დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1772 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/10/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 03/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.003.644 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/06/2012 - 12/06/2012)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა და პრინციპები
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მისი ამოცანები და მოქმედების სფერო
ეს კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს.
მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია
1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა.
3. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
4. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.
7. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.
8. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის
1. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
2. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
3. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.
4. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე არის არასრულწლოვანი, ქმედუუნარო, შეზღუდულქმედუნარიანი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავი.
5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი.
6. ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.
7. დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი.
8. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
9. ადვოკატი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ინტერესებს და უწევს მათ იურიდიულ დახმარებას.
10. გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება.
11. დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.
12. ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დამაკმაყოფილებელია სხდომის მოსამართლისათვის, რათა ვარაუდის მაღალი ხარისხით იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
13. გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
14. განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
15. განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ საკითხზე.
16. დადგენილება – გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.
17. ღამე – დრო 22 საათიდან 6 საათამდე.
18. საპატიო მიზეზი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.
19. ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
20. მოწმე – პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.
21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.
22. დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.
23. მტკიცებულება – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
24. მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს.
26. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის ადგილი.
27. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).
28. კომპიუტერული მონაცემი – კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
29. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, ურთიერთობა განახორციელონ კომპიუტერული სისტემის საშუალებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამუშავებს ან ინახავს კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო მომსახურების ან ასეთი მომსახურების მომხმარებელთა სახელით.
30. ინტერნეტტრაფიკის მონაცემი – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და კომპიუტერული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემი, რომელიც კომუნიკაციათა ჯაჭვის ნაწილია, მიუთითებს კომუნიკაციის წყაროს, დანიშნულების ადგილს, მიმართულებას, დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას, ძირითადი მომსახურების ტიპს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
მუხლი 4. პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა
1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები ვალდებული არიან სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დაიცვან პროცესის მონაწილეთა ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
2. დაუშვებელია ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე სხვა ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე ან აზროვნებაზე. აგრეთვე დაუშვებელია მუქარა ან ისეთი შეღავათების დაპირება, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული.
3. სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში იძულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 5. უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფცია
1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.
3. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4. პირი უნდა იყოს თავისუფალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდა მისი დაპატიმრების აუცილებლობა.
მუხლი 6. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა
1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე.
2. პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.
3. უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.
მუხლი 7. სისხლის სამართლის პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
1. გამოძიების პროცესში მხარეს არა აქვს უფლება, თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
2. საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია.
3. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონოდ გამჟღავნებით, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.
მუხლი 8. სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება
1. ბრალდებულს (მსჯავრდებულს, გამართლებულს) აქვს სამართლიანი პროცესის უფლება.
2. ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის.
3. სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.
მუხლი 9. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა
1. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
2. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
მუხლი 10. სასამართლო სხდომის საჯაროობა და ზეპირობა
1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება საჯაროდ და ზეპირად. სხდომის დახურვა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ.
3. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება და ტრანსლირება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლო უფლებამოსილია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. დასაშვებია სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა სასამართლოს მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 11. სისხლის სამართლის პროცესის სახელმწიფო ენაზე განხორციელება
სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაენიშნება თარჯიმანი.
მუხლი 12. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა
1. პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა.
2. სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.
4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პირის კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.
1. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
2. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 14. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა
1. სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.
მუხლი 15. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება
არავინ არ არის ვალდებული, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის ან სხვა პირთა წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება ამ კოდექსით.
მუხლი 16. სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობა
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით.
მუხლი 17. ბრალის წაყენება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე
1. პირს ბრალი წაეყენება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული.
2. პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა.
მუხლი 18. განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა
1. დაუშვებელია პირის განმეორებით დაკავება მხოლოდ ერთი და იმავე მტკიცებულებების ან/და ინფორმაციის საფუძველზე.
2. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები
სასამართლო
მუხლი 19. სასამართლო, როგორც მართლმსაჯულების ორგანო
1. სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, შუამდგომლობა და საჩივარი.
მუხლი 20. სასამართლოს უფლებამოსილება
1. თუ სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციით არ განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მას პირველი ინსტანციით განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება, ჩატარდება ან ჩატარდა გამოძიება ან საპროცესო მოქმედება. ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ. ამ კოდექსით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებული საკითხები მისი არყოფნისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ადგილი არ ემთხვევა დანაშაულის ჩადენის ადგილს, შეიძლება განიხილოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ ან გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია.
4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატა.
5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
6. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 21. ტერიტორიული განსჯადობა
1. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს.
2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის XXI თავის შესაბამისად.
3. გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.
4. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე მასში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფლის მიხედვით ან სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან, განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს.
5. თუ სასამართლო დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე მისი განსჯადი არ არის, იგი განჩინებით საქმეს განსჯადობის მიხედვით გადასცემს სხვა სასამართლოს.
6. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
მუხლი 22. სასამართლოთა შემადგენლობა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულისაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.
3. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განიხილება ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის მონაწილეობით.
4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად.
5. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით.
6. ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.
7. საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო დიდ პალატაში – ცხრა მოსამართლის შემადგენლობით.
8. სასამართლოს შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღების თანაბარი უფლება აქვს.
9. თუ სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადია და ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, საქმეს სასამართლო განიხილავს მის დაუსწრებლად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
მუხლი 23. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე
სასამართლო სხდომის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას, სასამართლოს თათბირის მიმდინარეობას, მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი, უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას, აგრეთვე ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 24. სასამართლო სხდომის მდივანი
1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდა თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირი, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტს; აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.
2. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად დააფიქსიროს სასამართლო სხდომის ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. მდივანს უფლება აქვს, ოქმის მომზადებისას გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი.
3. სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით განიხილოს მათი მოწვევის გარეშე. სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა წერილობით განმარტებებს.
მუხლი 25. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა
1. სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.
2. სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად.
3. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს, აზრი გამოთქვას ბრალდებულის (მსჯავრდებულის) დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.
4. თუ სასამართლო სხდომაში ორივე მხარე მონაწილეობს, ერთი მხარის შუამდგომლობასთან ან საჩივართან დაკავშირებით სასამართლო ისმენს მეორე მხარის აზრსაც.
მუხლი 26. სასამართლოს შუამდგომლობა
1. თუ რომელიმე საპროცესო მოქმედების ჩატარება სისხლის სამართლის საქმის განხილვის ადგილზე შეუძლებელია, სასამართლოს უფლება აქვს, ამ მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომი დონის სხვა სასამართლოს.
2. უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოში სასამართლოს შუამდგომლობის გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით სამართლებრივი დახმარების შესახებ.
მუხლი 27. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები – მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
მუხლი 28. ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) სოციალური გარანტიები
1. ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.
3. სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი არ უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 29. მოთხოვნები ნაფიცი მსაჯულისადმი
პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ:
ა) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი;
ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი;
დ) შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და:
ა) იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია;
ბ) იგი გამომძიებელია;
გ) იგი პოლიციელია;
დ) იგი ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
ე) იგი სასულიერო პირია;
ვ) იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;
ზ) იგი ბრალდებულია;
თ) იგი ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია;
ი) მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე;
კ) იგი ფსიქოლოგია;
ლ) იგი ფსიქიატრია;
მ) იგი იურისტია.
მუხლი 31. უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე
პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:
ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
ე) თუ 70 წელს გადაცილებულია.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
პროკურორი, გამომძიებელი
პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
1. პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
2. სასამართლოში თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას პროკურორი დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
3. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით.
4. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში.
5. ამ კოდექსის საფუძველზე გამოძიებისას პროკურორის დადგენილების შესრულება სავალდებულოა.
6. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს; საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს; გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით;
გ) გამოძიებისას სავალდებულო მითითება მისცეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ან/და ქვემდგომ პროკურორს;
დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის საქმე;
ე) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;
ვ) გააუქმოს გამომძიებლის ან ქვემდგომი პროკურორის დადგენილება;
ზ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა;
თ) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან/და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;
ი) შეცვალოს ბრალდება;
კ) ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
ლ) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის განხილვაში;
მ) სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით;
ნ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება;
ო) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ;
პ) პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები;
ჟ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 34. გამოძიების ორგანოები
1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.
2. უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, ყველა გამომძიებელს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვს და მათ მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.
3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, პროკურორის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4424- ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4731 - ვებგვერდი, 22.06.2011წ.
მუხლი 35. საგამოძიებო ქვემდებარეობა
საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 36. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა
ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. პროკურორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას, სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით.
2. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
3. გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.
4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინება.
5. ამ კოდექსის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა.
6. თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გარდა იმ მოქმედებისა, რომლის ჩატარებაც პროკურორის კომპეტენციაა;
ბ) შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ;
გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;
დ) მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი;
ე) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს ან სასამართლოს;
ვ) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს;
ვ 1 ) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები;
ზ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
ბრალდებული, ადვოკატი
მუხლი 38. ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი
1. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი.
2. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაპატიმრებისას, ხოლო დაკავებისას – მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება.
3. თუ ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის ადვოკატს, რაც ითვლება ბრალის წაყენებად.
4. ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
5. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა კონფიდენციალურია. აკრძალულია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას.
6. ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი, რისთვისაც მას უნდა მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება. ბრალდებულს არ შეუძლია უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა.
7. ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს.
8. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.
9. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ბრალდებულის ეს უფლება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მას ასევე აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ დროს, საკუთარი ხარჯით, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება მის მიერ არჩეული ექსპერტის მიერ.
10. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია.
11. ბრალდებულს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
12. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე.
13. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.
14. ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა.
[14. ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებაში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით − სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა. (ამოქმედდეს 2012 წლის 3 ივლისიდან )]
15. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროსსასამართლო გადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი.
16. ამ მუხლში მოყვანილი ჩამონათვალი არ ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, განახორციელოს ყველა სხვა უფლება, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს მინიჭებული.
17. ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში.
18. ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
მუხლი 39. ბრალდებულის უფლება მოიპოვოს მტკიცებულება
1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება.
მუხლი 40. ბრალდებულის დასწრების უფლების შეზღუდვა
1. მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი სპეციალური ღონისძიება.
2. ბრალდებულს დროულად უნდა შეატყობინონ მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. ბრალდებულს არა აქვს მისი ჩატარების არასაპატიო მიზეზით გადადების მოთხოვნის უფლება. თუ ბრალდებული დაპატიმრებულია და ჰყავს ადვოკატი, ასეთ საგამოძიებო მოქმედებას ესწრება მისი ადვოკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებაში ბრალდებულის უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. თუ ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
3. თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის გასვლისთანავე პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას.
მუხლი 41. ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა
ადვოკატს ირჩევს და იყვანს ბრალდებული ან, ბრალდებულის ნების გათვალისწინებით, – მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს უფლება არა აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს. ბრალდებული (მისი ახლო ნათესავი, სხვა პირი) და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 42. ბრალდებულის (მსჯავრდებულის) შუამდგომლობით სასამართლო განხილვის გადადების დაუშვებლობა
1. ადვოკატის შეცვლის მოტივით სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს მიზნად ისახავს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას.
2. ადვოკატის მიერ დაცვის მოვალეობის შესრულების ხანგრძლივად შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს იწვევს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას.
3. თუ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო უფლებამოსილია პირველივე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ბრალდებულს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით.
4. თუ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას ან/და ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 43. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობის კონფიდენციალურობა
1. ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია.
2. კონფიდენციალურია ასევე პირის ბრალდებულად ცნობამდე მისი ურთიერთობა მის შესაძლო ადვოკატთან.
3. დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით.
მუხლი 44. ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა
1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს უფლება არა აქვს, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.
2. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას.
3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებათა ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს.
4. ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილზე და სასამართლოში.
სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 46. დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე
1. დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ:
ა) გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას;
ბ) არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორი ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს უფლება აქვს, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით.
4. დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიღებს დაცვისათვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან.
5. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მოწმე და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები
სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ ასევე გამომძიებელს, პროკურორს, ბრალდებულს, დაზარალებულს, ექსპერტსა და თარჯიმანს.
მუხლი 48. მოწმის მიერ ფიცის დადება
1. სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს.
2. ფიცის დადების წინ სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე–3711 მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
3. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.
მოწმე უპასუხებს:
„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“.
4. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.
მოწმე უპასუხებს:
„ვფიცავ!“.
5. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?“.
მოწმე უპასუხებს:
„დიახ, ვადასტურებ!“.
6. მოწმის მიერ ფიცის დადების ან ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელების ფაქტი დასტურდება მის მიერ ფიცის ან დადასტურების ტექსტზე ხელმოწერით.
7. ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 49. მოწმის უფლება-მოვალეობანი
1. მოწმეს უფლება აქვს:
ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.
2. მოწმე ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 50. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე
1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:
ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს;
ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;
ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;
ზ) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა;
თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
ი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება.
2. არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.
3. სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს:
ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;
ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. ექსპერტს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
2. ექსპერტი მიუკერძოებელი უნდა იყოს, იმის მიუხედავად, თუ ვინ მიიწვია იგი.
3. დაუშვებელია მოწმის სანდოობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარება.
მუხლი 52. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი
1. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი;
ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;
გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
დ) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;
ე) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში;
ვ) მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.
2. ექსპერტი ვალდებულია:
ა) თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში;
ბ) დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა;
გ) თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილება.
1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:
ა) პროცესის მონაწილემ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
ბ) საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი.
2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
3. წესები, რომლებიც თარჯიმანს ეხება, იმ პირზედაც ვრცელდება, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები.
4. პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა აქვს.
მუხლი 54. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი
1. თარჯიმანს უფლება აქვს:
ა) თარგმანის დასაზუსტებლად შეკითხვა დაუსვას პროცესის მონაწილეებს;
ბ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს;
გ) გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი;
დ) უარი თქვას თარგმნაზე, თუ ამისთვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.
2. თარჯიმანი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;
ბ) ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი;
გ) ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმში და სხვა საპროცესო დოკუმენტში;
დ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს გამოძიების მასალა, აგრეთვე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შემცველი ცნობები.
მუხლი 55. სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae)
1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.
2. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს.
3. სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები.
4. წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან.
5. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
დაზარალებული
მუხლი 56. პირის დაზარალებულად ცნობა
1. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
2. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
3. იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.
4. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება.
6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს ეს დადგენილება.
მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები
დაზარალებულს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;
ბ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება ზიანის შესახებ, რომელიც მას მიადგა;
გ) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;
დ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ე) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;
ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გ ამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
ზ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;
თ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 58. ინფორმაცია და განმარტება
1. პროკურორმა დაზარალებულს წინასწარ უნდა შეატყობინოს შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:
ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;
ბ) წინასასამართლო სხდომა;
გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;
დ) სასამართლო სხდომა სასჯელის შეფარდების შესახებ;
ე) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
3. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული;
ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი;
დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან;
ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში.
3. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ არის ადრე ამ საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.
5. პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას.
6. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ არ არსებობს დაცვის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
მუხლი 60. სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი;
ბ) იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს;
გ) ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში.
მუხლი 61. სისხლის სამართლის პროცესში თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
თარჯიმანს უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, როცა არსებითად დამოკიდებულია სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მონაწილეზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.
1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება.
2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლოში.
3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან.
4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, თარჯიმანი, ექსპერტი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას ზემოაღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.
5. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.
6. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.
მუხლი 63. აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი
1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა.
2. აცილების შუამდგომლობა ამისთვის უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება.
3. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში.
4. გამოძიებისას გამომძიებლის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან.
5. გამოძიებისას პროკურორის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ მის ზემდგომ პროკურორთან.
მუხლი 64. აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი
1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება.
2. მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) საქმის ერთპიროვნულად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, – ეს მოსამართლე;
ბ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის (რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა;
გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, – საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა.
3. გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით.
4. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
1. საქმის განმხილველი სასამართლოს აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
2. თუ აცილებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.
3. თუ აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.
მუხლი 66. აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა, არ გასაჩივრდება.
2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, 1 კვირის ვადაში გასაჩივრდეს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან.
3. სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 67. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლები
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ:
ა) განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;
ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;
გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;
დ) (ამოღებულია – 28.1.2011, №5170)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახეა პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა.
2. პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოიყენოს პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართოს პროცესის მონაწილე, ან პირი, რომელიც შეიძლება გახდეს პროცესის მონაწილე, მასთან დაკავშირებული პირი ან/და მისი ახლო ნათესავი, მათი თანხმობით.
3. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიმართ იყენებს დაცვის კონკრეტულ ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებებია:
ა) მიკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება − საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება;
ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა − ფსევდონიმის მიჭება, გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და სხვა დოკუმენტების გა საიდუმლოება;
გ) უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.);
დ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა;
ე) სხვა სახელმწიფოში გაყვანა (რელოკაცია).
4. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვისა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.
5. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 70. გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება (პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა);
ბ) დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადა.
2. დაცვის სპეციალური ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ.
3. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ არის საჯარო. ეს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ დასაცავ პირს.
4. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადის ამოწურვის შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება, თუ კვლავ არსებობს ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 71. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე 3 დღის ვადაში ეცნობება პროკურორს, რომელმაც გამოიყენა ეს ღონისძიება.
2. დაცვის სპეციალური ღონისძიებისა და მის ფარგლებში გამოყენებული დაცვის კონკრეტული ღონისძიებების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მტკიცებულება
მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
მუხლი 72. დაუშვებელი მტკიცებულება
1. ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
2. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
3. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
4. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ.
5. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო.
6. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება:
ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი;
ბ) განაჩენი ნასამართლობაზე;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება;
დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
1. ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
2. ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა.
3. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4. ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
2. თუ მოწმის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების (ჩვენებების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.
1. ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
2. ირიბი ჩვენება დასაშვებია მხოლოდ ინფორმაციის წყაროს მითითებით.
3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 77. ნივთიერი მტკიცებულება
1. შედარებითი კვლევის ნიმუში შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა.
2. ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
3. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით დათვალიერება დასაშვებია.
4. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
მუხლი 78. დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა
1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე.
2. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისება აქვს.
3. თუ ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვისათვის, ანგარიშგებისათვის და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად.
მუხლი 79. ნივთიერი მტკიცებულების შენახვა
1. ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.
2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. ძვირფასი ლითონები, ქვები (თვლები), ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, თუ მათ ინდივიდუალურ ნიშნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, ინახება საბანკო დაწესებულებაში.
4. ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს ასევე სხვა ადგილას.
მუხლი 80. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე
1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
2. თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის სატრანსპორტო საშუალება – საგანი, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით, წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს თავისი კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის (მფლობელის) ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმის მწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 2 თვისა. თუ ასეთ შემთხვევაში საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის ამ საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. 3 თვის გასვლის შემდეგ პროკურორი ამ საგნის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, რომელიც ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა განიხილავს შუამდგომლობას. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად ან უნდა განხორციელდეს მისი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 81. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას
1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;
ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება;
გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;
დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, – გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს;
ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
2. დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
3. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.
მუხლი 82. მტკიცებულების შეფასება
1. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
2. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
3. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მუხლი 83. შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ
1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.
2. დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს.
3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის გადაცემის თაობაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.
6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.
7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას.
8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
მუხლი 84. დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება
დაცვის მხარის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს მხარის ფინანსურ მდგომარეობას. განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საპროცესო პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც უფლებამოსილია დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.
2. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.
3. თუ სხდომის თავმჯდომარის განკარგულება სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან ადვოკატს, სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე ადვოკატი ახორციელებდა. გაძევებული ბრალმდებლის ან ადვოკატის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება, რომელიც ეგზავნება შესაბამისად საქართველოს მთავარ პროკურატურას ან ადვოკატთა გაერთიანებას.
4. თუ ბრალდებული გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, გადაწყვეტილება გამოცხადდება ბრალდებულის გარეშე. ამის შემდეგ მას გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი, რაც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
5. პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 5000 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.
7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს, პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას, და უგზავნის განკარგულების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ.
8. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირს ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობა, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 60 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ.
9. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე.
10. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ეს აუცილებელია, შეიძლება გადაეცეს პოლიციას.
12. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება გამოიტანება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.
13. სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, უფლებამოსილია დაკავებული პირის წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, გამოიყენოს მის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულება, გარდა დაპატიმრების შესახებ განკარგულებისა, შეიძლება გამოტანილ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე და იგი არ გასაჩივრდება.
15. ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვაში მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას დამრღვევ პირს/მის ადვოკატს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება დაპატიმრების შესახებ. განკარგულების გამომტანი სასამართლო ამ განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს, ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს. დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.
16. დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
17. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი:
ა) 300 ლარის ოდენობით – 50-დან 250 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში;
ბ) 600 ლარის ოდენობით – 250-დან 5000 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საპროცესო ვადები და ხარჯები
მუხლი 86. საპროცესო ვადების გამოთვლის წესი
1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით.
2. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები.
3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.
1. საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე უნდა ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
2. საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი შეიძლება ნებისმიერი საშუალებით ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადა, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ იგი გაცდენილია დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო.
მუხლი 88. ვადის გაცდენის შედეგი
დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჩატარებული საპროცესო ქმედება ბათილია, თუ გაცდენილი ვადა არ იქნება აღდგენილი.
მუხლი 89. გაცდენილი ვადის აღდგენა
1. სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას.
2. გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში. სასამართლო ამ საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, 10 დღეში.
3. ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.
4. სასამართლოს გადაწყვეტილება გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
1. საპროცესო ხარჯებია:
ა) ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯი;
ბ) ექსპერტის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
გ) თარჯიმნის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
დ) მოწმის გამოცხადების ხარჯი;
ე) ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი;
ვ) ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხარჯი;
ზ) დაცვის მხარისათვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯი;
თ) ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ხარჯი;
ი) მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი.
2. ექსპერტს ან თარჯიმანს ანაზღაურება არ ეძლევა, თუ საქმიანობისათვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული აქვს ხელფასი.
მუხლი 91. საპროცესო ხარჯების გადახდევინება
1. ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯს აანაზღაურებს უშუალოდ ბრალდებული, ხოლო თუ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება – სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. მსჯავრდებულს ეკისრება მის ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.
3. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს საპროცესო ხარჯებს თითოეული მათგანი ბრალის ხარისხისა და დანიშნული სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით წილობრივად აანაზღაურებს.
4. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.
5. საკუთარი საპროცესო ხარჯების შესახებ ცნობას გამოძიების სტადიაზე ადგენს პროკურორი და წარუდგენს საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. საქმის არსებითი განხილვისას საკუთარი საპროცესო ხარჯების შეცვლის შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები ასახოს ცნობაში და წარუდგინოს სასამართლოს.
6. პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვის ამ მიზეზით გადადების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება აღნიშნულ პირს.
7. სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
შუამდგომლობა, საჩივარი და მათი განხილვის ზოგადი წესი
მუხლი 93. შუამდგომლობის დაყენების უფლება და წესი
1. მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. წერილობითი შუამდგომლობა უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს ოქმში. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს, მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.
3. შუამდგომლობის გადაწყვეტამდე მის დამყენებელ მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.
4. იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება.
5. გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი დაყენების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღისა, ხოლო სასამართლოში – დაუყოვნებლივ, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად სასამართლო მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
7. სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიციის გამოსახატავად სასამართლო მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
მუხლი 94. შუამდგომლობის გადაწყვეტა
1. თუ შუამდგომლობაში გადმოცემული მოთხოვნის შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ შუამდგომლობა მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისაკენ ან მისთვის ხელის შეშლისაკენ – უარი უნდა ითქვას მის დაკმაყოფილებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორი მას ზეპირად ასაბუთებს.
3. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი ადვოკატი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.
4. შუამდგომლობის განხილვის შედეგად უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას მისი დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.
5. შუამდგომლობის განხილვის შედეგების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მის ავტორს. თუ შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, მას ამ კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.
6. შუამდგომლობის დაყენებისას სასამართლოს წარედგინება სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვის.
მუხლი 95. საჩივრის შეტანის უფლება და წესი
1. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება.
2. სასამართლოს ქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში.
3. საჩივარი წერილობითი უნდა იყოს. ის უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
4. საჩივარი შეაქვთ იმდენ ეგზემპლარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჩივრის განხილვაში მონაწილეთათვის მისი გადაცემა.
5. საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
6. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივრის შეტანა შეიძლება 10 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა იმ ქმედების ან გადაწყვეტილების თაობაზე, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
7. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მასალები, მათ შორის, იმ ახალი გარემოებებისა, რომლებიც არ იყო ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას.
8. საჩივრის გადაწყვეტამდე მის შემტან მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.
მუხლი 96. გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით
ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში საჩივრის შეტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, თუ ამას მხარის შუამდგომლობით საჭიროდ მიიჩნევს საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი.
მუხლი 97. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი
1. საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება.
2. საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივარი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის ან პირისათვის საჩივრის გადაცემიდან 3 დღეში.
მუხლი 98. გადაწყვეტილება საჩივარზე
1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ;
ბ) საჩივრის უარყოფის შესახებ.
2. სისხლის სამართლის საქმეს უნდა დაერთოს საჩივარი და მიღებული გადაწყვეტილება.
მუხლი 99. საჩივარზე გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება
საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მომჩივანს. თუ მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მას ამ კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.
გამოძიება
გამოძიების საფუძვლები
მუხლი 100. გამოძიების დაწყების მოვალეობა
1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
მუხლი 101. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ
1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.
2. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული.
3. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი უფლებამოსილია ანონიმური ცნობის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური ცნობის საფუძველზე.
4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 102. საქმის ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნა
თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.
გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.
მუხლი 104. გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა
1. პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
2. მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან/და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 20
12
წლის
22 მაისის
კანონი №
6253
–
ვებგვერდი, 29.05.2012წ.
მუხლი 105. გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისან შეწყვეტის საფუძვლები
1. გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს:
ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;
გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;
დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;
ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
ზ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ან/და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;
თ) თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
ი) თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
კ) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);
ლ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებული შემთხვევები);
მ) თუ ვითარება შეიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ:
ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
ბ) პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით;
გ) ბრალდებული გარდაიცვალა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.
3. სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა აგრეთვე არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომლის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი საჯაროა.
4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი.
6. თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 106. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი დადგენილებით. ეს დადგენილება სასამართლოში არ საჩივრდება. იგი დაზარალებულმა შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით.
მუხლი 107. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება
1. განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა.
2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
მუხლი 108. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება
1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება ან სასამართლომ გააუქმა განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
მუხლი 109. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება
სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება გამოძიების სტადიაზე ხდება პროკურორის დადგენილებით, ხოლო სასამართლოში – მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
მუხლი 110. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა
1. გამოძიების სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოყოს სისხლის სამართლის საქმე.
2. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
საგამოძიებო მოქმედებები
მუხლი 111. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი
1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მხარეები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. პროკურორს უფლება აქვს, დაესწროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩაატარონ პროკურორის მონაწილეობის გარეშე, თუ ის ამას მოითხოვს. პროკურორი უფლებამოსილია დაცვის მხარის თანხმობით დაესწროს დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას.
2. დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე.
3. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი მონაწილეებს განუმარტავს უფლება-მოვალეობებს და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეთა უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველია გამომძიებლის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება, გამომძიებელი მას აცნობს იმ პირს, რომლისთვისაც დადგენილების (განჩინების) შესრულება სავალდებულოა, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
5. საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადაში.
6. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.
7. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება.
8. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ამ პირის თანხმობით. თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან იგი ფსიქიკურად დაავადებულია, აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა ან სასამართლოს განჩინება.
9. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი პირი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 112. სასამართლოს განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება
1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.
2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).
3. ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, და ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მისი ვინაობა ცნობილია); ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს; ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში.
4. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების და ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც ეგზავნება დასაყადაღებელი გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი (თუ ის ცნობილია); დაყადაღებული გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს გზავნილი; გამომძიებლის უფლება, დაათვალიეროს და ამოიღოს გზავნილი.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, გამომძიებლის დადგენილებით, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს მხარეთა (თუ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
6. მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.
7. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, თავის წინააღმდეგ არ გასცეს ინფორმაცია და აღნიშნული უფლებების შესახებ განმარტება მიიღოს გამოკითხვის დაწყებამდე.
3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
მუხლი 114. გამოძიების დროს დაკითხვის წესი
1. გამოძიების სტადიაზე მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაკითხულ იქნეს პირი, თუ:
ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს;
ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას;
გ) საქმის სასამართლოში არსებითად განსახილველად წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება საჭიროებს არაგონივრულ ძალისხმევას;
დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა და მასზე უარის თქმა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკითხ პირს იძახებენ სასამართლო უწყებით. დაკითხვა მიმდინარეობს მხარეთა მონაწილეობით. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას.
4. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობითა და მოსამართლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაკითხვა წარმოებულ იქნეს მეორე მხარის წინასწარ ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.
5. მოწმე უნდა დაიკითხოს შუამდგომლობის დაყენებიდან გონივრულ ვადაში. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ იკითხება.
6. გამოძიების სტადიაზე დასაკითხი პირის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაკითხულ იქნეს პირი, თუ:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ანდა ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
ბ) დასაკითხი პირი გამოძახებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გამოიყენება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 115. დაკითხვის ზოგადი წესი
1. დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ მოწმეს განუმარტავს უფლება-მოვალეობებს, რა საქმეზეა გამოძახებული, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით, და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.
2. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით. პასუხის გაცემისას მისი შეწყვეტინება დაუშვებელია, მაგრამ თუ დასაკითხი პირი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას შეკითხვები ამ კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად. პირდაპირი დაკითხვის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია აწარმოოს მოწმის ჯვარედინი დაკითხვა ამ კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.
4. ნასამართლობის შესახებ შეკითხვა მოწმეს შეიძლება დაესვას, თუ ის საჭიროა მოწმის სანდოობის დადგენისათვის.
5. თუ მოწმეს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენება ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.
6. დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
7. მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს.
8. დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ მოწმეს წარუდგინონ საქმეზე დართული საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
მუხლი 116. არასრულწლოვნის დაკითხვა
1. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
2. არასრულწლოვნის დაკითხვა ტარდება კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის დასწრებით.
3. 14 წლამდე პირის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და დასწრებით; მას უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს დასმული შეკითხვა. 14 წლამდე მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე.
მუხლი 117. ყრუ-მუნჯის და მძიმედ დაავადებულის დაკითხვა
1. ყრუ-მუნჯის დაკითხვა ტარდება შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით. თუ დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ ის მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებზე პასუხები წერილობით გასცეს.
2. მძიმედ დაავადებულის დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და საჭიროების შემთხვევაში მისი დასწრებით.
მუხლი 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს
1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ.
3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც იმ მომენტში ვერ წარდგება სასამართლოს წინაშე ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამო. ასეთ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება მისი წინასასამართლო ჩვენება. ეს ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
მუხლი 119. ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი და საფუძველი
1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილისა და გვამის აღმოსაჩენად.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის.
4. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა.
მუხლი 120. ამოღებისა და ჩხრეკის წესი
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილების საფუძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში.
2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.
3. გამომძიებელს უფლება აქვს, ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირებს ამოღების ან ჩხრეკის დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა, რაც აღინიშნება ოქმში.
4. განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილების წარდგენის შემდეგ გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, სთავაზობს ამოსაღები საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემას. ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში, ხოლო მის ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მისი არასრულად გადაცემის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით.
5. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
6. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში.
7. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს უფლება აქვს, გააღოს დაკეტილი საცავი, სადგომი და სათავსი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს, ნებაყოფლობით გააღოს ისინი.
8. დასაშვებია ჩხრეკის ან/და ამოღების ადგილზე მყოფი პირის პირადი ჩხრეკა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დამალა ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ასეთი შემთხვევა ითვლება გადაუდებელ აუცილებლობად და პირადი ჩხრეკა ტარდება სასამართლოს განჩინების და გამომძიებლის დადგენილების გარეშე. ჩხრეკის ან/და ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
9. იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ამოღება ან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. პროკურორს, გამომძიებელს, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვთ, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული წესით პირადი ჩხრეკით ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების და გამომძიებლის დადგენილების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
3. დამკავებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია განაიარაღოს დაკავებული.
4. თუ პირად ჩხრეკას თან სდევს გაშიშვლება, იგი უნდა ჩაატაროს იმავე სქესის პირმა. ამ დროს დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 122. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან
1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით.
2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. დაუშვებელია მასმედიის, გამომცემლობის რედაქციაში, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის სათავსში არსებული იმ საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო ობიექტის ჩხრეკა, ამოღება ან/და დაყადაღება, რომლის მიმართაც არსებობს საჯაროდ გავრცელების გონივრული მოლოდინი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დანაშაულის საგანი ან იარაღია.
3. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება ჩხრეკის, ამოღების ან/და დაყადაღების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, აზრის, სინდისის თავისუფლების, აღმსარებლობის, რწმენის ან გაერთიანების უფლების ხელყოფას. ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს ეფექტიანი და ამ უფლებათა და თავისუფლებათა ყველაზე მინიმალურად შემზღუდველი ფორმით.
მუხლი 124. ამოღებული ობიექტის დაბრუნება
1. თუ ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი მხარემ სასამართლოში მტკიცებულებად არ წარადგინა, იგი, როგორც წესი, უბრუნდება იმ პირს, რომლისგანაც იქნა ამოღებული.
2. თუ ამ მუხლის შესაბამისად დაბრუნებულ საგანთან, დოკუმენტთან, ნივთიერებასთან ან ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირი პრეტენზიას აცხადებს, დავა განიხილება სამოქალაქო წესით.
მუხლი 1241 . საბანკო ანგარიშების მონიტორინგი
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის/ანგარიშების გამოყენებით, ან/და ჩამორთმევი სადმი დაქვემდებარებული ქონების მოძიების/იდენტიფიცირების მიზნით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, რომლითაც ბანკი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიმდინარე რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ორგანოს უნდა ეცნობოს ოპერაციის შესრულებისთანავე.
3. საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ან/და გატანის შემთხვევაში ინფორმაცია საქმის მწარმოებელ ორგანოს უნდა ეცნობოს ოპერაციის შესრულებამდე.
4. საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.
მუხლი 126. დათვალიერების ზოგადი წესი
1. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.
2. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დასათვალიერებლად საჭიროა დიდი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილზე.
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ან მასზე არსებული კვალის განადგურებას ან დაზიანებას.
მუხლი 127. შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.
11 . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა.
2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს განჩინება. განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა ჩატარდეს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5743 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.
მუხლი 128. გვამის დათვალიერება
1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით.
2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება სავალდებულოა.
3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
მუხლი 129. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი
მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
მუხლი 130. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების წესი
1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ ექსპერტი. საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.
2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) უნდა შემოწმდეს. მხარეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.
3. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) ან ვერსიას. იმ პირს, რომლის მიერ მიცემული ინფორმაციაც (ჩვენებაც) მოწმდება, სთავაზობენ, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყო. საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის.
4. საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება.
6. რამდენიმე პირის ინფორმაციის (ჩვენების) ერთდროულად ადგილზე შემოწმება დაუშვებელია.
7. პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) ადგილზე მოწმდება, განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების გარეშე.
8. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების გამეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის, კვალის თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დათვალიერებაში და მხარისა და სხვა მონაწილეთა ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
მუხლი 131. პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა
1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით.
2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა გამოიკითხოს ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას შეხება ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.
3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
4. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი.
5. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.
7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.
8. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 132. ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი
1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შეიძლება ჩატარდეს ექსჰუმაცია (გვამის საფლავიდან ამოღება).
2. შუამდგომლობით მხარე მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს მას დაყენებიდან 48 საათში. სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება.
3. ექსჰუმაციის შესახებ განჩინება სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის (თუ ასეთი არსებობს), გარდაცვლილის ნათესავებისათვის და სხვა პირებისათვის.
1. ექსჰუმაციას მხარე ატარებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის (თუ ასეთი არსებობს) წარმომადგენლის მონაწილეობით. ექსჰუმაციაში მონაწილეობს ექსპერტი. ამ საგამოძიებო მოქმედებაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. გარდაცვლილის ნათესავებს უფლება აქვთ, დაესწრონ ექსჰუმაციას.
მუხლი 134. ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესახებ
1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე.
2. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით ან შედგეს ტექნიკური საშუალებით.
3. საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები; იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს მხარის მოქმედებების თანამიმდევრობა, საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ხმის ან/და გამოსახულების ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ჩაწერა, დამზადდა კვალის ანაბეჭდი ან ტვიფარი, შედგა ნახაზი ან სქემა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, მათი გამოყენების პირობები და მიღებული შედეგები. ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს წინასწარ უნდა ეცნობოს და ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. ამ ნაწილში მითითებული ინფორმაციის შემცველი მასალა უნდა დაილუქოს, დადასტურდეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერებით და დაერთოს საქმეს.
5. შედგენის შემდეგ საგამოძიებო მოქმედების ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, გამოთქვან შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერით. ოქმის ასლი გადაეცემა საგამოძიებო მოქმედების მონაწილე მხარეებს.
6. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამ ფაქტის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს.
მუხლი 135. ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის თავისებურებანი
1. გამოკითხვის ოქმში უნდა აისახოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიცემული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი.
2. ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.
3. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების, დათვალიერების და ამოღების, შეჩერებული გზავნილის დათვალიერების ოქმში აღინიშნება, კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული რომელი გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით უნდა შეჩერდეს და რა ვადით, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად.
4. დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში.
5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უნდა აღინიშნოს: რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი; კონკრეტულად რით გამოიხატა შემთხვევის ვითარების აღდგენა; რა შინაარსისაა ადგილზე მიღებული ინფორმაცია (ჩვენება); რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი იქნა აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული; რა დააზუსტა პირმა თავის ინფორმაციაში (ჩვენებაში); რა საცდელი მოქმედებები, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ, რამდენჯერ ჩატარდა და რა შედეგი იქნა მიღებული.
6. ამოსაცნობად წარდგენის ოქმში აისახება ამომცნობის, აგრეთვე ამოსაცნობად წარდგენილი პირის ვინაობა (მათ შორის, მისი მისამართი), ამოსაცნობად წარდგენილი სხვა ობიექტის ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებები.
7. ექსჰუმაციის დროს დათვალიერების ან ამოცნობის ჩატარებისას ცალკე ოქმი არ დგება და ამ საგამოძიებო მოქმედების შინაარსი აღინიშნება ექსჰუმაციის ოქმში.
კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 136. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების მომხმარებლებთან, განსხვავდება ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემებისაგან და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს:
ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და მომსახურების დრო;
ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე;
გ) დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შუამდგომლობებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 137. ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვება
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში ინტერნეტტრაფიკის იმ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მომწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობებს ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერისათვის. ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 138. შინაარსობრივი მონაცემების მოპოვება
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში შინაარსობრივ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მომწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობებს შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერისათვის. შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სხვა საპროცესო მოქმედებები
მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი
1. თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა.
2. ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით.
3. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 48 საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.
31 . ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტმა ვერ ან არ უზრუნველყო საექსპერტო კვლევის ობიექტის დაცვა, ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია.
4. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.
5. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში და დაცვის მხარის მიმართვაში აღინიშნება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.
6. დაცვის მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით მოითხოვოს მისი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების სახელმწიფოს ხარჯზე ანაზღაურება.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
მუხლი 145. საექსპერტო კვლევის ობიექტი
1. საექსპერტო კვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.
2. საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისათვის.
3. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუხარჯავი ნაწილი შეფუთული და დალუქული სახით უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს, ხოლო თუ ექსპერტიზა ტარდება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საექსპერტო კვლევის ობიექტი უბრუნდება მხარეს, რომელთანაც ის ინახებოდა ექსპერტიზის დანიშვნამდე.
1. საჭირო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ექსპერტი იძლევა დასკვნას. წერილობით დასკვნას იგი ადასტურებს ხელმოწერით.
2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.
3. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას.
4. ექსპერტის დასკვნის მიღებისთანავე ექსპერტიზის ინიციატორმა მხარემ ის დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მეორე მხარეს ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.
1. ნიმუშის აღება ტარდება მხარის მიერ. მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში. თუ ნიმუშის ნებაყოფლობით აღება შეუძლებელია, ის ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
2. თუ ნიმუშის აღებისათვის აუცილებელია ქირურგიული ან სამედიცინო საშუალებების გამოყენება, ნიმუშს იღებს ექსპერტი.
3. ნიმუშის აღება, რომელიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული, აგრეთვე მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან თუ ის ფსიქიკურად დაავადებულია, ან სასამართლოს განჩინებით.
მუხლი 148. ნიმუშის აღების საფუძველი
ნიმუშის აღებისათვის სასამართლოს განჩინება გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 149. გამოცხადების სავალდებულოობა, მიყვანა
1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე თავისი მოწმის გამოძახების შესახებ.
2. პირი, რომელსაც კანონით დადგენილ შემთხვევებში იძახებს სასამართლო, ვალდებულია გამოცხადდეს ზუსტად დანიშნულ დროს და ადგილას. გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მიიყვანონ.
3. მიყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში მოწმის მონაწილეობა, თუ იგი უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე.
4. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა ან თუ აუცილებლად იქნა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა დასწრება. იძულებით მიყვანა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიყვანა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განჩინებით.
5. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი; მისი მიყვანის საფუძველი; როდის და სად უნდა მიიყვანონ პირი; ვის ევალება მისი მიყვანა.
მუხლი 150. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
1. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
2. როდესაც მისაყვან პირს აღმოაჩენენ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას ხელწერილით აცნობს გადაწყვეტილებას მიყვანის შესახებ და მიჰყავს გადაწყვეტილებაში მითითებულ ორგანოში (პირთან). ამასთანავე, გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მიყვანის დროის, აგრეთვე მიყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ.
3. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს გონივრულ ვადაში.
4. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაადგენს, რომ პირის მიყვანა შეუძლებელია, იგი მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაზე წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და გადაწყვეტილებას აღსრულების გარეშე უბრუნებს მიყვანის ინიციატორს.
მუხლი 151. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი
1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.
3. სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
4. ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 152. ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილებათა შეზღუდვა
ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას.
მუხლი 153. ქონება, რომელსაც არ შეიძლება ყადაღა დაედოს
არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს.
[მუხლი 153. ქონება, რომელსაც არ შეიძლება ყადაღა დაედოს
არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს, აგრეთვე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოს (ფინანსური გირაოს საგანს) და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშებს.
(ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან
)]
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 154. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი
1. მხარე ადგენს და გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციას.
2. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 48 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
მუხლი 155. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ
1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს უფლება აქვს, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ყადაღის დადების თაობაზე უნდა შეატყობინოს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა ყადაღის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორის და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება.
მუხლი 156. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება
სასამართლოს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი გაცემიდან ან აღსრულებიდან.
მუხლი 157. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი
1. მხარე სასამართლოს განჩინებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. ყადაღის დადებისას განისაზღვრება, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.
3. ქონებაზე ყადაღის დადებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ექსპერტმა, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.
4. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.
5. ფულად ანაბარზე ყადაღის დადებისას წყდება საანაბრო ოპერაციები. თუ საკუთრება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით არის შეძენილი ან გაზრდილი, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას (მათ შორის, იურიდიული პირისა და მისი შვილობილი კომპანიების ქონებას), მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.
[5. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები, ხოლო გარკვეული ოდენობის თანხაზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. თუ საკუთრება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით არის შეძენილი ან გაზრდილი, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას (მათ შორის, იურიდიული პირისა და მისი შვილობილი კომპანიების ქონებას), მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან )]
6. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დგება ოქმი.
7. ყადაღადადებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 158. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების ვადა
ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე.
მუხლი 159. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი
ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.
მუხლი 160. სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირის ვინაობა, მისი თანამდებობა (სამუშაო ადგილი), თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.
3. სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 161. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა
1. მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიტანოს განჩინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ.
2. სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
1. საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს საქართველოს მთავარ პროკურორს.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი , ბრალდებულია (მსჯავრდებულია) ამ კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის/ დოკუმენტის გამოყენებით იგი შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, აღასრულოს განჩინება; პასპორტის/დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; პასპორტის/დოკუმენტის ნომერი, პასპორტის/დოკუმენტის გამცემი ორგანო და პასპორტის/დოკუმენტის გაცემის თარიღი.
3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლისათვის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეჩერდება განაჩენის აღსრულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.
2. პროკურორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს გამოიტანოს დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.
3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ დადგენილება პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
4. პირს, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლება აქვს, აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღნიშნული პასპორტის/დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 -
ვებგვერდი,
19
.0
6
.201
2
წ.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, საპროცესო შეთანხმება
სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
მუხლი 166. სისხლისსამართლებრივი დევნა
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
მუხლი 167. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყება და შეჩერება
1. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).
2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს:
ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;
ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.
4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.
5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარი სასამართლოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.
1. პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს:
ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება;
ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა;
გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი;
ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40 საათიდან 400 საათამდე.
2. განრიდება არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 , 1432 , 1433 , 144-ე, 1441 , 1442 და 1443 მუხლებით, აგრეთვე სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრულ დანაშაულთა საქმეებზე.
3. თუ პირი (განრიდების სუბიექტი) არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
მუხლი 1682 . განრიდების გამოყენების წესი
1. პირისათვის (განრიდების სუბიექტისათვის) განრიდების შეთავაზება ხორციელდება წერილობითი ფორმით. მასში მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო, ადგილი და საშუალება.
2. პირს (განრიდების სუბიექტს) წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების შესრულება ნებაყოფლობითია და ის სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.
3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. განრიდება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს წინასასამართლო სხდომის შემდეგ, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.
5. განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
6. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ხელმძღვანელობს ამ კოდექსითა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
მუხლი 169. პირის ბრალდებულად ცნობა
1. პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.
2. ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი;
ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას პირის ბრალდების თაობაზე.
5. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალდების შესახებ დადგენილებას გააცნობს ბრალდებულსა და მის ადვოკატს (თუ ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი იცავს), რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტს. დადგენილების ასლი ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გადაეცემა ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს. თუ ბრალდებული ან მისი ადვოკატი უარს ამბობს დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, დადგენილებაზე აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
6. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს, ბრალდებულს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით ადასტურებს ბრალდების გაცნობის ფაქტს.
7. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.
8. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება.
9. პირს უფლება აქვს, ბრალდების შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე საჩივარი ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი შესვლიდან 3 დღე-ღამის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილება არის ამ პირის მიმართ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რომელიც მოპოვებულ იქნა გამოძიების დროს, მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით გასაჩივრდეს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა.
2. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.
მუხლი 171. დაკავების საფუძველი
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.
2. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ:
ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;
გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო;
ე) პირი შესაძლოა მიიმალოს;
ვ) პირი ძებნილია.
3. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა.
მუხლი 172. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება
დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.
მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას
არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
1. თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.
2. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან/და აპირებს თავიდან მოიშოროს, დააზიანოს ან გაანადგუროს მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე საგანი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, დამკავებელ მოხელეს უფლება აქვს, ჩაატაროს პირადი ჩხრეკა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
4. დაკავების ადგილას მიყვანისთანავე დაკავებული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.
5. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
6. დაკავების ვადა ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
1. დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე.
2. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, ამ კოდექსში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ბრალდებული, მისი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე.
3. დაკავების ოქმს ხელს აწერენ: თანამდებობის პირი, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი ადვოკატი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ოქმს ხელს აწერს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. დაკავებულს გადაეცემა დაკავების ოქმის ასლი. თუ დაკავებისას ჩატარდა პირის პირადი ჩხრეკა, ამ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება.
4. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და არ გადაეცა დაკავების ოქმი ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
მუხლი 176. დაკავებულის გათავისუფლების საფუძველი და წესი
1. დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ:
ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;
ბ) არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ;
გ) გავიდა დაკავების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
დ) არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა დაკავებაზე;
ე) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი;
ვ) სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად დაკავება აღარ არის აუცილებელი.
2. დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით.
3. დაკავებული თავისუფლდება დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ გავიდა დაკავების ვადა.
4. გათავისუფლებისას დაკავებულს გადაეცემა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ასლი.
5. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
6. პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია ბრალდებულის დროებით გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
1. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი აგრეთვე შეატყობინოს სამუშაო ან სწავლის ადგილას.
2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა შეატყობინონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, ან მის კმაყოფაზეა სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, პროკურორი და სასამართლო ვალდებული არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება, – განახორციელონ მისი დაცვის ღონისძიება.
2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის თაობაზედაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ან/და კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
მუხლი 179. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ
1. თუ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს, რომელშიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს პირის ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებების დროს. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ტარდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ ტარდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული ადვოკატის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.
3. არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით ინიშნება სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი, სხვა ბიომეტრული მონაცემები და უნდა განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.
4. გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).
5. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ვალდებული არიან ამ გარემოებას 48 საათის განმავლობაში შეუსაბამონ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.
6. არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ განაჩენის დადგენამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გატარებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის.
7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოებები იწვევს შებრუნებას საუარესოდ.
საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
მუხლი 180. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინება დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებისაგან (განჩინებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება.
მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა
1. ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება სასამართლოს განჩინებით გაგრძელდეს კიდევ 10 დღით. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.
3. თუ პირი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენჯერმე იყო მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლით დადგენილ ვადას.
4. ბრალდებული ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
5. ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა.
სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი
მუხლი 182. სასამართლო სხდომის საჯაროობა
1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ.
2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს.
3. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ:
ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;
ბ) არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით;
გ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას;
დ) სქესობრივი დანაშაულის ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით;
ე) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი.
4. მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა.
5. თუ დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ისეთი გარემოების საჯაროდ განხილვას, რომელიც საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს, და სხდომის დახურვის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, ეს საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილება.
6. მოსამართლე ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი.
7. სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი.
8. სასამართლო სხდომაზე 14 წლამდე პირი არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის პროცესის მონაწილეა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია 14 წლამდე პირს დართოს ნება, დაესწროს სასამართლო სხდომას.
9. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
10. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომაზე პირი, რომელიც შეუფერებელ ფორმაში ან მდგომარეობაში გამოცხადდა.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №63 28 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 183. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა
სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 184. სათადარიგო მოსამართლე
სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება.
მუხლი 185. სასამართლო განხილვის ადგილი და უწყვეტობა
1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სასამართლო სხდომის დარბაზში. შემთხვევის ან სხვა ადგილის, ნაგებობის, ტრანსპორტის ან სხვა ისეთი ობიექტის დათვალიერების მიზნით, რომლის სასამართლო სხდომის დარბაზში მიტანაც შეუძლებელია, აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ.
2. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა. სასამართლოში საქმის განხილვის გადადება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მოწმის ან თარჯიმნის გამოუცხადებლობის, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქმის განხილვის გადადების პერიოდში სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს სხვა სისხლის სამართლის საქმე (შუამდგომლობა, საჩივარი).
3. 18 საათის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გადადოს საქმის განხილვა.
4. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს წინასწარ მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
5. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ერთობლივად, წინასწარ მიმართონ სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გა საჩივრდება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
მუხლი 186. სასამართლო სხდომის განაწესი
1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შესვლისა და დარბაზიდან მისი გასვლის წინ სასამართლო სხდომის მდივანი შესაბამისად აცხადებს: „აბრძანდით, სასამართლო მობრძანდება!“, „აბრძანდით, სასამართლო მიბრძანდება!“. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.
2. სასამართლო განხილვის მონაწილე სასამართლოს თავაზიანად და პატივისცემით მიმართავს, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. სასამართლოში ქცევის წესებიდან გამონაკლისი დასაშვებია სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
მუხლი 187. სასამართლო სხდომის დაწყება
სასამართლო სხდომა იწყება მოსამართლის (საქმის კოლეგიური წესით განხილვის შემთხვევაში – მომხსენებელი მოსამართლის) მოხსენებით საქმის განხილვის დაწყების შესახებ.
მუხლი 188. მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე
1. მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე.
2. მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.
[3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. (ამოქმედდეს 2012 წლის 3 ივლისიდან )]
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
მუხლი 189. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა
1. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ბადრაგირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბადრაგირების განუხორციელებლობის მიზეზი.
1. თუ ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო ბრალდებულის დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფოს ხარჯზე, ამ კოდექსით დადგენილი წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. სასამართლო უფლებამოსილია მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღით, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია ადვოკატის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება იურიდიული დახმარების შესაბამისი სამსახურის ადვოკატის მონაწილეობით.
2. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი ბრალდებულის მიმართ და სასამართლო სხდომაზე რომელიმე მათგანის ადვოკატი არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვა ბრალდებულთა მიმართ, თუ ეს არ შელახავს ბრალდებულის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს მტკიცებულებათა გამოკვლევის სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთანავე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატისთვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობა.
3. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამას აცნობებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს.
2. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას მის მიმართ. მოსამართლე უფლებამოსილია ამ პირის მიმართ გამოიყენოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
4. თუ დადგინდა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 192. სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოტანის წესი
1. სასამართლო განხილვის დროს, განაჩენის გარდა, ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
2. სასამართლოს განჩინება გამოაქვს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. განჩინება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
3. სასამართლო უფლებამოსილია განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში.
4. სასამართლოს განჩინება ცხადდება საჯაროდ.
მუხლი 193. სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა კოლეგიური განხილვის დროს
1. სასამართლოს თათბირი საიდუმლოა. სათათბირო ოთახში აკრძალულია კომუნიკაციის ყოველგვარი ტექნიკური საშუალებით სარგებლობა.
2. სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს ადგილზე თათბირით.
3. სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლე.
4. სხდომის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სასამართლოს თათბირს და აყალიბებს საკითხებს, რომლებზედაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.
5. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად.
6. მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.
7. თუ სასამართლოს თათბირის დროს საკითხზე განსხვავებული აზრი წარმოიშობა, პირველად კენჭი ეყრება ბრალდებულის სასარგებლო პოზიციას.
8. თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი ვალდებულია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილებას.
მუხლი 194. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება
1. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზეპირად ცხადდება. ზეპირი გადაწყვეტილება ფიქსირდება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი დაერთვის ოქმს, რის შესახებაც ოქმში აღნიშვნა კეთდება.
2. სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 195. სასამართლო სხდომის ოქმი
1. სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. იგი შეიძლება შედგეს სტენოგრაფიისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.
2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს.
3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის მხარეებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.
4. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო.
5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს.
ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებანი
მუხლი 196. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში
1. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის დაკავებულთა მოთავსების ადგილიდან სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის ან სტიქიური უბედურების გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლეს შეუძლია სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ადგილას.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
მუხლი 197. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, უფლებათა განმარტება
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით:
ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას;
ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას;
დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას;
ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას;
ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად.
მუხლი 198. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი
1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.
4. სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
5. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.
მუხლი 199. აღკვეთის ღონისძიების სახეები
1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.
2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს: პირის ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობისა თუ პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; აკრძალვა გარკვეულ პირებთან შეხვედრისა სპეციალური ნებართვის გარეშე; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.
1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. პროკურორი სასამართლოში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის დროს მიუთითებს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხის ნაცვლად შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 1 000 ლარზე ნაკლები.
3. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.
4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით.
5. თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
6. სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს სასამართლო ან პროკურორი.
7. თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
8. ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
9. თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
10. გირაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
11. თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია გირაოს თანხის შემცირების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის ან განსჯადობის მიხედვით. მითითებული შუამდგომლობის წარდგენისას და განხილვისას გამოიყენება ამ ნაწილით და ამ კოდექსით დადგენილი წესები. გამოძიების ეტაპზე შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი წარდგენიდან 24 საათში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3972 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.436
მუხლი 201. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა
1. მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში არასრულწლოვნის გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებისა და სათანადო ქცევის წერილობითი ვალდებულება.
2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა პირის მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბრალდებულისა და ამ პირის თანხმობით.
3. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს ან სხვა პირს უფლება აქვს, ნებისმიერ მომენტში თქვას უარი არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე, თუ ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის სათანადო ქცევას.
4. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ არასრულწლოვნის ბრალდების არსი, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მას დაეკისრება, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში.
5. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია პირი, რომელიც მეთვალყურეობდა არასრულწლოვანს, მხარის შუამდგომლობით დააჯარიმოს ამ კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
მუხლი 202. შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ
შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით.
1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას.
2. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.
3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდების შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.
4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეულ თავდებს ჩამოერთმევა ხელწერილი თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, სასამართლოს შეუძლია თითოეულ თავდებს მხარის შუამდგომლობით დააკისროს ჯარიმა ამ კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
მუხლი 204. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა
1. ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.
2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად.
3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ უნდა გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ უნდა გათავისუფლდეს ნაწილიდან და უნდა იმყოფებოდეს სამხედრო მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.
4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.
5. სასამართლოს განჩინება ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობისათვის.
6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს პროკურორს ან სასამართლოს.
7. სამხედრო მეთაური (უფროსი), რომელიც მეთვალყურეობს ბრალდებულს, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში პროკურორის შუამდგომლობით უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
1. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:
ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;
გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
2. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.
3. ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პროკურორს უფლება აქვს, საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას მისცეს ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის მითითება.
„5. მსჯავრდებული შეიძლება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეში.
6. თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისგან და ბადრაგირების განხორციელება გართულებულია, სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია ბრალდებული საქმის განხილვისას დროებით მოთავსდეს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის უახლოეს დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 206. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება ხდება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განსჯადობით. აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა შესაძლებელია ასევე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვისას, ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი სასამართლოს მიმართავს დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.
3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, მხარეთა მონაწილეობით. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს და არკვევს, არის თუ არა აცილებები. შუამდგომლობის ავტორი ასაბუთებს მას. შემდეგ სიტყვა ეძლევა მეორე მხარეს, რის შემდეგაც მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
4. მხარე უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.
5. შუამდგომლობაში უნდა აისახოს ბრალდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ბრალდების არსი, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია თუ მტკიცებულება, რომელსაც ემყარება ბრალდება, და მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება. შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, ზუსტად უნდა მიეთითოს: რა არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; გან ჩინების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).
7. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას.
8. მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით შეიძლება მიმართოს მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც არ იყო ცნობილი აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, და უნდა დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მასალები) ამ ახალ გარემოებათა შესახებ.
9. სასამართლო ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობა ამ ნაწილის მოთხოვნებს, ამასთანავე, განიხილა თუ არა სასამართლომ არსებითად იგივე საკითხები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას ან გამოიკვლია თუ არა მან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.
10. დაპატიმრების შერჩევის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს შეიძლება წარედგინოს ბრალდებულის მიმალვის შემთხვევაშიც, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების დროს ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღით, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ.
11. სასამართლო აცხადებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.
12. (ამოღებულია – 21.06.2011, №4868)).
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა ან ბრალდებულმა. ადვოკატს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. ბრალდებულს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, თუ ბრალდებული ითხოვს საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვას. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
2. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა ასევე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა დაერთოს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.
3. საჩივრის განხილვის დღე და დრო გონივრულ ვადაში ეცნობება მხარეებს.
4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით, მისი შეტანიდან არა უგვიანეს 72 საათისა. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, ამასთანავე, განიხილა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად იგივე საკითხები ან გამოიკვლია თუ არა მან არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება.
5. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება განჩინებას აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, ასევე ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული წესით წარდგენილი შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებას.
6. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი განჩინების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და განჩინების აღმასრულებელ ორგანოს.
7. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
8. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 208. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ
1. თუ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება არ არის დადებული, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მაგისტრატი მოსამართლე განსაზღვრავს წინასასამართლო სხდომის თარიღს.
2. წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრისას მაგისტრატი მოსამართლე ითვალისწინებს მხარეთა პოზიციას, საქმის სირთულესა და მოცულობას. მოსამართლემ მხარეებს საკმარისი დრო და საშუალება უნდა მისცეს დაცვისა და ბრალდების მოსამზადებლად.
3. წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარე უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს სასამართლოს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საპროცესო შეთანხმება
მუხლი 209. საპროცესო შეთანხმების არსი
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე.
2. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (მსჯავრდებულს), ისე პროკურორს. საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული საპროცესო შეთანხმების დადება.
3. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.
4. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
5. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.
7. ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული გამოძიებას აწვდის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
მუხლი 210. საპროცესო შეთანხმების დადება
1. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
2. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.
3. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა და ბრალეულობის ხარისხი.
4. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.
5. დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული;
ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა;
ვ) მითითება ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.
2. ბრალდებულის წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით განაცხადა ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3. თუ პროკურორი და ბრალდებულის ადვოკატი შეთანხმდებიან თანამშრომლობაზე, პროკურორი ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება შეთანხმების შინაარსი. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებულის ადვოკატი და ბრალდებული.
4. თუ საპროცესო შეთანხმება ითვალისწინებს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, მასში მიეთითება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მთლიანი ვადა.
5. (ამოღებულია – 11.03.2011, №4430).
6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, გარდა ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430- ვებგვერდი,22.03.2011წ.
1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში.
2. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
3. სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ:
ა) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი;
ბ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
გ) ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
დ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;
ე) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:
ე.ა) დაცვის უფლება;
ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ;
ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისა;
ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;
ზ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში;
ი) ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე ბრალდებულისგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
5. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
1. სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.
2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საკითხს იხილავს შესაბამისი სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის მიხედვით.
3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, ასევე რამდენად ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება.
4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, მას გამოაქვს განაჩენი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის პროკურორის მიერ წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
5. თუ წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე იხილება შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს. სასამართლო პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს.
6. სასამართლო უფლებამოსილია საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.
7. ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
8. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს საპროცესო შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი არ საჩივრდება, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) საპროცესო შეთანხმება მოტყუებით დაიდო;
ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;
გ) საპროცესო შეთანხმება იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით დაიდო;
დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
4. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.
განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის ადვოკატს და პროკურორს გადაეცემათ განაჩენის ასლები.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
მუხლი 217. საპროცესო შეთანხმების დადების შეტყობინება დაზარალებულისთვის
1. საპროცესო შეთანხმების დადებამდე პროკურორი ვალდებულია გაიაროს კონსულტაცია დაზარალებულთან და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება.
2. დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.
3. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/ მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველია ბრალდებულსა/მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ.
3. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი; მსჯავრდებულის შემთხვევაში დამატებით მხედველობაში მიიღება სასჯელის მოუხდელი ვადა. შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ცალსახად განპირობებულია ზემოაღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.
4. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან, შეთანხმება, მისი პირობების შესაბამისად, ბათილად ჩაითვლება.
5. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი და საქართველოს მთავარი პროკურორი.
6. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრალდებული ითვლება ნასამართლევად.
7. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების, სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.
8. მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 , 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.
9. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობას განიხილავს განაჩენის გამომტანი პირველი ინსტანციის სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ეს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4789 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
წინასასამართლო სხდომა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
წინასასამართლო სხდომა
მუხლი 219. წინასასამართლო სხდომა
1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას.
2. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, და საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, ამბობენ თუ არა მხარეები უარს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. თუ მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ერთობლივად არ განაცხადებენ, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.
4. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე:
ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე;
ბ) განიხილავს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ;
გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს;
ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს.
5. არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა.
6. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
მუხლი 220. საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება
წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად:
ა) განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყების თარიღს;
ბ) საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს;
გ) ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან;
დ) ბრალდებულს, რომელიც პატიმარი არ არის, წერილობით განუმარტავს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს;
ე) იღებს სხვა ზომებს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.
მუხლი 221. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის შედგენა
1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 100 პირის შემადგენლობით. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს კითხვარში მითითებულ ვადაში. კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე.
2. 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.
3. სასამართლო ვალდებულია შეატყობინოს მხარეებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ადგილისა და დროის შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ მსაჯულების შერჩევის პროცედურას. მხარეს უფლება აქვს, ერთჯერადად, 24 საათის განმავლობაში გაასაჩივროს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის უკანონო გადაწყვეტილება ან მოქმედება. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით წყვეტს მას შეტანიდან 24 საათის განმავლობაში.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით შერჩეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში მიეთითება პირის გვარი და სახელი. სიას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის ასლები გადაეცემა მხარეებს.
5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ეგზავნებათ უწყება, სადაც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, ადგილი და გამოცხადების სავალდებულოობა.
6. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია ამ კოდექსით განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ეს აცნობოს სასამართლოს უწყების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 -
ვებგვერდი,
19
.0
6
.201
2
წ.
მუხლი 222. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა
1. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც სხდომის მდივანი აცხადებს მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.
2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები კანდიდატი გამოცხადდება, მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და მსაჯულთა შერჩევის პროცედურა.
3. სხდომის თავმჯდომარე:
ა) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;
ბ) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის მიზანს;
გ) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და მსაჯულობის კანდიდატებს გააცნობს წარდგენილი ბრალდების შინაარსს;
დ) მსაჯულობის კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული იქნება საქმის განხილვისას;
ე) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;
ვ) განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.
4. სასამართლო მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის მხარეთა მონაწილეობით მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე.
მუხლი 223. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება
1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ შუამდგომლობა. აცილების უფლებას პირველად ახორციელებს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე.
2. მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს მსაჯულობის კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი, და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარმოადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.
3. მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისთვის დასმასაც აპირებენ; ეს არ ზღუდავს მხარეებს, რომ დასვან დამაზუსტებელი კითხვები.
4. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში.
5. მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. მსაჯულობის კანდიდატს აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ მხარის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს, მსაჯულობის კანდიდატი ინფორმაციას აწვდის მხოლოდ უშუალოდ სხდომის თავმჯდომარეს.
6. დაუსაბუთებელი აცილება არ შეიძლება იმგვარად იყოს გამოყენებული, რომ მოხდეს მსაჯულობის კანდიდატთა დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რწმენის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური შეხედულებების, რაიმე გაერთიანების წევრობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესის, დაბადების ადგილის, ასაკის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის საფუძველზე.
7. მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მხარეებს უფლება აქვთ, გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის თვითაცილებისადმი.
8. აცილებისა და თვითაცილების შესახებ შუამდგომლობებს მოსამართლე განიხილავს საჯაროდ და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილებულმა მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
9. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა სიაში 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე გადადებს სხდომას არა უმეტეს 10 დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არა უმეტეს 30 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.
10. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, მხარეს 12 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია განაცხადოს 6 დაუსაბუთებელი აცილება.
11. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, თითოეულ მათგანს დამატებით 3 კანდიდატის დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ეძლევა. იგივე უფლება ეძლევა ბრალდების მხარეს. თუ რომელიმე ბრალდებული სრულად არ გამოიყენებს აცილების განცხადების საკუთარ კვოტას, მისი გამოყენების უფლება ენიჭება იმავე საქმეში სხვა ბრალდებულს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე სარგებლობს იმდენივე დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით, რამდენითაც ისარგებლა ყველა ბრალდებულმა საერთო ჯამში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №63 28 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 224. კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად
1. აცილების შემდეგ დარჩენილ მსაჯულობის კანდიდატთაგანთორმეტს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას და სასამართლოს თათბირს. სათადარიგო მსაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.
3. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
მუხლი 225. საქმის არსებითი განხილვის დაწყების დრო
სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს ან დამატებით გონივრული ვადა არ არის საჭირო ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად.
მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე .
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
3. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან საქმისადმი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარე სასამართლოში.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 227. სხდომის თავმჯდომარე
საქმის არსებითი განხილვის სხდომას წარმართავს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 228. მხარისა და მოწმის გამოცხადება
1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მოწმეების გამოცხადება სასამართლოში.
2. თუ მხარე არ აპირებს რომელიმე პირის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ პირის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.
3. სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეებისა და მოწმეების გამოცხადების ფაქტს და გამოუცხადებლობის მიზეზებს.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლოს მითითების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე.
5. გამოცხადების შემოწმების შემდეგ მოწმედ დასაკითხი პირები, გარდა ბრალდებულისა, ტოვებენ სასამართლო სხდომის დარბაზს. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გასცეს აღნიშნული პირების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის განკარგულება და იღებს ზომებს, რომ დაკითხვამდე მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ.
1. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას, ასევე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს ბრალდებას და ვინ ახორციელებს დაცვას, და მხარეებს ეკითხება, ხომ არ აქვთ მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის ან პროცესის სხვა მონაწილის აცილების საფუძველი.
2. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას.
3. სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 230. სხდომის თავმჯდომარის მიერ ბრალდებულის ვინაობის დადგენა და უფლებების განმარტება
1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი) და განუმარტავს მას უფლებებს, ბრალდების არსს, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს ასევე განუმარტავს, რომ მისი ნებაა, ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, ასეთი განმარტება ეძლევა თითოეულ მათგანს.
2. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ და თუ ცნობს – რაში. ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ იგი შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, რომ არ არის ვალდებული, პასუხი გასცეს დასმულ კითხვას, და რომ დუმილის უფლებით სარგებლობა არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.
3. სხდომის თავმჯდომარე არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
მუხლი 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი
1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითი სახითაც გადაეცემა.
2. აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე უნდა გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს მიმართონ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.
3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება.
4. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს:
ა) ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს;
გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას და იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება;
დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;
ე) რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და გამოიყენონ ჩანაწერები;
ვ) რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით;
ზ) თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს;
თ) რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით;
ი) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.
5. სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის იმის შეხსენებით, რომ მათ ფიცი დადეს.
6. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს წერილობით დაუსვან დამატებითი შეკითხვები. დამატებითი განმარტებების მიცემა ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით.
7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობით განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის ელემენტებს შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტები. ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 232. ნაფიცი მსაჯულის შეცვლა სათადარიგო მსაჯულით
1. თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ნაფიც მსაჯულს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, გამოვლინდა მისი აცილების საფუძველი, ნაფიცმა მსაჯულმა დაარღვია ამ კოდექსის მოთხოვნები, სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულს ათავისუფლებს მისი მოვალეობის შესრულებისაგან და მის ნაცვლად ნაფიც მსაჯულად ნიშნავს მსაჯულთა სიაში მომდევნო სათადარიგო მსაჯულს.
2. თუ ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა ნაფიც მსაჯულთა ამ კოდექსით განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, სხდომის თავმჯდომარე იწყებს მსაჯულთა ხელახალ შერჩევას და საქმის განხილვა ამ კოდექსით დადგენილი წესით იწყება თავიდან.
1. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ნიშნავს უფროს მსაჯულს.
2. უფროსი მსაჯული თავმჯდომარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს, აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს, ადგენს შესაბამის დოკუმენტებს, ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას.
3. უფროსი მსაჯულის გათავისუფლების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ირჩევს ახალ უფროს მსაჯულს.
მუხლი 234. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა მიერ ფიცის დადება
1. უფროსი მსაჯულის დანიშვნის (არჩევის) შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს. ფიცის ტექსტს კითხულობს სხდომის თავმჯდომარე: „ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!“.
2. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მსაჯულთა სიაში რიგითობის მიხედვით ყოველი მსაჯული ამბობს: „ვადასტურებ!“.
3. ასეთივე წესით დებენ ფიცს სათადარიგო მსაჯულები.
4. ფიცის დადების პროცედურა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
5. ნაფიცი მსაჯული ფიცს ფეხზე ამდგარი დებს.
6. ფიცის დადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 235. ნაფიც მსაჯულთა უფლებანი
1. ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:
ა) სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
ბ) წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;
გ) სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: სხდომის თავმჯდომარისაგან – კანონის შესახებ, მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ.
2. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს სხდომის მიმდინარეობისას ჩანაწერების გაკეთების უფლებას. ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც ეხება დაუშვებელ მტკიცებულებებს.
მუხლი 236. ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი
1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:
ა) სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
ბ) ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
დ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხდომის ფარგლებს გარეთ;
ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;
ვ) სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
2. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს.
3. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას .
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს პასუხისმგებლობის შესაძლო ზომების შესახებ, აგრეთვე მათ განუმარტავს, რომ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გაათავისუფლებს მათ ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესრულებისაგან .
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 237. ნაფიცი მსაჯულების სავალდებულო ინფორმირება საპროცესო შეთანხმების არსებობის თაობაზე
სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს აწვდის ინფორმაციას განსახილველ საქმესთან არსებითი კავშირის მქონე საკითხებზე საპროცესო შეთანხმების არსებობის თაობაზე.
მუხლი 238. ბრალდებულის ნასამართლობა
ვერდიქტის გამოცხადებამდე ნაფიც მსაჯულებს არ უნდა ეცნობოთ ბრალდებულის ადრინდელი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ყოფნის ან ნასამართლობის შესახებ (თუ ეს არ არის წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი ან/და გამიზნული არ არის ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად), აგრეთვე ნებისმიერი სხვა მტკიცებულების შესახებ, რომელსაც კავშირი არა აქვს ბრალის დამტკიცებასთან.
მუხლი 239. შუამდგომლობის დაყენება და გადაწყვეტა
1. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, აქვთ თუ არა მხარეებს ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. პირი, რომელიც დააყენებს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის დაყენებული შუამდგომლობა.
2. საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილება.
4. წარდგენილი დამატებითი მტკიცებულების საქმეზე დაშვების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გონივრული ვადით გადადოს საქმის განხილვა, თუ მხარეს დაცვის ან ბრალდების პოზიციის მოსამზადებლად დამატებითი დრო ესაჭიროება.
5. შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვისას არსებითად ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენება მანამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის დაცვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 240. საქმის განხილვა პროცესის მონაწილეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში
1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე.
2. საქმის არსებითი განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო მხარეებს ჰკითხავს გამოცხადებული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობაზე. ამ წესით დაკითხულ მოწმეს მხარის შუამდგომლობით გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 241. მხარეთა შესავალი სიტყვები
1. სხდომის თავმჯდომარე ბრალდების მხარეს უფლებას აძლევს, წარადგინოს ბრალდების შესავალი სიტყვა. ამის შემდეგ ადვოკატსა და ბრალდებულს ეძლევათ უფლება, წარადგინონ დაცვის შესავალი სიტყვა.
2. სხდომის თავმჯდომარე მხარეს შესავალი სიტყვის წარსადგენად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
მუხლი 242. მტკიცებულებათა გამოკვლევის ზოგადი წესი
1. მტიცებულებათა გამოკვლევა იწყება მხარეების მიერ შესავალი სიტყვების წარდგენის შემდეგ.
2. პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.
3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში – ბრალდების მხარე.
მუხლი 243. მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოკვლევა და მისი დისტანციური დაკითხვა
1. გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის (დემონსტრირების) თაობაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაუცველად. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
1. პირდაპირ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელმაც დასაკითხი მოწმე გამოიძახა.
2. პირდაპირი დაკითხვისას დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მიმანიშნებელი შეკითხვის განრიდების ან/და ასეთი შეკითხვისა და მასზე პასუხის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.
3. შეკითხვის (შეკითხვების) დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეს (მოწმეს) განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
1. ჯვარედინ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე არ გამოუძახებია.
2. ჯვარედინი დაკითხვისას დასაშვებია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.
3. შეკითხვის (შეკითხვების) დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეს (მოწმეს) განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
მუხლი 246. ხელახალი პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. სადავო შეკითხვები
1. მხარეს უფლება აქვს, აწარმოოს ხელახალი პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. ხელახალი პირდაპირი დაკითხვისას მხარე შეზღუდულია ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებით, ხოლო ხელახალი ჯვარედინი დაკითხვისას – ხელახალი პირდაპირი დაკითხვის ფარგლებით.
2. მოწმის დაკითხვის დროს დასმულ სადავო შეკითხვებს მხარის შუამდგომლობით განარიდებს სხდომის თავმჯდომარე.
1. თუ ბრალდებული წინააღმდეგია, საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიცემული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვაზე ან მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 248. მტკიცებულების დემონსტრირება სასამართლო განხილვის დროს
1. მხარეს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება. საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები მტკიცებულება, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
2. წერილობით მტკიცებულებას საჯაროდ კითხულობს მხარე.
მუხლი 249. მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულება
მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წარადგინონ დასკვნითი სიტყვები.
მუხლი 250. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე უარის თქმა
1. დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე. სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
2. ბრალდების მხარის მიერ უარყოფილი ბრალდება ან ბრალდების ნაწილი და ის მტკიცებულებები, რომლებსაც ის ეყრდნობა, არ შეიძლება ხელახლა წარედგინოს სასამართლოს იმავე ბრალდებულის მიმართ.
მუხლი 251. მხარეთა დასკვნითი სიტყვები
1. დასკვნით სიტყვას პირველად წარადგენს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე. მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
2. თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე ბრალმდებელი, ადვოკატი ან ბრალდებული, მაშინ სხდომის თავმჯდომარე მათ სთავაზობს, შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. პროცესის მონაწილეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ტარდება წილისყრა.
3. დასკვნითი სიტყვისათვის სხდომის თავმჯდომარე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
დასკვნითი სიტყვის წარდგენის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ, კიდევ ერთხელ, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, რეპლიკის სახით, მოკლედ გამოთქვან საწინააღმდეგო აზრი ან/და შენიშვნა. საბოლოო რეპლიკის უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს დაცვის მხარეს.
მუხლი 253. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა
1. მხარეთა მიერ დასკვნითი სიტყვების წარდგენისა და რეპლიკით გამოსვლის შემდეგ ბრალდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს საბოლოო სიტყვით.
2. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს ბრალდებული, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან ან რომელიც არ გამოკვლეულა პროცესის განმავლობაში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 255. სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება
1. ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.
2. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ადგილზე თათბირით.
მუხლი 256. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი
1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე.
2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.
4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას საკითხისადმი. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, უგულებელყოფს მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს, ითვალისწინებს იმ მტკიცებულებას, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოში, გამოხატავს აშკარა მიკერძოებას ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული და მის მიერ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაითხოვოს იგი. მოსამართლე ასევე უფლებამოსილია ამავე საფუძვლით დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი.
5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს.
მუხლი 257. დამატებითი განმარტებების მიღება
თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის, ფაქტობრივი გარემოებების, დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს დამატებითი განმარტებების თაობაზე მოთხოვნას შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუზღუდოს ნაფიც მსაჯულს წერილობითი მოთხოვნის წარდგენა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
მუხლი 258. სასამართლოს განაჩენის დადგენა და გამოცხადება საქართველოს სახელით
სასამართლოს განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით.
მუხლი 259. სასამართლოს განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა
1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მუხლი 260. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები
1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის;
ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი;
ზ) შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხს;
თ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
ი) ვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.
2. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საკითხებს.
3. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ბრალდებულის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საკითხები უნდა გადაწყდეს ყოველი ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე.
მუხლი 261. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე.
2. ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ უდანაშაულობის ან ბრალეულობის საკითხი.
3. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად.
4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 3 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილება მომდევნო 6 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 4 ხმით.
5. თუ ნაფიც მსაჯულებს არ შესწევთ უნარი, მიაღწიონ საერთო შეთანხმებას, სხდომის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განუმარტავს ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის მნიშვნელობას და სთხოვს უფროს ნაფიც მსაჯულს, სხდომის თავმჯდომარეს მოახსენოს, არის თუ არა ისეთი მსაჯული, რომელიც უარს აცხადებს მსჯელობაში მონაწილეობის მიღებაზე ან რომელსაც აქვს ინტერესი საქმის მიმართ, რის შესახებაც არ განაცხადა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს. აღნიშნული განმარტების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მიმართავს ნაფიც მსაჯულებს, დაბრუნდნენ სათათბირო ოთახში და გამოიტანონ ვერდიქტი კანონის შესაბამისად.
6. თუ სათათბირო ოთახში დაბრუნების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები მომდევნო 3 საათის განმავლობაშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას ან დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს. თუ არც ამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით, ბრალდებული გამართლებულად ითვლება.
7. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა მიერ მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებას ან რომელიმე მტკიცებულების მნიშვნელობას.
8. უფროსი მსაჯული ავსებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს, რომელშიც შეაქვს კენჭისყრის საერთო შედეგები და რომელსაც ყველა ნაფიცი მსაჯული ადასტურებს ხელმოწერით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. სხდომის თავმჯდომარემ ყოველ ბრალდებულზე უნდა მოამზადოს ვერდიქტის 2 ფორმა, რომლებიც ნაფიც მსაჯულებს წარედგინება: ერთი – გამამართლებელი ვერდიქტის, მეორე – გამამტყუნებელი ვერდიქტის.
2. ვერდიქტის ფორმა შემდეგნაირად უნდა იკითხებოდეს:
ა) გამამართლებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაში;
ბ) გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაში.
მუხლი 263. ვერდიქტის გამოცხადება
1. უფროსი მსაჯულის მიერ ვერდიქტის ხელმოწერის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და უფროსი მსაჯული სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ უნდა წაიკითხოს ვერდიქტი და უნდა დარწმუნდეს შემდეგში:
ა) ვერდიქტი თითოეულ ბრალდებაზე სწორი კენჭისყრის შედეგად არის მიღებული;
ბ) არ არის აშკარა წინააღმდეგობა ვერდიქტის ფორმებს შორის;
გ) ვერდიქტი გამოტანილია ყველა წარდგენილ ბრალდებაზე.
3. თუ სხდომის თავმჯდომარე ვერდიქტის ფორმას ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევს, იგი ვერდიქტს სასამართლოს წინაშე გამოსაცხადებლად უბრუნებს უფროს მსაჯულს.
4. უფროსი მსაჯული აცხადებს ვერდიქტს სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. თუ სხდომის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვერდიქტის ფორმა არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ვერდიქტს უბრუნებს უფროს მსაჯულს და მოითხოვს ნაფიც მსაჯულთა დაბრუნებას სათათბირო ოთახში შეცდომების გასასწორებლად.
6. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობისათვის მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს და დაითხოვს მათ, გარდა ამ კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, დაპატიმრებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.
8. გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს ვერდიქტის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 264. სასჯელის დანიშვნის სხდომა
1. თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარეები საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით. თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე შესაძლოა დაშვებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებაც.
2. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.
3. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის დამძიმების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე ნაკლები.
4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია, სასჯელს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. მხარეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასჯელთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაზე.
6. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უნიშნავს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 265. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი
1. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ ეჭვი არ უნდა შეიტანოს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტში და არც სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციაში.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით მოტივირებული უნდა იყოს მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მუხლი 266. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში საქმე სასჯელის ხელახალი დანიშვნისათვის უბრუნდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის თავმჯდომარეს.
მუხლი 267. სასამართლოს თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის სასამართლოს თათბირი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს ამ კოდექსის 260-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.
3. თითოეულ საკითხზე პირველად კენჭი ეყრება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრალდებულისათვის ყველაზე სასიკეთოა. თუ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის ხმა ბრალდებულის გასამართლებლად უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც ბრალდებულისათვის ყველაზე სასიკეთოა.
მუხლი 268. სასამართლოს განაჩენის სახეები
1. სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.
2. სასამართლოს განაჩენი შეიძლება ბრალდების ზოგ ეპიზოდში გამამტყუნებელი იყოს, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდში – გამამართლებელი.
მუხლი 269. გამამტყუნებელი განაჩენი
1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად.
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის:
ა) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
ბ) გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
გ) ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;
დ) პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი;
ე) პირმა განახორციელა ქმედითი მონანიება;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.
6. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 270. გამამართლებელი განაჩენი
1. გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას.
2. გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის უდანაშაულობის გამომრიცხავ ან მისი სახელის გამტეხ ფორმულირებებს.
1. განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
2. განაჩენს ხელი უნდა მოაწეროს ყველა მოსამართლემ, განსხვავებული აზრის მქონის გარდა.
3. განაჩენში შეტანილი შესწორება განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ უნდა შეათანხმოს და ხელმოწერით უნდა დაადასტუროს ყველა მოსამართლემ.
მუხლი 272. განაჩენის შესავალი ნაწილი
განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:
ა) რომ განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;
ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;
გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი და ადვოკატი;
დ) ბრალდებულის პერსონალური მონაცემები და მასთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;
ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებულს ბრალი წაუყენეს.
მუხლი 273. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.
2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებ ა.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 274. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (ნაწილი, ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც ბრალდებული მიჩნეულია დამნაშავედ;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც ბრალდებულს დაენიშნა თითოეული დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ;
ზ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
თ) ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა;
ი) ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა;
კ) გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
ლ) (ამოღებულია – 28.10.2011, №5170);
მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.
2. თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა მიეთითოს, რომელ ბრალდებაში გაამართლეს იგი და რომელში დასდეს მსჯავრი.
3. სასჯელის მოხდისაგან ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
4. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ ეჭვი არ წარმოიშვას.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 275. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: წარდგენილი ბრალდების არსი, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება, ან/და რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა ან რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული.
მუხლი 276. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;
გ) გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია – აგრეთვე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ;
დ) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ე) გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
ვ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.
მუხლი 277. განაჩენის გამოცხადება
1. განაჩენი დგინდება სასამართლო სხდომის დარბაზში ან სათათბირო ოთახში, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე სხდომის დარბაზში საჯაროდ აცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.
2. თუ ბრალდებულმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, განაჩენი გამოცხადებისთანავე ან სინქრონულად უნდა ეთარგმნოს ბრალდებულს მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
3. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს. მსჯავრდებულს განემარტება შეწყალების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლებაც.
მუხლი 278. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლის გადაცემა
განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლი მსჯავრდებულს ან გამართლებულს და ბრალმდებელს უნდა გადაეცეს განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის ბრალდების საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღისა. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.
მუხლი 279. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა
1. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
2. განაჩენის გამოცხადებისთანავე პატიმრობიდან თავისუფლდება:
ა) გამართლებული;
ბ) (ამოღებულია);
გ) მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით;
დ) მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მისი დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადას;
ე) მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;
ვ) მსჯავრდებული, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 280. განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი
1. განაჩენის, განჩინების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლო განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება მისი აღსრულება.
2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ სასამართლოს მისი აღსრულების შესახებ.
3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს ან სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის იმ ორგანოს, რომელმაც დააჯილდოვა მსჯავრდებული ან მიანიჭა მას სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდება.
4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.
5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, იგი ამას აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, ასევე მსჯავრდებულს.
6. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება (განჩინება) დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
მუხლი 281. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ
იმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის ოჯახს შეატყობინოს, სად გაიგზავნა იგი სასჯელის მოსახდელად, ასევე აცნობოს მას სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლა.
მუხლი 282. მსჯავრდებულის ძებნა
1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნისა და მოყვანის შესახებ.
2. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
3. მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით წყვეტს დაკისრებული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლის საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
4. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განხილვა წარმოებს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3972 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.436
მუხლი 283. განაჩენის აღსრულების გადავადება
1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;
ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.
11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი აღსრულება გადაავადოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით.
3. მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით (განჩინებით) უნდა დაადგინოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის ხარჯით, წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
4. მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ან გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
5. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით, პრობაციის ბიუროს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
6. როდესაც მსჯავრდებულის შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით ათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
7. განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მოქმედებს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
1. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოში ექსტრადირების შესახებ შუამდგომლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განაჩენის გამომტან შესაბამის სასამართლოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემდეგ განაჩენის გამომტანი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ.
3. განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივგადავადების საკითხს განაჩენის გამომტანი სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უგვიანეს მსჯავრდებულის საქართველოს შესაბამისი ორგანოებისათვის გადმოცემიდან 48 საათისა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადდება იმ პერიოდში, როდესაც შეუძლებელი იყო საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით განაჩენის გამომტან სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის ასლიც ეგზავნება მსჯავრდებულს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ განაჩენის რომელი ნაწილი ექვემდებარება აღსრულებას და მთლიანად ან ნაწილობრივგადავადებას.
7. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ და მსჯავრდებულს აქვს განაჩენის გასაჩივრების უფლება, მისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც აღარ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება.
8. მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადებული განაჩენი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ; პირის მიმალვის შემთხვევაში განაჩენის გამომტან სასამართლოს ერთპიროვნულად გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულის პოლიციის ორგანოების მეშვეობით ძებნის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
მუხლი 284. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება
1. სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
2. სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას მისჯილი არა აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისგანაც გათავისუფლდეს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. ის, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან თავისუფლების შეზღუდვა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.
2. სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მსჯავრდებულად ყოფნის პერიოდში მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
41 . საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
5. გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებული წარდგინების ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში.
7. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას შეიძლება მსჯავრდებულს დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი,12.01.2012წ.
მუხლი 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს
თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.
მუხლი 287. გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრა
გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს უფლება აქვს, ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ:
ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;
ბ) შეასწოროს პროცესის მონაწილის პერსონალური მონაცემები;
გ) დააზუსტოს და გაანაწილოს საპროცესო ხარჯები;
დ) გადაწყვიტოს მტკიცებულებათა საკითხი;
ე) დააზუსტოს ქონებაზე ყადაღის საკითხი;
ვ) შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების შესახებ.
მუხლი 288. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა
1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო.
2. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
4. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;
ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;
გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომლის ჩადენაშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) სასჯელის სახე და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.
5. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდა ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორშიც საქართველოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდა საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.
6. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში ასეთი განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.
7. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
8. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენით დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.
9. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. თუ საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, საქართველოს მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გამამტყუნებელი განაჩენის მიღების მომენტიდან 3 თვის განმავლობაში მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურების თაობაზე.
2. შუამდგომლობას 3 თვის ვადაში განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
3. განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ მსჯავრდებულს და მის ადვოკატს ან კანონიერ წარმომადგენელს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.
4. შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შესაბამისობის არარსებობისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში უნდა აღინიშნოს უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, განაჩენის გამოტანის დრო, მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისათვის.
5. განჩინება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. პროკურორი უფლებამოსილია განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი მსჯავრდებულის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 286-ე, 287-ე, 288-ე, 289-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც 1 თვის ვადაში იხილავს საჩივარს ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საკითხების განხილვისას პროკურორი არ მონაწილეობს.
აპელაცია
1. სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია.
2. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს. ადვოკატს უფლება აქვს, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.
3. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
4. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 293. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და ფორმა
1. სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
2. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება:
ა) იმ სასამართლოს დასახელება, სადაც იგზავნება საჩივარი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა;
გ) გასაჩივრებული განაჩენის გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;
დ) განაჩენის გასაჩივრებული დებულებანი;
ე) გასაჩივრებულ დებულებათა უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის არსი;
ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;
ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახალი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო სასამართლომ;
თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სააპელაციო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
4. სააპელაციო საჩივარში მიეთითება, თუ რა ნაწილში საჩივრდება განაჩენი, და საჩივრის დამადასტურებელი არგუმენტები.
მუხლი 294. მხარისათვის სააპელაციო საჩივრის ასლის გადაგზავნა, შესაგებელი
1. განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს მხარეს.
2. სასამართლო სააპელაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
3. აპელანტს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს სააპელაციო საჩივრის შესაგებლის ასლი.
მუხლი 295. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა
1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოდან იგზავნება სააპელაციო სასამართლოში.
2. სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აპელანტს აძლევს 5 დღის ვადას საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თუ აღნიშნულ ვადაში აპელანტი შეავსებს ხარვეზს, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.
4. თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, მას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.
5. სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.
6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.
7. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.
8. აპელანტს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
მუხლი 296. მხარეთა გამოცხადება
1. პატიმარ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სააპელაციო საჩივრით მოითხოვოს სააპელაციო განხილვაში უშუალოდ მონაწილეობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო.
2. თუ სააპელაციო სხდომაზე აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება, სააპელაციო სასამართლო განჩინებით მის სააპელაციო საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით:
ა) შესავალი და დასკვნითი სიტყვებით პირველად გამოდის აპელანტი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე;
ბ) განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს;
გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე;
დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო;
ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს;
ვ) მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება;
ზ) სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 298. სააპელაციო განაჩენი და შებრუნება საუარესოდ
1. სააპელაციო სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;
ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;
დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
3. სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია.
4. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
მუხლი 299. სააპელაციო საჩივრის სარევიზიო საწყისი
თუ სააპელაციო საჩივარი შეტანილია მსჯავრდებულის მიერ და სასამართლო მას მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს განაჩენით ამ საქმეში მსჯავრდებული სხვა პირის მიმართაც, რომელსაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.
კასაცია
1. საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ:
ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს;
ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა;
გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
2. საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს. ადვოკატს უფლება აქვს, შეიტანოს საკასაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.
3. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 301. საკასაციო საჩივრის ფორმა
1. საკასაციო საჩივარში კასატორმა უნდა განმარტოს, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს, ასევე უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა.
2. საკასაციო საჩივარში აღინიშნება:
ა) იმ სასამართლოს დასახელება, სადაც შეიტანება საჩივარი;
ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა);
გ) გასაჩივრებული განაჩენი, მისი გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;
დ) მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს ამას;
ე) დამატებით წარმოდგენილი მასალები.
მუხლი 302. საკასაციო საჩივრის შეტანა
1. საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
2. განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ საკასაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს მხარეს.
3. სასამართლო საკასაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
4. კასატორს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი.
5. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი სააპელაციო სასამართლოდან იგზავნება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მუხლი 303. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა
1. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
3. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს მხარეებს, ხოლო თუ დაუშვებლად ცნობილია პროკურორის საკასაციო საჩივარი – აგრეთვე ზემდგომ პროკურორს.
5. თუ საკასაციო სასამართლო განჩინებით საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, იგი ნიშნავს საკასაციო სხდომის თარიღს. საკასაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.
6. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
8. საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა.
მუხლი 304. საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საქმის განმხილველ შემადგენლობას შეუძლია განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ:
ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.
მუხლი 305. მხარეთა გამოცხადება
1. პატიმარ მსჯავრდებულს უფლება აქვს, საკასაციო საჩივრით მოითხოვოს საკასაციო განხილვაში უშუალოდ მონაწილეობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო.
2. თუ საკასაციო სხდომაზე კასატორი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება, საკასაციო სასამართლო განჩინებით მის საკასაციო საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები.
2. შემდეგ სიტყვით გამოდიან მხარეები. თავდაპირველად სიტყვა ეძლევა კასატორს.
3. განაჩენის უკანონობის მტკიცების ტვირთი აკისრია კასატორს.
4. საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
5. მხარეთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ რეპლიკის უფლებით სარგებლობს ჯერ კასატორი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე.
6. თუ მსჯავრდებული (გამართლებული) ესწრება სხდომას, მისი საბოლოო სიტყვის უფლება გარანტირებულია.
7. სხდომის თავმჯდომარე მხარეს სიტყვის წარსადგენად და რეპლიკისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
8. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს მხარის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს პირი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.
1. საკასაციო სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;
ბ) აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) ცვლილება შეაქვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში;
დ) უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. საკასაციო სასამართლოს განაჩენი ცვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 308. შებრუნება საუარესოდ
1. საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია.
2. საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში.
მუხლი 309. საკასაციო საჩივრის სარევიზიო საწყისი
თუ საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე მის სასარგებლოდ აუქმებს ან ცვლის განაჩენს იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის კანონის გამოყენებისას დაირღვა კანონი და ეს სამართლებრივი შეცდომა განაჩენით ამ საქმეში მსჯავრდებულ სხვა პირსაც ეხება, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია, საკასაციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს ამ მსჯავრდებულის მიმართაც.
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი
მუხლი 310. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს
201
2
წლის
27 მარტის
კანონი №
5925
–
ვებგვერდი, 1
9
.0
4
.201
2
წ.
მუხლი 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების ) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.
საქართველოს
201
2
წლის
27 მარტის
კანონი №
5925
–
ვებგვერდი, 1
9
.0
4
.201
2
წ.
მუხლი 312. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაყენება
1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა წერილობით შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის მიხედვით.
2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვთ პროკურორს და მსჯავრდებულს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს. ადვოკატს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მხოლოდ მაშინ, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.
3. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულებები.
4. შუამდგომლობის დაყენება არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
მუხლი 313. შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება
1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული.
2. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას. განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს საკასაციო საჩივარი ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი გამოტანიდან 2 კვირის ვადაში.
3. საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.
4. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.
მუხლი 314. სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. განაჩენი
1. საქმის არსებითი განხილვა ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლო ან უცვლელად ტოვებს განაჩენს, ან ცვლის მას, ან აუქმებს მას და ადგენს ახალ განაჩენს.
3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე შეიტანება საკასაციო საჩივარი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
ცალკეული კატეგორიის საქმეთა წარმოება
პროცესი არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე
1. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე პროცესის განხორციელების წესი ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 წლის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემდეგ პირის მიმართ სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
2. არასრულწლოვანი ბრალდებული სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 316. არასრულწლოვნის ღირსების დაცვა
არასრულწლოვანს პროცესის ყველა სტადიაზე ეპყრობიან განსაკუთრებული ყურადღებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ასაკი და რესოციალიზაციის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, ასევე მისი ხელახალი აღზრდისათვის ხელის შეწყობის აუცილებლობა. არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში სავალდებულოა არასრულწლოვნის უფლებათა საერთაშორისო გარანტიების სრული დაცვა.
მუხლი 317. არასრულწლოვნის პროცესის ზოგადი პრინციპები
1. სასამართლო სხდომა, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებული ესწრება, დახურულად ტარდება.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, ასევე პედაგოგს უფლება აქვთ, დაესწრონ სასამართლო სხდომას ან საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს. თუ სასამართლო ან პროკურორი მიიჩნევს, რომ ეს არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესებს ემსახურება, მას შეუძლია სავალდებულო წესით უზრუნველყოს მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის, ასევე პედაგოგის მონაწილეობა.
3. არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოს ან პროკურორს შეუძლია აუკრძალოს არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, ასევე პედაგოგს სასამართლო სხდომაზე დასწრება ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა.
მუხლი 318. ერთობლივი საქმიდან არასრულწლოვნის საქმის გამოყოფა
თუ არასრულწლოვანს ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც ასევე იმხილება სრულწლოვანი, არასრულწლოვნის საქმე შეძლებისდაგვარად ცალკე გამოიყოფა და ის გასამართლდება სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ამით არსებითი დაბრკოლება არ შეექმნება საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
მუხლი 319. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი არასრულწლოვნის პროცესში
არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე პროცესს ახორციელებენ მხოლოდ ის მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, რომლებმაც პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში სპეციალური მომზადება გაიარეს.
მუხლი 320. არასრულწლოვნის საქმის გამოძიების თავისებურებანი
არასრულწლოვნის პროცესში გამოკვლეულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობები, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
მუხლი 321. არასრულწლოვანი ბრალდებულის სავალდებულო დაცვა
არასრულწლოვანი ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეარჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი.
მუხლი 322. არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება
არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება, თუ ეს შესაძლებელია, უნდა განხორციელდეს მისი მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან იმ დაწესებულების ხელმძღვანელის მეშვეობით, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებული ცხოვრობს.
მუხლი 323. არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება
არასრულწლოვანი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული აქვს პატიმრობა, უნდა მოთავსდეს სრულწლოვანი ბრალდებულებისაგან (მსჯავრდებულებისაგან) და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.
მუხლი 324. არასრულწლოვანი ბრალდებულის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან
1. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, რათა მის დაუსწრებლად გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მასზე.
2. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზში დაბრუნების შემდეგ სასამართლო საჭირო მოცულობითა და ფორმით აცნობს მას მისი არყოფნისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა შინაარსს.
3. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი ყოველთვის ესწრება სასამართლო სხდომას.
პროცესი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს
მუხლი 325. კოდექსის ნორმების მოქმედება იურიდიული პირის მიმართ
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესისა და ამ თავის შესაბამისად. იურიდიულ პირებზე ამ კოდექსის ნორმები ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით.
2. ამ თავის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს).
დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.
იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ პროკურორი აცნობებს იურიდიული პირის ადვოკატს და განუმარტავს მის უფლებას, გაეცნოს საქმის მასალებს. საქმის მასალების გაცნობის წესი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
მუხლი 328. იურიდიული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენის გამოქვეყნება
1. იურიდიული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოქვეყნდეს. განაჩენი ქვეყნდება მსჯავრდებული იურიდიული პირის ხარჯით.
2. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, თუ რა ფორმით უნდა გამოქვეყნდეს განაჩენი. განაჩენის გამოქვეყნების დროს დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 329. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31).
2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებულ საპროცესო გადაწყვეტილებებს უნარჩუნდება კანონიერი ძალა.
3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681 და 1682 მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
მუხლი 330. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა
1. 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მხოლოდ დამთავრებულის) სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მხოლოდ დამთავრებულის) ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
11. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
2. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
3. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 -
ვებგვერდი,
19
.0
6
.201
2
წ.
1. დამსწრე (არა უმეტეს ორისა) მოიწვევა ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების ფაქტის, მისი მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.
2. ბრალდებულს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 1 საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება.
3. ჩხრეკისას ან ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ბრალდებული, მაგრამ რომელსაც შეიძლება შეეხოს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.
4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დამსწრის გარეშე ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ბრალდებული სარგებლობს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რასაც გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.
5. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში დამსწრედ მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში დამსწრედ მონაწილეობაზე.
6. დამსწრე ვალდებულია: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს გამოძიების მასალები.
7. დამსწრე შეიძლება დაიკითხოს, როგორც მოწმე, იმ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მას აქვს მოწმის უფლება-მოვალეობები.
8. დამსწრეს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების თაობაზე და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს.
მუხლი 332. გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი
1. 2013 წლის 1 დეკემბრამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
მუხლი 333. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
21 . ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) გამოტანილ იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე და რომლებიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ 2012 წლის 1 ივლისამდე.
3. ამ კოდექსის 331-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
4. (ამოღებულია).
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განსაზღვროს ამ კოდექსის 35-ე–36-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.
6. დაცვის მხარის უფლება ამ კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაყენების თაობაზე ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 9 ოქტომბერი.
№1772 – IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
2. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
3. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3972 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.436
4. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4424- ვებგვერდი,17.03.2011წ.
5. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430- ვებგვერდი,22.03.2011წ.
6. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
7. საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4731 - ვებგვერდი, 22.06.2011წ.
8. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4789 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
9. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
10. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
11. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
12. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
13. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი,12.01.2012წ.
14. საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5743 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.
15. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5925 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
16. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
17. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
18. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
19. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
20. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
დოკუმენტის კომენტარები