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ ან ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (ANNEX 1 – PERSONNEL LISENSING) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის ფრენის ინსტრუქტორის კვალიფიკაციას ან ახორციელებს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) აქვს საჭირო უნარ-ჩვევები, ფრენის განსხვავებული ეტაპების ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ძრავის მტყუნების შემთხვევაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზსხ უახლოვდება დადგენილი საფრენოსნო შესაძლებლობების დიაგრამის შეზღუდვებს, უზრუნველყოს ფრენის უსაფრთხოება; ბ) აქვს კომპეტენცია, უსაფრთხოდ განახორციელოს ძრავის მტყუნების იმიტირება, საფრენოსნო შესაძლებლობების დიაგრამით განსაზღვრულ შეზღუდვებთან მიახლოების ამოცნობის (იდენტიფიცირების) სწავლების მიზნით. 3. დამატებითი სწავლების მოცულობა, ზსხ-ის კლასების მიხედვით, მოიცავს: ა) ზსხ-ის 1-ელი, მე-2 და მე-3 კლასების შემთხვევაში – არანაკლებ 10 სთ საფრენოსნო მომზადებას ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებელთან ერთად შესაბამისი კლასის ზსხ-ზე. ბ) ზსხ-ის მე-4 კლასის შემთხვევაში – არანაკლებ 20 სთ საფრენოსნო მომზადებას ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებელთან ერთად მე-4 კლასის ზსხ-ზე.“ 12. დანართი №6, დანართ №9 და დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 13. დაემატოს №16-34 დანართები თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები